სააკაშვილმა არჩევნების მაისში დანიშვნა გადაწყვიტა!?

სააკაშვილმა არჩევნების მაისში დანიშვნა გადაწყვიტა!?



"საპარლამენტო არჩევნების მიმდინარე წლის მაისში ჩატარების მოთხოვნით ხუთშაბათს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევა. ამ მოთხოვნით სარჩელს არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" წარადგენს. ეს ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტოებმა გვიან ღამით გაავრცელეს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიხეილ დევდარიანი აცხადებს, სარჩელის შეტანის მოტივი კონსტიტუციით დადგენილი ვადების დარღვევაა. კერძოდ, არჩევნების შემოდგომაზე ჩატარების შემთხვევაში მოქმედ პარლამენტს მუშაობის ვადა 4 წლის ნაცვლად 4 წელი და 6 თვე გამოსდის. დარღვევები საპრეზიდენტო ვადებსაც ეხება. მისი განმარტებით, პრეზიდენტობის ვადა 5 წლით არის განსაზღვრული, თუმცა კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით მოქმედ პრეზიდენტს პოსტზე ყოფნა 5 წლითა და 10 თვით უწევს", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით საპარლამენტო არჩევნების მაისში ჩატარება გადაწყდა?

"დევდარიანის თქმით, მისმა ორგანიზაციამ ვადების დაზუსტების თხოვნით რამდენჯერმე პარლამენტსაც მიმართა , თუმცა უშედეგოდ. ამჟამად კი კანონიერი ვადების დადგენას საკონსტიტუციაო სასამრთლოში შეეცდება. ერთი შეხედვით უწყინარი ინფორმაციაა. მერე რა, რომ ვიღაც (!) არასამთავრობო ორგანიზაცია სასამართლოს მიმართავს? თუმცა თუ მოვლენების განვითარებას კარგად დავაკვირდებით და ამავდროულად მას ლოგიკურად დავაკავშირებთ ფაქტებთან და სააკაშვილის განცხადებებთან, მივხვდებით, რომ საქმე გაცილებით სერიოზულადაა. სააკაშვილმა ორჯერ თქვა, რომ 26 მაისისთვის ქუთაისის ახალ პარლამენტში პირველი სხდომა გაიმართება. თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ კონსტიტუციით ქუთაისის პარლამენტში სხდომის ჩატარების უფლება მხოლოდ ახალარჩეულ პარლამენტს აქვს, ნათელია, რომ არჩევნები მაისში უნდა ჩატარებულიყო. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ კანონის შესაბამისად, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა თარიღის გამოცხადებამდე 60 დღით ადრე უნდა მოხდეს, რაც აბსოლუტურად ჯდება კალენდარში. საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება თებერვალში ან მარტის დასაწყისში რომ მიიღოს, მაისში კანონით დადგენილი 60-დღიანი ვადა უკვე გასული იქნება", - აღნიშნავს გამოცემა.

"სხვათა შორის, ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე კულუარებში საუბარი დიდი ხანია მიდის და ამაზე "ალიაც არაერთხელ" წერდა. "ახალი ტაობა - ახალი ინიციატივა" სულაც არ გახლავთ "ვიღაც" არასამთავრობო და ლოგიკურად, არც ამ სარჩელის შეტანაა შემთხვევითი. "ადრეც ვწერდით, რომ ეს ორგანიზაცია საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალების" კოკი იონათამიშვილის დაფუძნებული ორგანიზაციაა. ეს "ვარდების რევოლუციიდან" მოყოლებული ფუნქციონირებს, არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით მოქმედებს, აწარმოებს ხმის პარალელურ დათვლას და ა.შ. ასევე, დაკავშირებულია ნატო-სთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროექტებთან საკითხებთან - მაგალითად, 2008 წელს, ლატვიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროების მხარდაჭერით 30 ათასიანი ტირაჟით წიგნი "ნატო და საქართველოს უსაფრთხოება" გამოსცა", - დასძენს გამოცემა.

"სხვათა შორის, ორგანიზაციის საიტზე, მხარდამჭერთა შორის, თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, განათლებისა და კულტურის სამინისტროები, ასევე თბილისის მერიაც არის დასახელებული. ორგანიზაციის საიტზე სიახლეებში ასეთი რამ წერია: "2011 წლის 14 ივლისს, გიორგი ავალიანმა, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ საერთაშორისო კონკურსის "ალიანტე 2011"-ის (რომელიც ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი პროექტია) გამარჯვებულებს სამინისტროში შეხვედრა მოუწყო.... გიორგი ავალიანმა მათ გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა: "ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის ელჩები არიან და საქართველოსთვის ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო პროექტს მომავალშიც აუცილებლად დააფინანსებს" - ესეც ასე..." - წერს სტატიის ავტორი. 

"კიდევ რამდენიმე პროექტი "ახალ თაობა - ახალ ინიციატივას" აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლთან ერთად აქვს განხორციელებული - მიუხედავად ამ მონაცემებისა, ორშაბათს კონტროლის პალატამ ოფიციალურად განაცხადა, რომ "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტთან დაკავშირებული არ არის. ეს არაფერზე მეტყველებს გარდა იმისა, რომ მოგელაძის სამსახურმა ამ ორგანიზაციას წინასწარ შეუქმნა ალიბი. ფაქტია, რომ ეს არასამთავრობო ნაციონალების სატელიტია და შესაბამისად, მათ მიერ შეტანილ საკონსტიტუციო სარჩელს შემთხვევითად ვერ განვიხილავთ. მოკლედ, მალე უნდა ველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და არჩევნების მაისში ჩატარების გადაწყვეტილებას. ყველა ლოგიკა აქეთ მიდის - ვნახოთ, აგერ ვართ ჩვენ, აგერ თქვენ და აგერაა სააკაშვილიც", - დასძენს სტატიის ავტორი.