"ყველა სიახლის" მასალების მიხედვით
"პრეზიდენტ სააკაშვილისადმი ჩვენი დამოკიდებულების მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ეს ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო. ნამდვილად მისასალმებელია, რომ, ბოლოს და ბოლოს, ეს შეხვედრა გაიმართა, მით უფრო, რომ პრეზიდენტებმა ისაუბრეს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, მათ შორის, დემოკრატიის განვითარების აუცილებლობაზე, რისთვისაც საჭიროა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და ხელისუფლების სრულფასოვანი ცვლილება, რაც საჯაროდ თქვა ობამამ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პრეზიდენტებმა ისაუბრეს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე და ასევე, ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესაძლებლობაზე. კამერებს მიღმა კი ამ საკითხებზე პრეზიდენტებმა უფრო დეტალურად ისაუბრეს", - აცხადებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "რამდენიც უნდა იხტუნაონ, უკვე ცხადია, რომ ყალიბდება ორი ცენტრი" / "ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უღირსი, ჭორიკნული და არაკაცური საუბარი არასოდეს ყოფილა".
"ვვარაუდობ, რომ, როგორც პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრისას, ასევე სხვა შეხვედრებზე, უფრო დეტალურად იყო ლაპარაკი ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის დეფიციტზე, მედიის თავისუფლების საკითხებსა და იმ ზეწოლაზე, რომელსაც ოპოზიციური ძალები განიცდიან როგორც "ნაციონალური მოძრაობის", ასევე სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან. სააკაშვილს მიანიშნეს, რომ ამგვარ არაჯანსაღ გარემოში ჩატარებული არჩევნები სამართლიანად ვერ ჩაითვლება. ჩემი აზრით, ეს შეხვედრები კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო ამერიკისთვის კვლავაც რჩება სტრატეგიულ პარტნიორად და რომ ჩვენს ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი, რეგიონში დემოკრატიული ტრანსფორმაციის მაგალითი გახდეს. სააკაშვილი კი წარსულის პოლიტიკოსია, რასაც უკვე ყველა შეეგუა, მათ შორის, ოფიციალური ვაშინგტონიც", აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალასანია.
"ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები მხარს უჭერენ ქართული სახელმწიფოს მშენებლობას და გაძლიერებას, ასევე, ჩვენი საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებას. უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში ქვეყანაში მართლაც ბევრი რამ გაკეთდა, მაგალითად, ენერგოუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები, რასაც ჩვენც ვაღიარებთ. სწორედ ამას გაუსვა ხაზი ბარაქ ობამამ, მით უფრო, რომ ასეთ შეხვედრებზე ხარვეზებზე არ ლაპარაკობენ ხოლმე. ახლა ჩვენი ვალია, მიღწეული შევინარჩუნოთ, განვავითაროთ და გავაკეთოთ ისიც, რაც ამ ხელისუფლებამ ვერ გააკეთა, მეტიც, რაშიც სააკაშვილმა სრული კრახი განიცადა. ვგულისხმობ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, მოლაპარაკებებს აფხაზებთან და ოსებთან. სააკაშვილი საზოგადოებას ჰპირდებოდა დაკარგული ტერიტორიების შემოერთებას და საქართველოს ნატოში შემოყვანას, არადა, ამ საკითხებში უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა ქვეყანას. მომავალმა ხელისუფლებამ სწორედ ის უნდა შეძლოს, რაც სააკაშვილის ხელისუფლებამ ვერ გააკეთა", - მიიჩნევს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი.
"უკვე გადაწყვეტილია, რომ ჩვენს კოალიციას შემოუერთდება "ეროვნული ფორუმი". რაც შეეხება კონსულტაციების ხანგრძლივობას, უბრალოდ, ბევრი საკითხი იყო მოსაგვარებელი, არც ვაჩქარებდით და არც ვაყოვნებდით მოლაპარაკების პროცესს, ყველაფერი თავისთავად, ბუნებრივად განვითარდა. ვფიქრობთ, "ფორუმის" სახით მნიშვნელოვანი ძალა შემოგვემატა... მესამე პოლიტიკური ცენტრი რომც ჩამოყალიბდეს, ის ჩვენი კონკურენტი ვერ იქნება. რამდენიც უნდა იხტუნაონ, უკვე ცხადია, რომ ყალიბდება ორი ცენტრი: ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილის გარშემო შექმნილი კოალიცია. შუაში დარჩენილი "ნაცმოძრაობის" გაგრძელებები და ის პატარა პარტიები, რომლებსაც არც იდეოლოგია აქვთ, არც მხარდამჭერები ჰყავთ და მხოლოდ საკუთარი თავისგან დესტრუქციული ძალის ჩამოყალიბებით მანიპულირებენ, თითქმის უკვე დაიკარგნენ ამ სივრცეში", - დასძენს რესპონდენტი.
"ნინო ბურჯანაძის საკითხი საერთოდ არ დასმულა და ამაზე არავის ულაპარაკია კოალიციაში. პირადად ჩემი და ქალბატონი ნინოს შეხედულებები ადრეულ ეტაპზე გაიყო. ჩემთვის სრულიად მიუღებელი იყო საზოგადოების პოლარიზაციის გაგრძელება და ხელისუფლების შეცვლა ნებისმიერი ფორმით, ლამის ქვეყნის სამოქალაქო ომამდე მიყვანის დაშვებითაც კი. ადრე ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს ნორმალური არჩევნებით, შესაბამისად, მე და ნინო ბურჯანაძე ერთი გზით ვერ ვივლიდით. გარდა ამისა, ჩემთვის მიუღებელი იყო ისიც, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერი, რომელსაც საზოგადოების მანდატი არ ჰქონდა, ჩავიდა და მოლაპარაკებებს აწარმოებდა მოწინააღმდეგე, მეტიც, სამხედრო მოწინააღმდეგე ქვეყნის ლიდერთან. ეს რომ შედეგს ვერ მოიტანდა, მაშინვე განვაცხადე" - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "თქვენ და რესპუბლიკელები დაგადანაშაულეს, რომ ერეოდით ბიძინა ივანიშვილის პარტიის ჩამოყალიბების საკითხში და ბლოკავდით ამ პარტიაში გარკვეული ადამიანების გაწევრებას"... - პასუხობს:
"არც ბიძინა ივანიშვილია ის კაცი, თავის საქმეში ვინმე ჩარიოს და არც მე ვარ ის კაცი, ყურში რომ ვეჩურჩულებოდე ვინმეს. ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ასეთი უღირსი, ჭორიკნული და არაკაცური ლაპარაკი არასოდეს ყოფილა... დიახ მაჟორიტარულ ოლქებში დეპუტატობის კანდიდატების შეთანხმების საკითხი ერთობლივად შევიმუშავეთ. იმისთვის, რომ ხმები არ გაიყოს, თუ მივიჩნევთ, რომ სხვას ჩვენზე უკეთესი და იმ რეგიონისთვის უფრო მისაღები კანდიდატურა ჰყავს, მზად ვართ, ამ კანდიდატურას დავუჭიროთ მხარი. მეც ვიზიარებ, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ბატონი ბიძინა ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს. მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება არ მიიღებს გაყალბებულ არჩევნებს. ყველაფერს აქვს საზღვარი. საზოგადოებაში ვხედავ რწმენას, რომ ცხვრებივით აღარ გავყვეთ პოლიტიკურ ხელისუფლებაში მყოფ ძალას... ვიმედოვნებ, რომ არჩევნები ჩატარდება სამართლიანად, სხვა შემთხვევაში ეს არჩევნები ლეგიტიმურად არ ჩაითვლება. თუ დავაკვირდებით მსოფლიოში განვითარებულ პროცესებს, სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ტაქტიკურ ინტერესებზე მაღლა დადგა საზოგადოების ინტერესები. მუბარაქი ამერიკისთვის ახლო აღმოსავლეთში ყველაზე ახლო მოკავშირე იყო, მაგრამ როგორც კი მან თავისუფალ არჩევნებზე უარი თქვა და საზოგადოებამ ეს გააპროტესტა, მუბარაქი იზოლაციაში მოაქციეს -ანალოგიური რამ დაემართება ყველას, ვინც ქართველი საზოგადოების ინტერესს წინ აღუდგება!"
748
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85