ნანა დევდარიანი: ივანიშვილს არ ვუპირისპირდები!

ნანა დევდარიანი: ივანიშვილს არ ვუპირისპირდები!

ყოფილი სახალხო დამცველისა და ჟურნალისტ ნანა დევდარიანის “ქართულ ოცნებაში” ერთკვირიანი მოღვაწეობა სკანდალით დამთავრდა. “ქართულ სიტყვასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში პატრიარქ დავით მეხუთის შვილიშვილი აღიარებს, რომ იმით, რაც მოხდა, ხელისუფლება ისარგებლებს. ამასთან, ნანა დევდარიანი სხვა მნიშვნელოვან განცხადებებსაც აკეთებს. მაგალითად, ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უპირისპირდება. თუკი ასეა, ჩნდება ლოგიკური შეკითხვა: რატომ გამოიტანა სააშკარაოზე “ქართული ოცნების” სამზარეულო?..

ნანა, სკანდალში რატომ აღმოჩნდი?
- რა ვიცი... სკანდალს ვერც დავარქმევ... ვანო, იმდენი ჟურნალისტური გამოცდილება გაქვს, რომ მიხვდები, ამ ამბით აუცილებლად ხელისუფლება ისარგებლებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ჯობია, საზოგადოებამ იცოდეს, თუ რა ხდება, რადგან ყველაფერი ეს თავს მაინც იჩენს, თან - უარესი შედეგით...

შესაძლოა, მაგრამ საინფორმაციო სააგენტოებთან საუბრისასქართული ოფისისხელმძღვანელმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, ნანა დევდარიანიოცნებისთანამშრომელი არ ყოფილაო. ჰოდა, ნანა, დავიბენი და ვერ გამიგია, რა ხდება?
- ვანო, დავუშვათ, რომ მოხალისე ვიყავი და ხალისი წამიხდინეს. ამის თქმა მაგ გაერთიანებისთვის უკეთესია?

ხალისი ვინ, რატომ და როგორ წაგიხდინა?
- არანაირი საქმიანი და სამუშაო ვითარება არაა... ვანო, 13 იანვარს საჩხერეში მომხრეებს რომ გაგილახავენ და საპროტესტო განცხადებას 24 იანვარს გამოაქვეყნებ, ეს რას ნიშნავს?

გამორიცხული არაა, რომ ბიძინა ივანიშვილს ის ადამიანები, ვისაც ევალება, ინფორმაციას გვიან აწვდიან...
- გარემოცვის პრობლემა რომაა, სწორედ ამიტომ დავიწყე საჯაროდ ლაპარაკი, რა?!

ნანა, ამ გარემოცვაში მთავარი ფიგურა ვინაა?
- ეს არ ვიცი და არც მაინტერსებს... საერთოდ, ვინმეს სახელსა და გვარს რა მნიშვნელობა აქვს? მთავარი ვითარება და გარემოა..

მერე, არ შეგეძლო, ეს გარემო და ვითარება შეგეცვალა, გაგეუმჯობესებინა?
- ეს არაპროდუქტიული იქნებოდა, რადგან მთელი სამუშაო დრო რაღაც ურთიერთობების გარკვევაზე უნდა დამეხარჯა და საქმე გაუკეთებელი დამრჩებოდა. სტალინი ამბობდა, შეუცვლელი კადრები არ არსებობსო. რა მნშვნელობა აქვს, მე ვიქნები თუ არა, მთავარია, საქმე გაკეთდეს.

ქართულ ოცნებაშისულ რამდენ ხანს იყავი და კონკრეტულად რა გევალებოდა?
- სულ ერთი კვირა ვიყავი და პარტიის პირველადი სტრუქტურების ჩამოყალიბებით ვიყავი დაკავებული.
ვთქვათ, გქონდა საკუთარი მაგიდა?

- ვანო, ამდენი წელია, მიცნობ და იცი, რომ კაბინეტისა და მდივნის პრობლემა არასოდეს მქონია. მთავარია, საქმე გაკეთდეს, მაგრამ ვიგრძენი, რომ ორიენტაცია საქმის გაკეთებაზე არაა აღებული. 13 იანვრის ინციდენტი იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად მოქნილია ივანიშვილის პიარ-მანქანა. სააკაშვილი ყოველდღიურ რეჟიმში რაღაცას აკეთებს - ამომრჩეველს ხვდება, შენც ხომ მუდმივ რეჟიმში უნდა იმუშაო?

ეს შეკითხვები არ დასვი?
- რა თქმა უნდა, დავსვი.

სახელდობრ, ვის დაუსვი?
- ვინც მთხოვა დახმარება, ანუ მამუკა არეშიძეს.

ამდენი პასუხგაუცემელი შეკითხვის ფონზე, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა არ სცადე?
- არა.

რატომ?
- ყველა მტკივნეული საკითხი და უახლოესი მოქმედების გეგმა მამუკას, რომელსაც ივანიშვილთან კონტაქტი ჰქონდა, ჩამოვუწერე. ვერ ვხვდები, რა აუცილებელია, რომ პირადად შევხვედროდი...

ივანიშვილთან პირისპირ შეხვედრა აუცილებელი, ჩემი აზრით, იმიტომ იყო, რომ შეკითხვებზე პასუხი მიგეღო... ნანა, “ქართულ ოცნებაშითუნდაც ერთი კვირით მისვლა იყო თუ არა შენი შეცდომა?
- არ მგონია, რომ შეცდომა იყოს. ძალიან სწორად მოვიქეცი, თორემ პასუხი კიდევ ბევრ შეკითხვაზე არ მექნებოდა.

ნანა, გამორიცხავ, რომ გაჩნდეს მოსაზრება, “ქართული ოცნებისსამზარეულოს სააშკარაოზე გამოტანით ნანა დევდარიანმა ვიღაცის დავალება შეასრულაო?
- ბავშვიც არ დაიჯერებს, რომ ვინმემ რამე დამავალა, მაგრამ თუ აგრესია იქნება, დაე, იყოს!

მოკლედ, შიშობ, რომქართული ოცნებარეალობად ვერ იქცევა?
- ვხედავ საფრთხეს, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ.

საქართველოს უამრავი მოაქალაქე, ცხადია, არ დაგეთანხმება, რადგან ხალხის აზრით, ადამიანს, რომელმაც ამდენი ფული იშოვა, “ნაციონალებისდამარცხება არ გაუჭირდება...
- ვანო, ფულის შოვნა და პოლიტიკა სხვადასხვა სფეროა. სხვათა შორის, ხელისუფლებაში მოსვლას ფული სჭირდება, მაგრამ სხვა თვისებებიც აუცილებელია.

კი ბატონო, მაგრამ ივანიშვილს გამოცდილი პოლიტიკური პარტნიორები ჰყავს...
- მაშინ პირდაპირ უნდა თქვას, მე ამ ძალებს ამოვუდგები და არჩევნებს მოვაგებინებო. საქმე, იცი, რაშია? - ეს რომ განაცხადოს, ამ ძალებს მხარს არავინ დაუჭერს, ანუ მათ დაბალი რეიტინგი აქვთ.

გულახდილად რომ ვთქვათ, საზოგადოებაში რეიტინგი თითქმის არც ერთ პარტიას არ აქვს...
- მაგალითად, “ფორუმს” “რესპუბლიკელებზე” მაღალი რეიტინგი აქვს და ბევრისთვის გაუგებარია, თუ რატომ არის ივანიშვილის გვერდით  “რესპუბლიკური პარტია” და არა - “ფორუმი”...

როგორც ვიცი, ივანიშვილმა გუბაზ სანიკიძეს, კახა შარტავას და კიდევ რამდენიმეფორუმელსთანამშრომლობა პიროვნულად შესთავაზა...
- ბოდიში, მაგრამ ეს მიუღებელი წინადადებაა, რადგან “ფორუმი” პარტიაა, რომელსაც წევრები ჰყავს და ლიდერებმა, რა, ამ წევრებს უთხრან, ჩვენ ივანიშვილის საარჩევნო სიაში ცალ-ცალკე ჩავეწერებითო...

სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ ის ორი პარტია, რომელსაც ივანიშვილი დღემდე ეყრდნობა, მკვეთრად პროდასავლურია, ანურესპუბლიკელებიდა ალასანიას გუნდი არც ბურჯანაძეა და არც - ვიღაც სხვა პრორუსული...
- ვანო, ვერ დაგეთანხმები... ბურჯანაძის აპოლოგეტი არ ვარ, მაგრამ ეს რა თქმაა, ვიღაც ბურჯანაძეო...

ადამიანს, რომელსაც უჭირს, რომ რუსეთს ოკუპანტი დაარქვას...
- ამას სახელისუფლებო არხები ამბობენ... მოლაპარაკება იმასთან გჭირდება, ვისთანაც პრობლემა გაქვს, თორემ მასთან, ვისთანაც პრობლემა არ გაქვს, შეგიძლია, მოლაპარაკება საერთოდ არ აწარმოო.

ნანა, იმაში მაინც დამეთანხმე, რომ 9 მაისს პუტინთან ერთადპაკლონნაია გარაზეარ უნდა იდგე და არ უნდა იტირო...
- პუტინთან ერთად იდგა, მაგრამ არ უტირია, რატომ აბრალებ...

მართალი ხარ, სხვა ქალბატონი ტიროდა...
- ვერ გავიგე, ჩვენი ისტორია თავიდან უნდა დავწეროთ, რომ ვითომ, სამამულო ომში არ გვიომია და ფაშისტები კავკასიაზე არ იყვნენ მომდგარნი?

ნანა, ჩვენი საუბარი სხვა კალაპოტში გადავიდა. უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა, რომ როცა სახელმწიფოს წარმომადგენელი არ ხარ, არ მესმის, აგრესორთან ურთიერთობა როგორ უნდა დაალაგო...
- ვანო, არ დაგავიწყდეს, რომ ყველაფერ ამას სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ქუთაისში გმირთა მემორიალის აფეთქება უძღოდა და ამ აფეთქებას დედა-შვილი შეეწირა. ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია და “პაკლონნაია გარაც” ამ ვანდალიიზმზე გარკვეული პასუხი იყო... როგორ გინდა, მეზობელთან ურთიერთობა მოაწესრიგო, როცა ლამობ, რომ მთელი შენი უახლესი ისტორია გადაწერო. აქედან არაფერი გამოვა...

ეს გასაგებია, მაგრამ ნანა, მოდი, ბურჯანაძის პუტინთან ვიზიტებს იმ ხალხის პოზიციიდანაც შევხედოთ, ვისაც აგვისტოს ომში რუსებმა შვილები, მამები, ძმები, ქმრები მოუკლეს და ვაღიაროთ, რომ პუტინთან ვიზიტი ცუდი ჟესტია...
- ვანო, ძალიან მინდა, რომ ვაღიარო, მაგრამ ვერ ვაღიარებ, რა?! მოდი, პრდაპირ ვთქვათ, რომ ეს ადამიანები სააკაშვილის გაუაზრებელი და სრულიად არასახელმწიფოებრივი მიდგომის გამო დაიღუპნენ! ნუ ჩამაყენებ იმ მდგომარეობაში, რომ ბურჯანაძე დავიცვა. მისი არც მეგობარი ვარ, არც - თანამებრძოლი და არც - თანამოაზრე, მაგრამ შავზე შავი ვთქვათ, თეთრზე კი, - თეთრი. ვინ ესროლა იმ რუს მშვიდობისმყოფელებს? მე ვესროლე? კაკო ბობოხიძის არ მეშინია, რომელმაც პეტრე მამრაძეს გაარტყა, ის არ თქვა, რაც იყოო.

ესე იგი, ივანიშვილის შეცდომად იმას თვლი, რომ გვერდით ყველა ძალა არ დაიყენა, არა?
- რა თქმა უნდა. შეიძლება, თვითონ სხვანაირად მიიჩნევს, მაგრამ მგონია, რომ ასეთი ძლიერი და აგრესიული ხელისუფლების დამარცხება ორი-სამი პარტიის იმედით არ გამოვა. ბიძინა ივანიშვილი ყველას გამაერთანებელი უნდა გამხდარიყო და ასე ეროვნულ ლიდერად იქცეოდა, ანუ უნდა ეთქვა, რაც ერთმანეთთან პრობლემები გვაქვს, გვერდზე გადავდოთ, რადგან ახლა მთავარი ამოცანა ხელისუფლების შეცვლააო.

ნანა, როცა მამუკა არეშიძის თხოვნით, “ქართულ ოცნებაშიმისვლა გადაწყვიტე, მაშინაც ხომ გქონდა შეკითხვა, თუ რატომ არ შესთავაზა ივანიშვილმა ყველა ოპოზიციურ ძალას თავის გარშემო გაერთიანება, მაგრამ მაინც მიხვედი. რატომ?
- ჯერ ერთი, იმიტომ მივედი, რომ არ არსებობს ადამიანი, ვისაც ჩემთვის დახმარებისთვის მოუმართავს, დახმარება შემძლებოდა და დახმარებაზე უარი მეთქვა. სხვათა შორის, ივანიშვილს ახლაც შეუძლია, რომ ამ გაერთიანების კონფიგურაცია შეცვალოს, გააფართოვოს და ერთიანი ფრონტი გამოაცხადოს. იმედი მაქვს, რომ სწორედ ამ გზით წავა...

ირაკლი ალასანია ცალსახად აცხადებს, იქ, სადაც იქნება ბურჯანაძე, არ იქნებიანთავისუფალი დემოკრატებიო”. ამ ფონზე, ჩემი აზრით, გაფართოება გამორიცხულია, თუმცა როგორ ფიქრობ, ივანიშვილისთვის ბურჯანაძე უფრო ფასეულია თუ ალასანია?
- ამ ეტაპზე ჩემთვის ერთობაა ფასეული...

სხვათა შორის, ერთობა ქართულ პოლიტიკაში მაინცდამაინც არ ამართლებს და ამას 2007 წლის 7 ნომებრის შემდეგ შექმნილი .. გაერთიანებული ოპოზიციაც მოწმობს, რომელმაც შედეგს ვერ მიაღწია...
- მან შედეგს სხვა მიზეზების გამო ვერ მიაღწია. ყველა რომ გაერთიანდეს, არჩევნებში გაიმარჯვონ და პარლამენტში შესვლის მერე, ფრაქციები შექმნან, ამაში ტრაგედია რა არის?

ისე, ამბობენ, რომ შესაძლოა, მესამე პოლიტიკური ცენტრი შეიქმნას...
- თუ გამსხვილება არ მოხდა, მაშინ მესამე პოლიტიკური ცენტრი აუცილებლად შეიქმნება, რადგან “რესპუბლიკელების”, ალასანიასა თუ ივანიშვილის ხათრით, სხვა პოლიტიკური პარტიები საფლავში ვერ ჩაწვებიან...

ისინი საფლავში, მგონი, უკვე წვანან...
- ყველანი საფლავში იწვნენ, მაგრამ ხვალ შეიძლება, ვითარება შეიცვალოს.

ნანა, ამბობ, “ქართულ ოცნებაშიპარტიის შექმნის სამზადისი არ იგრძნობაო. აბა, რითი არიან დაკავებულნი?
- “ქართული ოცნების” თემატური ჯგუფები ძალიან სერიოზულ კონცეფციებს ქმნიან. ეს კარგია, მაგრამ ის რგოლებიც უნდა შეიქმნას, რომლებმაც ეს კონცეფციები ამომრჩევლამდე უნდა მიიტანოს. საარჩევნო სიაში ჩაწერილი ხალხი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი ისაა, ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ უბანზე ამომრჩეველთან მივა და ეტყვის, ივანიშვილის წარმომადგენელი ვარო, ავტორიტეტულია თუ არა, ანუ არჩევანის გაკეთება ქვედა რგოლში ხდება...

ნანა, იქნებ, პრობლემა შენთან ჰქონდათ, ანუ ხომ არ გაგრძნობინეს, შენ აქ რა გინაო...
- არა...

ანაზღაურება დაგინიშნეს?
- ეს საკითხი არც დამისვამს. მხოლოდ ფულისთვის არსად მიმუშავია და ეს გადამწყვეტი ფაქტორი არც აქ ყოფილა. ივანიშვილს კი არ ვუპირისპირდები, უბრალოდ, ვეუბნები, რაც ცუდია, რომ გამოასწოროს! თუ მოისმენს და გაითვალისწინებს, კარგი, თუ არადა, უკეთესად იცის თავისი საქმის...

ნანა, მოკლედ, შენი მთავარი პრობლემა უმოქმედობა იყო. ეს სიტუაცია რომ შეიცვალოს, “ქართულ ოცნებაშიდაბრუნდები?
- არა, რადგან გამოვა, ეს ყველაფერი თითქოს იმიტომ ვილაპარაკე, რომ უკან დაბრუნება მინდოდა...

ნანა, ცუდი რამე უნდა გითხრა და არ გეწყინოს: როცა ცნობილი გახდა, რომქართულ ოცნებაშიმიხვედი, ითქვა, რატომ მიყვანა ივანიშვილმა დევდარიანი, რომლის ცესკო- თავმჯდომარეობისასვარდების რევოლუციამოხდაო...
- “ქართულ ოცნებაში” არც პოლიტიკურ პოზიციაზე მივსულვარ და არც - საარჩევნო სიაში ჩასაწერად. იქ სააპარატო სამუშაოზე მივედი... ისე, არ მიმაჩნია, რომ “ვარდების რევოლუცია” ჩემს გამო მოხდა, თორემ ცესკო-ში ერთი უკანონო გადაწყვეტილებაც რომ მქონოდა მიღებული, არავინ დამზოგავდა და მაზღვევინებდა.