ხონის

ხონის "ნაციონალური ობშიაკი"... "მსოფლიო მასშტაბითაც ასეა, არათუ ხონში და საქართველოში..."


"რამდენიმე დღის წინ "პრესაჯი.ტვ" იმის შესახებ წერდა, რომ ხონში "ნაციონალების" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, პარლამენტარ აკაკი ბობოხიძის ძმა ლევან ბობოხიძე, რამდენიმე თავისი ხელქვეითის მეშვეობით როგორ იღებს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებისგან ყოველთვე ხელფასის 15-20%-ს და შემდეგ ეს თანხა როგორ ნაწილდება პარტიული საქმიანობისთვის. სტატიაში ისიც იყო ნათქვამი, რომ ეს ის ფულია, რომელსაც საბიუჯეტო სტრუქტურაში დასაქმებულებს იძულებით ახდევინებენ. თუ არადა, მათ სამსახურის დატოვება მოუწევთ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ხონის "ნაციონალური ობშიაკი" და "კარგი, ჯანსაღი ულტიმატუმი" / პარტიის ადგილობრივი ბოსი აღიარებს, რომ საბიუჯეტო მოსამსახურეებს პარტიულ სალაროში ფულს ახდევინებენ.

"სტატიაში ისიც იყო ნათქვამი, რომ ხელისუფლებას ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ სურს და ნაციონალების გენმდივანი საერთოდ "სისულელეს" უწოდებს ამ ფაქტს. ამის შემდეგ კი "პრესაჯი.ტვ"-მ გამოაქვეყნა ლევან ბობოხიძის ინტერვიუ, რომელიც მან ადგილობრივ გაზეთს მისცა, სადაც პირდაპირ აღიარებს, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთანაგან ფულის შეგროვება ნამდვილად მისი მითითებით ხდება და იმასაც აღნიშნავს, რომ ასე თუ არ მოხდება, მათ სამსახურის დატოვება მოუწევთ. რაც მთავარია, იგი ამაში ვერც კანონდარღვევას ხედავს და უკვირს, ადამიანი სამსახურს რომ იშოვის, ხელფასის ნაწილის გადახდაზე უარი როგორ უნდა თქვას. ეს ინტერვიუ ხონის ადგილობრივ გაზეთ "თაობის" 2008 წლის 26 თებერვლის ნომერშია გამოქვეყნებული და "პრესაჯი.ტვ"-ს გამოქვეყნებული ჰქონდა ამ ინტერვიუს მხოლოდ ნაწილი. "რეზონანსი" ამ ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ (სტილი დაცულია)", - აღნიშნავს გამოცემა. 

"პარტია არის ერთი გუნდი, საძმო, სამეგობრო დავარქვათ. ეს ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან დღეს და პარტიის საძმოში დებენ გარკვეულ თანხას, არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები. შეიძლება მანდატი არ უდევთ ჯიბეში, მაგრამ ჩვენს გვერდით მდგომი ხალხია და თანხის ეს დადება თავად ამ ხალხს არ აწუხებს. ელემენტარული რამაა, შემცირების ფონზე, სამსახურში დარჩენილ ადამიანს უღირს იმ რაღაც თანხის გადახდა. თუ სად მიდის ეს ფული, რომელიც ჩემი ფულია, რადგან საკუთარი ხელფასიდანაც არის მასში წილი, დაინტერესბულ პირს შეუძლია გადაამოწმოს. რეგულარულად ვეხმარებით ხუთშვილიან ოჯახებს, ასევე ხელმოკლე ოჯახებს. ყველას ვერ დავეხმარებით, რა თქმა უნდა... ჩვენი ვალია შემცირებაში მოყოლილ ჩვენს თანაგუნდელებზე ვიზრუნოთ, დავეხმაროთ. ეს პარტიის ბიუჯეტი კი არა, ჩვენი ბიუჯეტია, რომელიც ნდობის ფაქტორზეა დამყარებული და ჩვენს შორის გამჭვირვალეა. თანხის გადახდა ნებაყოფლობითია, თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ თუ შემცირების საკითხი დადგება, ეს პირველ რიგში შეეხება სწორედ იმას, ვინც ამ საერთო საქმეში გვერდით არ გვედგა. ამიტომ შეიძლება მთლად ნებაყოფლობითი არ იყოს. ეს კარგი, ჯანსაღი ულტიმატუმია," - ნათქვამია ინტერვიუს იმ ნაწილში, სადაც ლევან ბობოხიძე, ფულის "შეწერვის" თემაზე საუბრობს", - დასძენს გამოცემა.

"მანამდე კი საინტერესო პასაჟიცაა, სადაც კარგად ჩანს ნაციონალების პოლიტიკა - შეკითხვაზე: გაჩნდა აზრი რომ ხონში და ზოგადად ქვეყანაში სამსახურებრივი, თანამდებობრივი წარმატებისთვის საჭიროა მინიმუმ ნაციონალი იყო, - ლევან ბობოხიძე პასუხობს: მსოფლიო მასშტაბითაც ასეა, არათუ ხონში და საქართველოში. სხვაგვარად არ შეიძლება. ადამიანები მმართველობით სტრუქტურაში კარიერას პირველ რიგში აკეთებენ პარტიით და არა დავუშვათ ნიჭითა და შესაძლებლობით. შემცირებები ხდება, როგორც გითხარით და ხმამაღლა ვაცხადებ, რომ შემცირების დროს გვერდი აევლება იმას, ვისაც პარტიის წინაშე აქვს დამსახურება. რეალურად, დღეს საქართველოში ისეთი სიტუაციაა, იძულებული ვხდები ვიმოქმედო ისე, როგორც ნებისმიერი პარტიის თავმჯდომარე იმოქმედებდა. ჩემს ადგილზე სხვა როგორ მოიქცეოდა?! ყურადღება ექცევა ნაციონალური პარტიის წევრებს და იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ მოგვიყვანა ხელისუფლებაში". "საინტერესო კი ის არის, რომ ნაციონალები კომენტარს არც ამ მასალის გამოქვეყნების შემდეგ აკეთებენ" - წერს სტატიის ავტორი.

"სიმართლე რომ გითხრათ, რაც მე აქ წავიკითხე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და თვალებს არ ვუჯერებდი. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ადამიანი ამას ამბობდეს და მერე იძახდეს, თურმე არის საფრთხე, რომ ოპოზიცია ე.წ შავი ფულით დაფინანსდეს. მე ვეთანხმები იმ გამოხმაურებებს, რაც ამ სტატიას ამ ვებგვერდზე მოჰყვა. ეს ნამდვილად არის "ქურდული ობშიაკი", რომელიც ეტყობა, ნაციონალების საბრძოლო არსენალიდან არც არასდროს გამქრალა. ეს ადამიანი პირდაპირ ამბობს, რომ თუ არ გადმოგვირიცხავთ ამ ათ თუ ოც ლარს, პირდაპირ მოყვებით შემცირებაში. ეტყობა, ხონის რაიონში ადამიანმა თავი რომ გამოისყიდოს ნაცმოძრაობის "ტყვეობიდან" და ესეც, რა თქმა უნდა, გადატანითი მნიშვნელობით, "ხარკი" უნდა იხადოს ნაციონალების შავ სალაროში", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი, დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი.

"მე ვიცოდი, რომ "საძმოები" თავისი "ობშიაკის" ფულითა და "ომშიაკის მაყურებლებით" წარსულს ჩაბარდა და ეს კაცი პირდაპირ ამბობს, ამ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთო და რა ვქნათ? ვფიქრობ, რომ ხონში გავრცელებული ადამიანების წეწვა-გლეჯვის მეთოდი აპრობირებული იქნება ყველა რაიონში... ამ საკითხით პროკურატურაც და კონტროლის პალატაც ამ ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე უნდა დაინტერესებულიყვნენ - ამიტომ მე უახლოეს დღეებში მივმართავ სადეპუტატო შეკითხვით და გამცენ პასუხი", - დასძენს გიორგი ცაგარეიშვილი.