საქართველოში შეკრებების თავისუფლება შეზღუდულია!  გაერო 26 მაისის დარბევის ხელახალ გამოძიებას ითხოვს.

საქართველოში შეკრებების თავისუფლება შეზღუდულია! გაერო 26 მაისის დარბევის ხელახალ გამოძიებას ითხოვს.


"ცოტა ხნის წინ საქართველოში ვიზიტით ჩამოვიდა გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი მაინა კიაი, რომელიც ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. გუშინ მან წინასწარი ანგარიში წარმოადგინა, რომელიც ქართულმა ოპოზიციამ დადებითად შეაფასა. სპეციალურმა მომხსენებელმა განაცხადა, რომ 2011 წლის 26 მაისის აქციის მონაწილეებზე მთავრობის რეაქცია არაპროპორციული იყო. მაინა კიაის განცხადებით, არსებობს დამაჯერებელი დასაბუთება იმისა, რომ საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგაც ადგილი ჰქონდა ადამიანების ცემის ფაქტებს და რომ პროტესტის მონაწილეებს მისდევდნენ და უმოწყალოდ უსწორდებოდნენ", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით საქართველოში შეკრებების თავისუფლება შეზღუდულია! / გაერო 26 მაისის დარბევის ხელახალ გამოძიებას ითხოვს.

"ყოველივე ეს ბადებს ეჭვს, რომ მიზანი იყო არა საპროტესტო აქციის მონაწილეების დაშლა, არამედ მათი დასჯა და საზოგადოებაში შიშის დანერგვა", - განაცხადა მაინა კიაიმ, რომელიც მიიჩნევს, რომ მომხდარზე ახალი და დამოუკიდებელი გამოძიება უნდა დაიწყოს. გამოძიება უნდა წარიმართოს ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, რომელშიც ჩართული იქნებიან როგორც მთავრობის, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სპეციალური მომხსენებელის განმარტებით, ძალის აშკარა გადამეტებისთვის ანგარიშვალდებულება არსებობს, რადგან ამ ანგარიშვალდებულების არარსებობის შემთხვევაში მთავრობის დაისჯელობისა და მისდამი უკმაყოფილების განცდა გაბატონდება. მაინა კიაის დადებულ დასკვნას დადებითად აფასებს "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მთავარი საბჭოს წევრი ზაზა სოფრომაძე. კმაყოფილები არიან ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც - მათი აზრით საქართველოსთან დაკავშირებით ასეთი მკაცრი დასკვნა არ დადებულა - აღნიშნავს გამოცემა.

"ეს დასკვნა ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანია. აქ პირდაპირ არის ნათქვამი. რომ 26 მაისის დარბევის დროს ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა. ნათლად არის ნათქვამი, რომ ეს არ იყო აქციის დაშლა, ხელისუფლებას ხალხში შიშის დათესვა სურდა. მნიშვნელოვანია, რომ გაერო ამ დარბევის გამოძიებას ითხოვს, რაც ბადებს იმედს, რომ ადრე თუ გვიან ხელისუფლებას ამ დანაშაულისთვის მოუწევს პასუხისგება, ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაერო დაპატიმრებულების ბედითაც დაინტერესდა - სპეციალური წარმომადგენელი საქმის კურსშია თუ რამდენი ადამიანი წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 26 მაისის შემდეგ. კიაიმ იცის, რომ საქართველოში 40-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარია და შეშფოთებულია იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ეს ფაქტი დამალა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა სოფრომაძე.

"მაინა კიაიმ უარყოფითად შეაფასა აქციის მონაწილეებისთვის საზოგადოებრივ შენობებთან 20 მეტრის რადიუსში მიახლოების აკრძალვა და დემონსტრაციის ძალიასმიერი დაშლისთვის 15 წუთიანი გაფრთხილების წესი - "მე ვიცი, რომ საქართველოში მშვიდობიანი შეკრების გამართვა არ საჭიროებს წინასწარ ნებართვას. ასევე ვიცი, რომ საქართველოში იმართება სხვადასხვა მშვიდობიანი შეკრება - მე ერთ-ერთი აქციის მომსწრეც გავხდი. მიუხედავად ამისა, კანონში რიგი პრობლემური დებულებები ჯერ კიდევ რჩება, რომელიც შეკრების თავისუფლებას ზღუდავს. უნდა გვახსოვდეს, რომ "ვარდების რევოლუციის" დროს არ ყოფილა დაცული საზოგადოებრივი შენობების შესასვლელებიდან 20 მეტრის მოთხოვნის ნორმა, მოხდა საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა, მაგისტრალებისა და ტრანსპორტის მოძრაობის გადაკეტვა. ვშიშობ, აღნიშნული შეზღუდვები შემოღებულია იმისთვის, რომ მოქალაქეებს ხელის შეეშალოს მშვიდობიანი პროტესტის გზით საკუთარი მისაზრებები გამოხატონ",- განაცხადა მაინა მიამ. მისივე თქმით, იგი შეშფოთებულია შეკრების ძალისმიერი დაშლისთვის 15 წუთიანი გაფრთხილების წესით, რადგან ეს საერთაშორისო სტანდარტებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება". - დასძენს გამოცემა.