ლალი პაპასკირი, "რეიტინგი"
"დღევანდელ სიტუაციას ღვინის დუღილის პროცესს შევადარებდი. მართალია, დიდი ხანია, ეს სიტუაცია დუღს, მაგრამ ღვინოც ასეა, - ზოგი ცოტა ხანს დუღს, ზოგიც - დიდხანს. გააჩნია, შაქრიანობა როგორია და რა ტემპერატურაზე მიდის დუღილი", - აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი. მისი თქმით, ქართველი ხალხი ზომაზე მეტად შაქრიანია და არც ტემპერატურა გვიწყობს ხელს, რომ უფრო რადიკალურები ვიყოთ.
- ბევრი უბედური ზნე გვჭირს ქართველებს, ზოგს ვხვდებით, ზოგსაც - ვერა. ერთმანეთს კი არ უნდა ვუყუროთ, ყველამ თავად უნდა ვეცადოთ, ქვეყნის სასიკეთოდ რაიმე შევცვალოთ. ამ ბოლო დროს ძალიან გახშირებული პრინციპების რღვევა არ მინდა გამომრჩეს. ვაზაგაშვილის დახვრეტის დღეს აქცია ტარდებოდა და ცოტა ხალხი შეიკრიბა. არადა, წესით მთელი საქართველო უნდა გამოსულიყო ქუჩაში. მაინცდამაინც საკუთარ თავზე უნდა გამოვცადოთ ამ მტარვალების ხელით მოწეული უბედურება, რომ ჩვენი მოძმის ტკივილი გავიზიაროთ... ადრე ძმაკაცი ძმაკაცს რამე სახიფათო საქმეზე გაყოლას რომ სთხოვდა და ეტყოდა, ხომ არ გეშინიაო, იმას კიდევაც რომ შინებოდა, იტყოდა, - რისი უნდა მეშინოდეს, ბიჭოო?! ახლა მოდაში შემოვიდა, - მეშინია, რა ვქნა, ოჯახი მყავს სარჩენი, სამსახურს ვერ დავკარგავ. ვიღაცას პატარა მაღაზია აქვს და იმას უფრთხილდება, ვიღაცას დიდი მარკეტი ეძვირფასება, მაგრამ იმას კი არ ფიქრობენ, ასე თუ გაგრძელდა, მატერიალურ კეთილდღეობას კი არა, ცხოვრებასაც დაკარგავენ. ამიტომაც უნდა შეჩერდეს პრინციპების რღვევა.
- არიან ისეთებიც, ვისაც დასაკარგი არაფერი აქვს, მაგრამ მაინც თავს იკავებს, ბატონო სოსო...
- დიახ, არიან ისეთებიც, ვინც ხითხითებს, ქირქილებს და ამით თავისი უპრინციპობის გამართლებას ცდილობს... როცა ადამიანი ერთს ლაპარაკობს და მეორეს აკეთებს, ეს უკვე ლაჩრობაა. მე ვერ ჩამოვთვლი იმ ადამიანებს, ვისაც ასეთი ცხოვრების წესი აქვს, რადგან მათ შორის ჩემს თავსაც მივათვლი, მაგრამ მე ლაჩარი არ ვარ. თუ ვერაფერს ვაკეთებ, სიმართლეს მაინც ვამბობ, რასაც ვფიქრობ და რაც გულში მაქვს. არადა, ხელისუფლება წესების გარეშე უნამუსოდ ჩხუბობს, სხვა გზას არ გიტოვებს და შენც ისე უნდა ეჩხუბო. ან ყველა ერთად უნდა დადგეს და მეთოდები შევაცვლევინოთ.
ბიძინა ივანიშვილმა უკვე მოახერხა "თავისუფალი დემოკრატებისა" და რესპუბლიკელების ერთ პოზიციაზე დაყენება და იმედია, ასე გააგრძელებს. მთავარია, ოპოზიცია პრანჭიაობას მოეშვას და პატიოსნად მიუდგნენ საქმეს. თუ ოპოზიცია ერთ ძალად გაერთიანდება და გუგუნს დაიწყებს, მთავრობა იძულებული გახდება, უსამართლო კანონი შეცვალოს.
- ბოლო დროის სიახლეებზეც ვისაუბროთ, შეცვლილ სვანეთზე... მესტიაში თამარ მეფის ძეგლი დადგეს...
- ეს არის სვანეთისა და მთელი საქართველოს დაცინვა და მიხეილ სააკშვილის ხუშტური. ამას წინათ ვუყურებდი ტელევიზიით, მესტიაში ჩასული პრეზიდენტი, მესტიის გამგებელი და ნიაზ დიასამიძე იმ "შედევრს" რომ ათვალიერებდნენ, ნიაზს სახეზე ეწერა, - ეს საზიზღრობა აქ რამ დაგადგმევინათო, მაგრამ რა უნდა ეთქვა?!.
- რატომ ვერ ეტყოდა, ნიაზ დიასამიძეს თავისი აზრის გამოხატვა არ უჭირს...
- ეგ ჩემი საქმე არ არის, მე იმას გეუბნებით, რაც მის სახეზე წავიკითხე - მას უნდოდა შეეფურთხებინა სააკაშვილისთვის... ეს ის რეგიონია, სადაც თამარ მეფე წმინდანად გვყავს აღიარებული. სიმღერაა მეფეზე, თამარის კოშკები გვაქვს... ჩემი გვარი იცით საიდან მოდის? - ჯაჭვი სვანურად ნაჭაა და მე ნაჭიანი უნდა ვიყო, მაგრამ ლეგენდის თანახმად, ერთხელ თამარ მეფე სვანეთში ასულა. ნადიმი რომ გაუშალეს, ერთ ახალგაზრდა, კარგ ვაჟკაცს თამარ მეფის საცეკვაოდ გამოწვევა გაუბედავს. ცეკვის მერე, თამარს ოქროს ჯაჭვი შეუხსნია და სვანი მეწყვილისთვის უჩუქებია. იმ ბიჭს თურმე ჯაჭვიანს ეძახდნენ, შემდეგ კი ჯაჭვლიანად შემორჩა ხალხში... მთელ საქართველოს დასცინის, დავით აღმაშენებლის ძეგლი აიღო და ველოსიპედის დაგვიდგა.
- იქნებ ეს ყველაფერი სვანეთში ტურიზმის განვითარებისათვის ხდება?
- კი, მაგის დარდით არ სძინავს მიშას და "გასვეტებული" სვანები ესიზმრება... ახლა თეთნულდისკენ გზები მიჰყავს, "ხუდონჰესსაც" აშენებენ, მე მგონი, მათ სვანეთის მთლიანად გაყიდვა უნდათ, ადგებიან და "ობტომ" გაყიდიან ყველაფერს.
- არა მგონია, სვანებმა დათმოთ...
- როგორ ფიქრობთ, რამდენი კაცი ცხოვრობს სვანეთში?
- 100 ათასზე მეტი უნდა იყოს......
- მიხარია, ასე რომ გგონიათ... მიხარია, რომ ისე გუგუნებს სვანეთი, ბარშიც ძლიერად აღწევს მათი ხმა, მაგრამ ზემო სვანეთში 15 ათასამდე კაცი ცხოვრობს, მეტი არა... ამიტომაც გვიფრთხილდეს მიშა და მისი გუნდი, იქ გაკეთებული იაფფასიანი პიარით სვანურ სულს ვერ შეგვიცვლიან. თუმცა ადგილობრივთა ერთ ნაწილს მართლაც სჯერა, რომ რაღაცები შენდება და ვითარდება.
- ერთ-ერთ ქართულ შოუში, სვანეთით აღფრთოვანებულმა უკრაინელმა მომღერალმა ივანა მელაიმ "შინა ვორგილის" "თანამედროვე" ვერსია ანსამბლ "მოძახილთან" ერთად შეასრულა. ნახეთ ეს ტელესიუჟეტი?
- არ მინახავს, მაგრამ მითხრეს, ივანაა თუ ვინც არის, თქვა, მესტიაში მოკლე კაბით რომ გავიარე, ხალხს სასწაული რეაქცია ჰქონდაო... ასე დაწერეთ პირდაპირ - ივანასნაირი ნაშებით სვანებს ვერ გაგვაკვირვებენ. სვანეთში ტურბაზები იყო და მთელი ჩემი ბავშვობა უკეთეს ნაშებს ვუყურებდი. მთელი რუსეთის ნაშობა იქ ჩამოდიოდა და მთელი სვანეთის ახალგაზრდობა იქ დადიოდა... უკრაინელი ნაშით სვანის "გასვეტება" ვერ მოხდება და არც მოხდება, ჩვენ სხვა ღირებულებები გვაქვს, სხვა ფასეულობის მატარებელი ვართ. კიდევ, სააკაშვილის გუნდისგან განსხვავებით, სლავ მდედრებს არ ვართ დახამებულები. ფსიქოლოგიური წნეხი და სვანეთის გაყიდვა შემთხვევით არ მიხსენებია, - ეტყობა, ფიქრობენ, სვანებს უნდა მოვუხაზოთ, რომ ეს სხვებისთვისაც ჭკუის სასწავლებელი იყოსო, მაგრამ მორჩა, დასრულდა, ახლა ყველამ ერთად უნდა "დავახუროთ" და ეს რეჟიმიც დავასრულოთ.
988
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85