"ახალი თაობის" მასალების მიხედვით
"შეხვედრა იყო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გარანტი, უწინარეს ყოვლისა, აშშ-ია და მისი კეთილი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია. ამ თვალსაზრისით, ეს შეხვედრა იყო ისტორიული... არის თუ არა იმედის მომცემი, ეს დამოკიდებულია იმაზე, ვის რისი იმედი აქვს. ობამასთან ერთი-ერთზე შეხვედრიდან გამოსული სააკაშვილი სააკაშვილი ხაზს უსვამს, რომ მან მოისმინა ის და მეტიც, რისი მოსმენაც უნდოდა და ამიტომ არის კმაყოფილი. რის მიღებას ელოდა სააკაშვილი ჩვენ არ ვიცით, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ", - აცხადებს ექსპერტი, პროფესორი ლადო პაპავა გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ლადო პაპავა: "სააკაშვილმა ამერიკა მოატყუა".
"მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი ლიდერი აცხადებს, სააკაშვილს არ სცალია თავის მომავალზე საფიქრად და თავად სააკაშვილიც ამას იმეორებს, მე მგონი, სააკაშვილს ამაზე დიდი საფიქრალი არ გააჩნია. სწორედ თავის მომავალზე რომ ფიქრობს, ამიტომ შეცვალა კონსტიტუციური მოდელი, ამიტომ გადააქვს პარლამენტი ქუთაისში. ასე რომ, ოვალური კაბინეტიდან გამოსული იმას თუ გულისხმობდა, რომ რასაც ელოდა, ის მოისმინა და იმაზე მეტი - პირველ რიგში ის ელოდა, რომ დარჩეს ქვეყნის სათავეში. ამიტომ, თუ ამაზე იყო საუბარი, საეჭვოა, ამაზე თანხმობა მიეღო. თუმცა თეორიულად არც ეს არის გამორიცხული, იმიტომ, რომ ერთობლივი საჯარო გამოსვლისას ობამამ გააკეთა საკმაოდ ბუნდოვანი განცხადება, რომ საქართველოში უნდა მოხდეს ხელისუფლების ფორმალური ჩანაცვლება. "ფორმალური" ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ ეს უნდა მოხდეს კანონის საფუძველზე, ანუ არა რევოლუციითა და გადატრიალებით", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო პაპავა.
"ამაზე სააკაშვილმა გააკეთა მისთვის ხელსაყრელი განცხადება, რომ ახალი კონსტიტუციის თანახმად, ქვეყანაში ახალი პრეზიდენტი აირჩევა. მან უკვე თქვა, რომ საქართველოში პრეზიდენტი სხვა იქნება, მაგრამ ის პრეზიდენტი რომ იმ ძალის არ იქნება, რა ძალისაც დღეს სააკაშვილია, ამაზე, რა თქმა უნდა, არავის არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. ხოლო "როიტერის" ჟურნალისტმა იმის ნაცვლად, რომ გონება მოეხმო და ეკითხა - აპირებს თუ არა პრემიერ-მინისტრობას, დაუსვა ბრიყვული კითხვა: "აპირებს თუ არა სააკაშვილი, რომ იყოს პუტინი", რაზეც სააკაშვილმა სავსებით სწორად უთხრა, რომ ეს პრაქტიკულად გამორიცხულია - პრემიერობის შემთხვევაში სააკაშვილს იმაზე მეტი უფლებები ექნება კონსტიტუციით, ვიდრე პრემიერ პუტინს აქვს! არაერთ ანალიტიკოსს აღუნიშნავს, რომ ამერიკელებს სტერეოტიპული მიდგომები აქვთ, ამდენად მათთვის ხელისუფლების სათავეში მესამე ვადით სააკაშვილის დარჩენა, თუნდაც პრემიერ-მინისტრის რანგში აშკარად მიუღებელი იქნება. მათი რეაქცია იქნება უარყოფითი, საკმაოდ კრიტიკული, მაგრამ, როგორც იტყვიან, მერე რა - იმიტომ, რომ სააკაშვილს კონსტიტუცია არ ექნება დარღვეული", - მიიჩნევს რესპონდენტი.
"თუ ამერიკელები და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა დაადასტურებს, რომ 2012 წლის არჩევნები მეტ-ნაკლებად ნორმალურად გაიმართა, მერე რა, რომ პრემიერ-მინისტრი გახდება, რა უკრძალავს მას ამას? მით უფრო, ნაცმოძრაობის ლიდერები აცხადებენ, რომ სააკაშვილი პოლიტიკაში უნდა დარჩეს. მიმაჩნია, რომ სააკაშვილმა უბრალოდ არ დაიტოვა სხვა გზა გარდა იმისა, რომ პრემიერ-მინისტრი გახდეს. ხოლო ის, რომ დღეს ის ამაზე საუბარს თავს არიდებს, ადვილი ასახსნელია: რომ თქვას პრემიერ-მინისტრი არ ვიქნებიო, "ნაცმოძრაობა" დაეშლება, ხოლო თუ იტყვის პრემიერობას ვაპირებო, დღესვე გადაიკიდებს დასავლეთს", - განმარტავს ექსპერტი.
"მე ვიზიარებ კოლუმბიის უნივერისტეტის პროფესორ ლინკოლნ მიტჩელის შეფასება, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში მომავალი 2012 წლის არჩევნები გაყალბდება. ამის ყველანაირი საფუძველია შექმნილი. ამიტომ ჩვენ უტოპისტები, ან უკეთეს შემთხვევაში დიდი რომანტიკოსები უნდა ვიყოთ, რომ გვეგონოს, საქართველოში გაიმართება სამართლიანი არჩევნები. თუ ამას ხედავს ამერიკელი პროფესორი, ჩვენ ხომ აქ უკეთესად ვხედავთ, რომ გაყალბების ალბათობა დიდია. მთავარია, რა დონის გაყალბების უფლებას მისცემს სააკაშვილს ხალხი და საზოგადოება. როცა ამერიკელებზე ვლაპარაკობთ, უნდა გვახსოვდეს - 2012 წლის შემოდგომაზე ამერიკელებს ჩვენთვის დიდად არ ეცლებათ, იმიტომ რომ აქ ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები უნდა მოეწყოს, იმ დროს ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებია - ამიტომ ამერიკის ადმინისტრაციის მთელი ყურადღება ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებზე იქნება გადატანილი - ეს სააკაშვილმა იცის და ესეც მისთვის სასარგებლო მომენტია და მას ხელს უწყობს", - ამბობს ლადო პაპავა.
"როცა ეგვიპტეში ხალხი პირველად გამოვიდა პროტესტის გამოსახატავად, ამერიკის ადმინისტრაციამ მუბარაქის მხარე დაიჭირა. როცა ნახა, რომ ხალხი აღარ დაიშალა და მისი რაოდენობა იზრდებოდა, მერე შეცვალა ამერიკამ პოზიცია. დაახლოებით მსგავსი რამ იქნება საქართველოშიც - სააკაშვილი აუცილებლად წავა გაყალბებაზე, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ამიტომაც ხდება პარლამენტის ქუთაისში გადატანა, რომ თბილისი გაყალბებულ არჩევნებს არ მიიღებს და აქ გამოსვლები იქნება. მაგრამ სააკაშვილს თავისი პარლამენტის შესაკრებად ექნება ქუთაისი, ხელი არ შეეშლება. მთავრობის რეზიდენციაც ქუთაისში იქნება. აქედან გამომდინარე, თუ გაყალბებული არჩევნების ფონზე ქართული საზოგადოების პროტესტი სერიოზული არ იქნა, ამერიკა გააკრიტიკებს სააკაშვილს, თან თავისი პრობლემებით იქნება ძალიან დაკავებული, მაგრამ სააკაშვილს შერჩება პრემიერ-მინისტრობა. მაგრამ თუ ქართველების პროტესტი იქნება ძალიან ძლიერი, ბუნებრივია ამერიკა, როგორც ამას მთელ მსოფლიოში აკეთებს, დადგება ხალხის მხარეს", - დასძენს ლადო პაპავა.
"... მართლა წარმოუდგენელია, რა უნდა აკეთოს მიხეილ სააკაშვილმა, თუ არ იქნა ის ქვეყნის პირველი პირი. ვერც ერთი საერთაშორიო ორგანიზაცია მას ვერ წაიყვანს, თუნდაც იმიტომ, რომ იმ საერთაშორისო ორგანიზაციებში ყველგან რუსეთი დახვდება. რუსეთს ამ ორგანიზაციებში ხშირად ვეტოს უფლება აქვს და სააკაშვილის კანდიდატურა ყველგან დაიბლოკება. ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაციებში სააკაშვილის პერსპექტივა ნულის ტოლია. სადმე ამერიკის უნივერსიტეტში რომ წავიდეს პროფესორად, ეს თვითონ სააკაშვილისთვისაა მიუღებელი - წარმოგიდგენიათ, სააკაშვილი სადმე აუდიტორიაში იჯდეს და სალექციო კურსს კითხულობდეს? ან კომპიუტერთან იჯდეს და სტატიებს წერდეს? - გამორიცხულია", - დასძენს ლადო პაპავა და შეკითხვას - "თქვენ ახსენეთ, სააკაშვილმა მთელი მსოფლიო მოატყუაო, საელჩოები სათანადად არ მუშაობენ? როგორ გააბითურა ამდენი ხალხი?" - პასუხობს:
"ნახეთ, რა არის - ეს რომ იყოს მხოლოდ ერთი წელიწადი რევოლუციის თავზე, ვიტყოდით, რომ მოტყუებას რა უნდა, მაგრამ როცა მის უკან რვა წელიწადია, ამ რვა წლის განმავლობაში არის 7 ნოემბერი, აგვისტოს ომი, 2011 წლის 26 მაისი - მსოფლიოს თუ არ უნდა რომ მოტყუვდეს, არ მოტყუვდება. მაშასადამე, ჩავთვალოთ, რომ ამერიკასაც და ევროპასაც უნდა, რომ მოტყუვდეს. ბევრი კრიტიკული წერილი იბეჭდება ბოლო დროს ამერიკის წამყვან გაზეთებში, ამის მიუხედავად, დასავლეთი მაინც ტყუვდება - რატომ? იმიტომ, რომ მათ ურჩევნიათ მიიღონ ტკბილი ზღაპარი საქართველოს შესახებ, ვიდრე აღიარონ, რომ ყირგიზეთისა და უკრაინის შემდეგ საქართველოც არ არის დიდად წარმატებული".
701
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85