"ვინც ამ ბრალდებებს იგონებს, ხიდაშელს კი არა, ივანიშვილს აყენებს შეურაცხყოფას".


"ეგოისტური ექსპერიმენტი მოვაწყვე და იანვარში, პირველი შემთხვევა იყო, რომ საკრებულოს სხდომას არ დავესწარი და ის 7 წუთში დასრულდა. ბოდიშს ვიხდი ამისთვის ყველა თბილისელთან, უბრალოდ მაინტერესებდა რა მოხდებოდა და შედეგმა დამარწმუნა, რომ ნამდვილად საჭირო ვარ. როცა კოალიციაში სისტემა ბოლომდე აეწყობა და იქ ჩემი 24-საათიანი ყოფნა აღარ იქნება საჭირო, მაშინვე ძველ რეჟიმში ჩავდგები", - აცხადებს "რესპუბლიკელი" თინა ხიდაშელი გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ვინც ამ ბრალდებებს იგონებს, ხიდაშელს კი არა, ივანიშვილს აყენებს შეურაცხყოფას". 

"მინდა ჩემს მიმართ რამდენიმე "მარადუკვდავი" კითხვის გარდა, ლევან ბერძენიშვილის მარადუკვდავ "კომპრომატზეც" ვუპასუხო! ზუსტად ვიცი, ილია ჭავჭავაძის მიმართ ლევან ბერძენიშვილის დამოკიდებულება - მისი აზრით, ილია იყო უფრო დიდი საზოგადო მოღვაწე, ვიდრე პოეტი. ვადასტურებ მის ნათქვამს: ილია ჭავჭავაძე ბევრად დიდი საზოგადო მოღვაწე იყო, ვიდრე პოეტი და ეს სიტყვასიტყვით დაწერეთ! მაგრამ ილია ჭავჭავაძის დარი ქართველი ჩვენ არ გვყოლია, მისნაირი ჯერ არ დაბადებულა. ახლა ჩემი ფრაზა - რომ ქვეეყანა შეიძლება ვერ დაღუპოს ტერიტორიების დაკარგვამ, მაგრამ დაღუპავს კორუფცია - დიახ, ამასაც ვადასტურებ! ჩვენი ხიდი გადის აფხაზ დედებზე, რომლებმაც უნდა დაინახონ, რომ აქ, თბილისშია მათი შვილების მომავალი და არა სოჭში - ვისაც ამის შენაარსი არ მართლა არ ესმის, თანავურგძნობ, მაგრამ ვინც ამას სპეკულაციისთვის იყენებს, მას არ ველაპარაკები. ვუხსნი თქვენს მკითხველს - საქართველო თუ არ გახდა, მომხიბვლელი და მიმზიდველი იმათთვის, ვინც პირობითი საზღვრის მეორე მხარეს დარჩა, ერთად ყოფნის პერსპექტივა არ გვაქვს", - აღნიშნავს თინა ხიდაშელი გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას და შეკითხვას - "არის თუ არა ნომერ პირველი პრობლემა დღეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხის მოგვარება და განმარტეთ, რას გულისხმობდით ფრაზაში, რომ აფხაზეთს აქვს უფლება, იყოს სუვერენული სახელმწიფო?", - პასუხობს:

"ეს არის ნომერ პირველი ამოცანა! ნომერ პირველი პრობლემა ისაა, რომ როცა გაცხადებულია შენი გზა და ნატო-ს წევრობის პერსპექტივა გაქვს, აგვისტოს ტიპის პროვოკაციები რუსეთმა ვერ უნდა გაგიბედოს, თუ არ გააბედინებ. რაც შეეხება სუვერენიტეტს, არც ეს მითქვამს - იქ სხვა ფრაზაცაა, რომელიც არ უნახავთ, ჰოდა, დავეხმარები და თვითონ ვიტყვი - ერთი წუთით დავუშვათ, რომ აფხაზეთი ვაღიარეთ, მინდა ხალხს დავანახო, ამ აღიარებას თან რა საფრთხეები ახლავს. თუმცა დღეს ისინი უკვე ერთი ერთზე დარჩნენ რუსეთთან და თუ არაფერი შეიცვალა, მაღალი ალბათობით გაქრებიან, როგორც ერი - სწორედ ამ ტექსტის ნაწილია ეს ფრაზაც. რასაც მაშინ ვამბობდი. ახლაც ზუსტად ამ აზრზე ვარ და გასულმა 20-მა წელმა აჩვენა, რომ "რესპუბლიკელებს" შეცდომა არ მოგვსვლია პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ არჩევანში"...

"სულ ურეიტინგოები ვართ, სულ ასე გვეძახიან - ამდენ ხანს როგორ ვარსებობთ? ცდილობენ ლაფში ამოგვსვარონ, მაგრამ სინამდვილეში ყველა ხედავს, რომ ფიზიკურად სულ ვართ. რატომ გააკეთა ჩვენზე არჩევანი ლევან გაჩეჩილაძემ, ახლა ივანიშვილმა? რატომ ხდება, რომ ყველა ახალი პოლიტიკური მოთამაშე მთავარ დასაყრდენად ირჩევს "რესპუბლიკელებს"? ამას ორი მიზეზი აქვს: პირველი ის, რომ არასდროს გადაგვიხვევია ჩვენი პრინციპებიდან და მეორე - არ არსებობს რეალური ფაქტები ჩვენს წინააღმდეგ. ივანიშვილმა თქვა, რომ გვქონდა ლოკალურ შეცდომები და ეს მართალია. რაც შეეხება, "ხალხის ენით ლაპარაკს", ცალსახად არ ვეთანხმები. ე.ი. ხან ხალხის ენით ვლაპარაკობთ და ხან ვერა? კარგად მახსოვს, 2007 წლის სოციოლოგიური კვლევის შედეგებით ყველგან პირველ ხუთეულში ვართ, განსაკუთრებით რეიტინგული ლევან ბერძენიშვილია. რეიტინგს არც მე და უსუფაშვილი ვუჩივით. ანუ, 2007-ში ხალხს ესმოდა ჩვენი და 2009-ში აღარ? საქმე ისაა, გვქონდა თუ არა ჩვენ საერთოდ სალაპარაკო არეალი", - განაგრძობს რესპონდენტი.

"არ ვაბრალებ მარტო ხელისუფლებას. ადამიანები მარტო იმით ღიზიანდებიან, რომ ეს "რესპუბლიკელები" ამდენ ხანს გადავრჩით. ჩვენი ხნის პარტია, ფაქტობრივად, აღარც არსებობს. ყველაზე ახლოს "ლეიბორისტები" არიან. რაც უნდა იძახოს ნათელაშვილმა ჩემზე, მასზე ჩემს თავდასხმას ვერ გაიხსენებს და ვერც თქვენ ნახავთ მომავალში, უბრალოდ, სხვებისგან განსხვავებით ვაღიარებ, რომ ეს შემდგარი პოლიტიკური პარტიაა - იდეოლოგიურად მიუღებელი, პრინციპულად განსხვავებული ელექტორატით, მაგრამ მოქმედი და რეალური, რის გამოც ვცემ პატივს. შალვას თავს არ დავესხმები, კუკავა კი ღრმად არასერიოზული მოვლენაა... არიან ადამიანები რომლებსაც სჯერა, რომ ბურჯანაძე ებრძვის რეჟიმს. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ის გულწრფელად ებრძვის სააკაშვილს, მაგრამ როგორ მოქმედებს და ამას რა შედეგი მოქვს, ეს სხვა საქმეა. მან დაუბრუნა მიშას ლეგიტიმაცია ძალადობაზე, მაგრამ არ შევდივარ ამის გარჩევაში, მისი არჩევანია, როდის რა ნაბიჯი გადადგას. უბრალოდ, ახლაც მიმაჩნია, რომ ძალიან დააგვიანდა. მე არავის არ ვბლოკავ, იმიტომ, რომ ეს არაა ჩემი საქმე და ფუნქცია. ვამბობ ღიად - "რესპუბლიკელები" არის ძალა, რომელიც ლობირებდა "ფორუმს" და დარწმუნებული ვარ "ფორუმელები" ამას დაადასტურებენ", - ამბობს თინა ხიდაშელი.

"პიარსამსახურს აქვს ხელფასი, მე - არა. ჩემს ანგარიშზე 20 000 ლარი გადმოირიცხა იმიტომ, რომ პრაქტიკულად ჰაერში ვცხივრობ და შეუძლებელია ჩემი ყველა ხარჯის დასაფარად, რომელსაც თავად ვერ ვანაზღაურებ, უკან გამუდმებით ქვითრებით ხელში მდიონ. ესა ერთჯერადი თანხა, რომელსაც ვიყენებ იმაში, რაშიც მჭირდება და ზუსტად ვიცი, რომ ამ საარჩევნო კამპანიის ბოლომდე მეყოფა. მეტსაც გეტყვით - მე ჩემს შრომას გაცილებით ძვირად ვაფასებ, პოლიტიკური მოტივაცია რომ არ მქონდეს. შრომა, რომელსაც აქ ვეწევი, დილის 8 საათიდან ღამოს 2 საათამდე, გაცილებით ძვირი ღირს, თუმცა ეს სამსახური არაა და ამიტომ 20 000 ტექნიკური ხარჯია. გაუგებარიც იქნება - რატომ უნდა ვაკეთო ეს ჩემი ფულით", - განმარტავს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი.

"ვერ ვიტყვი, რომ ეკა ხვედელიძესთან ვმეგობრობ, ის არაფერში ერევა და იშვიათად ვხედავთ ერთმანეთს... წლებია ვმეგობრობ მაია ფანიკიძესთან. ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა გერმანიაში იყო ელჩი. მიმაჩნია, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ქალია საქართველოში იმ აქტიურ ქალებს შორის, ვისაც შეილება ქვეყანა დაეყრდნოს... ვინც ამ ბრალდებებს იგონებს, ხიდაშელს კი არა ივანიშვილს შეურაცხყოფს. ამით ამბობენ, რომ ივანიშვილი არაფრის აზრზე არაა, მასთან ვიღაცები დადიან და თავის ჭკუაზე ატრიალებენ. მას აქვს პრაქტიკულად ყველაფერზე ჩამოყალიბებული პოზიცია. უამრავ კოალიციაში ვყოფილვარ და ჯერჯერობით აქ მუშაობა ყველაზე მარტივია. რაც შეეხება ივანიშვილთან ურთიერთობას, არ ვმჯდარვარ მის მანქანაში, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ მეგობრობასთან. პირდაპირ ვამბობ, ვმეგობრობდი ლევან გაჩეჩილაძესთან კამპანიის დროსაც და დღესაც - ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით და ეს არ იყო მხოლოდ პარტნიორობა ბრძოლაში. ბარიერები ივანიშვილთან, ბუნებრივია მაქვს.", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "ლობირებთ ფორუმს, ხოლო თქვენ ახლო მეგობარ ლევან გაჩეჩილაძეს არ ლობირებთ ივანიშვილთან?" - პასუხობს:

"ერთია პიროვნული მომენტი, მეორე - პოლიტიკური დამოკიდებულება. დღეს ვითარება ისეთია, რომ ძლიერი ბიძინა ივანიშვილი სჭირდება საქართველოს. ამ სიძლიერეს რა დამატებითი ფაქტორებიც დასჭირდება, ის უნდა გამოვიყენოთ. ლევანი დღეს არაა აქტიურად ქართულ პოლიტიკაში... დღეს მთავარი კითხვები ლევანთანაა - რას აპირებს, აქვს თუ არა საერთოდ პოლიტიკური გეგმები. არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ წუთას რამე გეგმა აქვს. მე ვლობირებ ძალიან კარგ ადამიანს ლევან გაჩაჩილაძეს ყველგან და ყოველთვის, პოლიტიკოს ლევან გაჩეჩილაძეს კი, რა თქმა უნდა, არ ვლობირებ იმიტომ, რომ დღეს ის პოლიტიკაში არაა. არცაა ეს ჩემი საქმე, შტაბში ძალიან კონკრეტულ მიმართულებას ვხელმძღვანელობ, იმდენი საქმე მაქვს არც იმ ჭორაობისთვის მცალია რაც ჩემს გარშემო მიდის... მე და ეკა ბესელია 20 წელის მეგობრები ვართ და უწინდელი ურთიერთობა გვაქვს. ერთმანეთის პოლიტიკური კონკურენტები არასდროს ვყოფილვართ და კოალიციაშიც იმდენად განსხვავებული საქმე გვაქვს, არსად ვიკვეთებით".