როგორც არასდროს, მოთმინება, პრაგამატიზმისა და რეალიზმის სრული აღქმა გვჭირდება

როგორც არასდროს, მოთმინება, პრაგამატიზმისა და რეალიზმის სრული აღქმა გვჭირდება


მიუნხენის კონფერენციისა და აშშ-ში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის შედეგებზე, ასევე იმაზე, სავარაუდოდ, რით განსხვავდება "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკა ხელისუფლების საგარეო პოლიტიკისგან, "ინტერპრესნიუსი" საქართველოს უშიშროების საბჭოს ექსმდივანსა და საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკის ჯგუფის ხელმძღვანელს, თედო ჯაფარიძეს ესაუბრა. 

- ბატონო თედო, თქვენ უსაფრთხოების საკითხებზე მიუნხენის 48-ე კონფერენციიდან დაბრუნდით, შესაბამისად, უპრიანი იქნებოდა საუბარი სწორედ კონფერენციის შედეგებსა და იმაზე დაგვეწყო, თუ რა ხდება მნიშვნელოვანი თანამედროვე მსოფლიოში და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობისაგან? 
- როგორც ყოველთვის, წლევანდელი მიუნხენის კონფერენციაც ძალზედ საინტერესო იყო. ტრადიციულად მასზე ამერიკისა და ევროპის წამყვანი პოლიტიკოსები გამოვიდნენ, მათ შორის: აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა, გერმანიის საგარეო და თავდაცვის მინისტრები, პოლონეთის პრეზიდენტი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი და ბევრი სხვა უმაღლესი დონის ექსპერტი და პოლიტიკოსი. 

სამწუხაროდ, ამ კონფერენციაზე ვერ დავესწარი საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას, რომელიც წინასწარ არ იყო დაგეგმილი (ყოველ შემთხვევაში, კონფერენციის ოფიციალურ პროგრამაში ის არ ფიგურირებდა). როგორც შემდგომ გავიგე, მიხეილ სააკაშვილმა მონაწილეობა მიიღო ბოლო დღეს გამართულ დისკუსიაში, რომელიც "არაბულ გაზაფხულთან" დაკავშირებულ მოვლენებს ეხებოდა და შეეცადა, პარალელები გაევლო "ვარდების რევოლუციასა" და იქ მომხდარ ამბებს შორის. სიმართლე გითხრათ, ჩემი ყველა მცდელობა, რამე კომენტარი ან შეფასება მომეპოვებინა ამ გამოსვლასთან დაკავშირებით, უშედეგოდ დამთავრდა. 

კონფერენციის მონაწილეებმა, თითქოს შეგნებულად, ყურადღების მიღმა დატოვეს საქართველოს პრეზიდენტის ეს იმპროვიზირებული ინტერვენცია ამ დისკუსიის დროს. რაც შეეხება თვით კონფერენციაზე განხილულ საკითხებს, ისინი ძირითადად, თანამედროვე უსაფრთხოების ძირითად საკითხებზე იყო ორიენტირებული. დისკუსია ამერიკელ და ევროპელ პოლიტიკოსებს შორის წარიმართა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა იყვნენ უფრო აქტიურნი ევროპელები უსაფრთხოების ახალ რისკებთან და გამოწვევებთან მიმართებაში ისე, რომ მთელი ეს ტვირთი მხოლოდ აშშ-ზე არ იყოს ჩამოკიდებული. რა თქმა უნდა, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ-ფინანსური კრიზისი, როგორც მსოფლიო წესრიგისა და მდგრადობისთვის ერთ-ერთი საფრთხე. განიხილებოდა კონკრეტული კრიზისული მოვლენები სირიაში და კიდევ ბევრი საინტერესო საკითხი.

როგორც გავიგე, იქვე, მიუნხენის კონფერენციის მიმდინარეობის პერიოდში, შედგა უკვე მეორე ქართულ-რუსული დიალოგი, რომელშიც საქართველოს მხრიდან (და ეტყობა საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე) მონაწილეობდნენ რატომღაც მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები და სახელისუფლებო ექსპერტები. ამ შეხვედრას რუს ექსპერტებთან ერთად უცხოელი მეთვალყურენიც ესწრებოდნენ. უცხოელი ექსპერტების გადმოცემით, ბოლო შეხვედრაზე საქართველოს წარმომადგენლებს ნაკლებად ხისტი პოზიციები ეკავათ ვიდრე გასულ წელს. მე, გასაგები მიზეზების გამო, ამ შეხვედრის დეტალები არ ვიცი, მაგრამ კარგია, რომ მიუნხენის კონფერენცია, დიდ გლობალურ საკითხებთან ერთად, ამ თითქოსდა "ლოკალურ" საკითხებზე მსჯელობის საშუალებას იძლევა. მაგრამ დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკაში ზღვარი გლობალურ და ლოკალურ პოლიტიკას შორის წაშლილია და ყველა მოვლენა ერთდროულად ლოკალურიც არის და გლობალურიც - ერთმანეთშია გადახლართული. 

რასაკვირველია, კარგი იქნებოდა, ამ შეხვედრის ორგანიზატორებს გაეთვალისწინებინათ, რომ ქართულ-რუსულ ურთიერთობათა თემატიკა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლების, ან მხოლოდ მათი ექსპერტების პრეროგატივა არ არის. 

- ექსპერტების საკმაოდ დიდი ნაწილი შენიშნავს, რომ "ევროპა მოკვდა, ამერიკა ცდილობს მსოფლიო წესრიგზე გავლენა იქონიოს," მაგრამ ვითარება მსოფლიოში იმაზე რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მოსკოვი აქტიურად განიხილავს შესაძლებლობას, ევროპას ნატო-ს დაშლის სანაცვლოდ. ფინანსებითა და თავისი რესურსებით დახმარება შესთავაზოს. ასეთ ვითარებაში უპრიანია ასეთი კითხვაც - როგორია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პერსპექტივა და რამდენად შეიძლება ველოდოთ ევროპასა და რუსეთს შორის დაახლოებას?
- ევროპა არ "მომკვდარა" - ის აჯერებს საკუთარ პოლიტიკას, ეძებს პასუხებს ახლად წარმოქმნილ მოვლენებთან და საფრთხეებთან დაკავშირებით. თვით ევროპის შიგნით მიმდინარეობს მწვავე კრიზისული მოვლენები - მხოლოდ საბერძნეთი რომ ვახსენოთ, ალბათ, საკმარისი იქნებოდა.Aამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადატვირთვის კომპლექსური პროცესი გრძელდება მის ყველა განზომილებაში და ის ეხება ევროპასაც, ამერიკასაც, აზიურ ქვეყნებსაც, რუსეთსაც და თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველოსაც. მთავარია, რომ ჩვენ ზუსტად განვსაზღვროთ ჩვენი ადგილი ამ ურთულეს და ტურბულენტურ პროცესებში. 

- ობამა-სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში ყველაზე აქტუალური და განხილვადი თემაა, თუ რა უთხრა ვაშინგტონმა საქართველოს პრეზიდენტს მისსავე პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით. ამ საკითხზე თქვენი აზრი როგორია?
- ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ბევრი რამ ითქვა. რაღა თქმა უნდა, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი შეხვედრა ჩვენი ქვეყნის წარმატებად უნდა ჩაითვალოს - იქნება ეს მოლაპარაკების დაწყება თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე თუ თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოსა და ამერიკას შორის. ეს პერსპექტიულია ჩვენი ქვეყნისათვის, ისევე როგორც (და განსაკუთრებით), პრეზიდენტ ობამას გზავნილი, რომ საქართველოში უნდა მოხდეს ხელისუფლების ოფიციალური გადაცემა თავისუფალი არჩევნების გზით. არ მახსოვს, რომ ორმხრივი ურთიერთობების დამყარების შემდგომ პერიოდში, რომლის 20 წლისთავსაც ვზეიმობთ, ამერიკის რომელიმე პრეზიდენტს ოდესმე გაეკეთებინოს მსგავსი კონკრეტული განცხადება.

- რამდენად სავარაუდოა, რომ ამერიკიდან დაბრუნებული საქართველოს ხელისუფლება თავად გახდეს ინიციატორი, რომ სერიოზული შესწორებები შეიტანოს საარჩევნო კანონმდებლობაში, რომლითაც მას, საარჩევნო კანონმდებლობისა და პოლიტტექნოლოგიების ექსპერტთა უმრავლესობის შეფასებით, შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება პრაქტიკულად გარანტირებული აქვს? 
- საკითხი ასე უნდა დავაყენოთ: მოდით ჩავატაროთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებს მივცეთ სრულყოფილი არჩევანის გაკეთების, უცხოელ დამკვირვებლებს კი სრულმასშტაბიანი და გრძელვადიანი მონიტორინგის განხორციელების საშუალება და ამის შემდეგ შევადაროთ პოლიტტექნოლოგების და ექსპერტების პროგნოზები. რა თქმა უნდა, ყველაფერი მოსალოდნელია, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვეული "საარჩევნო მისტიციზმის" განხორციელება ხელისუფლებას ამჯერად ძალიან გაუჭირდება.

- ცნობილია, რომ "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკის ჯგუფს, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ, დაწყებული აქვს ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე მუშაობა და ერთიანი მიზნების გააზრება. ამ ეტაპზე ის მაინც თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რით იქნება განსხვავებული თქვენი საგარეო პოლიტიკა ხელისუფლების საგარეო პოლიტიკისგან?
- ჩვენი ჯგუფის საქმიანობის ძირითადი მიზანია - საქართველოს ეროვნული ინტერესების პერსპექტივიდან და რა თქმა უნდა, მისი საშინაო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების გათვალისწინებიდან გამომდინარე, თანამედროვე მსოფლიოს გეოპოლიტიკური ხედვის შესაბამისად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კონცეპტუალური საფუძვლებისა და სტრატეგიული პრიორიტეტების დამუშავება. 

რასაკვირველია, ჩვენს სტრატეგიულ კურსად რჩება ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობა, ამ სტრუქტურებში ინტეგრაციის რეალისტური პერსპექტივების გათვალისწინებით და რომ ამ მიმართულებით საქმიანობა კიდევ უფრო ინტენსიური და პრაქტიკული უნდა გახდეს. 

მეორე მხრივ, აღსადგენია ურთიერთობების სტრატეგიული ღერძი რუსეთთან, რაც დღეისათვის არ არსებობს და რის გარეშეც, საერთოდ წარმოუდგენელია საუბარი რამდენადმე წარმატებულ საგარეო პოლიტიკაზე ნებისმიერ ორ ქვეყანას შორის.

ორივე მხარე ხშირად მიმართავს ხოლმე ნეგატიურ რიტორიკას, რაც პიარის მიზნებისთვის გამოიყენება. გავიმეორებ ჩემს მოძველებულ თეზას: ჩვენ ის კი არ უნდა გვაკმაყოფილებდეს, რომ რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობებში საქართველოს საკითხი უთანხმოების ობიექტად რჩებოდეს, არამედ მთავარი ძალისხმევა იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობებში საქართველოს საკითხი უთანხმოების ობიექტიდან შეთანხმების ობიექტად იქცეს. რასაკვირველია, ყველა ჩვენი ლეგიტიმური და სასიცოცხლო ინტერესების გათვალისწინებით. 

საერთოდ, უფრო პრაგმატულად უნდა მივუდგეთ ჩვენს ურთიერთობებს გარე სამყაროსთან. საქართველოს მისამართით დასავლეთის ქვეყნების მხრიდან გაკეთებული მხარდამჭერი რეზოლუციები, განცხადებები და ასევე მაღალი რანგის შეხვედრები, ოვალური კაბინეტის ჩათვლით, რასაკვირველია, ძალიან კარგია, თუმცა, მხოლოდ არარეალისტური ნარატივებით ფონს ვერ გავალთ. მიუხედავად ჩვენდამი სიმპათიებისა და ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკური მხარდაჭერისა, საქართველოს დღეს მოკრძალებული ადგილი აქვს მიჩენილი დიდი პოლიტიკის პრიორიტეტებში და ამგვარი მხარდაჭერა თუ სიმპათია მსოფლიო პოლიტიკის მთავარი მოთამაშეების სტრატეგიულ ინტერესებს არ შეცვლის. კიდევ გავიმეორებ - ჩვენ რეალისტურად და პრაგმატულად უნდა შევაფასოთ ჩვენი შესაძლებლობები და აქედან გამომდინარე ჩვენი პერსპექტივებიც.

- რა პასუხს გასცემდით ხელისუფლებას, რომლის მტკიცებითაც, "ქართული ოცნება" და მისი ლიდერი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში კრემლის სასარგებლო საგარეო პოლიტიკას გაატარებს?
- მე უკვე პოლიტიკაში ვარ და ქართული პოლიტიკისავის დამახასიათებელი რიტორიკით და ლექსიკით შემიძლია გიპასუხოთ, რომელიც ალბათ, ბევრ ქართველ პოლიტიკოსს, სახელისუფლებოს თუ ოპოზიციურს და თუნდაც ამგვარ "დისკურსს" შეჩვეულ თქვენს მკითხველს, მოეწონებოდა კიდეც. მაგრამ "ქართული ოცნების" ხელმძღვანელის და მოძრაობის სხვა წევრების მიდგომა საგარეო პოლიტიკური საკითხებისადმი რადიკალურად განსხვავებულია საქართველოში მიღებული კლიშეებისა და სტერეოტიპებისაგან, ან თუნდაც იმ ნარატივებისაგან, რომლებზედაც მთელი დღევანდელი საგარეო პოლიტიკური პარადიგმაა აგებული და რაც - ეს ყველაზე უფრო სამწუხაროა - დიამეტრულად განსხვავდება იმ არსებული რეალობისგან, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში და მის გარეთ არსებობს. 

ბიძინა ივანიშვილმა უკვე ბევრჯერ განაცხადა საჯაროდ, რომ მისი საგარეო პოლიტიკური კურსი (და, სხვათა შორის საშინაოც, რომელმაც პრინციპში უნდა განსაზღვროს საგარეო პოლიტიკური პარამეტრები) დაფუძნებული იქნება რეალიზმზე, პრაგმატიზმზე და არსებული პოლიტიკური სიტუაციის (რასაც დასავლეთში "რეალპოლიტიკ"-ს ეძახიან) ადეკვატურ აღქმაზე. ჩვენ ორიენტირებულები ვიქნებით ისეთი ალტერნატივების შემოთავაზებაზე, რომლებიც კი არ დაძაბავენ ან შეეცდებიან განხეთქილება შეიტანონ მსოფლიო პოლიტიკის არსებულ დღის წესრიგში, არამედ მოძებნიან ინტერესთა იმ ბალანსს, რომლითაც საქართველო შესძლებს დადებითი მუხტი შეიტანოს ამ უაღრესად ტურბულენტურ და გადატვირთულ მსოფილიო პოლიტიკურ პროცესში. 

თქვენს კონკრეტულ კითხვაზე ბიძინა ივანიშვილმაც და მისი გუნდის სხვა წევრებმაც უკვე ბევრჯერ გასცეს პასუხი: ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორები უცვლელია - ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციისადმი სწრაფვა, ამასთან დაკავშირებული არსებული ვალდებულებების შესრულება, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება უახლოეს სამეზობლოსთან. არც ერთი ეს მიმართულება თუ პრიორიტეტი ადვილად მისაღწევი არ არის, თუნდაც ჩვენს უახლოეს სამეზობლოსთან - აზერბაიჯანთან და სომხეთთან, რომლებთანაც ჩვენ ტრადიციულად კეთილმეზობლური ურთიერთობები გვაკავშირებს. რეალობა და ინტერესების ბალანსი იცვლება, უფრო კომპლექსური ხასიათის ხდება, თუნდაც ჩვენს უახლოეს სამეზობლოში და რაც მე ბევრჯერ მითქვამს, ვერავინ დღევანდელ მსოფლიოში ვერ შესძლებს სხვის ხარჯზე გაიმაგროს საკუთარი უსაფრთხოება თუ ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები. 

დღეს ჩვენ გლობალურ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და დამოკიდებული: უსაფრთხოება, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა. ეს ურთულესი განტოლებაა, რომელშიც თითოეულმა ქვეყანამ თავდაპირველად უნდა შეძლოს საკუთარი ინტერესების მოძებნა, შემდეგ კი მათი შეჯერება და დაბალანსება მსოფლიო პოლიტიკაში არსებულ კონიუნქტურასთან. 

თქვენი კითხვა ოდნავ არაკორექტულადაც მეჩვენება. ეჭვი მეპარება, რომ ვინც არ უნდა იყოს საქართველოს სათავეში, ის შეძლებს გაატაროს ვინმეს "სასარგებლო პოლიტიკა". მეც ხომ შემიძლია შემოგიბრუნოთ ეს კითხვა და ვთქვა, რომ ის, რაზეც ოცნებობდა საუკუნეების განმავლობაში რუსეთი კავკასიასთან და კონკრეტულად საქართველოსათნ მიმართებაში - კავკასიონის ორივე მხარეზე კონტროლი, გასასვლელი შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, სამხედრო ბაზების და ინფრასტრუქტურის შექმნა ამ არეალში - მათ ამას არსებული ხელისუფლების მიერ გატარებული არაადეკვატური პოლიტიკის პირობებში მიაღწიეს. მე იმასაც ვერ ვიტყვი, რომ 2003 წლამდე (ან თუნდაც მანამდე) იდეალური საგარეო პოლიტიკა გვქონდა ან არ მოგვსვლია შეცდომები, თუმცა შევძელით, რომ თავიდან აგვეცილებინა ომი რუსეთთან. თუ ვინმეს ჰგონია, რომ იმ დროს არ იყო უმწვავესი სიტუაციები?! ამაზე ბევრი შეიძლება ილაპარაკო და იმსჯელო, მაგრამ მე ხომ საქილიკოდ ან საკამათოდ არ მოვედი პოლიტიკაში? 

ჩვენი მიზანია, რომ საქართველო გამოვიყვანოთ კრიზისიდან, რომ ქვეყანა გახდეს დაბალანსებული, ნაკლებად ნევროტული, ემოციური. არ უნდა ვიყოთ რაღაც მისტიკური ნარატივების იმედად, რომელზეც აიგება ქვეყნის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა. ჩვენ უნდა შევეცადოთ მოვძებნოთ ქვეყნისათვის სასიცოცხლო სტრატეგიული ბალანსი, სტრატეგიული კომპრომისი და შევეცადოთ ამ ურთულეს გათვლებში მაქსიმალურად შევინარჩუნოთ საქართველოს ინტერესები. ვისაც ეს ასე ესმის, მათთვის, მიუხედავად მათი პარტიული თუ სხვა რაიმე ორიენტაციისა, ჩვენი კარი ღიაა. ჩვენ მზად ვართ მათ შევხვდეთ, ვიმსჯელოთ, ერთად მოვძებნოთ ოპტიმალური გამოსავალი. ვისაც ამის არ სჯერა, მაშინ - გაგვატარეთ, როგორც ამის თქმა უყვარს ხოლმე ერთ ცნობილ ქართველ პოლიტიკოსს.

- უდავოა, რომ რუსეთთან ურთიერთობების დალაგება-მოწესრიგება ოფიციალური თბილისისთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. მაგრამ ვითარებაში, როცა მოსკოვი საქართველოსგან მხოლოდ დათმობებს მოითხოვს, რისი საბოლოო შედეგი ჩვენი ქვეყნის შთანთქმა თუ არა, რუსეთის გავლენის სფეროში მოქცევაა, როგორი შეიძლება იყოს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობების მოწესრიგების საფუძველი? 
- გვქონდა კი რაიმე სერიოზული დიალოგი ოფიციალურ მოსკოვთან ამ ბოლო პერიოდში?Kკიდევ რის დათმობას ითხოვს კრემლი? მე მგონი ყველაფერი, რისი მიღებაც უნდოდა რუსეთს, 2008 ომის შემდეგ მიიღო. მთავარია, ჩვენ შევძლოთ ნორმალური, დაბალანსებული, დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა და არა რაღაც ნარატივების ბურანში ყოფნა. ეს რომ მხოლოდ ერთ თუ ორ პიროვნებას ეხებოდეს, პრობლემა არ იქნებოდა. ეს მთელ საქართველოს და მის მომავალს ეხება.

ისე ნუ წარმოვიდგენთ, თითქოს საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკური სტრატეგია ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბდა. ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისიდანვე განისაზღვრა ჩვენი საგარეო პრიორიტეტები და მის განხორციელებაში დღევანდელი ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი და მათ შორის მიხეილ სააკაშვილიც აქტიურად მონაწილეობდა. მაშინაც ვახერხებდით ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან წარმატებულ თანამშრომლობას და რუსეთთანაც მეტნაკლები წარმატებით ნორმალური და საქმიანი ურთიერთობების შენარჩუნებას. 

რა თქმა უნდა, უამრავი შეცდომებიც მოგვივიდა ამ ურთულეს გზაზე, იმიტომ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკური პერსპექტივების სწავლების პროცესში ვიყავით. ბევრ რამეს ძალზედ მიამიტურად და ეგზალტირებულად აღვიქვამდით ჩვენთვის დამახასიათებელი ემოციურ-რომანტიკული მიდგომებიდან გამომდინარე. ზოგჯერ გვეჩვენებოდა (რაც დღეს უფრო ხშირად ხდება), რომ დასავლეთის ინტერესებში საქართველოს განსაკუთრებული ადგილი ეჭირა, რომ დღე და ღამე დასავლელი პოლიტიკოსები და ექსპერტები მხოლოდ საქართველოზე ფიქრობდნენ. 

ჩვენ მაშინაც (და ახლაც) გვავიწყდებოდა, რომ მხოლოდ პრაგამატიზმი, რეალიზმი და ხისტი, ზუსტი სტარტეგიული გათვლებია დასავლეთის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. ივანიშვილის გუნდი სწორი და პრაგმატული და არა პიარზე აგებული პოლიტიკის გატარებას შესთავაზებს საქართველოს მოქალაქეებს. თანამედროვე სამყაროში ვერავინ იქნება უსაფრთხოდ (თუნდაც ძლევამოსილი და დიდი სახელმწიფო), თუ უსაფრთხოების მისაღწევად დადგენილი საყოველთაო სტანდარტები არ იქნება მიღწეული. უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება სხვის ხარჯზე (ან თუნდაც სხვის იმედზე) მიუღწევადი და უფრო მეტიც, ამორალურია. 

საქართველოსთვის მთავარი საფრთხე შიდა არასტაბილურობიდან და სისტემატური არამდგრადობიდან მომდინარეობს. არ შეძლება ნებისმიერი ქვეყნის მდგრადობაზე ილაპარაკო, სადაც პოლიტიკური ინსტიტუტები სუსტია და მათ ირგვლივ შექმნილი სისტემა თუ რეჟიმი, რომელსაც რამდენიმე ადამიანი მართავს, განუსაზღვრელად ძლიერი, არ კონტოლდება და ბალანსდება დემოკრატიისთვის დამახასითებელი მექანიზმებით. ამიტომ, სამომავლოდ ჩვენ აქცენტები უნდა გავაკეთოთ არა მხოლოდ იმაზე, თუ რა გაკეთდა, არამედ იმაზე თუ რა არ გაკეთდა, ან თუნდაც რისი გაკეთება ვერ შევძელით და რისი გაკეთებაც შეგვეძლო უკეთ. 

რეფორმები და მოდერნიზაცია აუცილებელია, მაგრამ არა დემოკრატიისა და თავისუფლების ხარჯზე, იმის მიუხედავად რაც არ უნდა რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვიმყოფებოდეთ დღეს. რეფორმები, თუნდაც სრულყოფილი, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ქვეყანაში დემოკრატიის არსებობას. ალბათ გვახსოვს, რომ არანაკლებად ეფექტური რეფორმები ჩილეში პინოჩეტმაც გაატარა და იგივე მოხდა ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოში გასული საუკუნის 1930-იან წლებში. თუმცა დემოკრატიაზე, რეფორმებზე და მათ თანაფარდობაზე საუბარი ცალკე საუბრის თემაა.

- ისეთი პირი უჩანს, რომ პუტინის მიერ არაერთგზის გაჟღერებული ევრაზიული კავშირის შექმნის იდეა უახლოს მომავალში საქართველოსთვის უმთავრესი საფრთხე და გამოწვევა შეიძლება აღმოჩდეს. როგორი შეიძლება იყოს ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" დამოკიდებულება? 
- როგორც გითხარით, "ქართული ოცნება" თავის უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნევს საქართველოს ინტერესების დაცვას. რაც შეეხება სხვადასხვა კონცეფციებს, მათ შორის ევრაზიული კავშირის შექმნას, ჩვენ მათ ყურადღებით გავეცნობით. მე მაინც მგონია, რომ ამ პროექტს უფრო შიდაპოლიტიკური დატვირთვა აქვს და ეს რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიის ნაწილი უნდა იყოს. 

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე ხნის წინ, პრეზიდენტმა მედვედევმა გამოქვეყნა თავისი მოსაზრებები ევროპული უსაფრთხოების ახალ ხედვებთან დაკავშირებით. თემამ რამდენიმე ხანი იტრიალა საერთაშორისო პოლიტიკურ წრეებში და საექსპერტო თანამეგობრობაში, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ამის თაობაზე თვით რუსებმაც შეწყვიტეს საუბარი. დაველოდოთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ვიყოთ ყურადღებით, ნუ ავყვებით უაზრო რიტორიკას და ემოციებს. ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ უკვე მოგახსენეთ და ჩვენ ამ კურსიდან გადახვევას არ ვაპირებთ. ჩვენ როგორც არასდროს, მოთმინება, პრაგმატიზმის და რეალიზმის სრული აღქმა გვჭირდება.