უბედური შემთხვევა თუ პოლიტიკური მკვლელობა?

უბედური შემთხვევა თუ პოლიტიკური მკვლელობა?


საქართველოს ექს-პრემიერის-ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 7 წელი გავიდა. მისი გარდაცვალების ფაქტი ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის გამოძიებული. საზოგადოების ნაწილს ოფიციალური ვერსიის - რომლის მიხედვითაც იგი გაზის მოწამვლისგან გარდაიცვალა, დღესაც არ სჯერა. ოპოზიციონერები კი ამტკიცებენ, რომ საქმე პოლიტიკურ მკვლელობასთან გვაქვს. ამ ფაქტთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართეს, რომლის ლოზუნგიც ასე ჟღერდა: "პრემიერ-მინისტრის სიკვდილი გამოუძიებელია".

აქციაზე 50-ზე მეტი მოქალაქე შეიკრიბა, ძირითადად ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც მოითხოვეს, რომ ჟვანიას სიკვდილთან დაკავშირებული დეტალები ობიექტურად იქნას გამოძიებული. აქციის წევრები "ქართული ოცნების" მაისურებში იყვნენ გამოწყობილები. აქციაზე ჟვანიას ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ცოტნე ზურაბიანის განცხადებით, მათ ექს-პრემიერის ოჯახის წევრებს აქციის გამართვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, თუმცა ზურაბიანი "რეზონანსთან" დასძენს, რომ მათი გადასაწყვეტი იყო, აქციაზე მოვიდოდნენ თუ არა.

ჩვენ აქციის მონაწილეებს ვესაუბრეთ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორმა და "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა ცოტნე ზურაბიანმა "რეზონანსს" განუცხადა, რომ ობიექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვენ და ყველა იმ კითხვაზე პასუხის გაცემას, რაც ჟვანიას ოჯახს და საზოგადოებას აქვს დაგროვილი.

"დღეს აქ დუმილის აქცია იმართება, რომელიც ზურაბ ჟვანიას მკვლელობის 7 წლისთავს ეძღვნება. დღეს ჩვენ უსამართლო და შერჩევით მართლმსაჯულებას ვაპროტესტებთ. მთავარი მოთხოვნაა, რომ საქმის გამოძიება დაიწყონ, რათა საზოგადოების მოთხოვნებს პასუხი გაეცეს. დღევანდელი მტკიცებულებები და სასამართლო გადაწყვეტილებები საზოგადოებისთვის დამაკმაყოფილებელი ნამდვილად არ არის. ახალგაზრდების განცდაა, რომ მათი უმეტესობა თავს არასრულფასოვან საზოგადოებაში გრძნობს. ამიტომ ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევქმნათ თანასწორუფლებიანი და სამართლიანი გარემო, რათა თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლება დაცული იყოს".

მისივე თქმით, ახალგაზრდები ქვეყანაში შექმნილ უსამართლო გარემოს მუდამ გააპროტესტებენ. ზურაბიანის თქმით, აქციის მიზანი ისიცაა, რომ ეს ხელისუფლებასა და საზოგადოებასაც შეახსენონ.

"დღევანდელი ჩვენი აქცია იქითკენ არის მიმართული, რომ ქართველი ახალგაზრდები, მათ შორის, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთაც, მუდამ გააპროტესტებს ქვეყანაში შექმნილ უსამართლობას და ამით საზოგადოებასა და მთავრობას შევახსენებთ, რომ ქვეყანაში შექმნილია უსამართლო გარემო.

ოჯახის წევრებს ინფორმაცია მივაწოდეთ, რომ აქცია იგეგმებოდა, თუმცა მათი გადასაწყვეტი იყო, მოვიდოდნენ თუ არა", - - დასძენს ზურაბიანი.

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი ლიდერი დავით ფაცაცია კი ამბობს, რომ ამ 7 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ჟვანიას საქმე განგებ არ გამოიძია.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ ამ 7 წლის განმავლობაში ეს საქმე სპეციალურად არ გამოიძია, ხაზს ვუსვამ, განა ვერ, არამედ არ გამოიძია. ამ ფაქტთან დაკავშირებით ბევრი ეჭვი არსებობს, რაც სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიებებითაც დასტურდება".

ფაცაციას თქმით, ჟვანია იმ ბინაში არ გარდაცვლილა, სადაც მისი ცხედარი იპოვეს. მისი განცხადებით, დიდი ალბათობით საქმე მკვლელობასთან გვაქვს. ის იმ პირების პასუხისმგებლობას ითხოვს, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო. ფაცაცია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ შესაბამისი უწყება ამ საქმეს კიდევ არ გამოიძიებს, ამით ნათელი გახდება, რომ საქმე პოლიტიკურ მკვლელობასთან გვაქვს, რომელშიც ხელისუფლების უმაღლესი პირებიც მონაწილეობენ.

"მისი გარდაცვალება იმ ბინაში არ მომხდარა, სადაც იგი იპოვეს. ეს გაზით მოწამვლა არ ყოფილა, ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა დეტალი იქნას გამოძიებული. ჩემი აზრით, ეს საქმე ძალიან დიდი ალბათობით მკვლელობაა, რაც ჩვენთვის ძალიან მძიმეა, მით უფრო, როდესაც ჟვანია ქვეყნის მეორე პირი იყო, რომლის მკვლელობაც ძალიან დიდი ბურუსით არის მოცული. აქედან გამომდინარე ეს ფაქტი არის კრიმინალი და ამიტომ ჟვანიას მკვლელობაში მონაწილე პირები აუცილებლად უნდა იყვნენ სათანადოდ დასჯილები, სწორედ ამას ვითხოვთ.

ჩვენ მოვითხოვთ, რომ გამოძიება დღეიდანვე განხორციელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ამ საქმეში ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები უშუალოდ მონაწილეობდნენ, - აცხადებს დავით ფაცაცია.

ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ეჭვები აქციის სხვა მონაწილეებსაც აქვთ.

დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ლექსო კობაიძე: "პრემიერ მინისტრ ზურაბ ჟვანიას მკვლელობიდან 7 წელი გავიდა და მისი სიკვდილის ისტორია დღესაც ბუნდოვანია. გამოძიება კი დასრულებული ჯერ კიდევ არაა. საზოგადოებაში ასეთი აზრი მუსირებს, რომ ჩვენს ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია".

ა/ო "ივერიელების" თავმჯდომარე ლევან კოჭლოშვილი: "პირველ რიგში დღევანდელი აქციით პატივი ზურაბ ჟვანიას ხსოვნას მივაგეთ. "ქართული ოცნების" ახალგაზრდულმა ფრთამ მოითხოვა, რომ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული ამბები გამოძიებული ბოლომდე იყოს. მის სიკვდილთან დაკავშირებით რამდენიმე მინიშნება, რომელიც მიანიშნებს, რომ საქმე იმასთან გვაქვს, რომ იგი შეგნებულად მოკლეს. მაგალითად, ყველამ კარგად ვიცით, რომ ზურა ჟვანია დიეტაზე იყო, თუმცა სახლში, სადაც ის გარდაცვლილი ნახეს, რატომღაც ძეხვეული აღმოჩნდა.

ეს საქმე ობიექტურად გამოძიებული უნდა იყოს, ბოლოს და ბოლოს იგი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო, თანაც ძალიან გავლენიანი ლიდერი. როდესაც პრემიერის სიკვდილის დეტალები გამოძიებული არ არის, ეს რაზეც მეტყველებს, ყველამ კარგად ვიცით".

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრი მარიამ ქანთარია: "დღეს საქართველოს ექს-პრემიერის გარდაცვალების დღეა, ამიტომ "ქართული ოცნების" ფრთა ვაპროტესტებთ იმ ფაქტს, რომ ჟვანიას გარდაცვალების დეტალები ბოლომდე გამოძიებული ჯერ კიდევ არ არის. არსებობს ძალიან ბევრი ეჭვი და ამასთანავე ძალიან ბევრი კითხვა, რომელზეც პასუხი გაცემული არ არის.

ეჭვებთან დაკავშირებით მაგალითად, ის, თუ რა გასაღები ამოიღო მისი დაცვის უფროსმა ზურაბ ჟვანიას ქურთუკიდან და კანცელარიაში რატომ გააღო მისი სეიფი და ამის შემდეგ რატომ გახსნა 2004 წლით დათარიღებული საბუთები. კიდევ ბევრი ეჭვი არსებობს. ოჯახის წევრებს რა კითხვებიც აქვთ, შეგიძლიათ მათ თავად ჰკითხოთ", - დასძენს ქანთარია.