კობა ბენდელიანი, “ინტერპრესნიუსი”
"ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ქართული პრესისათვის მიცემულ უკანასკნელ ხმაურიან ინტერვიუზე "ინტერპრესნიუსი" პოლიტოლოგსა და ფსიქოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
- ბატონო რამაზ, "ქართული ოცნების" ლიდერმა ივანიშვილმა ქართული პრესისთვის მიცემულ მორიგ ინტერვიუში ბევრ "უხერხულ" კითხვას გასცა პასუხი და ასევე ბევრი საყურადღებო განცხადება გააკეთა. როგორ შეაფასებდით ხსენებულ ინტერვიუში ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს?
- ინტერვიუ აჩენს განცდას, რომ ისევ საინტერესო მოვლენასთან გვაქვს საქმე. ეს ინტერვიუ ივანიშვლის, როგორც პოლიტიკოსის პოზიციებში გარკვეულ ეტაპს აფიქსირებს. ინტერვიუში არის იმის შესაძლებლობა, რომ მის პოზიციებში ცვლილებები დაინახო. მაგრამ, მე მაინც მეჩვენება, რომ საქმე გვაქვს არა პოზიციებში ცვლილებასთან, არამედ პოზიციის დაკონკრეტებასთან. იგივე ქუჩის აქციებთან დაკავშირებით მისი დამოკიდებულება უფრო უკეთესად გამოიკვეთა და დაკონკრეტდა. ადრე მისი პოზიცია ეხებოდა ქუჩის აქციებით ხელისუფლების შეცვლის მიუღებლობას. ამ საკითხში მისი პოზიცია იგივე რჩება, მაგრამ რაც შეეხება არჩევნების გაყალბების შემდეგ ხმების დაცვას, იგი ქუჩის აქციებს აღარ გამორიცხავს. ასე რომ, მისი პოზიცია ახალი კი არის, მაგრამ ახალია მხოლოდ დაზუსტების თვალსაზრისით.
- ივანიშვილმა "ქართული ოცნების" კოალიციის მიღმა დარჩენილ პოლიტიკურ ჯგუფებს მაჟორიტარულ არჩევნებში "ქართულ ოცნებასთან" კანდიდატურების შეთანხმება შესთავაზა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ "ეროვნული ფორუმი" "ქართულ ოცნებას" შეუერთდა, ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მაჟორიტარულ არჩევნებში რეგიონებში სწორედ "ფორუმელები" იქნებიან ყველაზე აქტიურები?
- "ფორუმს" რეგიონებში უფრო დიდი რესურსი აქვს, ვიდრე იგივე "რესპუბლიკელებს" შეიძლება ჰქონდეთ, მაგრამ გააჩნია რომელ რეგიონზე ვსაუბრობთ. აჭარაში "რესპუბლიკელებს" უფრო დიდი რესურსი აქვთ, ვიდრე "ფორუმს". საერთოდ, რეგიონალური პოლიტიკა და რეგიონებში ბრძოლა ცალკე და საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა. სასიამოვნოა, რომ ამ თემაში და ბრძოლის ამ ფრონტზე "ქართულმა ოცნებამ" "ფორუმის" გარდა კარი ყველასთვის გახსნა. ჩემი აზრით, ამ ინტერვიუში ნათლად ჩანს, რომ ივანიშვილმა კოალიციის მიღმა დარჩენილ პოლიტიკურ ჯგუფებთან თანამშრომლობის ფორმა მოძებნა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს პარტიები ერთმანეთს არ დაუპირისპირდებიან, რაც მათ ერთიან ჰარმონიულ ერთიანობას უზრუნველყოფს. ჩემი აზრით, ივანიშვილმა პარტიებთან თანამშრომლობისაკენ სწორედ ამგვარი ნაბიჯი გადადგა. როგორც ჩანს, ამ თემაზე აშკარად ნაფიქრი ჰქონდა.
- ჟურნალისტები ბევრს ეცადნენ დაერწმუნებინათ ივანიშვილი, რომ "რესპუბლიკელები" და მისი სხვა პარტნიორები ნდობას არ იმსახურებენ, მაგრამ ივანიშვილმა არა თუ უარი არ თქვა "რესპუბლიკელებზე", არამედ კვლავაც დაადასტურა ლიბერალ-დემოკრატიული ღირებულებებისადმი თავისი დამოკიდებულება, ქვეყნის პროდასავლურ ორიენტირებთან მიმართება მან დამატებითი არგუმენტებით უფრო გაამყარა კიდეც. რას იტყოდით ინტერვიუს ამ პასაჟზე?
- ინტერვიუში მკაფიოდ გამოიკვეთა "რესპუბლიკელებისადმი" ივანიშვილის პერსონალური დამოკიდებულება. მან თითოეული მათგანისადმი, როგორც პოლიტიკური პერსონისადმი დამოკიდებულება ნათლად გამოხატა და რაც მთავარია დაიცვა. მას მიაჩნია, რომ "რესპუბლიკელების" ინტელექტუალური პოტენციალი ქართულმა პოლიტიკამ არ უნდა დაკარგოს იმ ფორმულით, რომელიც მან საკუთარ თავზეც გაავრცელა და სხვა პარტიებზეც. ფორმულა კი ასეთია - ორიენტირებული უნდა ვიყოთ არა იმაზე, თუ რა შეცდომა დაუშვა თითოეულმა ჩვენგანმა, შეცდომების დაშვებით ყველანი მდიდრები ვართ, არამედ იმაზე, თუ რა შეიძლება გავუკეთოთ დღეს ქვეყანას.
- ინტერვიუდან ჩანს, რომ ივანიშვილი აბსოლუტურად განსხვავებული მსოფლმხედველობის ადამიანებს ხვდება. მან პრეზიდენტ გამსახურდიასადმიც პატივისცემა გამოხატა. თქვენი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ივანიშვილის მხრიდან კონსულტაცების გამართვა? ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგი სააკაშვილის წინააღმდეგ ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანებას ცდილობს?
- ასეც რომ იყოს, ეს ბუნებრივიცაა. მაშინ, როცა სააკაშვილი შევარდნაძეს უპირისპირდებოდა, ცდილობდა გაეერთიანებინა ყველა ის ძალა, რომელიც მაშინ მან კოალიციის სახით შექმნა. პოლიტიკური ბრძოლის დროს საუბარია კონკრეტული მიზნის მიღწევაზე და არა იმაზე, თუ რას გააკეთებენ ეს ძალები ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ასეთ გაერთიანებას თავად პოლიტიკური ბრძოლის ლოგიკა ითხოვს. ნებისმიერი ბრძოლა ითხოვს ყველა იმ ძალისა და რესურსის გაერთიანებას, რომლის გაერთიანებაც შესაძლებელია.
- ივანიშვილი ინტერვიუში ხშირად საუბრობს გულწრფელობასა და იმაზე, რომ პოლიტიკოსი მართალი უნდა იყოს. როგორ ახასიათებს პოლიტიკოსს გულწრფელობასა და მორალზე საუბარი? და კიდევ, მესმის, რომ პოლიტიკა და ზნეობა დიდი თემაა, მაგრამ ჩვენს რეალობაში რამდენად შესაძლებელია პოლიტიკოსი გულწრფელი და თანაც მართალი იყოს?
- გააჩნია პიროვნების სიჯიუტეს. თუ ადამიანი ჯიუტი იქნება იმაში, რომ შეეცდება დაამკვიდროს ეს პრინციპები, შეიძლება გაიმარჯვოს კიდეც. პოლიტიკა ძალიან ჰგავს ფულს, ორივეს ძალაუფლება მოაქვს. პოლიტიკას სტატუსით მოაქვს ძალაუფლება, ხოლო ფულს - ქონებით. ვამბობთ - ფული ხელის ჭუჭყიაო, ამ გაგებით შეიძლება ვთქვათ, რომ ფული პატიოსნებას ვერ იტანს, მაგრამ, ამავე დროს არსებობს ივანიშვილის ფულიც, რომლითაც მან ძალიან ბევრი კეთილი საქმე გააკეთა. ამ ორ მაცდუნებელ რამეში, ძალაუფლებასა და ფულში, ბევრი რამ დამოკიდებულია ადამიანის სიჯიუტეზე. თუ ის ჯიუტად პატიოსანი იქნება, მაშინ ფულიც სუფთავდება და პოლიტიკაც.
- ივანიშვილმა განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდა ხმების დასაცავად ხალხს ქუჩაში გამოსვლისაკენ მოუწოდებს. რადიო "პალიტრაში" ნინო ბურჯანაძემ კვლავ აღნიშნა, რომ "ნაცმოძრაობა" არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლას არ დაუშვებს. ვითარებაში, როცა ოპოზიციური სპექტრისა და ექსპერტთა უმრავლესობა თანხმდება, რომ არსებული საარჩევნო კანონმდებლობით ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს, უპრიანი ხომ არ იქნებოდა "ქართულ ოცნებას" და სხვა დაინტერესებულ ოპოზიციურ ჯგუფებს საარჩევნო კანონმდებლობის შესაცვლელად მიემართათ საზოგადოების ძალისხმევა და აქტიურობა?
- კანონმდებლობის შესაცვლელად ძალისხმევის მიმართვა ჰქონდა "რვიანს" და რით დამთავრდა ვიცით. ქალბატონ ნინოს პოზიცია აქაც გასაზიარებელია იმ მხრივ, რომ თუ იბრძვი, უნდა იბრძოლო რადიკალური ფორმებით. კანონმდებლობის კოსმეტიკური შესწორებები შედეგს რომ არ იძლევა, უკვე ვნახეთ. ბურჯანაძის პოზიციას თავისი ლოგიკა აქვს, მაგრამ ამ ლოგიკაში დევს ერთი კომპონენტი, რაზეც ინტერვიუში ისაუბრა ივანიშვილმა. შესაძლოა, გამარჯვების მისაღწევად ის გზა უფრო მისაღები იყოს, რაზეც ბურჯანაძე საუბრობს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს გზა მსხვერპლიანია.
პრობლემა ისაა, თუ რა გავლენას მოახდენს საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილების განსახორციელებლად. რაღაც ფაქტებში ვატყობთ, რომ ახდენს, მაგრამ რაღაც ფაქტების დიდ ნაწილში, რისი კარგი მაგალითიც ვენეციის კომისიის დასკვნაა, ხელისუფლება თავისას აკეთებს და რეალურად ცდილობს თავი აარიდოს და ანგარიში არ გაუწიოს იმავე კომისიის რეკომენდაციებს. დასავლეთისთვის საარჩევნო კანონმდებლობაში ხარვეზების გაცნობა კარგია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეს ვითარების შესაცვლელად საკმარისი არ არის. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, არჩევნებზე თუ რამდენი ხალხი მივა და რამდენი მოქალაქე მისცემს ხმას ივანიშვილსა და მის "ქართულ ოცენებას". არის გარკვეული ზღვარი, რომელსაც გაყალბება ვეღარ ერევა.
- ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ამერიკიდან დაბრუნებული სააკაშვილი მას მოქალაქეობას დაუბრუნებს და არჩევნების სამართლიანად ჩასატარებლად კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს. რა შეიძლება იყოს ივანიშვილის მხრიდან ამგვარი ოპტიმიზმის საფუძველი?
- ივანიშვილი ინტერვიუში ამბობს, რომ დასავლეთი იზრუნებს, რათა არ დაუშვას მისთვის მოქალაქეობის არქონა. შესაძლოა, საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების თვალსაზრისით მართლაც იყოს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ამას კონკრეტული შედეგი მოჰყვება.
670
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85