«გალიაში ცოლისძმებიც ზიან»

«გალიაში ცოლისძმებიც ზიან»


კრიმინალური პოლიციის უფროსის ცოლის, ნანუკა ჟორჟოლიანის ძმა დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის დაიჭირეს

ორიოდე თვის წინ ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში ლალი მოროშკინამ თაკო ფხაკაძეს ღირსების შეურაცხყოფა ვერ აპატია და «აჩანგლა». არა, ისეთი არავითარი ზიანი ფხაკაძის სილიკონებს არ მისდგომია, მაგრამ პატრული «იმედის» პარტიულ სტუდიაში ციმციმ გამოიძახეს და «საზოგადოებისთვის საშიშ» მოროშკინას საპატიმროში უკრეს თავი. მანაც ადმინისტრაციული პატიმრობა ისე მოიხადა, ერთიც არ დაუჩივლია; ეგ იყო ოღონდ, კოლეგა ჟურნალისტებს სთხოვა, მისი ვაჟების ღირსებასა და თავმოყვარეობაზე ეფიქრათ და ეს უსიამოვნო ინციდენტი კიდევ უფრო არ ეპიარებინათ. მაშინ ნანუკა ჟორჟოლიანმა თავი მოიქაჩლა, პატრული არ გამოგვიძახებიაო, თუმცა ფაქტი ჯიუტი იყო. «ძალიან ძნელი იყო, პოლიციისთვის დამერეკა და მეთქვა, ლალი მოროშკინა დათვრა, თაკო ფხაკაძე სცემა და მოდით, დაიჭირეთო. ჩემს გადაცემას არ ახასიათებს სტუდიიდან სტუმრების აყვანა. ვიცი, რომ ეს დანაშაულის დაფარვის მუხლით კვალიფიცირდება და, თუ ჩემი დაკითხვა გახდება საჭირო, ამისთვისაც მზად ვარ», _ «თავგანწირვით» აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

რამდენიმე წლით ადრე ნანუკა ჟორჟოლიანისთვის არავითარი პრობლემა არ იყო, სატელეფონო ზარის გამო სამი ახალგაზრდის დაპატიმრების ზეპირი ბრძანება გაეცა. მაშინდელი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი იგონებს: «ნანუკა ჟორჟოლიანს ვიღაცამ დაურეკა ღამის ორ საათზე და ამისთვის ერეკლე კოდუამ სამი უდანაშაულო ბიჭი დააჭერინა. მათ ჩაუდეს ნარკოტიკები, ბომბები, შეთხზეს მტკიცებულებები, თითქოს არსებობდა დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელმაც პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. ამის თაობაზე პოლიციელებმა მისცეს ცრუ ჩვენებები და ამ ბიჭებს შეუთხზეს 25-წლიანი მუხლები, მაგრამ როდესაც გაირკვა, რომ ეს ბიჭები საერთოდ არ იცნობდნენ ერთმანეთს, პირობითი სასჯელი მიუსაჯეს, 3-3 ათასი ლარი გადაახდევინეს და შინ გაუშვეს.

თუ ასეთი დამნაშავეები იყვნენ, მსუბუქი სასჯელი რატომ აკმარეს? ნანუკა ჟორჟოლიანისთვის რა უნდა მეკითხა, დაურეკეს თუ არა? მე წარმოვადგინე საკმარისი მტკიცებულებები, რომ მართლა დაურეკეს. არ მაინტერესებს, რა უთხრეს და რაზე ელაპარაკნენ. რაც უნდა ეთქვათ, ამის გამო ადამიანების დაჭერა არ შეიძლებოდა!

მეორე საქმე კი ასეთია: ერთ ბიჭს, გვარს არ დავასახელებ, სოდ-მა წაართვა მანქანა სრულიად უკანონოდ, ქალბატონი ნანუკა კი, როდესაც ნატოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი გახლდათ, ამ მანქანით დადიოდა. მაშინ ჟორჟოლიანი შემხვდა და მითხრა, ის ბიჭი ტყუის, მანქანები უბრალოდ ერთმანეთს ჰგავსო, თუმცა შემდეგ იმ ბიჭმა მომიტანა უტყუარი მტკიცებულება, რომ ეს მანქანა მართლაც თავისი იყო.

ვსვამ კითხვას, სოდ-ის მიერ ჩამორთმეული მანქანით რატომ უნდა დადიოდეს ნატოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი? ეს არ არის ნანუკას დანაშაული, ეს კოდუას პასუხისმგებლობის საქმეა. სხვათა შორის, იმ მანქანის პატრონმა მიიღო კომპენსაცია, რადგან დაამტკიცა, რომ ავტომობილი სრულიად უკანონოდ წაართვეს. ეს იყო კოდუას და მისი მეგობრების მიერ ჩადენილი ყაჩაღობა, ისინი პირდაპირ ნადირობდნენ ძვირადღირებულ მანქანებზე. სხვათა შორის, ჩვენს ოფისს შესწავლილი აქვს ერთი საქმე, რომელსაც ბაჩო ახალაიაც სწავლობდა. ამ საქმის მიხედვით, კოდუამ მისი ერთი თანამშრომელი წაიყვანა ტყეში საქმის გასარჩევად, სადაც იარაღით ემუქრებოდა, მეტიც, ესროლა კიდეც, ბიჭი შემთხვევით გადარჩა».

თუმცა ეს იყო მაშინ, ახლა კი ნანუკა ჟორჟოლიანი კეთილშობილი მატრონას მანტიას (თუ ტოგას) ირგებს და ამიტომაც იკავებს თავს სამართალდამცავებთან ფორმალურ კონტაქტზე. სიტყვა «ფორმალური», სააკაშვილის ფანი ტელევიზიების წყალობით ერთობ პოპულარული გახდა ბოლო დღეებში. მას ხან «ვითომ-ვითომ»-ს მნიშვნელობით თარგმნიან (ანუ სააკაშვილს ობამამ უთხრა, ხელისუფლება «ვითომ-ვითომ» გადაეციო), ხანაც «ოფიციალურის» მნიშვნელობით (ოპოზიცია იმას «აწვება», რომ ობამამ ხელსუფლების ოფიციალურად დათმობისკენ მოუწოდა სააკაშვილს).

ასეა თუ ისე, ნანუკა ჟორჟოლიანი სამართალდამცავებთან ფორმალურადაც «შეკრულია» და ოფიციალურადაც; მისი მეორე ნახევარი ხომ კრიმინალური პოლიციის უფროსი ერეკლე კოდუა გახლავთ. ის ერეკლე კოდუა, რომელმაც ბადრი პატარკაციშვილთან საკუთარი დიალოგი ოთახში კი «ჩაწერა», მაგრამ აივანზე ეს ვერ მოახერხა და ზეპირსიტყვიერად მისცა ჩვენება, რომ პატარკაციშვილი პოლიციის მაღალჩინოსნების მოკვლაზე ეთათბირებოდა. მაგრამ ამ ყოველივეს ხელი არ შეუშლია კოდუასთვის, «წესრიგისა და კანონიერებისათვის» კვლავაც ძველებურად ემსახურა.

ხელი ვერც იმან შეუშალა, რომ 2010 წლის აპრილში, შს სამინისტროს ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილების თანამშრომლებმა მისი ტელემეუღლის, ნანუკა ჟორჟოლიანის ძმა – მიხეილ ჟორჟოლიანი პოლიციისთვის ჯგუფური წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით (353-ე მუხლის მეორე ნაწილი) დააკავეს, წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს და შემდეგ გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თან ისე, რომ სასამართლო დღემდე არ გამართულა. მაშინ მიხეილ ჟორჟოლიანის გაშვების ფორმალურ (თუ ოფიციალურ?) მიზეზად მისი მეუღლის ფეხმძიმობა დასახელდა. ვისაც არ გჯერათ, რომ თანამედროვე ქართული სასამართლო ასეთი ჰუმანურია, გაიხსენეთ, როგორ ადამიანურად მიუდგა იგი სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს! თუმცა მიხეილ ჟორჟოლიანის შემთხვევაში ქართულმა სასამართლომ საკუთარ ჰუმანიზმს გადააჭარბა, რადგან იგი, მწვადებითა და «სვაბოდაზე» თავისუფალი პაემნებით კი არა, ფეხმძიმე მეუღლის უშუალო მეთვალყურეობით დააჯილდოვა!

არავინ იცის, ერეკლე კოდუაც რომ დაეჭირათ და ცოლისა და ოთხი შვილის პატრონობა სასამართლოს ძალით მიესაჯათ, შესაძლოა, ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო. თავად ნანუკაც არ მალავს: «ირაკლი ჩემგან ძალიან ბევრჯერ წავიდა თავის ცოლთან, ოჯახის შესანარჩუნებლად. ალბათ, თორმეტჯერ მაინც მოხდა ასეთი რამ. მე კი ამ დროს არც ერთხელ არ დამირეკავს და არ მითქვამს, ჩემთან დაბრუნდი-მეთქი. ამის არანაირი უფლება არ მქონდა... მე ირაკლის ოჯახში პროვოცირების მიზეზი გავხდი და მოვლენები დავაჩქარე. მაგალითად, ახლა თამამად ვიტყვი, რომ ვერავინ ვერ დამინგრევს ოჯახს, რადგან ვისთანაც ვცხოვრობ, ის ადამიანი ძალიან მიყვარს და იგივე მუხტია მეორე მხარესაც».

კარგია, როცა მუხტი გაქვს, თან – ორივე მხრიდან, მაგრამ თავისი მუხტები მიხეილ ჟორჟოლიანსაც აღმოაჩნდა და ერთხელ ფეხმძიმე ცოლის ხათრით გაშვებული, მეორედაც შარში გაეხვა: რამდენიმე დღის წინ კოდუას ცოლისძმა ამჯერად მცხეთაში დააკავეს, მასთან ერთად კი «სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის» დირექტორის, დავით ზუბიტაშვილის (შევარდნაძის დროს _ ენერგეტიკის მინისტრი) შვილი, ნიკა ზუბიტაშვილიც დააპატიმრეს. მათ ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა.

დის და სიძის გულის გასახეთქად, მიხეილ ჟორჟოლიანი 2010 წელსაც შევარდნაძის დროინდელ მაღალჩინოსანთა (მიშა იტყოდა – «მუმიების») შვილების კამპანიაში დააპატიმრეს: დავით ბენიძე (შევარდნაძის დროს გენერალური პროკურორის მოადგილის, ვენადი ბენიძის შვილი და ამავდროულად თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მეგობარი), ირაკლი ღლონტი (შევარდნაძის დროს საგადასახადო სამსახურის მაღალჩინოსნის, ავთო ღლონტის შვილი), კონსტანტინე ჩაჩავა (შევარდნაძის დროს თბილისის ვიცე-მერის, მალხაზ ჩაჩავას შვილი) და ვლადიმერ დოლიძე.

სხვათა შორის, ეს ის ვლადიმერ დოლიძეა, რომელიც მამასთან ერთად ბახმაროში გამართული დოღის დროს, ხულიგნობის ბრალდებით დააპატიმრეს. მამა ევროსასამართლოში სარჩელის შეტანის შედეგად გათავისუფლდა, ხოლო შვილი 2010-ში მეორედ დაიჭირეს და დღემდე საპატიმროშია. დოლიძის გარდა, ყველა დაკავებულმა საპატიმრო გირაოს სანაცვლოდ დატოვა, მამა-შვილი დოლიძეების სასამართლო კი დღემდე არ გამართულა და სტრასბურგის იმედზე არიან.

რას ემართლება «ნაციონალების» ერთგული მედია ბიძინა ივანიშვილს, როცა მის «ქართულ ოცნებაში» ერთად იმდენი «შევარდნაძის სახე» არასოდეს ყოფილა, რამდენიც ერეკლე კოდუას ცოლისძმის ერთ სისხლის სამართლის საქმეში? ძალიან, ძალიან ანერვიულებს მიშა (სააკაშვილი არა _ ჟორჟოლიანი!) დასაც და სიძესაც, მაგრამ სისხლი და ხორცია და რას იზამენ? ამ ინციდენტის შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანმა ფაცებოოკ-ზე ასეთი სტატუსი დადო: «იმიტომ რომ ბევრი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა იძულებული გავხდი გამეკეთებინა განმარტება ჩემთვის ძალიან მტკივნეულ თემაზე!!! ჩემი ძმა, ოთხ ადამიანთან ერთად დააკავეს მარიხუანის (პლანის) უკანონო შეძენა, შენახვა მოხმარების ბრალდებით. დაკავება მცხეთაში მოხდა. სამ პიროვნებას არ ვიცნობ. ერთი ჩემი ძმის მეგობარია. ექსპერტიზის შედეგად, ყველა მათგანს ანალიზში აღმოაჩნდა მხოლოდ მარიხუანა (პლანის) მოქმედება. ჩხრეკის დროს ჩემს ძმას მარიხუანა თან არ ჰქონია. აღნიშნული ნივთიერება იყო ავტომანქნაში, რომელშიც ისინი ისხდნენ. შესაბამისად იმიტომ რომ კანონით მარიხუანის შეძენა შენახვა ისჯება, პასუხისმგებლობა გადანაწილდა ყველაზე. ყველას მიუსაჯეს წინასწარი პატიმრობა და გადაყვანილები არიან გლდანის ციხეში. ჩემი «არტილერიის» მოყვარულებს კიდევ სასიხარულო ამბავი გაცნობეთ, მეგობრებს და გულშემატკივრებს კი სამწუხარო. იმედია ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდეთ. ეს არის ჩემი ბოლო კომენტარი ამ თემაზე. წარმატებებს გისურვებთ ყველას!» (სტილი დაცულია!)

ამ ამბავმა ისე დაუთუთქა გული ერეკლე დეისაძეს, რომ იგი იქვე გამოეპასუხა ნანუკას: «იქნებ ეღირსოს ამ ქვეყანას ლეგალიზაცია! უსინდისობაა, პლანის გამო რომ გიჭერენ». ვინმე მაია დვალაძე კი კიდევ უფრო აფორიაქდა: «ნანუ, ძალიან მეწყინა, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მალე მოგვარდება და მიშკას (სააკაშვილს არა – ჟორჟოლიანს! – თ.დ.) გამოუშვებენ, არ არის მიშკა დასაჭერი კაცი, სხვა ვერ ნახეს ვერავინ??? მკვლელებით და ნაძირლებით არის სავსე ქვეყანა»...

სხვა როგორ ვერ ნახეს – 100 ათას სულ მოსახლეზე პატიმრებით მსოფლიო ჩემპიონები ვართ, მაგრამ ნანუკას «ტუსოვკამ», როგორც ჩანს, სხვა მკვლელების შესახებაც იცის და ჰკითხოს ვინმემ! თუმცა მაგათ სხვაგვარი ანგარიშსწორება იციან და, შესაძლოა, ჩვენ სულ არ გაგვაგებინონ არაფერი, მაგრამ ბოლოს არც ეს იმალება ხოლმე, როგორც ეს ნანუკას მამის შემთხვევაში მოხდა 2009 წელს. მაშინ ზურაბ ჟორჟოლიანმა ხმამაღლა განაცხადა: «სილა ხელწაღმა და ხელუკუღმა გავაწანი. 7 მარტს გუდაურში ხაბეიშვილის სახელობის შეჯიბრება ტარდებოდა, სადაც შვილიშვილთან, მარიამთან ერთად ვიმყოფებოდი. მოვიდა კიწმარიშვილი. მე ვთხოვე აეხსნა, რას ნიშნავდა მისი ბოლოდროინდელი განცხადებები, მისგან ცინიკური და შეურაცხმყოფელი განცხადებები მივიღე. ამის შემდეგ მოვიქეცი ისე, როგორც ყველა თქვენთაგანი მოიქცეოდა, რომელსაც ღირსება აქვს. თქვენ შეაფასეთ, რამდენად იყო ეს კონფლიქტი პოლიტიკური».

აბა, სად პოლიტიკა და სად კიწმარიშვილი? მით უფრო, სად პოლიტიკა და სად ერეკლე და ნანუკა? ერთადერთი, რაც მათ აერთიანებთ, სიტყვა «ღირსების» ხშირი და უადგილო ხმარებაა. «თუ ეროსი კიწმარიშვილი კვლავ გააგრძელებს ჩემი ოჯახის ღირსების შელახვას, ისე მოვიქცევი, როგორც მოვიქეცი გუდაურში, _ ასეთი განცხადება გააკეთა ნანუკა ჟორჟოლიანის მამამ. მამას ტოლს არც ნანუკა უდებს და საკუთარ პატარას გულში ჩამწვდომად უმღერის:

შენი თბილი გულისცემა მესმის ასე რომ გამახარა,

ეს ცხოვრება მიჩუქნია შენთვის, ჩემო პატარა.

აგისრულდეს, რაც გისურვე, მალე გაიზრდები,

შეუმჩნევლად გაივლიან წლები, ამ სიხარულს დაგიბრუნებ,

შენ თავს გეფიცები. მიყვარხარ, შენ გიმღერი!

(იხ. http://www.geolyrics.com/7466)

«ეს ცხოვრება მიჩუქნია შენთვის,» _ ამ სიტყვებს ვეღარც სანდრო გირგვლიანი ეტყვის შვილს და ვერც ირინა ენუქიძე _ დაუბადებელ შვილიშვილს. ჯვარი სწერიათ ერეკლეს ოთხივე შვილს და ნანუკასთან საერთო პატარას, რომელსაც იგი ამ სიმღერას უძღვნის. აკი «შვილები მამების (თუგინდ დედების) ცოდვებზე პასუხს არ აგებენ». უბრალოდ, სხვასაც რომ აქვს ღირსება და საკუთარი შვილები შენსავით სტკივა, არ უნდა დაივიწყო!


P.S. ზურაბ ჟორჟოლიანის გასაგონად: არც გუდაურში ვაპირებ თხილამურებზე თქვენთან ერთად სრიალს და არც «კოპალაში» _ ღირსებაზე ლაპარაკს, მაგრამ იმდენი მაინც ქენით, რომ ეს თქვენი თავგადასავლები საქართველოს სერიალივით არ აყურებინოთ!