"კვირის პალიტრის" მასალების მიხედვით
"ფაქტია, მმართველ პარტიას ძლიერი ალტერნატივა გაუჩნდა ივანიშვილის პოლიტიკური ძალის სახით. დარწმუნებული ვარ "ნაციონალურ მოძრაობას" ბევრი ისეთი წევრი ჰყავს, რომელიც მზად იქნება, პარტია დატოვოს და თავისი "ღალატი" სხვადასხვა, მათ შორის, სინდისის ქენჯნით გაამართლოს. მათ შორის მედროვე გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე გულწრფელი. დღესდღეობით ძნელი სათქმელია, რამდენად რეალურია "ნაციონალური მოძრაობის" მარგინალიზაციის პერსპექტივა, რაც ამ პოლიტიკურ გაერთიანებას დაშლის. ეს ორი მთავარი პოლიტიკური კონკურენტის ჭიდილში გაირკვევა, რაც უახლოეს თვეებში თანდათან გამძაფრდება", - აცხადებს ექსპერტი, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ივანიშვილი შეგნებულად ანელებს პოლიტიკურ დუღილს" / "რაც შეეხება რევანშისტობას, ამისგან ბოლომდე დაცული არავინაა".
"ივანიშვილი არ არის ქუჩაზე, მოვლენათა ესკალაციასა და აფექტებზე ორიენტირებული პიროვნება. ცხადია, პოლიტიკაში მისი მოსვლის რეზონანსიდან გამომდინარე, შეეძლო (და დღესაც შეუძლია), გაცილებით აგრესიული პოლიტიკა აწარმოოს და გაცილებით ხისტად დაუპირისპირდეს ხელისუფლებას. რჩება შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილი შეგნებულად ანელებს პოლიტიკურ დუღილს, - არ სურს შექმნას ეფექტი, რომელიც მუყაოზე წაკიდებულ ცეცხლს დაემსგავსება. გავრცელდა კიდეც მისი მეტ-ნაკლებად ზომიერი კრიტიკული განცხადებები ხელისუფლების, პირადად სააკაშვილის მიმართ. ეს, შესაძლოა, რადიკალურად და აგრესიულად განწყობილ ოპოზიციურ ამომრჩეველს აბრაზებს, თუმცა, ვფიქრობ, ასეთ ტაქტიკას, სულ მცირე, ორი წყარო ასაზრდოებს...", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იაგო კაჭკაჭიშვილი.
"პირველი ისაა, ხელისუფლებასთან ხისტი და აგრესიული დამოკიდებულება გამოიწვევს რევოლუციურ რეჟიმში პროცესების გადაყვანას, რომელსაც ფუჭი ტყვიების გასროლის ეფექტი ექნება. რევოლუციურ რეჟიმს წარმატება მხოლოდ არსებული ხელისუფლების ტოტალური გაკოტრების პირობებში მოჰყვება (როგორც ეს მოხდა შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდში, როდესაც "მოქალაქეთა კავშირის" რეიტინგი დაახლოებით 7% იყო; იგივე ითქმის ამბოხებულ არაბულ ქვეყნებზეც). დღესდღეობით, "ნაციონალური მოძრაობის" დაახლოებით 35-40%-იანი რეიტინგი ასეთ გაკოტრებას არ ადასტურებს. მეორე - თანდათან ცხადი ხდება, რომ დასავლეთი სააკაშვილს რბილად "აწვება" და სურს, მას დემოკრატი მმართველის იმიჯი შეუქმნას, რომელიც მზად იქნება ხელისუფლების გადასაცემად. ამ ფონზე სააკაშვილს ბევრი ქება ესმის მის მიერ გაკეთებული პროგრესული საქმეების გამო, - დასავლეთი ერთგვარ პოლიტიკურ-ფსიქოლოგიურ ზეწოლას მიმართავს, რათა სააკაშვილმა მმართველობა ასევე პროგრესულად დაასრულოს. ვფიქრობ, ივანიშვილს არ სურს, ამ საერთაშორისო პროცესს ხელი შეუშალოს", - მიიჩნევს სოციოლოგი.
"ვინმეს შეიძლება ასეთი შეკითხვა გაუჩნდეს: თუ ივანიშვილის პოლიტიკა ხელისუფლების მიმართ ნაკლებად აგრესიული და დაბალანსებული იქნება, მაშინ რა განასხვავებს მას ე.წ. კონსტრუქციული ოპოზიციისაგან, ვთქვათ, ქრისტიან-დემოკრატებისაგან? აქ პასუხი მარტივია - პოლიტიკური ამბიცია. ქრისტიან-დემოკრატები თავადვე იმკვიდრებენ იმიჯს, რომ ისინი ხელისუფლების ალტერნატივას არ წარმოადგენენ, რომ მათი სტაბილური ნიშა ოპოზიციაში ყოფნაა. ივანიშვილი კი აცხადებს, რომ ის ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადება, რომ ნაცმოძრაობის ალტერნატივას წარმოადგენს და მმართველ ძალას ოპოზიციის რეჟიმში გადაიყვანს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"რაც უნდა განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეს საზოგადოების ამა თუ იმ ნაწილს ივანიშვილთან კოალიციაში უკვე შესული თუ შესასვლელად გამზადებული პოლიტიკოსების შესახებ, ვერ ვიტყვით, რომ ეს კოალიცია "კარგად დავიწყებული ძველია". აქ მთავარი სიახლე ივანიშვილის ფაქტორია. არც ერთი ოპოზიციური კოალიცია საქართველოში ("ვარდების რევოლუციის" შემდეგ) არ ყოფილა უპირობო ლიდერის გარშემო გაერთიანებული. ყოველთვის კოალიცია ირჩევდა ლიდერს ან ლიდერებს (ამის მაგალითად ლევან გაჩეჩილაძე ან ირაკლი ალასანია გამოდგება). დღეს პირიქითაა: ლიდერი (ბიძინა ივანიშვილი) ქმნის კოალიციას, რომელშიც ყველა სხვა პოლიტიკური სუბიექტის ავტონომიურობა შეფარდებითია ან ნომინალური. ასეთი ოპოზიციური კონსტრუქცია საქართველოში ჯერ არ შექმნილა. ის მარგინალიზაციით ემუქრება ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მასში ვერ მოხვდება. ასეთ შემთხვევაში გაცილებით მოგებული რჩება ის პარტია თუ პოლიტიკოსი, რომელიც ამ კოალიციის წევრი ხდება, მაგრამ ივანიშვილის პოლიტიკურ იმიჯს ამით არც ბევრი აკლდება და არც ბევრი ემატება", - განმარტავს იაგო კაჭკაჭიშვილი.
"დიახ, "შუას გაკრეფის" პოლიტიკა თანამიმდევრულად ხორციელდება, რაც სხვა არაფერია, თუ არა ოპოზიციური ნიშის ტოტალურად დაკავების პრეტენზია, რასაც, როგორც აღვნიშნე, ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია ახლავს. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ის განმასხვავებელი კონტურები, რომელიც ივანიშვილის კოალიციაში სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის ჯერ კიდევ შეიმჩნევა, გაქრება და ერთი პოლიტიკური მონოლითური გუნდი ჩამოყალიბდება... ახალი სახეები შესაძლოა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის წევრებად ვიხილოთ და ეს სიახლე საჭიროა. კოალიციაში მყოფი "ძველი" პოლიტიკური ძალები უკვე ყველა რაკურსით გაიცნო და გამოსცადა საზოგადოებამ. დარჩენილია მცირე, კიდევ ერთი საინტერესო გამოწვევა - ივანიშვილის გარემოცვაში ყოფნა და მასთან ერთად პოლიტიკის კეთება. აქ საზოგადოება ელის სიურპრიზებს. რაც შეეხება რევანშისტობას, ამისგან ბოლომდე დაცული არავინაა. თუმცა, ვეჭვობ, ეს კოალიციის დიდი ნაწილის პოლიტიკური საქმიანობის წამყვანი მოტივაცია იყოს", - ამბობს ექსპერტი.
"ხელისუფლების ნებისმიერ უხეშ, არამართლზომიერ ქმედებას მხოლოდ მოკლევადიანი და სიტუაციური ეფექტის მოტანა შეუძლია. ასეთი ქმედებები მმართველ პარტიას ბუმერანგივით უბრუნდება. ახლა ხელისუფლებაში ბევრი ხვდება, რომ, მაგალითად, ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევამ ის უფრო მეტად გააძლიერა და ასეთი ქირურგიული ჩარევა წარუმატებელი გამოდგა (იგივე ითქმის ბანკის გატაცებულ მანქანაზეც). არაადეკვატურია, როდესაც ნაციონალური არხები, ნაცმოძრაობისთვის სადავეების წართმევის შემთხვევაში, მოსახლეობას გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურის მოშლის პერსპექტივით აშინებენ - ამ ინფრასტრუქტურის შექმნაში ხომ ბიძინა ივანიშვილის კონტრიბუცია უზარმაზარია? ეს ყველამ იცის და თუ არ იცის, გაიგებს", - დასძენს იაგო კაჭკაჭიშვილი.
965
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85