"ახალი თაობის" მასალების მიხედვით
"იმისთვის, რისთვისაც ოპოზიციონერი პეტრე მამრაძე ნაციონალმა აკაკი ბობოხიძემ გალახა, ბიზნესმენმა ალექსანდრე ებრალიძემ დააჯილდოვა. ებრალიძის მიერ დაწესებულ დავით აღმაშენებლის სახელობის კონკურსში, რომელიც მესამე წელია დავით აღმაშენებლის დღეს ტარდება, ნომინაციაში "ყველასთვის საკითხავი წიგნი" გაიმარჯვა მამრაძის წიგნმა "აბსურდული ომი, რომელიც არ უნდა მომხდარიიყო". სწორედ მამრაძის მოსაზრების გამო, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ხელისუფლებაცაა დამნაშავე და რომ მას შეეძლო იმ მძიმე დღეების თავიდან აცილება მოსინჯა მუშტი ბობოხიძემ რამდენიმე თვის წინ პარლამენტში", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით რა უნდა ებრალიძეს.
"სხვადასხვა სახის პრემიით დაჯილდოვდნენ პროფესორი ნოდარ ტაბიძე, პოეტი ბაღათერ არაბული, ყოფილი სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი და სხვები - სულ 20 კაცი. ამ კონკურსისთვის პეტერბურგში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა მხოლოდ ამ წელს 96 000 ლარი გამოყო. "ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესის" თბილისის ფილიალის ხელმძღვანელ ნანა ჯაფარიძის განცხადებით, ლიტერატურულ კონკურსს, რომელსაც ალექსანდრე ებრალიძის ორგანიზაცია საქართველოში ატარებს, არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს, თუმცა თავად სპონსორი გამოჩენის დღიდან ამბობს, რომ ის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლას აპირებს. ებრალიძესთან პოლიტიკურ პარტნიორობას არ მალავს პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა. მესამე ალიანსიც, რომლის შემადგენლობაშიც კუკავას პოლიტიკურ ძალასთან ერთად ნინო ბურჯანაძე და ლევან გაჩეჩილაძე მოიაზრებიან, ებრალიძის სახელსა და ფინანსებს უკავშირდება.", - აღნიშნავს გამოცემა.
"თუმცა, "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი დაფინანსებაზე ხმებს უარყოფს იმ უბრალო მიზეზით, რომ ებრალიძე საქართველოს მოქალაქე არ არის და მას საქართველოში პოლიტიკური პარტიის დაფინანსების უფლება არ აქვს, თორემ სიამოვნებით მიიღებდა მის ფულს. დაჯილდოების ცერემონიალის დროს ღონისძიებაში "სკაიპით" ჩართულ ბიზნესმენს "ახალმა თაობამ" ქართული პოლიტიკის ახალ რეალობასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა სთხოვა. კითხვაზე, ჰქონია თუ არა ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილთან, რა აზრისაა მასზე და აპირებს თუ არა მასთან თანამშრომლობას, ებრალიძემ პასუხი შორიდან და ქარაგმებით გასცა", - დასძენს გამოცემა.
"თუ თქვენ იცით, რომ ქუჩაში ღრმა ორმოა და ხედავთ ადამიანს, რომელიც ღამის სიბნელეში იქით მიდის, შეიძლება ჩავარდეს და მძიმედ დაშავდეს, უნდა გააფრთხილოთ, იქით არ წახვიდე, თორემ დაიმტვრევითო. შეიძლება დაგიჯეროთ, მადლობა გადაგიხადოთ და ფათერაკი აიცილოს, მაგრამ მალევე დაავიწყდეს, რომ სიკვდილს გადაარჩინეთ. თუ არ ეტყვით, ორმოში ჩავარდება და მერე დაეხმარებით ამოსვლაში, მადლობას გეტყვით და მასაც და ახლობლებსაც სულ ემახსოვრებათ, რომ სიკვდილს გადაარჩინეთ. ჩემი აზრით, უკეთესია და უფრო მართალი იქნებით, თუ მას წინასწარ გააფრთხილებთ, იმის მიუხედვად, რომ შეიძლება მომდევნო დღეს არც ახსოვდეს. ყველას ჰგონია, რომ ნიანგი, რომელიც ადამიანებს ჭამს, მას არ შეჭამს. ყველა თვითონ უნდა მიხვდეს, სად არის მისი შეცდომა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე ებრალიძე.
"დადებითად ვუყურებ იმ პოლიტიკურ პროცესებს, რომლებიც საქართველოში მიდის, მაგრამ მასში ჩემი შესაძლებლობებით ჯერჯერობით არ ვერევი. იმიტომ, რომ ვიცი, უნდა მოხდეს ამ პოლიტიკური პროცესის კრისტალიზაცია", - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვას - "თქვენს სახელთან ასოცირებული "თავისუფალი საქართველოს" გავლით ხომ არ მოხდება ივანიშვილის ალიანსთან ურთიერთობა?" - პასუხობს:
"დიდ პატივს ვცემ კახა კუკავას. საქართველოს უნდა იყოს ნეიტრალური ქვეყანა, უნდა ჰქონდეს კარგი ურთიერთობა ამერიკასთანაც და რუსეთთანაც, მაგრამ არც ერთი სამხედრო ბლოკის წევრი არ უნდა იყოს. რაც შეეხება ქართულ პოლიტიკაში შემოსვლას - ყველა საქმე, რომელსაც ვიწყებ, ბოლომდე მიმყავს. ამ შემთხვევაში ჩემთვის ერთადერთი ხელის შემშლელი ის მძიმე მდგომარეობაა, რომ საქართველოში არ ვარ. ძნელია, იყო საქართველოს გარეთ და მონაწილეობდე იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელიც დღეს და ხვალ იქნება".
820
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85