საქართველოსა და თურქეთის მთავრობების შეთანხმებას, რესტავრაცია ჩაუტარდეს თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე იშხნისა და ოშკის ტაძრებს, ხოლო ბათუმში აშენდეს გასული საუკუნის 30-იან წლებში დამწვარი აზიზიეს მეჩეთი, საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა. 9 თებერვალს გავრცელებული განცხადების მიხედვით, საპატრიარქოში გაუმართლებლად მიაჩნიათ თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ზრუნვის სანაცვლოდ ბათუმში ახალი მეჩეთის აშენება.
საქართველოს საპატრიარქო აკრიტიკებს ხელისუფლების მცდელობას, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობა საუკუნის წინ განადგურებული აზიზიეს მეჩეთის აღდგენად წარმოაჩინოს. ამასთან, საპატრიარქოს წარმომადგენლის დეკანოზ დავით შარაშენიძის თქმით, არა აქვს გამართლება იმ პოზიციასაც, თითქოს ყოველივე ეს ოშკისა და იშხნის გადარჩენის მიზნით კეთდება, რადგანაც, საერთაშორისო სამართლის ნორმებით, მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა თურქეთის სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. საპატრიარქოს ასევე არ მოსწონს ის გარემოება, რომ მთავრობებს შორის მოლაპარაკება მისი უშუალო მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს:
„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები ორ წელიწადზე მეტია მიმდინარეობს თურქეთისა და საქართველოს სახელმწიფოებს შორის და ეს ხდება საქართველოს კანონმდებლობის (კონსტიტუციური შეთანხმების) უხეში დარღვევით, რადგან საქართველოს საპატრიარქო, რომელიც არის ყველა ქართული ეკლესია-მონასტრის მესაკუთრე, არ იყო და არ არის ჩართული ოფიციალურ მოლაპარაკებებში.“
ოფიციალური მოლაპარაკებები კი მართლაც მიუახლოვდა ლოგიკურ დასასრულს. თურქეთიდან დაბრუნებულმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ განაცხადა, რომ მხარეებმა ურთიერთხელსაყრელ პირობებზე შეთანხმება შეძლეს.
„ეს არის ბოლო შანსი იმისათვის, რომ ოშკი და იშხანი დანგრევას გადავარჩინოთ. ოშკი კიდევ ერთ დიდთოვლობას ვეღარ გაუძლებს. ის არასოდეს რესტავრირებულა და მის კედლებს ხის შედგმული ბოძები იკავებენ. თურქეთი ამაში ითხოვს დანგრეული აზიზიეს საკუთარი სახსრებით აშენებას იქ, სადაც ადგილს გამოყოფს აჭარის მთავრობა, და თურქი სპეციალისტების ჩართვას აჰმედიეს რესტავრაციაში.“
კულტურის სამინისტრომ საპატრიარქოს პასუხად 10 თებერვალსაც გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მოლაპარაკებების დროს საკითხი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ისლამური კულტურის ძეგლების აღდგენისა და მოვლის თაობაზე თურქულმა მხარემ დააყენა. განცხადების მიხედვითვე, მე-17 საუკუნეში აშენებული აჰმედიეს მეჩეთი ახალციხეში დღემდე დგას. რაც შეეხება აზიზიეს,
„აზიზიეს მეჩეთი, რომელიც დღეისათვის სრულიად განადგურებულია და მუსლიმი ქართველებისათვის მნიშვნელოვან კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს, აღდგენილი იქნება ისტორიული მასალების მიხედვით და მისი რეკონსტრუქციის ადგილის განსაზღვრა საქართველოს მხარის პრეროგატივას წარმოადგენს. მთავრობებს შორის შეთანხმება გულისხმობს აღდგენილი ძეგლების ფუნქციონირებას კულტურულ ცენტრებად.“
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქართული ძეგლების სავალალო მდგომარეობა საქართველოს ხელისუფლებას დიდ არჩევანს არ უტოვებს. ხელოვნებათმცოდნე დავით ხოშტარიაც ამბობს, რომ დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს.
„ოშკში არის კატასტროფული სიტუაცია. იქ არის გუმბათის ჩამონგრევის ყოველდღიური საფრთხე, არის დიდი ნაპრალი ჩრდილო-დასავლეთ გუმბათქვეშა აფრაში, რომელიც ფართოვდება და რაც განსაკუთრებით ზამთრის სეზონებზეა საშიში. მართლა ყოველი წუთია ძვირფასი. ჩვენ გვაქვს ხანძთის მაგალითი, როცა დიდთოვლობის დროს გუმბათი ჩამოინგრა -გაიჟღინთა წყლით, მერე იყო ყინვები, გაიყინა, გაფართოვდა და ჩამოინგრა. იგივე შეიძლება მოხდეს ოშკში. ყოველი დღე, ყოველი წუთი არის მნიშვნელოვანი. თუ ამ ზაფხულს დაიწყება გამაგრებითი სამუშაოები, თუნდაც ნაწილობრივი, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, უთხრა დავით ხოშტარიამ რადიო თავისუფლებას.
დავით ხოშტარიას თქმით, თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურის ძეგლების მნიშვნელობა კარგად ესმით თურქ მეცნიერებს, რომლებიც აღნიშნულ მასალაზე დაყრდნობით წერენ წიგნებს და იცავენ დისერტაციებს, თუმცა, ამის მიუხედავად, ძეგლების მატერიალურ მდგომარეობაზე მეზობელი ქვეყნის მთავრობა რატომღაც არ ზრუნავს. არადა, როგორც თეოლოგი ლევან აბაშიძე ამბობს, ორივე ქვეყანა - საქართველოც და თურქეთიც - ვალდებულია დაიცვას თავის ტერიტორიაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ყოველგვარი წინაპირობისა და შეთანხმების გარეშე:
„თავისთავად გადაბმა ამ ორი საკითხის არ მიმაჩნია სწორად და ამაში ვეთანხმები საპატრიარქოს, მაგრამ, მეორე მხრივ, იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გადარჩეს ეს ჩვენი უდიდესი კულტურული მემკვიდრეობა თურქეთის ტერიტორიაზე, ისეთი მოქნილი პოლიტიკის წარმოებაა საჭირო, რომ შესაძლებელი იყოს კომპრომისზე წასვლა...“
თუმცა ლევან აბაშიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს საპატრიარქოს ახალი ინიციატივა, კომპრომისის ნაცვლად, ვითარებას უფრო მეტად გაართულებს. ლაპარაკია თურქეთის ტერიტორიაზე, უძველეს ქართულ საეპისკოპოსო ქალაქ არდაშენში, მცირე ზომის ბაზილიკის აღდგენა-ამოქმედებაზე. საპატრიარქოს წარმომადგენელი, დეკანოზი დავით შარაშენიძე ამბობს:
„ხოლო თუ ამის განხორციელება რაიმე მიზეზით თურქული მხარისთვის მიუღებელია, ჩვენთვისაც ყოვლად მიუღებელია ოშკის და იშხანის გადარჩენის საბაბით ბათუმში ჩვენი ისტორიის მძიმე პერიოდის სიმბოლოს, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა.“
საპატრიარქოს ამ მოთხოვნის პასუხად ლევან აბაშიძე ამბობს, რომ საეკლესიო საზღვრების შეცვლისა და იურისდიქციის საკითხები ფაქიზ მიდგომას და ხანგრძლივ დიპლომატიურ მოლაპარაკებას საჭიროებს. შესაბამისად, მსგავსი პირდაპირი განცხადებები პრობლემის უახლოეს დროში გადაჭრას ხელს ვერ შეუწყობს.