რეჟისორმა ქეთი დოლიძემ “თეატრი ათონელზე” გენიალური სპექტაკლი დადგა. “დილა მშვიდობისა, ასდოლიარონო” აშშ-ში გადახვეწილი 45 წლის ქართველის, ელიკოს ამბავს მოგვითხრობს, რომელიც ამერიკელ მერის უვლის... სპექტაკლის შინაარსის მოყოლას აზრი არ აქვს, რადგან ის, რაც სცენაზე ხდება, უბრალოდ, უნდა ნახოთ. სპექტაკლში ნინელი ჭანკვეტაძე, ნანა ფაჩუაშვილი, რამაზ იოსელიანი და ნუგზარ რუხაძე მონაწილეობენ... “დილა მშვიდობისა, ასდოლიარონოს” პოლიტიკასთან, ერთი შეხედვით, საერთო არაფერი აქვს, მაგრამ... საფინალო ფრაზა - “ამ ქვეყანაში მხოლოდ გიჟები ბრუნდებიან!” - აბსოლუტურად პოლიტკურია! ჩვენში დარჩეს და, ქართულ პოლიტიკას, უფროს სწორად, სახელისუფლებო გუნდის ქმედებებს სპექტაკლის კიდევ ერთი ფრაზა მიესადაგება - “ქინძობანა”... ისე, ნინელი ჭანკვეტაძისთვის პოლიტიკა უცხო არც სცენის მიღმაა - სხვა თუ არაფერი, ქალბატონი ნინელი ახლახან ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. “ქართული სიტყვა” “კინომსახიობთა თეატრის” მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძეს ესაუბრა.
- პოლიტიკაში შემოსვლით ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებაში იმედის მუხტი გააჩინა. ხელისუფლება კი, ისტერიული მდგომარეობიდან მაინც ვერ გამოვიდა - ამასწინათ პეტრე ცისკარიშვილის გამოსვლა მოვისმინე, რომელიც ჩვენზე ამბობდა, ეს ხალხი ბიძინამ იყიდაო. მართალი გითხრათ, ცისკარიშვილის მაგივრად შემრცხვა, რადგან უზნეო და, მართლაც, გაყიდული ადამიანი ამას მათ აბრალებს, ვინც გარიგებაზე არასოდეს წასულან. “ნაციონალების” გუნდის მხრიდან მცდელობა ნამდვილად იყო, მაგრამ რატომ ვერ მიყიდა? ხელისუფლებას, რასაკვირველია, უნდა, რომ გუნდში საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ჰყავდეს, მაგრამ მეეჭვება, მასთან ვინმე ნორმალურად მოაზროვნე გადაბარგდეს, რადგან ყველამ იცის, რომ იქ პატივაყრილი ხალხის თავყრილობაა.
ქალბატონო ნინელი, ხელისუფლება რას გთავაზობდათ?
- ამაზე წვრილად საუბარს არ დავიწყებ, მაგრამ კულუარებში ჩემი და ჩემი ახლობელი ადამიანების პრობლემების მოწესრიგებზე იყო ლაპარაკი. შემომითვალეს, თუ რამე პრობლემა გაქვთ, მოვაგვარებთო. ვითომ, არ იცოდნენ, რაც მაწუხებდა და ეს პრობლემაც, სხვათა შორის, მათგან იყო შექმნილი. ერთ-ერთმა მინისტრმა დამაიმედა, ახლობლები მყავს და პრობლემას მოგიგვარებთო. ვუპასუხე: ფანჯარაში გაიხედე, დიდ სასახლეს ხედავთ?! მნიშვნელობა არ აქვს, რა პრობლემას მომიგვარებ, ასეთი დიდი სასახლეც რომ მაჩუქოთ, შავზე ყოველთვის ვიტყვი, რომ შავია და თეთრზე - თეთრია... “ნაციონალების” ბრბო ასეთ ყიდვა-გაყიდვას მიჩვეულია. ფული “ნაციონალებისთვის” სათამაშო “კარტია” და მათთვის მისაღებია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ბატონი ბიძინას მხარდამჭერები არიან, სახელი ზემოხსენებული მეთოდებით გაუტეხონ. არადა, ავიწყდებათ, რომ თავად ფულით არიან ნაყიდები!
იმ დროს ველოდები, როცა ჩემნაირი ადამიანები მოახერხებენ სხვის დახმარებას. საშუალება რომ მქონდეს, დიდი სიამოვნებით დავეხმარებოდი სტუდენტებსა და დამწყებ მსახიობებს... გულუბრყვილო არ ვარ და ვხვდები, რომ ხელისუფლებას იმ დიდი ფულის გამო შეეშინდა, რომელიც შეიძლება, ივანიშვილმა დახარჯოს. ყველგან მიღებულია, როცა ადამიანი პოლიტიკაში მოდის და არჩევნებში აპირებს მონაწილეობას, თავის ფინანსებს ხარჯავს. ხელისუფლებას ძალაუფლება ეცლება, რომელიც მხოლოდ ფულზეა დამყარებული, იმ ფულზე, რომელიც უკანონოდ დააგროვა. ძალიან კარგად მახსოვს სააკაშვილის მიერ მრავალი წლის წინ გაკეთებული განცხადება, “ნაციონალებს” ოფისის აღება გვინდოდა და ხელი ჯიბეზე რომ გავიკარით, 50 ლარი არ გვედოო. ამის შემდეგ კი, როცა პრეზიდენტი გახდა, ჟურნალისტებთან იქადაგა, კარგად დააკვირდით ჩემი გუნდის წევრებს, ერთ წელიწადში მიაკითხეთ და გადაამოწმეთ, მათი ქონება მომატებული არ იყოსო.
რატომ ახლა არ ახსენდება მიხეილ სააკაშვილს, თუ საიდან დაუგროვდათ იმ ბიჭ-ბუჭებს ამხელა ქონება, რომლებსაც ადრე ჯიბეში 50 ლარიც არ ედოთ? თურმე, ნუ იტყვით და, ზოგს მემკვიდრეობით გადმოეცა ეს უზარმაზარი ქონება, ზოგს ცოლი და ზოგსაც სიდედრი გაუმდიდრდა იმ დროს, როცა ქვეყანა დაიქცა. გეკითხებით, ასეთი კრიზისის დროს როგორ და რა გზით გამდიდრდა ეს ნაძირლების გუნდი? ამიტომ, როცა ეს უზნეო ხალხი გამოდის და ხელს ბატონი ბიძინას თანამოაზრეებზე იშვერს, ჯერ საკუთარ გულში ჩაიხედოს. დროა, პოლიტიკაში მოვიდნენ ზნეობრივი ადამიანები და საქმე სუფთა ხელებით გააკეთონ. ბევრი ფიქრობს, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა. ადრე მეც ასე ვფიქრობდი და ბავშვობაში კომუნისტურ პარტიას ცუდი თვალით ვუყურებდი, მაგრამ კომუნისტურ მონსტერს, საუბედუროდ, უფრო დიდი და საშინელი მონსტრი ჩაენაცვლა...
თუ არ ვცდები, “ვარდების რევოლუციის” მხარდამჭერი იყავით...
- “ვარდების მოედანზე” პირველი გავვარდი, რადგან დავიჯერე, რომ მოდიოდა ახალგაზრდების გუნდი, რომელიც არ იქნებოდა გარყვნილი და საქართველოს ინტერესებს დაიცავდა, მაგრამ ცოტა ხანში იმედგაცრუება დამეუფლა. დღეს ასე ბევრი ფიქრობს... აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ბიძინა პოლიტიკაში საქართველოს სიყვარულის გამო მოვიდა, მას უნდა, რომ ეს ქვეყანა ძლიერი იყოს და მისი შვილების მსგავსად, ჩვენმა შვილებმაც უკეთეს პირობებში იცხოვრონ და სარჩო-საბადებლის საძებნელად საზღვარგარეთ არ წავიდნენ. ამ ადამიანს ეს ამოძრავებს, თორემ აქვს საშუალება, რომ ნებისმიერ ქვეყანაში წავიდეს და უზრუნველად იცხოვროს, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ პატრიოტია და ვერ შეძლო, გულხელდაკრეფილს მშვიდად ეყურებინა იმ უსამართლობისთვის, რაც ქვეყანაში სუფევს. ბატონი ბიძინა ძალიან მყარად და ტრადიციულად დგას თავის ფესვებზე და აბსოლუტურად გულწრფელად უყვარს საქართველო! ბიძინა ივანიშვილის გვერდით დოგმას ფული კი არა, მისი წესიერება, ანთებული გული და იმის სურვილი წყვეტს, რომ ეს ქვეყანა გადაარჩინოს.
პოლიტიკურ პროცესებში იმის გამო ჩავერთე, რომ კარგად ვიცი, თუ როგორი დამანგრეველი ძალაა, როცა ქართველი ქართველს სიტყვით, ქმედებითა და კანონით კი არა, ბრძოლით უპირისპირდება. ბატონი ბიძინა ამბობს, სამართალს კანონი გაასწორებსო. ეს ადამიანი შურისძიებისა და ანგარიშსწორების კატეგორიული წინააღმდეგია და ამ ქველმოქმედი ადამიანის მჯერა. არანაკლები დამაიმედებელი სიტყვებით საუბრობენ ხელისუფლების წარმომადგნელებიც - მათ კარგი საუბარი ისწავლეს და ლაპარაკობენ სიტყვის თავისუფლებაზე, დემოკრატიასა და იმაზე, თუ როგორ უყვართ ქვეყანა, მაგრამ ყველაფერი ეს მხოლოდ ლამაზი სიტყვებია... ჩვენს უწმინდესა და უნეტარესს არაერთხელ უთქვამს, ჩვენი ქვეყანა ხრამთან დგას, გადაჩეხვის პროცესშიაო. ამიტომ, დროული და სწორი იყო პოლიტიკაში ბატონი ბიძინას გამოჩენა და ვფიქრობ, ქვეყანას ნამდვილად გადაარჩენს.
ქალბატონო ნინელი, ხელისუფლების წარმომადგენელმა მსახიობებს გარიგება შემოგთავაზათ, თუ ივანიშვილის დახმარებაზე უარს იტყვით, ხელფასს მოგიმატებთო. მართალია, ეს შემოთავაზება არ მიიღეთ, მაგრამ ივანიშვილის ჰონორარზე უარის თქმა, სავარაუდოდ, მაინც მოგიწევთ, რადგან ახალი კანონით, პოლიტიკოსს დახმარებას უკრძალავს...
- გასაგებია, რომ ეს დახმარება ძალიან გვჭირდება, მაგრამ ბატონ ბიძინას პრობლემებს არ შევუქმნით. საქმე მხოლოდ თანხაზე არაა და მსახიობები მასთან ურთიერთობის გაწყვეტას არ ვაპირებთ... საერთოდ, უმადური ადამიანი უბედური და საცოდავია. წლების განმავლობაში არავის გაუგია, ბატონი ბიძინა ვის და როგორ ეხმარებოდა, მას ჩვენგან მადლობაც კი არ მოუთხოვია. ეს ჩემთვის ღირსების შენარჩუნება იყო, რადგან ძნელია, დახმარება ისეთი ადამიანისგან მიიღო, რომელიც სანაცვლოდ რაღაცას გთხოვს.
ისიც ითქვა, ივანიშვილი ქველმოქმედებას გამიზნულად ეწეოდა და პოლიტიკაში მოსასვლელად ნიადაგს ამზადებდაო...
- ეს ისეთი სისულელეა, რომ კომენტარის გაკეთებაც არც ღირს. ასეთი აზრი შეიძლება, გარეწარ ადამიანს მოუვიდეს, რომლისთვისაც წარმოუდგნელია, რომ კაცმა სიკეთე ანგარების გარეშე გააკეთოს. პრეზიდენტი საერთო სასადილოში დადის და მოხუც ქალს კბილებს უმოწმებს, მერე კი, ცინიკურად აცხადებს, ყველას კბილებს ჩაგისვამთო. რა შეიძლება, ამ საქციელს ეწოდოს? მერე დაიანგარიშეს, რომ კბილების ჩასმის პროგრამა ძვირი დაუჯდებათ და ერთი კბილის გაკეთების დაფინანსებაზე შეთანხმდენენ. თუ სამი კბილი მაქვს გაფუჭებული, მარტო ერთი ჩავისვა და ორი გაფუჭებული კბილით დაველოდო, კიდევ როდის გაიღებს ხელისუფლება მოწყალებას?.. მათ ყველანაირი ბერკეტი ჰქონდათ, რომ სოფლის მეურნეობა აეყვავებინათ, მაგრამ სოფლები დაიცალა - მიწები გაყიდეს, მალე, ალბათ, ჰაერზეც მრიცხველს დაგვიყენებენ და სუნთქვასაც ფასს დაადებენ. ხომ ხედავთ, აღარ ჰყოფნით ის ნაქურდალი, რითიც ჯიბეები გვარიანად გაისქელეს და ახლა ტელეფონს მიკონტროლებენ, თუ თვეში 5 ლარზე მეტს დავხარჯავ, არც მეკითხებიან, ვსარგებლობ თუ არა 112-ის მომსახურებით, ისე მაჭრიან თანხას. წარმოიდგინეთ, რა დღეში ვართ და ასეთი ადამიანებისთვის, ბუნებრივია, გაუგებარია ივანიშვილის ფენომენი.
რამდენიმე დღის წინ, ივანიშვილს შეხვდით...
- მასთან შეხვედრა ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო... მინდოდა, პირადად მეთქვა მადლობა იმ კეთილი საქმისთვის, რასაც ხელოვანი ხალხის მიმართ აკეთებდა. თავიდან, ცოტა არ იყოს, დაძაბული ვიყავი, არ ვიცნობდი და არც ვიცოდი, როგორ მესაუბრა, მაგრამ ხელი ჩამოვართვი თუ არა, ისეთი განცდა დამეუფლა, რომ თითქოს მთელი ცხოვრება ვიცნობ. შეხვედრა თითქმის 2 საათს გაგრძელდა, ბევრ თემაზე ვისაუბრეთ... ის ძალიან უშუალო, გულწრფელი ადამიანია, შენს მოსაზრებას პატივს სცემს, საკუთარ აზრს არ გახვევს, თუ რამე აინტერესებს, ჩაძიება იცის.
ქალბატონო ნინელი, ოზურგეთში თქვენმა ჩაუსვლელობამ აჟიოტაჟი გამოიწვია. ამბობდნენ, ოზურგეთის თეატრში სპექტაკლის ჩატარება იყო დაგეგმილი, მაგრამ იმის გამო, რომ ნინელი ჭანკვეტაძე ოპოზიციაშია, დაბლოკესო. მართალია?
- გურიაში, საჭამიასსერზე წმინდა ბარბარეს ტაძარი შენდება. სპექტაკლი საქველმოქმედო იყო და შემოსული თანხა ტაძრისთვის უნდა გადაგვერიცხა. ოზურგეთამდე ფოთში ვიყავით, იქაც გულთბილად შეგვხვდნენ ჩვენი გულშემატკივრები. საქმე იმაში გახლდათ... სპექტაკლს იუსტიციის ახალი შენობის გახსნა დაემთხვა. ოზურგეთში ჩასულ ბატონ სააკაშვილს არ ესიამოვნებოდა დიდი აფიშა, სადაც წაიკითხვდა, სპექტაკლი დადგა ქეთი დოლიძემ, მონაწილეობენ ნინელი ჭანკვეტაძე და რამაზ იოსელიანიო. ამიტომ, ოზურგეთიდან ზრდილობიანად შემოგვითვალეს, ელექტროენერგიის პრობლემააო. რა ექნათ, ვერ გაბედეს ნამდვილი მიზეზის დასახელება, თუ რატომ გადაგვიდეს სპექტაკლი... ვერ ვიტყვი, რომ ყველა პოლიციელი ცუდია, ძალოვან სტრუქტურებშიც მსახურობენ ღირსეული ადამიანები, მაგრამ აქაც შიშის სინდრომთან გვაქვს საქმე. ქართველებმა, პირველ რიგში კომფორმიზმის გადალახვა უნდა შევძლოთ, რომელიც ძალიან კარგად გვაქვს შესისლხორცებული. კარგა ხანია, პატრიარქი მოგვიწოდებს, ვიდრე საქართველოში ერთსულოვნება არ იქნება, ქვეყანას არაფერი ეშველებაო. ივანიშვილის გარშემო მის ხელისუფლებაში მოსაყვანად კი არა, ჩვენი ქვეყნისა და ოჯახების გადასარჩენად უნდა დავირაზმოთ!