47 წლის კიდევ ერთი პატიმარი გარდაიცვალა - რატომ არ მოქმედებს კანონი სიკვდილის პირას მყოფი პატიმრებისთვის

47 წლის კიდევ ერთი პატიმარი გარდაიცვალა - რატომ არ მოქმედებს კანონი სიკვდილის პირას მყოფი პატიმრებისთვის

"ქართულ ციხეში კიდევ ერთი პატიმარი გარდაიცვალა და ამის მიზეზი, სამწუხაროდ კვლავ ის პოლიტიკაა, რომელსაც სასჯელაღსრულების სამინისტრო ახორციელებს. ადამიანის უფლებათა დამცველები დიდი ხანია ყურადღებას ამახვილებენ, რომ საქართველოში მძიმე ავადმყოფი პატიმრებისთვის სასჯელის გადავადების ან ვადაზე ადრე გათავისუფლების პრაქტიკა არ მოქმედებს. არადა, კანონის თანახმად, მომაკვდავ პატიმარს უფლება აქვს გათავისუფლება ითხოვოს და სული მშვიდად მაინც დალიოს", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით 47 წლის პატიმარი გარდაიცვალა / რატომ არ მოქმედებს კანონი სიკვდილის პირას მყოფი პატიმრებისთვის" .


"გუშინ ორგანიზაციამ "ახალგაზრდები სამართლიანობისთვის - საქართველო" მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმრის, ზაზა გიგაურის სასჯელისგან გათავისუფლება მოითხოვა. ეს მოთხოვნა დილით გაკეთდა, დღის მეორე ნახევარში კი გაირკვა, რომ 47 წლის პატიმარი უკვე გარდაიცვალა. გიგაურს 25-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საიდანაც 20 წელიწადი მოიხადა. ზაზა გიგაურის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ის ვერ იღებდა საკვებს და სასმელს, ვერ მეტყველებდა, ვერ გადაადგილდებოდა. კანონმდებლობის შესაბამიდსად, ასეთ პატიმარს სასჯელისგან გათავისუფლება ეკუთვნის, რადგან ის საზოგადოებისთვის საშიშროებას უკვე არ წარმოადგენს. სახელმწიფოს მხრიდან მომაკვდავი პატომრის ციხეში გაჩერება და მისთვის სიცოცხლის უკანასკნელი საათების ახლობლების გარემოცვაში გატარებაზე უარის თქმა სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა", - აღნიშნავს გამოცემა.

"გიგაური მეოთხე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნით იყო დაავადებული, მეტასტაზებით ფილტვებში, ღვიძლში, ლიმფურ კვანძებსა და ძვლებში. მისი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესება დაიწყო 2009 წელს. სასჯელაღსრულების დაწესებულებამ არაფერი მოიმოქმედა, რომ სათანადოდ გამოეკვლია მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. შესაბამისად, დაავადებამ მიაღწია მეოთხე სტადიას და არ დაუტოვა მას გადარჩენის შესაძლებლობა. ხოლო სასჯელაღსულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივმა კომისიამ არ უზრუნველყო მომაკვდავი პატიმრის გათავისუფლება", - განაცხადეს ორგანიზაცია "ახალგაზრდები სამართლიანობისთვის - საქართველოს" წარმომადგენლებმა. ორგანიზაციამ ამაოდ მოუწოდა კომისიის თავმჯდომარეს - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გიორგობიანს, დაუყოვნებლივ მიეღოთ კანონით გათვალისწინებული ზომები. პატიმრის და ელენე გიგაური ითხოვდა, ზაზას უკანასკნელი წუთები ოჯახთან ერთად გაეტარებინა. - მისი მოთხოვნა უსაფუძვლო სულაც არ ყოფილა, თუმცა თხოვნა ყურად არ იღეს", - დასძენს გამოცემა.

"ამ პრობლემასთან დაკავშირებით პერიოდულად საუბრობს სახალხო დამცველიც, რომლის აზრით თითოეული ასეთი შემთხვევა უნდა შეფასდეს, როგორც არაჰუმანური მოპყრობა და პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო პერსონალს. სამწუხაროდ, ამ საკითხს წლიდან წლამდე არ ექცევა ყურადღება, მაშინ როცა საუბარია წარმატებულ ჯანდაცვის რეფორმაზე და მის გაურკვეველ შედეგებზე, რომლის შეფასებაც არ ეფუძნება სამიდიცინო კლასიფიკატორებს და არ ასახავს რეალურ მდგომარეობას", - წერს სტატიის ავტორი.