ჯიმშერ რეხვიაშვილი, "თავისუფლება"
რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მხარდამჭერთა საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას კვლავ საქართველოსა და „სააკაშვილის რეჟიმის“ გამალებულ მილიტარიზაციაზე ილაპარაკა. რუსეთის ლიდერის თქმით, საქართველოსათვის შეიარაღების მიწოდება არ შეჩერებულა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც. მედვედევის თქმით, ამ გარემოების გათვალისწინებით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზები იმდენად გაძლიერდა, რომ მზად არიან თავდამსხმელს განუზომელი ზიანი მიაყენონ. რას უნდა ნიშნავდეს რუსეთის პრეზიდენტის ასეთი მუქარანარევი განცხადება და რა რეაქცია მოჰყვა მას საქართველოში?
დმიტრი მედვედევს მხარდამჭერთა საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე, სადაც რუსეთის პოლიტიკური ცხოვრების მოდერნაზაციის აქტუალურ საკითხებსა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გზებზე მსჯელობდნენ, ერთი შეკითხვა საქართველოსა და მისი შეიარაღებული ძალების გაძლიერების შესახებაც დაუსვეს. „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში შესვლის სანაცვლოდ, ხომ არ დათმო რუსეთმა პოზიცები?“ - ამ შეკითხვის პასუხად მედვედევმა განაცხადა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის საიმედო პარტნიორებად რჩებიან და რომ მისთვის ცნობილია საქართველოსათვის იარაღის მიყიდვის შესახებ:
„გვაქვს ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია და სხვა, მათ შორის, ჩვენი მეზობელი ქვეყნების მთავრობები განაგრძობენ სხვადასხვა სახის იარაღის მიწოდებას. ამიტომაც ჩვენ იძულებული ვიყავით გაგვეძლიერებინა სამხედრო ბაზები, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მდებარეობენ. დღეს ისინი ისეთ მდგომარეობაში არიან, რომ შეუძლიათ დაიცვან ამ ორი მცირე ქვეყნისა და, მაშასადამე, რუსეთის ინტერესები. იქ სამყოფი შეიარაღებაა იმისათვის, რომ ნებისმიერ თავდამსხმელს განუზომელი ზიანი მივაყენოთ. მათ ეს კარგად ესმით და ამას თავად შეშლილი სააკაშვილიც კი ხვდება.“
დმიტრი მედვედევის მტკიცებით, საქართველოსათვის იარაღის მიწოდება არ შეუწყვეტია ამერიკის შეერთებულ შტატებს. რუსეთის ხელისუფლება საგანგებოდ უსვამს ხაზს პრეზიდენტ სააკაშვილის უკანასკნელ ვიზიტს ამერიკაში და ბარაკ ობამასთან მის შეხვედრას, რომლის დროსაც საქართველოს უსაფრთხოების საკითხზე მსჯელობას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო, რასაც ამერიკაში საქართველოს ელჩი თემურ იაკობაშვილიც ადასტურებს, თუმცა შენიშნავს, რომ საუბარია უფრო მნიშვნელოვან საკითხზე, ვიდრე იარაღის მიწოდებაა.
„უსაფრთხოება არაა ისეთი მარტივი საკითხი, როგორიცაა იარაღის ყიდვა ან გადაცემა... იარაღის თემა არის ერთი შემადგენელი მასშტაბური თემისა! რა თქმა უნდა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდა გულისხმობს ძალიან ბევრ კომპონენტს: ეს არის წვრთნა, აღჭურვილობა, ლოჯისტიკა, განათლება, დოქტრინა და ა.შ.“, უთხრა რადიო თავისუფლებას თემურ იაკობაშვილმა.
რუსეთის პრეზიდენტის მუქარანარევ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა. პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძის თქმით, საქართველოში შეეჩვივნენ რუსეთიდან შემოთვლილ მუქარას:
„ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალური ინფორმირება მოვახდინოთ თანამეგობრობისა იმ მორიგი და აგრესიული რიტორიკის შესახებ, რომელიც მუდმივად ისმის მოსკოვიდან.“
მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული სამხედრო ბაზებით ტყუილად არ იმუქრება. ქართველი სამხედრო ექსპერტების თქმით, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში იმყოფება 7 ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურე, რომელთა განკარგულებაშია: ტე-90 ტიპის ტანკები, საარტილერიო დანადგარები, მი-24 და მი-8 ტიპის შვეულმფრენები, სუ-27 და სუ-25 ტიპის გამანადგურებელი და მოიერიშე თვთმფრინავები, სადარაჯო სასაზღვრო კატარღები, ეს-300 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსები, საზენიტო კომპლექსი “ტუნგუსკა”, „სმერჩის” ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და სხვ., თუმცა, ამგვარი მასშტაბური შეიარაღების მიუხედავად, სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე მიიჩნევს, რომ რუსეთის ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უფრო მეტად პოლიტიკური ზეწოლის საშუალებაა, ვიდრე ინტერვენციის გაღრმავებისათვის შემდგომი მზადება:
„ცოცხალი ძალა, რომელიც განთავსებულია ორივე რეგიონში, ანუ 7 ათასი კაცი, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები სწრაფად გატეხოს და მოახდინოს საქართველოს ოკუპაცია. შეიარაღება და ტექნიკა, რომელიც განლაგებულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ზეწოლის იარაღია, თუმცა, თუ საქართველო სწორი მიმართულებით განვითარდება და შეძლებს სამხედრო პოტენციალის ზრდას, ეს ტექნიკა და შეიარაღება არ იქნება საკმარისი საქართველოს სრული ოკუპაციისათვის“, უთხრა გიორგი თავდგირიძემ რადიო თავისუფლებას.
საქართველოს ხელისუფლებაში კი დარწმუნებულნი არიან, რომ დიმიტრი მედვედევმა აღნიშნული განცხადება რეიტინგის ამაღლების მიზნით გააკეთა. ასე ფიქრობს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გაბაშვილი, რომლის თქმითაც, რუსეთის ხელისუფლებისგან მუქარა და შანტაჟი აღარავის უკვირს.
761
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85