გიორგი ბერიძე, "ამბები.გე"
ლალი მოროშკინა საპარლამენტო არჩევნებში ახალციხის მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს. როგორც მოროშკინამ ”ამბები.გე”-ს განუცხადა, ის მზადაა, ”უკვე ტრიბუნიდან დაარქვას ყველაფერს თავისი სახელი”.
- ჯერ კიდევ 2001 წელს, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ თქვენს დანიშვნამდე თქვენ ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია - "ჩემი საქართველო" დააარსეთ და საკმაოდ აქტიურად მუშაობდით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. რით აიხსნება ასეთი ინტერესი ამ რეგიონის მიმართ?
- სწორედ ეს კითხვა დამისვა თავის დროზე შევარდნაძემ და მე ვუპასუხე, რომ იქაური დეპუტატები ძალიან სუსტად მუშაობდნენ. გაზეთები და ჟურნალები მხოლოდ რუსულ და სომხურ ენაზე ვრცელდება. ბევრს ქართული არ ესმოდა და სურვილიც არ ჰქონდა, რომ გაეგო. მაშინ, 2001 წელს მე და ჩემმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ძალიან საფუძვლიანად ვიმუშავეთ. არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ ეს ძირძველი ქართული მიწაა, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ეთნიკური სომხები შეადგენენ, დასანანია მიტოვებული სახლ-კარის ნახვა, სადაც ოდესღაც სომხები და ბერძნები ცხოვრობდნენ, საქართველოს არცერთი შვილი არ ყავს დასაკარგი, მიუხედავად წარმომავლობისა თუ აღმსარებლობის. ძალიან ვნანობ, რომ დაცარიელდა რუსული სოფლები...სანამ პირში სული მიდგას, საქართველოში ვიქნები, ჩემი სამშობლო, ისევე როგორც მილიონი არაქართველის, მხოლოდ საქართველოა!
- თბილისიდან ძნელია იმსჯელო იმაზე თუ, როგორ ცხოვრობს მოსახლეობა სამცხე-ჯავახეთში. რა პრობლემებია მოსაგვარებელი პირველ რიგში?
- გეთანხმებით, რომ უფრო მარტივია იყარო კენჭი იქ, სადაც ბავშვობიდან გიცნობენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მე, როგორც რუსული "ვესტნიკის" წამყვანი და ეთნიკურად არაქართველი, სწორედ იმ ადამიანებისთვის ვარ ახლო და "თავისიანი", თორემ ვაკე და საბურთალო ისედაც მეგობრებით და ახლობლებით არის სავსე.
ყოველი წლის 24 აპრილს ჩავდივარ ახალციხეში, რათა პატივი მივაგო გენოციდის მსხვერპლთ და ალბათ ის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ წამოჭრა ეს თემა, ძალიან მნიშვნელოვანია! სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე შერეული ჯგუფები მყავდა, სადაც ერთად სწავლობდნენ ქართველები და სომხები. სომეხი სტუდენტების თვალებში საოცარი ტრაგიზმია აღბეჭდილი, ეს გენეტიკური ტკივილია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში შვებას ეძებს. იმ საზარელმა ტრაგედიამ სომხები მთელს მსოფლიოში გაფანტა და ჩვენ უნდა ვამაყობდეთ, რომ მათი დიდი ნაწილი საქართველოში ცხოვრობს. ტოლერანტობა საქართველოს არ ესწავლება!
- ვფიქრობ თქვენ კარგად აცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ სამცხე-ჯავახეთში გამარჯვება ვანო მერაბიშვილის ფაქტორის გათვალისწინებით გაგიჭირდებათ.
- ძალიან კარგად ვიცი, რამდენი ბარიერი შემხვდება! მაგრამ მე არასოდეს გავურბოდი არც წინააღმდეგობას და არც პასუხისმგებლობას. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ყველზე კარგი ტესტი! იმ შემთხვევაში თუ წინააღმდეგობა გაუსაძლისი გახდება, პრესის საშუალებით, საერთაშორისო მონიტორინგის ჯგუფების დახმარებით ადვილად გამოვააშკარავებთ, ვინ რა მეთოდებით იბრძვის ხმების გასაყალბებლად!
- რამდენად აქტიურია ოპოზიცია სამცხე-ჯავახეთში?
- ოპოზიციას ქუდი რომ შეუგდო, გახედვაც არ უნდათ სამცხე-ჯავახეთისკენ...არადა იმ მხარეს ბევრი რამე სჭირდება. პირველ რიგში, ყურადღება. მინდა ახალციხე საუნივერსიტეტო ცენტრად ვაქციო. მით უმეტეს, რომ უნივერსიტეტის რექტორი ძალიან ნიჭიერი და აქტიური ქალბატონი, თინა გელაშვილია. ვფიქრობ, მისი ძალისხმევით შევძლებთ ახალი სიცოცხლე შევძინოთ ალმა მატერს. მით უმეტეს, რომ შარშან ჩავატარეთ გაცვლითი ლექციები ერევნის უნივერსიტეტთან, რაც თავისთავად, მნიშვნელოვანი და საინტერესოა რეგიონალური განვითარებისათვის, მე ასე ვიტყოდი: ინტეგრაცია და თვითიდენტიფიკაცია - ეს ორი რამ უნდა იყოს უნივერსიტეტის კურსი.
– არ შემიძლია არ შევეხო თქვენს ახალ წიგნს, რომელიც პენიტენციალურ სისტემაზე და პატიმართა ყოფაზეა, როდის ვიხილავთ მორიგ ბესტსელერს?
- ალბათ, გვიანი გაზაფხულისთვის, რადგან თემა მძიმე და ურთულესია, თხრობა ორ დროში მიდის– 37 წლის საქართველოში და 2003-ის შემდგომ საქართველოში. 37 წლის ამბებზე მოძიებული დოკუმენტური მასალა შოკისმომგვრელი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ უკვე ცნობილია...ის ხელუხლებლად გამოქვეყნდება და მხოლოდ მხატვრულ სიუჟეტად შეიკვრება. რაც შეეხება დღევანდელობას, ეს უკვე იმ ადამიანებს ეხება, ვინც თავად არის ამ ისტორიის შემქმნელიც და აღმასრულებელიც.
დღის განმავლობაში ყოფილ პატიმრებს, ან პატიმრის ოჯახის წევრებს ხშირად ვესაუბრები და სურათი უმძიმესია! სწორედ ამიტომ, დღეს წერილობითი თხოვნით მივმართე ქალბატონ ხათუნა კალმახელიძეს, რომ დამრთოს ნება, როგორც ჟურნალისტს და მწერალს, ადგილზე გავეცნო ფაქტებს. ვიმედოვნებთ, რომ უარით არ გამისტუმრებენ.
1207
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85