ნინო გიგიშვილი, ჟურნალი "რეიტინგი"
მწერალი დათო ტურაშვილი ორი კვირის წინ გადაცემა "შუა დღეში" გამოჩნდა. ორშაბათის თანაწამყვანი მაყურებელს ახალ წიგნებს აცნობს და ლიტერატურულ სიახლეებზე ესაუბრება. საინტერესო ეთერს უკვე უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ ჯერჯერობით არ იცის, გააგრძელებს თუ არა მწერალი თანაწამყვანობას. ინტერვიუს ჩაწერა არ გაგვიჭირდა, მაგრამ მოუცლელობის გამო რამდენიმე დღით გადაგვედო. ვინაიდან დათოსთან ინტერვიუებით ყოველკვირეული პრესა განებივრებული არ არის, ამიტომ შევეცადეთ, გადაცემისა და შემოქმედების გარდა, აქტუალურ თემებზეც გვესაუბრა.
- დათო, როგორ მოხვდით, გადაცემა "შუა დღეში". თავად დაგიკავშირდნენ?
- მე თვითონ დავუკავშირდი მათ, ნესტან კვინიკაძეს მივმართე, ჩემს მეგობარს, რომელიც "შუა დღის" პროდიუსერია. მანამდე სხვა ტელევიზიებსაც შევთავაზე. ეს იდეა მე არ მეკუთვნის, ერთხელ პატრიარქთან სტუმრობისას მან მითხრა, რადიო "უცნობში" შენი გადაცემა მოვისმინე და ძალიან მომეწონა, მაგრამ რადიოს ცოტა ხალხი უსმენს და წიგნი ისეთი მნიშვნელოვანია, იქნებ ასეთი გადაცემა ტელევიზიაში გააკეთოო. არ მიყვარს ტელევიზია, მეზიზღება, რადიო უფრო მიყვარს, მაგრამ პატრიარქმა ისეთი რამ მითხრა, შეკამათება არც მიცდია და თითქმის ყველა ტელეკომპანიას მივმართე. როგორ ჩანს, წიგნი ნაკლებად აინტერესებთ ტელეკომპანიებს და მათთვის მთავარია (როგორც თვითონ უწოდებენ) გასართობი გადაცემები, რაც სინამდვილეში დებილობაა და მეტი არაფერი.
- "მაესტროსაც" მიმართეთ?
- "მაესტრო" სხვა ამბავია, იქ მარტო პოლიტიკური გადაცემები და დებატები გადის. მათთვის მიმართვას აზრი არ ჰქონდა.
- "საზოგადოებრივ არხს" თუ შესთავაზეთ?
- ხომ გეუბნებით, თითქმის ყველა არხს მივმართე, მაგრამ ერთადერთი, ვისაც წიგნის მნიშვნელობის ახსნა არ დასჭირვებია, პროდიუსერი ნესტან კვინიკაძე აღმოჩნდა, რომელიც თვითონაც მწერალია და იცის, რამდენად მნიშვნელოვანია, ტელესივრცე წიგნებისთვის გამოიყენო. ჯერჯერობით გადაწყვეტილი კიდევ არ არის, საცდელი გადაცემები მქონდა, დღეს-ხვალ პასუხს მეტყვიან (ინტერვიუ ჩაწერილია 2 თებერვალს ავტ.), მიმიღებენ თუ არა, იმედი მაქვს.
- შეიძლება ორშაბათს ეთერში ვეღარ გიხილოთ?
- ვნახოთ...
- მაინც ჩაგეკითხებით, მიკვირს, "საზოგადოებრივმა არხმა" როგორ გითხრათ გადაცემაზე უარი.
- მე მგონია, რომ ჩემი პრობლემა უფრო აქვთ. მე ხომ ვერაფრით ვერ მოვექცევი სხვისი კარნახის ქვეშ და რასაც მინდა, მაინც იმას ვილაპარაკებ. მოკლედ, არსად არ გამოვიდა და ნესტანი ახლა თვითონაც მონდომებულია.
- უყურებდით მანამდე "შუა დღეს"?
- მინახავს, იქ ძალიან კარგი ადამიანები მუშაობენ, ვიცი, რომ მათთან ურთიერთობა არ გამიჭირდება.
- მახსოვს, ერთი პერიოდი ექიმებმა აგიკრძალეს სატელევიზო გადაცემების ყურება...
- ახლაც აკრძალული მაქვს და ტელევიზორს დღემდე ვერიდები, მაგრამ ძნელია სრულ იზოლაციაში ცხოვრება. რადიო მიყვარს, თუმცა ჩემს გადაცემას იმდენი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, რომ ალბათ გავაგრძელებ წიგნებზე ტელესაუბრებს. საერთოდ, ტელევიზიები ამდენ იდიოტობებს რომ აკეთებენ, თავს იმით იმართლებენ, რომ ხალხს ამის მოთხოვნილება აქვს. თუმცა აღმოჩნდა, რომ წიგნის და ლიტერატურაზე საუბრის მოთხოვნილებაც ჰქონიათ. ასე რომ, ეგ ტყუილია. ასეც რომ იყოს და ხალხს ცუდის მოთხოვნილება ჰქონდეს, როცა ასეთი მასობრივი ზემოქმედების საშუალება ხარ, ისეთი გადაცემები უნდა მიაწოდო, რაც უკეთესობისკენ შეცვლის მათ გემოვნებას და არა პირიქით. ისიც ბევრჯერ მსმენია ხალხისგან, რომ ხელისუფლება სპეციალურად ავალებს ტელეკომპანიებს, რაც შეიძლება მეტი დებილობა იყოს ეკრანზე, რომ ადამიანებმა არ იფიქრონ და არ იაზროვნონ, მაგრამ არ ვიცი, ეს რამდენად მართალია.
- თქვენი პირველი ეთერის შემდეგ ამბობდნენ, იმდენი იხუმრა პრეზიდენტზე, შეიძლება, შემდეგ ორშაბათს აღარ იყოს გადაცემაშიო...
- ვნახოთ, არ ვიცი, ჯერჯერობით კიდევ გაურკვეველია. ნენე კვინიკაძე მოწადინებულია, მაგრამ ეს მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული.
- გადაცემაში ბევრი იხუმრეთ საქართველოში ტოტო კუტუნიოს მესამედ ჩამოყვანაზეც...
- საერთოდ არ მიხუმრია, შეიძლება სამჯერ ჩამოიყვანო კაცი, რომელიც ვერ ხვდება რომელ ქვეყანაში ჩამოდის?.. ეს აბსურდია, არ მეხუმრება და არც მეცინება. მე სხვა მუსიკას ვუსმენ და საერთოდ არ მაინტერესებს მისი სიმღერები, მაგრამ კრის დე ბურგს კიდევ შეიძლება ეპატიოს, რომ რუსეთში ეგონა თავი, რადგან პირველად იყო საქართველოში და არავინ უთხრა სად ჩამოდიოდა. კუტუნიო კი მესამედ ჩამოვიდა, მაგრამ მაინც ვერ დაიმახსოვრა, რომელ ქვეყანაში ჩამოდის
. გასაგებია, რომ მე ვინც მომწონს, იმას არ ჩამოიყვანენ, რადგან ასეთი ხელისუფლება არასოდეს გვეყოლება. ვინ ჩამოიყვანს აქ ტომ ვეითსს, მიკ ჯაგერსა ან ტომ იორკს.
- პლასიდო დომინგო რომ ჩამოვიდა, მის კონცერტს დაესწარით...
- მისი ავტობიოგრაფიული წიგნი მინდა ვთარგმნო და ამ დიდ ადამიანთან დავით საყვარელიძემ შემახვედრა, რომ ნებართვა ამეღო. დამთანხმდა, პირადად ორჯერ შევხვდი და ძალიან სასიამოვნო ადამიანი აღმოჩნდა, გარდა იმისა, რომ საოცარი მოვლენაა, როგორც მომღერალი...
- ცოტა ხნის წინ მამა-შვილი ხულიო და ენრიკე იგლესიასებიც გვსტუმრობდნენ.
- ძალიან მიყვარს ბათუმი, მაგრამ მაგათ გამო იქ ვერ ჩავიდოდი.
- ხულიო იგლესიასი თუ გიყვართ, ბავშვობას მაინც არ გახსენებთ?
- ცხონებულ ბებიაჩემს კი უყვარდა, ეგ და კარელ გოტი. კარელ გოტი მაინც ჩამოეყვანათ, სანამ ბებიაჩემი ცოცხალი იყო. ზუსტად ვიცი, რომ ისეთი ხელისუფლება არასოდეს ეყოლება საქართველოს, რომ ჩემი და მათი გემოვნება დაემთხვეს.
- იქნებ ბიძინა ივანიშვილმა ჩამოიყვანოს ტომ ვეითსი...
- არ ვიცი, თუმცა მეეჭვება. ეს თანხაზე არ არის დამოკიდებული, ფულის გადახდა ამ ხელისუფლებასაც შეუძლია, აქ გემოვნებასა და პრიორიტეტებზეა საუბარი. ბიძინა ივანიშვილი თუ მოვა ხელისუფლებაში, ალბათ სოფო ნიჟარაძის ნაცვლად ბერა ივანიშვილი იმღერებს ხოლმე (იღიმება).
- "შუა დღის" წამყვანებზე გკითხავთ, დიმა ობოლაძე თქვენი ბავშვობის მეგობარია?
- არა, სიჭაბუკის მეგობარი და კარგი ადამიანია. ბაია დვალიშვილიც გადასარევი ადამიანია, მისი მშობლები ძალიან მიყვარდა. ლიკუნა ევგენიძეც ძალიან მიყვარს, სულ პატარა მახსოვს, ერთხელ ბავშვობაში ბიორკის პლაკატი ჩამოვუტანე ლონდონიდან. აი, ბიორკი მაინც ჩამოიყვანონ... ახლახან ბაქოში ჰქონდა კონცერტი, რა უნდა ბაქოდან ადამიანის აქ ჩამოყვანას. სტამბოლში მიკ ჯაგერს, დავიდ გილმორს, "რედიოჰედს" ყოველ წელს აქვთ კონცერტები და სტამბოლის ტურს მაინც მივებათ ხოლმე.
- რატომ არ ეუბნებით ამას ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, ვისთანაც დღემდე გაქვთ ურთიერთობა?
- სამწუხაროდ, არავისთან არ მაქვს ურთიერთობა, ვისაც ადრე ვიცნობდი, რადგან მათ ჩემთვის არ სცალიათ, ან ისე მიყურებენ, როგორც მტერს...
- ხშირად ახსენებენ, რომ ნუგზარ წიკლაური თქვენი კურსელი იყო.
- დიახ, მაგრამ არა მგონია, ნუგზარ წიკლაური ვინმეს ჩამოყვანას წყვეტდეს, ის სულ სხვა ფუნქციას ასრულებს ხელისუფლებაში. თანაც, როგორც მახსოვს, ჩემგან განსხვავებით მას როკი არ უყვარს, თუმცა კლასიკური მუსიკა ჩემსავით უყვარს და სხვათა შორის, ჩელოზე უკრავდა სიჭაბუკეში. სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამიტომაც მიკვირს მისი არჩევანი - ჩელოზე რომ ვუკრავდე, ნამდვილად არასოდეს აღმოვჩნდებოდი ხელისუფლებაში. თუმცა ეს მისი არჩევანია და ნებისმიერ ადამიანს აქვს ნებისმიერი არჩევანის უფლება.
რაც შეეხება დანარჩენებს, ვისაც ახალგაზრდობაში ვიცნობდი და ახლა ხელისუფლებაში არიან, მათ ფიზიკურადაც ვერსად შევხვდები, რადგან მე ქუჩებში ისევ ფეხით დავდივარ და მათი მანქანებიდან ჩემნაირი ქვეითების შემჩნევა ძალიან ძნელია.
- დათო, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პოლიტიკური სიმპათიები არასოდეს არც ერთი პარტიის მიმართ არ დაგიფიქსირებიათ, მაინც მთავრობის მოწინააღმდეგედ ითვლებით.
- ამ მთავრობის კი არა, ნებისმიერი მთავრობის მიმართ კრიტიკულად ვიქნები განწყობილი, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა. ის ქვეყანა კი, სადაც თავისუფალი ადამიანები ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არ არიან განწყობილნი, ვერასოდეს განვითარდება.
- ამის გამო თავი მარტო არასოდეს გიგრძნიათ?
- როგორ არა, სულ მარტო ვგრძნობ თავს, უმცირესობაში და არასოდეს ვიქნები უმრავლესობაში. სხვათა შორის, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს ვეზიზღები (ალბათ ყველას არა), ისე ოპოზიციის ბევრ წევრს, რადგან ტყუილის თქმა არ შემიძლია და ოპოზიციასაც ისევე ვაკრიტიკებ, როცა რამე არ მომწონს, როგორც ხელისუფლებას. კონიუნქტურა მძულს, მაგრამ აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ყველა იმ პრობლემაზე, რაც საქართველოშია, უპირველესად მაინც ხელისუფლებაა პასუხისმგებელი.
- როგორ ახერხებთ ასეთ პოლიტიზებულ ქვეყანაში ამ შუალედის შენარჩუნებას?
- ვერასოდეს გავხდები პარტიის წევრი, როგორი კარგი პარტიაც უნდა იყოს, თუმცა ასეთი რამ არსად არ არსებობს, მაინც იზღუდები. ერთხელ დავიბადე და ამ თავისუფლებას ვერაფერზე გავცვლი.
- ახლახანს პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა. მის გვერდით თქვენი ორი მეგობარია, ბასა ჯანიკაშვილი და რატი ამაღლობელი. თქვენ თუ მიგიწვიეს მრჩეველთა საბჭოში?
- ზოგადი შემოთავაზება მეც მქონდა, მაგრამ კონკრეტულად არ უთქვამთ, ჩემგან რა უნდოდათ. მხარდაჭერის შემოთავაზება ნამდვილად მქონდა. ის წლების განმავლობაში უამრავ ადამიანს აფინანსებდა, რომლებსაც სხვა შემოსავალი არ გააჩნდათ და შიმშილისგან იხსნა. სიმართლე გითხრათ, ვთვლი, რომ დავით სარაჯიშვილის მერე ბიძინა ივანიშვილისნაირი მეცენატი საქართველოს ნამდვილად არ ჰყოლია. თვითონ გადაწყვიტა, რომ ამაზე უარი თქვას და პოლიტიკაში წავიდეს. ეს მისი არჩევანია და არ მგონია, რომ ამ ადამიანმა შეიძლება პოლიტიკაში უფრო მეტი გააკეთოს, ვიდრე მანამდე აკეთებდა. ერთი პერიოდი სახელისუფლებო არხებზე სიები გამოქვეყნდა, ვისაც აფინანსებდა, ესეც მისი არჩევანია, ვისაც უნდა, იმას დააფინანსებს. იმ სიაში ისეთი ხალხიც მოხვდნენ, რომლებსაც ივანიშვილი, როგორც კულტურის მოღვაწეს აფინანსებდა და ჩემთვის ზოგიერთი მათგანი ჩვეულებრივი მაჯლაჯუნაა და პირიქით, კულტურის მტერი მგონია, მაგრამ ეს მისი ფულია და თავად უნდა გადაწყვიტოს. ყველას არჩევანს პატივს ვცემ, მაგრამ მე მის ადგილას ასე არ მოვიქცეოდი. პოლიტიკაში რას გააკეთებს, არ ვიცი.
- რამდენად გამართლებულია თქვენი კოლეგების ნაბიჯი, ბევრი ამბობს, რომ ისინი პოლიტიკისთვის ეცოდებათ...
- ბიძინა ეცოდებათ თუ ბასა (იღიმება). წარმოიდგინეთ, მრჩეველთა საბჭოში მეც რომ მივეწვიე, ბიძინა ივანიშვილს ექვსი მილიარდი აქვს და რატის და ბასას ერთად ექვსი ლარი, რა უნდა ვურჩიო ბიძინას, არ ვიცი. როგორც გითხარით, ყველას არჩევანს პატივს ვცემ და მით უმეტეს ჩემი მეგობრების. მე მათ არ ვეკამათები, რატომ წავიდნენ ბიძინა ივანიშვილთან. მათ ჩათვალეს, რომ ეს არის გზა, რომელიც საქართველოს უკეთესობისკენ შეცვლის, ესეც მათი არჩევანია.
- რადიო "უცნობში" გადაცემა "ძველი და ახალი წიგნები" მიგყავდათ, თუმცა დღეს ეს გადაცემა აღარ არსებობს...
- ძალიან მიყვარდა და ახლაც მინდა, ისევ დავუბრუნდე რადიოს. რადიო "უცნობი" ისეთ მდგომარეობაში ჩააყენეს, რომ უფასო რეკლამაც კი არავის მიაქვს.
- ერთხელ ზაზა ხუციშვილმა ინტერვიუს დროს მითხრა, როდესაც "უცნობში" გადაცემა "მონკავშირი" მიჰყავდა, დამკვეთები რეკლამის განთავსებისგან თავს იკავებდნენ.
- შეიძლება, პირდაპირ არავინ ეუბნება მათ, რომ რეკლამა არ მიიტანონ რადიო "უცნობში", მაგრამ იციან, რომ მერე პრობლემები შეექმნებათ ამის გამო და თავს იკავებენ.
- დასასრულ, თქვენს შემოქმედებაზე გკითხავთ, რა სიახლეები გაქვთ?
- ჩემი ახალი წიგნი "მე რომ ფეხბურთელი ვიყო" უკვე ერთი თვეა გამოიცა და ორშაბათიდან წიგნის მაღაზიებშიც გაიყიდება. ბუნებრივია, მარტო ფეხბურთზე არ არის. ასევე ვწერ სცენარს ფილმისთვის და პიესას "დოდოს მოლოდინში". ახალ რომანზეც ვმუშაობ. სულ ვწერ, რა ვქნა აბა...
- ქართველი მწერლებიდან ყველაზე მეტად თქვენი წიგნები იყიდება...
- მიხარია, რომ "ჰარი პოტერსაც" გავასწარი, წიგნს, რომელიც ყველა ქვეყანაში პირველ ადგილზეა. რა ვქნა აბა, სამი შვილი როგორ ვარჩინო.
- დათო, როგორც იცით, "ჯინსების თაობის" გადაღებას აპირებენ. მის სცენარს თქვენ ხომ არ წერთ?
- არა, სცენარის ავტორი ტომას დანია, რომელიც ჩემი წიგნის მიხედვით წერს ფილმის სცენარს და მომავალში შეიძლება მეც დავწერო. ვნახოთ, როგორ შეძლებს ამას ამერიკელი სცენარისტი. საერთოდ კი, ამ წიგნის მიხედვით ფილმის გადაღება სხვა, ერთ ცნობილ რეჟისორსაც უნდა, მაგრამ ჯერჯერობით წინასწარ ვერაფერს გეტყვით...
1348
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85