ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე კულტურის, განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი გვესაუბრება:
- მას შემდეგ, რაც სახელმწიფო თეატრების ადმინისტრაციებმა უარი თქვეს ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებაზე, თანამშრომლების უმრავლესობას კვლავ იმავე ოდენობით ეძლევა თანხა, ამჯერად სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საიდან მოიძიეთ ეს თანხები, რომელიც ბიუჯეტში გათვალისწინებული არ ყოფილა და თუ სახელმწიფოს ჰქონდა ამის საშუალება, რატომ თავიდანვე არ მოუმატა ხელფასი კულტურის მოღვაწეებს?
- თეატრები ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ფინანსდებიან იმ პროგრამების მიხედვით, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში წარადგენენ. მას შემდეგ, რაც სამინისტრო მათ განაცხადს დაამტკიცებს, მთლიანი დაფინანსება ეძლევათ, ხოლო თვითონ თეატრის შიგნით თანხის განაწილება მისი მმართველის საქმეა.
- თუმცა, ეს თანხები ბიუჯეტში გათვალისწინებული არ ყოფილა...
- სამინისტრო იხილავს თეატრის მიერ შეტანილ განაცხადს, პროგრამას, რის გაკეთებას აპირებს თეატრი, ხოლო მას შემდეგ, რაც დაუმტკიცებენ ბიუჯეტს, თეატრის ხელმძღვანელობა თავისი შეხედულებისამებრ გახარჯავს თანხას.
- თბილისის მერიის პროექტის - "1000 ახალი ჯიხურის" შემდეგ, პრესის გავრცელების ჯიხურების რიცხვი კატასტროფულად შემცირდა, რაც თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ ბრძოლად შეფასდა, ასევე შეაფასეს ექსპერტებმა მომავალ პარლამენტში ჟურნალისტებისთვის შეზღუდვების დაწესება.
- თბილისის მერიამ ამაზე განმარტება არაერთხელ გააკეთა - იყო სავაჭრო ადგილები, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე ფუნქციობდა. ამ ხელშეკრულებების ვადა ამოიწურა, ამიტომ როგორც ყველა სხვა ბიზნესზე, აქაც გამოცხადდა გამჭვირვალე აუქციონი და კონკურსით მოხდა სავაჭრო ადგილების გაქირავება. სხვა რა გზით უნდა წასულიყო ქალაქის ხელმძღვანელობა? ეს არ არის პრესის თავისუფლების შეზღუდვა.
გამოცხადდა ღია ტენდერი, სადაც ყველა თანაბარი უფლებებით ისარგებლებს და ახალი ხელშეკრულების ფარგლებშიც ნორმალურად იმუშავებს, არც ჟურნალისტებს შეზღუდავს ვინმე მომავალ პარლამენტში, პირიქით, უკეთეს, მათთვის მეტად კომფორტულ პირობებში იქნებიან.
- თქვენმა პოლიტიკურმა ოპონენტმა ბიძინა ივანიშვილმა ახლახან კიდევ ერთხელ განაცხადა: 90 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ მომავალ პარლამენტში უმრავლესობით მოვალთო...
- ამაზე სერიოზული კომენტარი მიჭირს. ნახოს ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი პოლიტიკური ძალის რეიტინგი ნებისმიერ კვლევაში, მათ შორის, მისი დაკვეთით შესრულებულში და მიხვდება, რომ მისი ოცნება რეალობასთან ახლოსაც კი არ არის.
- საქართველოს ხელისუფლება რუსეთში ოპოზიციას უჭერს მხარს, თუმცა, იქ ოპოზიცია საკმაოდ ჭრელია: ნაციონალისტები, ვლადიმირ ჟირინოვსკი, ედუარდ ლიმონოვი, რომელიც აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა და ა.შ.
- საქართველოს ხელისუფლება არ ერევა რუსეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში. ეს რუსი ხალხის საქმეა და თვითონ გადაწყვეტს, ვის დაუჭიროს მხარი. ერთადერთი, საქართველოს ხელისუფლების ინტერესშია, რუსეთს არ მართავდეს აგრესიულ-ავტორიტარული, ჩეკისტური რეჟიმი და იქ იყოს თავისუფლება. ასეთია ჩვენი პოზიცია. ასე რომ, მხარს არავის ვუჭერთ, მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებს ვაკვირდებით.