"ალიას" მასალების მიხედვით
"ამ ხნის მანძილზე უამრავი ჭორი ვრცელდებოდა "ფორუმის" გარშემო. მოგეხსენებათ, ორ თვეზე მეტი გამოგვივიდა დუმილი, იმიტომ, რომ გარკვეული პროცესები მიმდინარეობდა, ახალი კონფიგურაციის ჩამოყალიბება ხდებოდა. ბატონი ბიძინას გამოჩენის შემდეგ მთელი ხნის განმავლობაში ურთიერთობები გვქონდა მასთან და მის წარმომადგენლებთან, საუბარი იყო სხვადასხვა ვარიაციებზე, კონფიგურაციებზე. დღეს საბოლოოდ შევთანხმდით, რომ "ეროვნული ფორუმი" სრულფასოვანი პოლიტიკური ერთეული ხდება ამ ალიანსში და ვაპირებთ ერთად მივიღოთ მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში, რომელიც უკვე დაწყებულია. ასე რომ, ჩვენთვის საკმაოდ სასიამოვნო იყო ასეთი გადაწყვეტილება. აქ იყო ორმხრივი სურვილი, საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ ამ მიმართულებით და საბოლოო ჯამში შეთანხმება შედგა", - აცხადებს "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ივანიშვილის ეს განცხადება დროული იყო ამ დღეებში" / რას უმხელს "ალიას" ივანიშვილის კოალიციაში შესული გუბაზ სანიკიძე?
"ეროვნული ფორუმი" ხდება ივანიშვილის ალიანსის წევრი. მოგეხსენებათ მისი პოლიტიკური პარტნიორები არიან "რესპუბლიკელები", "თავისუფალი დემოკრატები" და დაემატა მესამე სუბიექტი - "ეროვნული ფორუმი”. რაც შეეხება კობა დავითაშვილსა და ზვიად ძიძიგურს, ისინი არიან ინდივიდუალურ ფორმატში. მათ ჩვენზე ადრე ჰქონდათ მოლაპარაკება და ურთიერთობა ჰქონდათ გარკვეული. ასე რომ, საბოლოო ჯამში ეს გაერთიანება იქნება ოთხსუბიექტიანი - სამ პარტიას დაემატება ივანიშვილის პარტია, რომლის პრეზენტაციაც უახლოეს დღეებში გაიმართება. ჩვენ აწი შევიმუშავებთ საერთო გეგმებს და ერთად მივიღებთ საერთო გადაწყვეტილებებს ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებთან ერთად. ჩვენ ამ ეტაპზე დაკავებული ვიყავით წმინდა საორგანიზაციო საკითხებით, თუ რა ფორმით იქნებოდა "ეროვნული ფორუმი" ამ დიდ ორგანიზაციაში და საბოლოოდ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, "ეროვნული ფორუმი" სრულუფლებიანი წევრი ხდება ამ გაერთიანების როგორც პოლიტიკური პარტია, რაც ფორმალურად ამ დღეებში დაფიქსირდება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გუბაზ სანიკიძე.
"ჩვენი მხრიდანაც და ბატონი ბიძინას მხრიდანაც სხვადასხვა ვარიანტები იყო შეთავაზებული. საბოლოო ჯამში, შევთანხმდით ამაზე. ამ შემთხვევაში აღარ არის საინტერესო, რას გვთავაზობდა ბატონი ბიძინა და რას ვთავაზობდით ჩვენ. მთავარია, შედეგი მიღებული გვაქვს, პარტია წარმოდგენილია სრულფასოვნად. ჩვენ მზად ვართ, იმ დიდი საქმეში მივიღოთ მონაწილეობა, რასაც პოლიტიკური პროცესი ჰქვია. რაც შეეხება "ასავალ-დასავალში" ბატონი ბიძინას განცხადებას ქუჩის აქციებზე - მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის ჩვენი გავლენა. მან აბსოლუტურად ადეკვატური და სწორი შეფასება გააკეთა - პრინციპში, ყველა ველოდით, რომ ამას იტყოდა. ბუნებრივიც არის, თუ არჩევნები გაყალბდა, როგორც ამას "ნაცმოძრაობა" ყოველთვის აკეთებდა, რა თქმა უნდა, ამასთან შეგუებას არც ბატონი ბიძინა აპირებს და არც "ეროვნული ფორუმი", მით უფრო არც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და ჩვენ მათ გვერდით დავდგებით. მინდა გითხრათ, რომ მისი ეს განცხადება დროული იყო და სერიოზული, პოზიტიური რეაქციაც მოჰყვა- ძალიან ბევრმა ადამიანმა მითხრა ამის შესახებ, რომ ისინი კმაყოფილნი არიან ამ განცხადებით", - განაგრძობს რესპონდენტი.
"რეგიონების საკითხს ჩვენ ცალკე დრო დავუთმეთ. ამაზე გვქონდა კონსულტაციები. ფაქტობრივად, ბორკილებში ჰყავს "ნაცმოძრაობას" რეგიონები. ჩვენ ვგეგმავთ სერიოზულ გარღვევას და რეგიონებში გასვლა ძალიან მალე დაიწყება. უბრალოდ, ბატონმა ბიძინამ უნდა წარადგინოს თავისი საინიციატივო ჯგუფი, ამის შემდეგ ყველანი ერთად აქტიურ ქმედებებზე გადავალთ. ამ საინიციატივო ჯგუფში ვინ მოხვდება, ნაწილობრივ ჩემთვის ცნობილი არის, მაგრამ ეს რომ ვთქვა, არ გამოვა. ეს ბატონი ბიძინას პრეროგატივაა და მათ უნდა გააკეთონ ამის პრეზენტაცია. მე გეტყვით, რომ ძალიან ღირსეული ადამიანები არიან წარმოდგენილნი, რომელსაც ვერაფერს მოუძებნის ვერც ბოროტისმქნელი და ვერც ჭორიკანა", - დასძენს გუბაზ სანიკიძე და შეკითხვას - "ფორუმის" დუმილმა წარმოშვა ვერსია, რომ შესაძლებელი იყო თქვენ ნინო ბურჯანაძისა და "სახალხო კრების" გვერდით დამდგარიყავით. მაინტერესებს, პირადად თქვენ რამდენად სწორად მიგაჩნიათ რადიკალი ოპოზიციის გამიჯვნა კოალიციიდან და ბატონ ბიძინასთან თუ გქონდათ ამაზე საუბარი? ასეთი დამოკიდებულება გამოიწვევს თუ არა მესამე პოლიტიკური ცენტრის ალბათობას?" - პასუხობს:
"მოდით, ამ პროცესს დავარქვათ პირობითი გამიჯვნა. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან ურთიერთობას, იგეგმება, რომ გარკვეული ტიპის ურთიერთობები და კონსულტაციები, შესაძლოა, გვქონდეს დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრთან. დღეს შესაძლოა, არ იყოს კონკრეტული საკითხები დღის წესრიგში და ხვალ შესაძლოა, სხვა გადაწყვეტილება მივიღოთ - ეს არის ცოცხალი პროცესი. ვნახოთ, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო და პერსპექტიული გაზაფხული გველის".
782
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85