ავღანეთში ვინც არ მიდის, ჯარიდან აგდებენ... -

ავღანეთში ვინც არ მიდის, ჯარიდან აგდებენ... - "მზად ვარ საქართველოსთვის თავი შევწირო, მაგრამ არა ავღანეთში"


"ავღანეთში დამატებით ერთი ქვეითი ბატალიონი გაიგზავნება მაშინ, როცა თავად ამერიკა ავღანეთში ამერიკელი სამხედროების რაოდენობას 33 ათასი ჯარისკაცით ამცირებს. უფრო მეტიც, ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების გამოყვანა 2014 წლისთვის დასრულდება. ვიცით, ამერიკელი ჯარისკაცები როდის დატოვებენ ავღანეთს, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ვიცით, რა ბედი ელით ჩვენს ბიჭებს... ხშირად გაიგონებთ, რომ სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და ქართველი ჯარისკაცები თავიანთი სურვილით მიდიან, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. სინამდვილეში კონტრაქტით მომსახურე ჯარისკაცებს მეთაურები შეიარაღებული ძალებიდან გაგდებით ემუქრებიან და ასე აიძულებენ ავღანეთში წასვლას. ჯარიდან გაგდებულმა იცის, რომ კონტრაქტის დარღვევისათვის სასამართლო დიდ ფულად ჯარიმას დააკისრებს. ახალგაზრდები ამ ყველაფერს აანალიზებენ და ბევრს ოჯახის უსახლკაროდ დატოვებას ურჩევნია, ავღანეთში წავიდეს და თავის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" (3 - 16 თებერვალი, 2012) სტატიაში სათაურით ავღანეთში ვინც არ მიდის, ჯარიდან აგდებენ... / "მზად ვარ საქართველოსთვის თავი შევწირო, მაგრამ არა ავღანეთში".

"მას შემდეგ, რაც პარლამენტმა დამატებითი კონტინგენტის გაგზავნაზე თანხმობა გასცა, თავდაცვის სამინისტრომ ავღანეთში სამშვიდობო მისიით პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის გაგზავნა გადაწყვიტა. თურმე ჯარისკაცების უმრავლესობამ უარი თქვა და ბატალიონი კონტინგენტის შეგროვების პრობლემის წინაშე დადგა. ბატალიონის მეთაურ ცინდელიანს ეს უცნობებია პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაურისთვის, მაიორ დ. მაყიშვილისთვის. გაბრაზებულ მეთაურს მკაცრი ბრძანება გაუცია, - ვინც ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერს, დაწერს პატაკს ჯარიდან წასვლაზე! იანვარში ამ მოტივით 100-ზე მეტ ჯარისკაცს კონტრაქტი გაუუქმეს, თან გააფრთხილეს, სასამართლოში გიჩივლებთ კონტრაქტის დარღვევისთვისო... კონტინგენტის შესაგროვებლად კოჯორში, მე-12 ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე, "კამაზებით~ მიჰყავდათ პირველი ქვეითი ბრიგადის სხვადასხვა დანაყოფის ჯარისკაცები, ზოგი გამოძახებული იყო, თავად მიდიოდა და მათაც სთხოვდნენ ახსნა-განმარტებას, რატომ არ მიდიოდნენ ავღანეთში. სხვა დანაყოფებიდანაც დაითხოვეს ყველა ის ჯარისკაცი, ვინც წასვლაზე უარი თქვა. 2012 წლის იანვარში სამანდატო კომისიამ განიხილა ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეების შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის საკითხი", - აღნიშნავს გამოცემა და განაგრძობს:

"სამანდატო კომისიის სხდომას წარედგინა ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც კონტრაქტის ვადა 2014 წელს ეწურებათ და არ სურთ მონაწილეობა ავღანეთის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში. კომისიის თავმჯდომარე მაყიშვილი დაინტერესდა, სამხედრო მოსამსახურეები რა მიზეზით ამბობდნენ უარს ავღანეთის რესპუბლიკაში გამგზავრებაზე, რაზედაც სამხედრო მოსამსახურეებმა მიზეზად ოჯახური პრობლემები დაასახელეს. კომისიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი კომისიის თავმჯდომარის წინადადებას, რომ სამხედრო მოსამსახურეები პირადი პატაკის საფუძველზე წარადგინონ კონტრაქტის შეწყვეტაზე და დათხოვნილ იქნენ შეიარაღებული ძალების რიგებიდან. სამანდატო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება ჯარისკაცებს 15 დღის ვადაში შეუძლიათ, გამოიყენებენ თუ არა ისინი ამ უფლებას, უცნობია. მეთაურმა ისინი აიძულა, წასვლაზე პატაკი დაეწერათ. ეს მოთხოვნაც ერთგვარი ხრიკია სამინისტროსთვის, რადგან პატაკში არსად არის მითითებული, რომ ისინი ავღანეთში არწასვლის გამო მიდიან ჯარიდან. პატაკში ნათქვამია, რომ ოჯახური პირობების გამო წავიდნენ ჯარიდან. ბუნებრივია, ამ პატაკს თავდაცვის სამინისტრო სასამართლოში ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოიყენებს და ყოფილ სამხედროებს იმის დამტკიცება გაუჭირდებათ, რომ პატაკი იძულებით დაწერეს... ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ჯარიდან იძულებით წამოსული ყველა ჯარისკაცის პატაკი იდენტურია. არის სპეციალური ნიმუში, რომლის მიხედვითაც იწერება ყველა პატაკი, იცვლება მხოლოდ სახელი და გვარი".

"თითქმის ორ წელიწადს ვიმსახურე ქართულ ჯარში, ოთხწლიანი კონტრაქტი მქონდა. რამდენიმე დღის წინ მაიძულეს, დამეწერა პატაკი. ასე 100-ზე მეტი ჯარისკაცი დაითხოვეს, იმიტომ, რომ ავღანეთში წასვლაზე უარი ვთქვით. ჯარიდან წასვლა არავის გვინდოდა. მზად ვიყავით, ქვეყნის სადარაჯოზე ვმდგარიყავით და დაგვეცვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ არჩევანის წინაშე დაგვაყენეს. ბევრმა სახლში წასვლა ვარჩიეთ. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც იძულებულნი შეიქნენ, ხელი მოეწერათ პატაკზე. ამბობენ, რა ვქნათ, სამსახურის შოვნა ადვილი არა არის, აქ სტაბილური ხელფასია, ბანკიდან კრედიტი გვაქვს გამოტანილი, იმასაც ხომ გასტუმრება სჭირდება, რომ წავიდე ჯარიდან, კონტრაქტის დარღვევისთვის დამაჯარიმებენ, საიდან მოვიტანო ეს ფული? სხვა გზა არამაქვს, ბანკმა სახლი რომ გამიყიდოს და შვილები ქუჩაში დამრჩეს, იმას მირჩევნია, გავრისკო და ნებით წავიდე სასაკლაოზეო. 2008 წელს სამხედრო პირი არ ვიყავი, მაგრამ ჩემი სურვილით მივედი გამგეობაში და მოხალისედ ჩავეწერე. ჩემს ქვეყანას რომ დასჭირდეს, საბრძოლველად წავალ, მაგრამ ავღანეთში წასვლა არ მინდა. ხომ აცხადებენ, რომ ნებაყოფლობითია მისიაში მონაწილეობა, აგვიხსნან მაშინ, რატომ გვაიძულებენ წასვლას?" - უამბობს გამოცემის კორესპონდენტს ერთ-ერთი ჯარისკაცი გიორგი და დასძენს:

"როცა ნივთებს ვაბარებდით, გვითხრეს, ბიჭებო, ჯობს, წახვიდეთ, თორემ ხომ იცით, კონტრაქტის დარღვევის გამო დიდი ჯარიმა დაგეკისრებათო. ამ სიტყვებმა ბევრზე იმოქმედა და აზრი შეიცვალა. ძირითადად, პირველი ბრიგადის ბიჭებს გვაძალებდნენ წასვლას. იმდენმა ჯარისკაცმა თქვა წასვლაზე უარი, ალბათ, ნებისმიერ მსურველს მიიღებენ. უფრო მეტიც, სასწრაფოდ, ახალი ნაკადის მიღება გამოაცხადეს და არ არის გამორიცხული, მათაც უკრან თავი ავღანეთში. ძირითადად, თანხმობას რაიონებიდან ჩამოსული ბიჭები ამბობენ, რომლებსაც წარმოდგენაც კი არ აქვთ, იქ რა პირობებში მოუწევთ ყოფნა... იქ ყველა ომობს, ყველას აქვს იარაღი, ჩვენ რას ვიზამთ?.. აქედან თითქმის მოუმზადებელი ბიჭები მიჰყავთ. უმრავლესობა 18-19 წლისაა. ჯარში მედღევეებად დადიან. მათი მოვალეობა საგუშაგოს დარაჯობაა, სამი კაცი მორიგეობს და ევალებათ ღამით იარაღს უყარაულონ და თუ ტელეფონმა დარეკა, უპასუხონ. სხვა საბრძოლო მომზადება არც გაუვლიათ. ინფორმაციის სრულ ვაკუუმში არიან... სწავლება კრწანისის სასწავლო ცენტრში დაიწყება. ამ კონტინგენტს, პრეზიდენტმა დამატებითი ძალების გაგზავნა რომ გადაწყვიტა, იმისთვის ამზადებენ. ამბობენ, ჰელმანდის პროვინციაში კი არა, სხვაგან მიჰყავთო. ბუნებრივია, ისიც საკმაოდ ცხელი წერტილი იქნება. აბა, ჩვენს ბიჭებს დაცულ ადგილას ვინ წაიყვანს?"

"როცა რუსეთმა საფრანგეთისგან უზარმაზარი შვეულმფრენმზიდი "მისტრალი~ იყიდა, ამას დიდი ხმაური მოჰყვა, მაგრამ საქართველოსთვის შეიძლება ბევრად სახიფათო იყოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში იტალიური შეჯავშნული ავტომობილებით რუსი სამხედროების შემოსვლა. რამდენიმე დღის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ იტალიურ კომპანია IVECO-სთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას 60 ერთეული LMV-ის ტიპის შეჯავშნული ავტომობილის შეძენაზე. ეს ციფრი შეიძლება უმნიშვნელო ჩანს, მაგრამ რუსეთი სულ 1775 ცალი შეჯავშნული IVECO-ს ყიდვას აპირებს, რომელთა დიდი ნაწილი აუცილებლად მოხვდება რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქში და კერძოდ, მე-7 (აფხაზეთი) და მე-4 (ცხინვალის რეგიონი) საოკუპაციო ბაზებში", - წერს "არსენალი" სტატიაში სათაურით იტალიური ჯავშანმანქანების აფეთქებაც მოგვიწევს?! / რუსეთის არმიამ სამამულო ТИГР-ების ნაცვლად შეჯავშნული იტალიური IVECO-ების შეძენა დაიწყო, რომლებსაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აუცილებლად შემოიყვანს.

"პირველი იტალიურ-რუსული შეჯავშნული ავტომობილის (რომლის აწყობა იტალიიდან მიწოდებული ნაწილებით ვორონეჟში იგეგმება. მას "ფოცხვერი" შეარქვეს) ნახვა, ეტყობა, ენგურის მარჯვენა სანაპიროზე და გორის რაიონის ქართულ სოფლებში დისლოცირებულ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოების მებრძოლებს უახლოეს მომავალში მოუწევთ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნით თითქმის ნებისმიერი ჯავშანმანქანის აფეთქება შეიძლება, მით უმეტეს "ტიგრისა" და იტალიური "ფოცხვერისა", რადგან მათი ბორტები დახრილი არ არის, განსხვავებით ქართული "დიდგორისა" და თურქული "კობრისგან" (იმავეს ვერ ვიტყვით ისრაელის "ვულფზე"). ნებისმიერი მსხვილკალიბრიანი (12,7 მმ) სნაიპერული შაშხანით (რომლებიც შსს საკმაოდ აქვს) ნასროლი ტყვია გაარღვევს იტალიური "ფოცხვერის" ეკიპაჟის ჯავშანკაფსულას. ავტომატური კარაბინ М4-ების გრძელი ჯერებით კი შეიძლება "ფოცხვერის" ძრავის ნაწილის დაზიანება და მანქანის მწყობრიდან გამოყვანა", - განმარტავს სტატიის ავტორი.

"სამხრეთის სამხედრო ოლქის ქვედანაყოფები 1300 სნაიპერით შეივსება. ამჟამად პოლიგონებსა და სასწავლო-საწვრთნელ ცენტრებში გამოცდილი ინსტრუქტორები სნაიპერებს ამზადებენ. გარდა ამისა, 50-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე სამთვიან მომზადებას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სნაიპერთა სპეციალურ ცენტრებში გაივლის", წერს გამოცემა სტატიაში სათაურით კავკასიური მოვლენების მიმოხილვა და დასძენს:

"ჩეჩნეთში დისლოცირებული ორივე მოტომსროლელი ბრიგადის სატანკო ბატალიონებში Т-72Б1 მთლიანად შეცვალა მოდერნიზებულმა Т-72БМ-მა. სამხრეთის სამხედრო ოლქში ახალ ჯავშანტექნიკაზე (Т-90А, БМП-3, БТР-82А) მთლიანად გადავიდა მოტომსროლელი ბრიგადები ჩრდილოეთ ოსეთსა და ვოლგოგრადში, ასევე სატანკო ბატალიონები მე-7 სამხედრო ბაზაზე აფხაზეთსა და დაღესტანში".