რას წერს ივანიშვილის პრესსპიკერი თავის დღიურებში?!

რას წერს ივანიშვილის პრესსპიკერი თავის დღიურებში?!

"8 თებერვალს ბიძინა ივანიშვილმა პირად პრესსპიკერად ირაკლი ალასანიას ცოლისდა მაია ფანჯიკიძე დანიშნა. ამის შესახებ ბიზნესმენმა საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და მედიას მაია ფანჯიკიძე პირადად წარუდგინა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირაკლი ტრიპოლსკი ივანიშვილისგან წავიდა, თავად ფანჯიკიძემ უარყო, მისი თქმით, ტრიპოლსკი პრესმდივნად რჩება და განაგრძობს მუშაობას. თავად კი "ქართული ოცნების" ანუ ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი იქნება. როგორც "ავი ენები" ამბობენ, ქალბატონი მაია "ქართული ოცნების" დედოფალი გახლდათ და ყველა მის სურვილს ასრულებდა, ახლა კი ის უფრო დაიახლოვა ბიძინა ივანიშვილმა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით რას წერს ივანიშვილის პრესსპიკერი თავის დღიურებში?! 

"და მაინც, ვინ არის მაია ფანჯიკიძე? ამას ყველაზე უკეთ მისი დღიურიდან შევიტყობთ: "მე ვარ მაია ფანჯიკიძე, 49 წლის. ბოლო 16 წელი ვიმსახურე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვიყავი საქართველოს ელჩი ჯერ გერმანიაში, შემდეგ ნიდერლანდებში. ჩემი მოხსნის ამბავი მახსენდება. 16 წელი ვიმუშავე დიპლომატიურ სამსახურში და სრულიად მოულოდნელად გამათავისუფლეს იმის გამო, რომ ჰოლანდიაში ჩამოსულმა ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელიც უმიზეზოდ დააკავეს სოფლის მაღაზიაში, სელჩოს მხრიდან სათანადო ყურადღება ვერ იგრძნო - არადა, გავიგეთ თუ არა მისი ამბავი, 3 საათში უკვე გამოშვებული იყო. ის კი აღარავის უკითხავს, რა უნდოდა "მივლინებაში" მყოფს იმ დროს ცოლთან ერთად მაღაზიაში, ანდა რა საქმეზე იყო მივლინებაში იმ პატარა ქალაქში. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს? ჩემი გათავისუფლების მიზეზი ისედაც ცხადი იყო ყველასთვის. ყველაზე სასაცილო ის არის, მოქალაქის მიმართ უყურადღებობას გაბრალებს მთავრობა, რომელიც სახელმწიფო სამსახურში ამდენი წლის მუშაობის შემდეგ ისე გიშვებს ქუჩაში, საერთოდ აღარ კითხულობს შენს ამბავს, არაფერი არ აინტერესებს შენი, არანაირი სოციალური დაცვა არ არსებობს სახელმწიფო მოხელეებისთვის, მისთვის მკვდარი ხარ", - წერს თავის დღიურში მაია ფანჯიკიძე, სადაც დასძენს, რომ "ძალიან ამაყობს საკუთარი თავით რომ ამის მეტი შარი ვერაფერი მოსდეს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ნათესაური ნიშნით მოხსნა ჩემთვის პირდაპირპოპორციულია ნათესაური ნიშნით დანიშვნისა და როდესმე ეს უნდა მორჩეს ამ ქვეყანაში, თორემ არანაირ დამსახურებას, არანაირ პროფესიონალიზმს არასდროს დაედება ფასი... ირაკლი ალასანია არის ერთადერთი ნამდვილი სხვისგან მოისყიდავი ოპოზიციური ძალა საქართველოში. ამის დასტური ის ისტერიკაა, რომელიც ოპოზიციურმა ძალებმა მოაწყვეს არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ. მათ ლოგიკაში ერთი რამ არ მესმის, თუკი ახლა ეუბნებიან, შენ გაუთეთრე უგულავას არჩევნებიო -ამით რას აღიარებენ, რომ მხოლოდ ის იყო ნამდვილი კონკურენტი?. და თუკი ამას აღიარებენ, მაშინ მათი გამჭრიახობის პატრონებმა ეს ადრე როგორ ვერ შენიშნეს და გვერდში რატომ არ დაუდგნენ. საქმით დახმარებოდნენ და მართლა მოიგებდა. ახლა რომ ხელისუფლება დაავიწყდათ და ყველა მის წინააღმდეგ ერთიანდება ესეც კარგია, ეს კიდევ უფრო გამოკვეთს მის უპირატესობას. ძალიან მომეწონა ირაკლის გეგმები და საბრძოლო შემართება, ყველა საქმეში მჯერა მისი" - როდესაც მაია ფანჯიკიძე ამ დღიურს წერდა, ბიძინა ივანიშვილი ჯერ პოლიტიკურ ჰორიზონტზე არ იყო გამოსული, თორემ აუცილებლად იტყოდა, ყველა საქმეში მჯერა მისიო. რომ არ სჯეროდეს, ჯერ დიპლომატი და შემდეგ პედაგოგი მილიარდერის რჩეული ვერ გახდებოდა", დასძენს გამოცემა.

"რაკი მილოცავთ, ესე იგი მოსალოცი არის... არასდროს, არც ერთ თანამდებობაზე მუშაობისა არ მოვქცეულვარ ისე, რომ ვინმესთვის არ მეპასუხა, მით უმეტეს, არ გავაკეთებ ამას აწი... მე არ ვიცი, რას ნიშნავს სიტყვა "განაგებს" - "ქართულ ოცნებაში" მე ჩემი საქმე მქონდა და ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ვწყვეტდი იმას, რაც იყო ჩემი გადასაწყვეტი. არასოდეს ჩემი კომპეტენციისთვის არ გადამიმეტებია არა მარტო აქ მუშაობისას, არამედ არც სხვა დროს... მე და ირაკლი ალასანია ვართ ორი დამოუკიდებელი ადამიანი, ორი დამოუკიდებელი ბიოგრაფიით და მე ვფიქრობ, რომ ნათესაური კავშირით არც დანიშვნაა მისაღები და არც გათავისუფლება. ყოველ ორშაბათს, 11 საათზე, "ქართული ოცნების" ოფისში გავმართავ ბრიფინგს, სადაც დაპატიჟებული იქნება აბსოლუტურად ყველა გაზეთი, ტელევიზია, ინტერნეტგამოცემა. ვისაც აქვს სურვილი, ვისაც აქვს კითხვა, მე ვუპასუხებს ყველას. ყოველთვის გაკეთდება განცხადება იმის შესახებ, რომ ბრიფინგი იმართება და ჩვენა არავის ვამოწმებთ, არც შევამოწმებთ, არავის არც აკრედიტაციას ვთხოვთ, არც პირადობის მოწმობას. ტელეფონს არ შევიცვლი, ჩემი პირადი ნომერი ისევ მექნება, მაგრამ ალბათ მექნება სხვა ტელეფონიც, ჯერ ნომერი არ ვიცი. მე ყოველთვის ვპასუხობ და თუ გამოუვალი მდგომარეობა მაქვს, მერე იქით ვურეკავ. მინდა წინასწარ გითხრათ მადლობა იმისთვის, რომ ყველაფერს ზუსტად ისე დაბეჭდავთ, როგორც მე გითხარით",- აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მაია ფანჯიკიძე.

"დაახლოებით ერთ კვირაში ბიძინა ივანიშვილი მისი პოლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრებს წარადგენს, მანამდე მათ ვინაობას ინტრიგად ტოვებს. პარტიის წევრების წარდგენამდე გუშინ მან საკუთარი პრესსპიკერი დაასახელა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელით მნიშვნელოვან განცხადებებს გააკეთებს, გამართავს პრესკონფერენციებს და მედიასთან ექნება ურთიერთობა. კულუარებში სხვადასხვა კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა, თავად ივანიშვილმაც განაცხადა, რომ რამდენიმე პრეტენდენტიდან საუკეთესოდ ამ პოსტზე მაია ფანჯიკიძე მიიჩნია, რომელიც "ქართული ოცნების" ჩამოყალიბების შემდეგ მისი ცენტრალური ოფისის ხელმძღვანელი და თემატური ჯგუფების კოორდინატორი იყო", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ბიძინა ივანიშვილმა პრესსპიკერად ირაკლი ალასანიას ცოლისდა დანიშნა / კუკავა-ბურჯანაძეს ივანიშვილთან თანამშრომლობის შანსი არ აქვთ.

"ინტრიგად დავტოვებ პარტიის საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობასაც. ჩვენთან არის "რესპუბლიკური პარტია", "თავისუფალი დემოკრატები", ძიძიგური და დავითაშვილი. ჩვენ ძალიან მეგობრული კოლექტივი შევქმენით", განაცხადა ივანიშვილმა, რომლის თქმით, "ეროვნულ ფორუმთანაც" ისეთივე ურთიერთობები დამყარდება, როგორც ამჟამად გუნდის სხვა წევრებს აქვთ ერთმანეთთან. ივანიშვილი ამხელს, რომ თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს გუგული მაღრაძესთან, ასევე სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც სათანამშრომლოდ მზადაა, თუმცა გარკვეული დეტალებია დასაზუსტებელი - "ხვალ ან ზეგ მექნება შეხვედრა გუგული მაღრაძესთან, თანამშრომლობაზე პრინციპული შეთანხმებები მიღწეულია. მე მას ვთავაზობ მთლიანად გაერთიანებას ჩემს მომავალ პარტიაში", - დასძინა ივანიშვილმა, რომლის თქმით, ასეთივე მოლაპარაკებები აქვს სალომე ზურაბიშვილთანაც", - აღნიშნავს გამოცემა