"ამიერიდან, დევნილებს ივანიშვილის სახელის ხსენებაც კი კატეგორიულად ეკრძალებათ. თუკი შემჩნეულები იქნებიან "ქართულ ოცნებასთან'' რაიმე კავშირში, ავტომატურად ჩამოერთმევათ ყველა შეღავათი, რითაც სარგებლობენ'', - აცხადებს "ვერსიასთან'' საუბარში წინააღმდეგობის მოძრაობა "იბერიას'' ლიდერი ვაჟა წიკლაური. "ვერსიის'' ინფორმაციით, ხელისუფლება პოტენციური ამომრჩევლების მობილიზებას იწყებს. საქართველოს კი იმდენი დევნილი ჰყავს, არჩევნებში გადამწყვეტ სიტყვას თუ არ იტყვიან, ხმების ბარაქიანი რაოდენობის მოტანა მაინც შეუძლიათ. მომავალ საპარლამენტო არჩევნებსა და სხვა საკითხებზე ვაჟა წიკლაური გვესაუბრება:
- ხელისუფლება უკვე მერამდენედ აკეთებს ზეწოლას დევნილებზე. არსებობს ინფორმაცია, რომ მათ შუქისა და გაზის გათიშვითაც კი ემუქრებიან იმ შემთხვევაში, თუკი ივანიშვილის "ქართულ ოცნებასთან'' კავშირში იქნებიან შემჩნეული. ყველა ინფორმაცია რომ გავაანალიზოთ, დავასკვნით, რომ ხელისუფლება უბრძოლველად არაფერს დათმობს. თან არჩევნებსაც ისე ჩაატარებს, ვერავინ დაადანაშაულებს არადემოკრატიულობასა თუ რაიმე სახის გაყალბებაში. როგორც პრაქტიკა ცხადყოფს, დევნილები ისედაც ხელისუფლებას უჭერენ მხარს, მათი მცირე და ურჩი ნაწილისთვის კი, სწორედ ზემოხსენებული სანქციებია გათვალისწინებული. ასე რომ, სავარაუდოდ, დევნილთა მთლიანი კონტინგენტი მომავალ არჩევნებში სწორედ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი იქნება.
- ბატონო ვაჟა, მოდით, გულახდილები ვიყოთ, ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება არა აქ, არამედ შორეულ ამერიკაში, სადაც სააკაშვილს ოფიციალური ვიზიტი ჰქონდა. ზოგი ამბობს, აშშ სააკაშვილს არ გაწირავსო, მეორენი ამტკიცებენ - პირიქითო. თქვენ რა დასკვნა გამოიტანეთ?
- ნაციონალურ მოძრაობას სურს, სათავისოდ გამოიყენოს ეს შეხვედრა და გაიძახის, აშშ-მ კიდევ ერთხელ დაუდასტურა ასპროცენტიანი მხარდაჭერა სააკაშვილსო. ოპოზიცია ამტკიცებს, ობამამ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლა ურჩიაო. არსებობს მესამე ნაწილიც, რომელიც უკმაყოფილოა იმით, რომ ობამამ სააკაშვილი კარგად მიიღო და მისი "დემოკრატიული რეფორმები'' დადებითად შეაფასა. ეს არის შეფასებათა ზოგადი წყობა. დანარჩენი სპეკულაციაა და მეტი არაფერი. სინამდვილეში, რაზე ისაუბრეს ობამამ და სააკაშვილმა, ეს არჩევნების დროს გამოჩნდება. ობამა საჯაროდ არასოდეს დატუქსავს სააკაშვილს და არც არასოდეს იტყვის, რომ საქართველოში დემოკრატია ფიქციაა. ასე რომ მოიქცეს, ეს ნიშნავს, რომ ამერიკის პოზიციები რეგიონში გვარიანად შესუსტებულია და აშშ-ს პოლიტიკამ კრახი განიცადა.
- როგორ ფიქრობთ, მაინც რატომ დაჩქარდა სააკაშვილის ვიზიტი აშშ-ში, რა პროცესებმა გამოიწვია ეს?
- ახლა, მარჩიელობა რომ არ დავიწყოთ, ლოგიკას უნდა ვენდოთ, რომელიც გვკარნახობს, რომ აშშ-ს ინტერესები საქართველოში ბეწვზე ჰკიდია. მათ კარგად იციან, რომ, სააკაშვილის წყალობით, შეიძლება საქართველო დაკარგონ. სააკაშვილი უკვე წარსულია. ფიქრობენ მის შეცვლას, მაგრამ ეს უნდა მოხდეს დემოკრატიულად, არჩევნების გზით. სავარაუდოდ, გარკვეულ გარანტიებს მისცემენ და ამით დამთავრდება ყველაფერი. ჩემი აზრით, ობამა-სააკაშვილის შეხვედრის მთავარი თემა სწორედ ეს უნდა ყოფილიყო. ეს გათვლა კიდევ უფრო რეალური ხდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ივანიშვილსაც არაფრის გაგება არ სურს, სააკაშვილის არჩევნებით თავიდან მოცილების გარდა.
- ლოგიკურია, მაგრამ მაშინ გამოდის, რომ ივანიშვილიც აშშ-ს პროდუქტია...
- ივანიშვილი რეალობის პროდუქტია. ცუდს ნამდვილად ვერაფერს ვხედავ, თუ მოვლენები ასე განვითარდება. ბოლო-ბოლო, ეს ნიშნავს, რომ ამერიკას მართლაც აქვს ინტერესები საქართველოში და ამერიკა უმტკივნეულოდ, თანაც აღიარების გარეშე, მოიცილებს თავიდან საკუთარ შეცდომას. თანაც, პარტნიორ ქვეყანას შეუქმნის პრეცედენტს, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლა შესაძლებელია. ასე რომ, ქართველები უფლის მადლობლები უნდა ვიყოთ, რომ მსოფლიოს ზესახელმწიფო ჩვენი პარტნიორია და ჩვენი ინტერესები ემთხვევა.
- ანუ რევოლუციურ გაგრძელებებს გამორიცხავთ?
- ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ისე გამოხატავს უკმაყოფილებას ამ საკითხთან დაკავშირებით ივანიშვილის განცხადებაზე, თითქოს ჩამოგდებული ჰყავდათ სააკაშვილი და ივანიშვილმა შეუშალათ ხელი. სააკაშვილმა ამ ხალხს სულ თავ-პირი დაალეწა ქუჩაში და უნდა ვაღიაროთ, ჩვენ დაგვამარცხა სააკაშვილმა, ვერ შევძელით მისი ჩამოგდება, ამიტომ ახლა არჩევნების გზა უნდა ვსინჯოთ. თუ ამანაც არ გაამართლა, მერეც აქ არ ვიქნებით? თუმცა, ვფიქრობ, საქმე აქამდე არ მივა. სააკაშვილს არჩევნებით გავუშვებთ, ყოველ შემთხვევაში, ამის ალბათობა დიდია. რაც შეეხება დევნილებისა და სხვა სოციალური სეგმენტის წინასაარჩევნო ზეწოლას, შანტაჟსა და სრულ მობილიზაციას, ვფიქრობ, ეს ხელისუფლების დაბალ შტოებში მიღებული თვითნებური გადაწყვეტილებაა. სააკაშვილი იძულებული იქნება, ასეთ ხერხებზე უარი თქვას და არჩევნები სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაატაროს, რადგან თუ ასე გაგრძელდა, ორი-სამი წლის შემდეგ, აშშ საქართველოში სალანძღავ სიტყვად იქცევა. ეს კი ვაშინგტონის ინტერესებში არ შედის.
784
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85