პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრის შემდეგ, სააკაშვილმა “საზღვარგარეთული ტურნე” გააგრძელა და, როგორც ნაციონალური ტელეარხები გვამცნობენ, სააკაშვილი სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტში “დემოკრატიის გაკვეთილებს ატარებს”. რამდენად ადექვატურია ეს ლექციები მაშინ, როცა საქართველო სხვა რეალობის წინაშე დგას და შესრულდება თუ არა მხოლოდ აშშ-ის კი არა, მთელი დასავლეთის გზავნილი სააკაშვილისადმი, რომ გამჭვირვალე, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები ჩაატაროს? ამ და სხვა თემებზე “ქართული სიტყვა” კოალიცია “ქართული ოცნების” წევრს,
“კონსერტვატიული პარტიის” ლიდერ ზვიად ძიძიგურს ესაუბრა:
- მიხეილ სააკაშვილის აშშ-ში ვიზიტი პომპეზურ “ბომბონერს” მაგონებს, რომელსაც ბრჭყვიალა ქაღალდების რამდენიმე ფენა აქვს შემოკრული, შუაში კი, პატარა კანფეტი დევს, ანუ თუ ობამასთან ვიზიტის შემდეგ, სააკაშვილი პირდაპირ საქართველოში გამოფრინდებოდა და სხვადასხვა ინსტიტუტში სხვადასხვა რანგის ჩინოვნიკს არ შეხვდებოდა, ხელში მხოლოდ ობამასთან უღიმღამო შეხვედრა შერჩებოდა. ახლა კი, შეუძლია თქვას, რომ რომელიღაც უნივერსიტეტში ლექციები წაიკითხა, სტუდენტები ფეხზე წამოუდგნენ და მის გამოსვლაზე ტაში დასცხეს... ის, რასაც სააკაშვილი ახლა აკეთებს, ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური ტყუილი და ხალხისთვის ნაცრის შეყრაა, ანუ მას სურს, ეს ვიზიტი ისე წარმოაჩინოს, როგორც სუპერწარმატებული. ობამასთან 15-წუთიანი შეხვედრა, თავისი დატვირთვით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო - ამერიკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან. ბარაქ ობამას მხრიდან კიდევ ერთხელ იქნა გაჟღერებული, რომ სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა უმთავრდება და უნდა წავიდეს. ეს კი, სააკაშვილისთვის იმ საშინელი წინათგრძნობის დადასტურებაა, რომ ქართულ პოლიტიკაში, მინიმუმ, რამდენიმეწლიანი ტაიმ-აუტი უნდა აიღოს. მას არ აქვს ის ფუფუნება, რომ პრემიერ-მინისტრად გადაინაცვლოს და ამ რანგში მართოს ქვეყანა. თვითონაა იმ პროპაგანდის შემოქმედი, რომ ის, რაც პუტინმა რუსეთში გააკეთა, ძალიან ცუდი და არადემოკრატიულობის ნიმუშია. ოთხი წელია, გაიძახის, ეს ცუდიაო და, ახლა იგივე თვითონ რომ გააკეთოს, ამას არავინ “ჭამს”.
ნაციონალური არხებიდან პუტინის რეჟიმის მიმართ ზუსტად იმდაგვარი კრიტიკა და შეფასებები ისმის, როგორც და რისთვისაც ქართული ოპოზიცია სააკაშვილის მმართველობას აკრიტიკებს, ანუ ხელისუფლებას მშვენივრად ესმის, რასაც აკეთებს, მაგრამ საკუთარ ქმედებებს საქართველოს მოსახლეობას სხვა “შეფუთვით” აწვდის. ამიტომაც ერთია, როცა ამბობს სააკაშვილი, საქართველოს “მეორე პუტინი” არ ეყოლებაო და მეორეა - რას აკეთებს...
- მთელმა საქართველომ იცის, რომ რამდენიმე წელია, სიცრუისა და სიყალბის სამყაროში ვცხოვრობთ. ნაციონალური ტელევიზიებიც, როგორც მრუდე სარკეები, ისე აჩვენებენ სწორს არასწორად, არაწორს კი, - სწორად. ვფიქრობ, ის მოლოდინი, რომ სამაუწყებლო სივრცეში გამოჩნდებიან ტელევიზიები, რომლებიც დააბალანსებენ ეთერს, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ მართალი ინფორმაცია უნდა მივიტანოთ საზოგადოებამდე. ეს ბაქი-ბუქი და ვირტუალური სამყარო, რომელიც სააკაშვილმა შექმნა, სრულიად ახლებურად იქნება მიწოდებული საქართველოს მოსახლეობისთვის... ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ ბევრი რამ სრულიად სხვანაირი კუთხით წარმოაჩინა და სხვანაირი რეელობები გააჩინა. ამიტომ, მალე ყველას მწარე სიზმარივით გაგვახსენდება ის პერიოდი, როცა თეთრზე გვეუბნებოდნენ, შავიაო და შავზე - თეთრიაო.
ბატონო ზვიად, “ნაციონალური შეფუთვით” მიწოდებული ინფორმაცია, პრინციპში, გარე მოხმარებისთვისაც ეფექტურად მუშაობს. მაგალითად, სააკაშვილმა ამერიკელებს უთხრა, იყო დრო, როცა 40 აშშ დოლარი მქონდაო. როგორ ფიქრობთ, სჯერა აშშ-ს სააკაშვილის?
- გააჩნია, - ვის. თუკი რომელიმე უნივერსიტეტში რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი მივა და ლექციას წაიკითხავს, ამ უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესოფრები, რა თქმა უნდა, ტაშს დაუკრავენ და თუ ენაწყლიანადაც საუბრობს, შეიძლება, ფეხზეც წამოუდგნენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამერიკელებმა არ იციან, თუ რა ხდება საქართველოში. სასამართლო არაა, პარლამენტი ჯიბისაა, ტელევიზიები და მედიის მთელი რიგი საშუალებები კონტროლირებადია, ბიზნესი პირდაპირ ხელისუფლების კეთილ ნებაზეა მიბმული - ყველაფერი ეს იციან ამერიკელებმა და არა ერთი მწვავე განცხადებაც გვახსოვს აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის სხვადასხვა ჩინოვნიკისგან. განსხვავებული მიდგომები იყო ბუშის ადმინისტრაციის მხრიდან, როცა სააკაშვილი “წარმატებულ პროექტად” ითვლებოდა. ობამას ადმინისტრაცია კი, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და მთლიანად საქართველოს უჭერს მხარს. ეს ორი სრულიად განსხვავებული მიდგომაა. კავკასიასა და აზიაში ნატო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა აპატურაიმ, კლინტონის მოადგილემ, თავად კლინტონმა და, ბოლოს, ობამამ გააკათეს განცხადებები, რომ ხელისუფლების შეცვლის ტესტი ამ ხელისუფლებისთვის დემოკრატიულობა-არადემოკრატიულობის განმსაზღვრელია. აშშ და ევროპაც გამადიდებელი შუშით აკვირდება, თუ რამდენად დემოკრატიულად განვითარდება საქართველოში პროცესები.
უცხოური მედია იმაზეც საუბრობს, რომ სააკაშვილ-ობამას შეხვედრა ლობისტური კომპანიების მუშაობის შედეგია. ამ შეხვედრის პარალელურად, აშშ-ის ორ წამყვან გაზეთში დაიბეჭდა ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი, რომელიც საქართველოს შესახებ სხვა ინფორმაციას აწვდის სააკაშვილის მასპინძლებს. რჩება შთაბეჭდილება, რომ თუ პოლიტიკურ ძალას სურს, საქართველოში წარმატებას მიაღწიოს, ჯერ დასავლეთში უნდა მოიგოს საინფორმაციო ომი.
- საერთაშორისო არენაზე გარღვევა სახეზეა. ოპოზიციას აქამდე არ ჰქონდა საშუალება, რომ საერთაშორისო არენაზე ხელისუფლებისათვის შესაფერისი მეტოქეობა გაეწია. დღეს კი, ეს ვითარება კარდინალურად შეცვლილია. ისიც შემიძლია გითხრათ, რომ კოალიციაზე მომავალშიც იმუშავებენ ლობისტური კომპანიები და ეს ძალიან კარგია. სხვათა შორის, ხელისუფლება თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის ლობისტურ კომპანიებს ბიუჯეტიდან აფინანსებდა. ივანიშვილი კი, ბიუჯეტის ფულით არ აპირებს ლობისტური კომპანიების დაქირავებას და ჩამოყვანას.
თუმცა, ლობისტური კომპანიების მცდელობის გარდა, ობამა-სააკაშვილის შეხვედრას სხვა მიზეზიც ჰქონდა. ბატონო ზვიად, თქვენი აზრით, ამ კუთხით მნიშვნელოვანი იყო რუსეთის ფაქტორი?
- რაც დავინახე, ეს იყო ერთგვარი რევერანსი რუსეთისთვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების გამო, თუმცა ხელისუფლებისთვის თავმოსაწონს ვერაფერს ვხედავ, რომ ისარგსებლო მომენტით და “გაიჩალიჩო” შეხვედრა პოლიტიკოსთან, რომელსაც შენთან შეხვედრა არ სურს. ეს, მგონი, მაინც და მაინც კარად არ გამოგაჩენს.
რატომაც არა? მით უმეტეს, თუ ეს შეხვედრა წინასაარჩევნო კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება.
- ვერ გახდება, თუ ქართული მედია დაბალანსდება. შემთხვევით არ ცრუობენ ის ტელევიზიები, რომლებიც ამბობენ, ერთსაათიანი შეხვედრა იყოო. 15 წუთი ის დრო არაა, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობები, სავაჭრო-ეკონომიური საკითხები და დემოკრატიული პროცესებიც განიხილო. 15 წუთში დეპეშას თუ წაიკითხავ, თორემ სერიოზულ საკითხებზე მსჯელობას ვერ მოასწრებ.
მოდით, ქართულ რეალობაში გადმოვინაცვლოთ - გვაქვს “ნაცმოძრაობაზე” მორგებული საარჩევნო კოდექსი და კიდევ უფრო უარესი საარჩევნო გარემო, თუმცა “ნაცმოძრაობამ” საარჩევნო კოდექსში თუნდაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ასე ვთქვათ, ჩაასწოროს, მმართველ გუნდს მაინც რჩება უამრავი მექანიზმი, რომლითაც არჩევნებს ამდენი ხანია, იგებეს. რა არის საჭირო, რომ ბოლოს და ბოლოს, დავინახოთ, ქართველ ამომრჩეველს რეალურად რა სურს?
- არჩევნების დროს მთავარი კანონმდებლობა არაა. არჩევნების დროს მთავარია, რომ ხალხი იყოს მოტივირებული, მივიდეს საარჩევნო უბანზე და ხმა მისცეს. დღეს ხალხი მოტივირებულია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ის კი, კანონი დემოკრატიულია თუ არადემოკრატიული, საქმის მეორე ნაწილია. დღეს მოსახლეობის 75%-ი ამბობს, რომ მზადაა არჩევნებზე წასასვლელად. არასოდეს არჩევნებამდე ერთი წლით ადრე არჩევნებზე წასვლის მსურველთა ამხელა რაოდენობა არ დაფიქსირებულა. აქამდე ეს რიცხვი 40-50 %-ს არ სცილდებოდა. სხვაობა, რასაც ამ ორ მონაცემს შორის ვხედავთ, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველია, რომლის მოტივაციაც ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმა განაპირობა. საერთოდ, შიშის გრძნობა არ გვაქვს არც მე და არც - კოალიციაში შემავალ არც ერთ სუბიექტს, რომ კანონმდებლობის დასახიჩრების გამო, არჩევნებს ვერ მოვიგებთ. ვმუშაობთ საარჩევნო სტრუქტურაზე, სადაც 100 ათასი კაცი იქნება ჩართული, რაც იმის გარანტიაა, რომ მილიონზე მეტი ხმა ავიღოთ და არჩევნები მოვიგოთ.
რეგიონებში შიშის ფაქტორი საკმაოდ დიდი იყო, ახლა საქმე როგორაა?
- ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ შიშის ფაქტორი შეამცირა, მაგრამ მაინც არსებობს. ვფიქრობ, ტელემაუწყებლობაში ობიექტური ინფორმაციის გაჩენა, ამ შიშის ფაქტორს კიდევ უფრო შეამცირებს. რეგიონებში დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, რადგან ხალხი ინფორმაციულ ვაკუუმშია და ჰგონია, რომ სააკაშვილი და “ნაცმოძრაობა” უძლეველია. ამიტომ, ძალიან ბევრ შეხვედრას ჩავატარებთ და მოსახლეობას მივაწვდით ინფორმაციას, თუ რა შეიცვლება ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში.
მაინც, რა შეიცვლება?
- “ქართული ოცნების” 9 ჯგუფი 9 მიმართულებით მუშაობს, ყველაფერი ეს პოლიტიკურ პროგრამად გარდაიქმნება და მიეწოდება მოსახლეობას. ჩვენი საარჩევნო პროგრამა საკმაოდ სქელტანიანი დოკუმენტი იქნება, სადაც დაწვრილებით იქნება ახსნილი, თუ რა შეიცვლება მოსახლეობისთვის.
აქტიურად მიმდინარეობს ლაპარაკი მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე, რომელიც ოპოზიციურ ხმებს წაართმევს “ქართულ ოცნებას”...
- არ ვიცი, რას ნიშნავს მესამე პოლიტიკური ცენტრი. საარჩევნო ბიულეტენში შეიძლება 6, 7, ან 10 კოალიცია ვიხილოთ, მაგრამ იმის ილუზია არ მაქვს, რომ სააკაშვილისა და ივანიშვილის კოალიციების გარდა, რომელიმე სხვა პარტია ხმების დიდ რაოდენობას მიიღებს. ვფიქრობ, წინა პლანზე უფრო წინასაარჩევნო კინკლაობის ელემენტები იქნება გადმოწეული და ამას სახელისუფლებო მედია იმისთვის გამოიყენებს, რომ ოპოზიციის რეიტინგი დასცეს. უფრო საშიში ისაა, რომ ხელისუფლება ოპოზიციურ ძალებს შორის დაპირისპირების სცენარს გაათამაშებს, რაც არაერთხელ გაუკეთებია და სწორედ ამით აიმაღლებს რეიტინგს.
საპარლამენტო არჩევნებზე რამდენი პროცენტის მიღება იქნება კოალიციისთვის კარგი ვარიანტი?
- ჩვენ გვინდა იმდენი პროცენტი, რომ ხელისუფლება შევცვალოთ. არ ვამბობთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება ხმებს ვერ აიღებს, რადგან, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, მისი მხარდამჭერებიც არსებობენ. რაკი მხარდამჭერები არსებობენ, ხმებსაც მიიღებს და პარლამენტშიც იქნება წარმოდგენილი, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, დღევანდელ ხელისუფლებას მომავალ პარლამენტში ოპოზიციის რანგში მოუწევს საქმიანობა.