კობა ბენდელიანი, “ინტერპრესნიუსი”
საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტის შედეგებზე რუსული მხარის სავარაუდო რეაქციებსა და რუსეთში მიმდინარე პროცესების თავისებურებებზე "ინტერპრესნიუსი" ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის წამყვან მეცნიერ-მუშაკსა და მოსკოვის კარნეგის ცენტრის ექსპერტს, ალექსეი არბატოვს ესაუბრა.
- ბატონო ალექსეი, როგორ შეაფასებდით საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის შედეგებს ამერიკაში? პრეზიდენტმა ობამამ, გარდა იმისა, რომ საქართველოში გატარებული რეფორმები მოიწონა, აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე გადასვლისა და ვაშინგტონის მიერ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლირებაში მონაწილეობის შესახებ განაცხადა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის შეფასებით, "საქართველო აშშ-სთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია"...
- ჩემთვის რთულია იმაზე მსჯელობა, თუ რა იყო ამ ვიზიტისას რეალური საქმე და რა - დეკლარაცია. ვიზიტის შედეგების შეფასება საქართველოსა და ამერიკის ხელისუფლებების საქმეა. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მოსკოვმა ამერიკულ-ქართული ურთიერთობების გაღრმავება თეთრ სახლსა და კრემლს შორის დაძაბულ ურთიერთობებსა და რუსეთში ანტიამერიკული განცხადებების პასუხად აღიქვა. უპირველესად ეს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგების საკითხებში მხარეებს შორის უთანხმოებას ეხება, რასაც რუსეთის მხრიდან მუქარები და სხვადასხვა შეთანხმებიდან გამოსვლის განცხადებები მოჰყვა. როგორც ჩანს, თბილისთან დაახლოებით ვაშინგტონმა მოსკოვს იმის სიგნალი გაუგზავნა, რომ თუ მოსკოვმა ასე გააგრძელა, ამერიკას არანაკლები საშუალება აქვს, რუსეთს ცხოვრება გაურთულოს.
- თქვენი აზრით, როგორი რეაქცია ექნება ქართულ-ამერიკულ დაახლოებაზე ვლადიმერ პუტინს? სხვათა შორის, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვაშინგტონში განაცხადა, რომ თბილისი მზად არის მოსკოვთან ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, მაგრამ მოსკოვი ინტერესს არ ავლენს . . .
- პუტინი ჯერ არ გახლავთ რუსეთის პრეზიდენტი. ამიტომ, ჯერ არა აქვს საშუალება, განსაზღვროს რუსეთის საგარეო პოლიტიკა. ეს პრეზიდენტ მედვედევის საქმეა, მაგრამ იმის გამო, რომ არჩევნებამდე ცოტა დრო დარჩა, მედვედევი მეორე პლანზეა გადასული და არა მარტო საგარეო საკითხებში, არამედ საშინაო პოლიტიკის საკითხებშიც არ აქტიურობს. ის, რომ პუტინს შეუძლია, საქმეებით ყველა გააკვირვოს, არა ერთხელ დაუდასტურებია. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ გაპრეზიდენტების შემდეგ პუტინმა საქართველოსთან მიმართებაში კურსი მნიშვნელოვნად შეცვალოს და საქართველოსთან ურთიერთობების აღსადგენად პრეზიდენტ სააკაშვილს ხელი გაუწოდოს; აღადგინოს ის ურთიერთობები, რომელიც პრეზიდენტ მედვედევის მმართველობის დასაწყისში უკიდურესად გამწვავდა და მხარეები შეიარაღებულ დაპირისპირებამდე მიიყვანა. რა თქმა უნდა, პუტინი საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს არ დაუბრუნებს. ეს ის საკითხებია, რომლებზეც მხარეებმა ცალკე უნდა იმსჯელონ. მაგრამ, მე არ გამოვრიცხავ, რომ გაპრეზიდენტების შემდეგ პუტინი ერთ-ერთ პირველ და მოულოდნელ ნაბიჯს სწორედ საქართველოს მიმართულებით გადადგამს. მას არა ერთხელ დაუდასტურებია, რომ მოულოდნელი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია.
- შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის დაბრუნება იყოს ორ ქვეყანას შორის არა ურთიერთობების დაწყების პირველი ნაბიჯი, არამედ მოსკოვსა და თბილისს შორის მოლაპარაკებების შედეგი?
- საქმე იმაშია, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, მხარეები ამ საკითხზე მოლაპარაკებებს რა ფორმით და დროის რა მონაკვეთში განიხილავენ. შეუძლებელი არაფერია. დიპლომატია და საგარეო პოლიტიკა იმისთვის არსებობს, რომ ამგვარი მოლაპარაკებების დაწყება და პოზიციების დაახლოება უზრუნველყოს. ახლა ყველაფერს ის უშლის ხელს, რომ ორივე მხარე ერთმანეთის მიმართ კონფრონტაციულ კურსზე უარს არ ამბობს. მხარეებს პრინციპულად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობა. მაგრამ, თუ მხარეები მომავლისთვის ამ სერიოზულ და სადავო დაკითხებში შეძლებენ განზოგადებული ფორმულირებებისა და კომპრომისული წინადადებების შემუშავებას, ყველაფერი შესაძლებელია. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ნაციონალური უმცირესობების ინტერესები გათვალისწინებული იქნება და ეს სოხუმსა და ცხინვალს დააკმაყოფილებს, გამორიცხული არაფერია. დიახ, არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთის ახალი პრეზიდენტი რუსეთს-საქართველოს შორის პოლიტიკურ ურთიერთობებში გარკვეული გარღვევის მისაღწევად სერიოზულ ნაბიჯებზე წავიდეს.
- თქვენი აზრით, რა ხდება რუსეთში და როგორ შეაფასებდით რუსეთში შექმნილ ვითარებას?
- 90-იანი წლებში გადატანილი ქარტეხილებისა და მთავრობათა ცვლის შემდეგ, რუსეთში 10 წლის წინ ხელისუფლებასა და ხალხს შორის დაიდო არაფორმალური პაქტი. ხელისუფლება ხალხს უზრუნველყოფდა სტაბილურობით და მზარდი ცხოვრების დონით, ხოლო ხალხი არც ერთ დონეზე არ მონაწილეობდა ქვეყნის მართვაში. ხალხს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრისთვის უფლებამოსილება დელეგირებული ჰქონდა ხელისუფლებისათვის. როგორც ჩანს, ამ პაქტმა თავისი თავი ამოწურა. საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, ადამიანებმა, რომლებსაც ცხოვრებისა და განათლების მაღალი დონე აქვთ, განაცხადეს, რომ სურთ ადგილობრივ და ფედერალურ დონეზე სახელმწიფოს მართვაში სამართლიანი არჩევნების საშუალებით მონაწილეობა. სწორედ ამაშია რუსეთში დღეისთვის არსებული ვითარების თავისებურება.
მიიყვანს თუ არა ეს პროცესი ქვეყანას ხელისუფლებასა და ხალხს შორის ახალი, გაცხადებული თუ გაუცხადებელი პაქტის გაფორმებამდე და რა პირობები იქნება ჩადებული ახალ პაქტში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. გასაგებია, რომ პუტინის მმართველობის პერიოდში ჩამოყალიბებულ მმართველ კლასს არ სურს ძალაუფლებისა და პრივილეგიების დათმობა. მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთის საზოგადოების ფართო მასები მივიდნენ იმ აზრამდე, რომ რუსეთის ეკონომიკის მოდერნიზაცია, კორუფციასთან ბრძოლა და მოქალაქეების სოციალური და სხვა უფლებებით უზრუნველყოფა შეუძლებელია ქვეყანაში 10 წლის მანძილზე ჩამოყალიბებული პოლიტიკური სისტემის სერიოზული ცვლილების გარეშე.
- ოპოზიციამ თავისი მოთხოვნები 4 თებერვალს გამართულ მიტინგზე ჩამოაყალიბა, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლება მათ გათვალისწინებას მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე არ აპირებს. მიტინგზე პრეზიდენტობის კანდიდატთაგან არც ერთი, მათ შორის არც პროხორივი არ გამოსულა. არავის ეპარება ეჭვი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინი გაიმარჯვებს და, თქვენი აზრით, როგორ განვითარდება პროცესები კრემლში პუტინის დაბრუნების შემდეგ?
- თუ მცირე ექსცესებს არ მივიღებთ მხედველობაში, მადლობა ღმერთს, რომ მასობრივმა აქციებმა უსისხლოდ და მშვიდად ჩაიარა. მიუხედავად იმისა, რომ აქცია სანქცირებული იყო, უფრო მეტი პროვოკაციებიც იყო მოსალოდნელი. მოსკოვისთვისაც ძალიან დიდ ყინვაში ბალოტნაიზე გამართულ აქციაში ძალიან ბევრმა ხალხმა მიიღო მონაწილეობა. 4 თებერვალს ბალოტნაიაზე იმაზე მეტი ხალხი მოვიდა, ვიდრე - წინა აქციაზე. ეს სწორედ იმ ხალხის დემონსტრაცია იყო, რომლებსაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის მართვაში, რუსეთის სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში.
ის, რომ ბალოტნაიაზე გამართულ აქციაზე პრეზიდენტობის არც ერთი კანდიდატი არ გამოსულა სიტყვით, არავის გაკვირვებია. გასაკვირი მიტინგზე პროხორვის გამოუსვლელობა იყო. თუმცა, მას წინასწარ ჰქონდა გაკეთებული განცხადება, რომ აქციაში მონაწილეობას მიიღებდა, მაგრამ სიტყვით არ გამოვიდოდა. როგორც იტყვიან, პროხოროვთან დაკავშირებითაც ყველაფერი ნათელია.
ჯერ არ მინდა იმაზე საუბარი, დაბრუნდება თუ არა კრემლში პუტინი. იგი პრეტენზიას აცხადებს გაპრეზიდენტებაზე და ცხადია, რომ პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებთან შედარებით ამის შანსები მეტი აქვს. მაგრამ, არჩევნებამდე ჯერ ერთი თვეა დარჩენილი და ამ პერიოდში შესაძლოა, კიდევ ბევრი რამ შეიცვალოს.
ჩემი აზრით, რუსეთში ვითარება შეცვლილია. ერთი თვის წინაც კი შეუძლებელი იყო პუტინისაგან იმის მოსმენა, რასაც ახლა აცხადებს. პუტინი აქტიურ საარჩევნო კამპანიას ატარებს და ხალხში უხვად არიგებს დაპირებებს იმაზე, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში ანგარიშს გაუწევს არა მარტო ოპოზიციას, არამედ საზოგადოების ფართო ფენებს. მან პირობაც კი დადო, რომ არჩევნები ყველანაირი კონტროლის ქვეშ და სამართლიანად ჩატარდება. ახლა შეუძლებელია იმას თქმა, თუ რა მოხდება არჩევნებამდე დარჩენილ ერთ თვეში. ცხადია, რომ ყინული დაიძრა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო კამპანიამდე პუტინს სხვაზე უკეთესი სასტარტო პირობები ჰქონდა და კამპანიის მიმდინარეობისასაც უკეთესი პირობები აქვს, ფაქტია, რომ პუტინს გაპრეზიდენტების ყველაზე მეტი შანსი აქვს.
- რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პრეზიდენტის ასარჩევად მეორე ტურის დანიშვნა გახდება აუცილებელი?
- იავლინსკის რომ არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, მეორე ტურის დანიშვნის ალბათობა ძალიან მაღალი იქნებოდა. იავლინსკის არჩევნებში დაუშვებლობით გაიზარდა პირველივე ტურში პუტინის გამარჯვების შანსი. ცხადია, რომ არჩევნებში ამის გამო გაცილებით ნაკლები ხალხი მივა, რაც მეორე ტურის აუცილებლობას გამორიცხავს. ახლა ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენ ხმას მიიღებს პროხოროვი. თუ ლიბერალურ-დემოკრატიულმა ძალებმა არ ჩათვალეს, რომ პროხოროვი პუტინის პროექტია და მას ხმები მისცეს, მაშინ საინტერესო სურათს იმის გამო მივიღებთ, რომ დანარჩენი სამი კანდიდატის მიღებულ ხმათა ოდენობა პროგნოზირებადია.
- გამოითქმის ასეთი მოსაზრება - პუტინი იმდენად დისკრედიტებულია, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში მის ლეგიტიმურობაში საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს ეჭვი შეეპარება და ამის გამო ისეთი ძლიერი ვეღარ იქნება . . .
- პირველ რიგში, მე ვერ ვიტყოდი, რომ პუტინი დისკრედიტირებული იქნება. თუ საპრეზიდენტო არჩევნები სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა, არავის ექნება საფუძველი, მის ლეგიტიმურობაში შეიტანოს ეჭვი.
- თქვენ იმედოვნებთ, რომ ცესკ-ოს თავმჯდომარე ჩუროვი სამართლიან არჩევნებს ჩაატარებს? ეს ხომ პრაქტიკულად არარეალურია..
- რატომაა არარეალური, თქვენ რა, მართლა გგონიათ, რომ რუსეთის არჩევნების ბედს ჩუროვი წყვეტს? იგი მხოლოდ გაყალბებული არჩევნების სიმბოლოა. საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩუროვი ისე იმოქმედებს, როგორადაც ეტყვიან. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, არჩევნების სამართლიანად ჩატარებასთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მმართველი დაჯგუფება. თუ მათ ჩათვალეს, რომ გაყალბებისა და ხალხის პროტესტის მიუხედავად პუტინის პირველ ტურში გამარჯვება გამართლებულია, ასეც იქნება. მაგრამ, მმართველი გუნდისთვის ახლა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პუტინის გამარჯვების შემთხვევაში არავის ჰქონდეს საშუალება, თქვას, რომ არჩევნების შედეგები არალეგიტიმურიაო. ასეთ შემთხვევაში მთავრობაც არალეგიტიმური იქნება, რაც მმართველი დაჯგუფების ინტერესებში არ შედის.
მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ კრემლში დაბრუნების შემთხვევაში პუტინს არ ექნება ისეთი კარტ-ბლანში, როგორიც მას მისი მმართველობის პირველი 8 წლის განმავლობაში ჰქონდა. ამაში ეჭვი აბსოლუტურად არავის არ ეპარება. იგი იძულებული იქნება, ანგარიში გაუწიოს არა მარტო სათათბიროში არსებულ ოპოზიციას, არამედ ქუჩის ოპოზიციასა და პოლიტიკურად აქტიურ საზოგადოებრივ მოძრაობებს. პუტინს კარგად ესმის, რომ მას არ გამოუვა და არც შეუძლია უკიდურესი ზომების მიღება და ოპოზიციის განადგურება. საქმე იმაშიც არის, რომ იგი ოპოზიციის ღიად განადგურებაზე უკვე ვერც და არც წავა.
715
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85