"რეზონანსის" მასალების მიხედვით
"ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, 15 თებერვალი არის ორიენტირი, თუმცა ამ დღეებში ზუსტად გვეცოდინება პრეზენტაციის რიცხვი. ორშაბათს ზუსტ თარიღს გეტყვით, მაგრამ თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა, 15 თებერვალს წარვადგენთ ამ ადამიანებს. რაც შეეხება საინიციატივო ჯგუფის წევრებს, თავისთავად ცხადია, რომ ეს არის ერთგვარი ინტრიგა, საზოგადოება მოელის ამ ადამიანების დასახელებას. მათი ვინაობის გამხელა სწორედ ამიტომ მოხდება პრეზენტაციის დროს და არ იქნება სწორი, რომ ახლა დავასახელო ისინი", - აცხადებს "ქართული ოცნების" თავდაცვისა და ეროვნულის უსაფრთხოების თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ივანიშვილის პარტიის საინიციატივო ჯგუფის წარდგენა 15 თებერვალს მოხდება / ირაკლი სესიაშვილი: "იქნებიან ცნობადი სახეები, მაგრამ შეიძლება ისინი აქამდე პოლიტიკაში არ ყოფილან ჩართულნი".
"ვერ გეტყვით, რომ აქ ვიხილავთ სრულიად უცნობ ადამიანებს. იქნებიან ცნობადი სახეები, მაგრამ შეიძლება ისინი აქამდე პოლიტიკაში არ ყოფილან ჩართულნი, მაგრამ ასევე შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომელნიც მხოლოდ გარკვეული წრეებისთვის არიან ცნობილნი და არა ფართი საზოგადოებისთვის. იქნებიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ გარკვეულინ პროფესიული წრეებისთვის არიან ძალიან ავტორიტეტულნი და არა მასებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება პოზიტიურად შეაფასებს წარდგენილ კანდიდატურებს. საუბარი არ არის მხოლოდ 10 ადამიანზე, ზოგადად მუდმივად მიმდინარეობს კონსულტაციები, რადგან ჩვენ ორიენტირებული ვართ არა ადამიანების დასახელებაზე, არამედ ზოგადად ბატონი ბიძინა და მისი გუნდი ცდილობს გაძლიერდეს ჩვენი გუნდი ღირსეული მოქალაქეებით, რომლებიც მომავალში იქნებიან როგორც პარტიის წევრები, ასე ადმინისტრაციულ რგოლებში. ამიტომ კონსულტაციები მუდმივ რეჟიმში გრძელდება. ჩვენ ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ ამ ადამიანების მხრიდან, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს რწმენას იმაში, რომ საზოგადოება მზად არის ცვლილებებისთვის", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილი.
"საინიციატივო ჯგუფი იქმნება იმისთვის, რომ მომზადდეს პარტიის დაფუძნება და ყრილობა, სადაც არჩეული იქნება შესაბამისი მმართველი ორგანიზაცია, ამის შემდეგ მოხდება მისი რეგისტრაცია. თავისთავად ცხადია, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ პარტიის დაფუძნებისთვის ბატონ ბიძინას დაბრუნებული ექნება მოქალაქეობა და შესაბამისად, ის იქნება ისევ პარტიის ლიდერი და პირველი ნომერი", - განაგრძობს რესპონდენტი.
"არანაირი სიმბოლური დატვირთვა არ ექნება იმას, რომ პარტიის დაფუძნება და ტელევიზიის გახსნა მოხდეს ერთ პერიოდში. ტელევიზია გაიხსნება მაშინ, როდესაც ის ტექნიკურად გამართული იქნება. რაც შეეხება იმას, თუ რა ამბიცია და კონკრეტული გეგმები ექნება ამ ტელევიზიას, ბატონი ბიძინა თავად არის, პირველ რიგში, საკუთარი გუნდის მიმართ მომთხოვნი. ამიტომ მერწმუნეთ, რომ აქ სრულიად შენარჩუნებული იქნება სარედაქციო დამოუკიდებლობა. პირადად მე, როგორც ერთ-ერთ მოქალაქეს მაქვს მოლოდინი, რო ეს იქნება ძალიან დახვეწილი ტელევიზია, ძალიან საინტერესო გადაცემებით და რა თქმა უნდა, ობიექტურობაზე გვაქვს განსაკუთრებული პრეტენზია. ეს არხი ნამდვილად არ დაემსგავსება "რეალტივის", "იმედს", "რუსთავი 2"-ს და პირველ არხს. ვფიქრობთ, ამ ტელევიზიამ უნდა აჩვენოს ხალხს, რომ ეს არხი გაკეთდა არა რომელიმე პარტიისთვის და ვიწრო პოლიტიკური ინტერესების წარმოჩენისთვის, არამედ ეს არის თავისუფალი მედია, რომელსაც შეუძლია ძალიან პირდაპირ ისაუბროს სიმართლეზე და საზოგადოებას მისცეს ზუსტი ინფორმაცია" - დასძენს ირაკლი სესიაშვილი.
"მე მესმის, რომ საზოგადოებას უნდა მალე დადგეს შედეგი, საზოგადოებას უნდა რომ მალე წავიდეს ეს ხელისუფლება, მაგრამ ასევე მინდა ვთხოვო საზოგადოებას, რომ ჰქონდეს მოთმინება, რდგან ჩვენ თუ გვინდა, რომ რეალურად შევძლოთ ცვლილებების მოტანა, შევცვალოთ ხელისუფლება და დავიწყოთ დემოკრატიული სახელმწიფოს შენება, ესარ უნდა მოხდეს ერთი ხელის მოსმით და ემოციურ ფონზე. ეს უნდა მოხდეს გონივრულად, შესაბამისი უნდა მოხდეს სტრატეგიის განსაზღვრა, ყველაფრის სწორად დაგეგმვა, ადამიანების სწორად შერჩევა. მერწმუნეთ, რომ შეცდომები ჩვენც მოგვდია, მათ შორის სამივე ამ კომპონენტში, მაგრამ ჩვენი ხედვა სწორედ ისაა, რომ დაშვებული შეცდომაბი გამოვასწოროთ და დავგეგმოთ სწორი სტრატეგია. შესაბამისად, მზად უნდა ვიყოთ იმ გადამწყვეტი ბრძოლისთვის, რასაც არჩევნები გქვია. ჩვენს მიზანს უნდა მივაღწიოთ ისე, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს სახელმწიფო ინტერესებს", - განმარტავს "ქართული ოცნების" თავდაცვისა და ეროვნულის უსაფრთხოების თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი.
809
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85