დავით შალიკაშვილი, ნინო ხოზრევანიძე, "ინტერპრესნიუსი"
ისტორიული ტაო-კლარჯეთი, ჩვენი ეროვნული იდენტობის სიმბოლო და სახე, თავისი ულამაზესი ტაძრებით, უკვე მრავალი საუკუნეა, უცხო ქვეყნის საზღვრებშია მოქცეული. რამდენ ხანს იქნება ასე, არავინ უწყის, სამაგიეროდ დანამდვილებით შეიძლება თქმა, რომ იქ დარჩენილი ტაძრები, რომელთაც ლამის 1000 წელია, არ შეხებია ერთადერთი გულშემატკივრისა და პატრონის – ქართველი კაცის მზრუნველი ხელი, ნადგურდება.
ადრე მათ გამაგრებაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. დრო იცვალა, ახლა ჩვენს მეზობელ ერთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვაქვს და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ თურქეთის საზღვრებში მოქცეულ ქართულ ტაძრებს შეიძლება მივეშველოთ. მოლაპარაკება, რომელსაც კულტურის სამინისტრო თურქულ მხარესთან რამდენიმე წელი აწარმოებდა, დასრულდა.
"იმისთვის, რომ ოშკი და იშხანი დანგრევას გადავარჩინოთ, თურქულ მხარესთან შეთანხმება აუცილებელია, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ძეგლი ქართულია, ამჟამად სწორედ თურქეთში მდებარეობს. ოშკის რესტავრაცია არასდროს განხორციელებულა და ამიტომაც კიდევ ერთ დიდთოვლობას ვეღარ გაუძლებს. ამის სანაცვლოდ, თურქული მხარე, აჭარაში ავტონომიური რესპუბლიკის მიერ გამოყოფილ ნებისმიერ ადგილზე აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას ითხოვს, რომელსაც თავად დააფინანსებს, ასევე გამოთქვამს ახალციხეში, ახმედიეს მეჩეთის რესტავრაციაში ჩართვის სურვილს. ესაა აუცილებელი პირობა, რომ ოშკი და იშხანი გადავარჩინოთ. ამაზე მე დავთანხმდი. უახლოეს მომავალში მემორანდუმს მოვაწერთ ხელს და რესტავრაციაც დაიწყება. როდესაც ხელმოწერა მოხდება, დოკუმენტის ყველა პირობა საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება", _ აცხადებს საქართველოს კულტურის მინისტრი, ნიკა რურუა.
ორიოდ სიტყვით, რაზეა საუბარი და რის აშენებასა და აღდგენას ითხოვს თურქული მხარე.
აზიზიეს მეჩეთი, რომელსაც სულთნის მეჩეთსაც ეძახდნენ, 1868 წელს ოსმალეთის იმპერიის სულთანის, აბდულ აზიზის ბრძანებით აუშენებიათ ბათუმში დაბანაკებული თურქი ასკერებისთვის. როგორც ცნობილია, მეჩეთის მშენებლობით უშუალოდ იყო დაინტერესებული სულთნის დედა ვალიდე ხანუმი. ადრე მოედანს, სადაც სალოცავი აშენდა, აზიზიეს მოედანსაც ეძახდნენ. 30-იან წლებში კომუნისტებმა მოედანს ლენინის სახელი უწოდეს, მეჩეთი კი დაანგრიეს, ისევე, როგორც ბათუმში არსებული ორი ეკლესია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, იქვე მოწყობილ სკვერში, 1921 წელს აჭარის გათავისუფლებისთვის თურქებთან ბრძოლაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების საძმო საფლავი გაკეთდა.
ბუნებრივია, ამჟამად აზიზიეს მეჩეთის არანაირი ნაშთი არ არსებობს, თუმცა შემორჩენილია ფოტოსურათები, საიდანაც ზედმიწევნით შეიძლება შენობის ფორმისა და პარამეტრების დადგენა. რაც შეეხება ადგილმდებარეობას, ვფიქრობთ, მისი ძველ ადგილას აშენება გამორიცხულია. მორალურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, ამჟამად ქალაქის ამ ნაწილში განხორციელებული აღმშენებლობის კონტექსტში მეჩეთის ჩასმა ძნელად მოხერხდება. როგორც ჩანს, ამას თავად თურქებიც ხვდებიან და ისე დაჟინებით აღარ მოითხოვენ ახალი მეჩეთის ძველ ადგილზე აშენებას.
ახლა, რაც შეეხება ახალციხეში არსებულ ახმედიეს მეჩეთს და მის რესტავრაციას. მეჩეთი 1752 წელს მართლმადიდებლური ეკლესიის საძირკველზე ააშენა აზი ახმედ ფაშამ (ჯაყელმა) და დღეს, სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის ტერიტორიაზეა. შემორჩენილია მის გვერდით მდებარე მედრესე, რომელიც თურქების ბატონობის ხანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაჰმადიანური სასწავლებელი იყო კავკასიაში. შენობები საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. დღეს, ახალცხის მეჩეთის გახსნის შემთხვევაში (ვინაიდან აღსადგენი ბევრი არაფერია), მისი სავარაუდო მრევლი, ადრე ამ რეგიონში გადასახლებიდან დაბრუნებული ე.წ. თურქი მესხების 30-მდე ოჯახი თუ იქნება (ეს იმ შემთხვევაში, თუ არ იგეგმება მათი სრული დაბრუნება მესხეთში, რისი ვალდებულებაც ევროკავშირის წინაშე საქართველოს ნაკისრი აქვს).
ხელშეკრულებას დავუბრუნდეთ. როგორც აღვნიშნეთ, მოლაპარაკებები რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. თავიდან ტაო-კლარჯეთში არსებული ოთხი ტაძარი სახელდებოდა, რომელთა აღდგენის სანაცვლოდ, თურქები აჭარასა და ახალციხეში 3 მეჩეთის რესტავრაციის და ერთის აშენების უფლებას ითხოვდნენ. ამ ცნობამ, როგორც მოსალოდნელი იყო, საზოგადოების უდიდესი დაინტერესება, მწვავე ემოციები და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
ქართველი ხელოვნებათმცოდნეებისა და ისტორიკოსების უმრავლესობას მიაჩნდა და დღესაც მიაჩნია, რომ ეს არის ისტორიული შანსი, რომლის მსგავსი საუკუნეების მანძილზე არ გვქონია და მისი გამოუყენებლობა დანაშაულია.
ისტორიკოსი გოგი ოთხმეზური: "ალტერნატივა არ გაგვაჩნია. ხანძთის ეკლესიის გუმბათი ორი წლის წინ ჩამოინგრა. ოშკის გუმბათს კი რა ძალა იკავებს, ვერ გეტყვით, ანუ დრო ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტი საფრთხის წინაშე დგება ეს ძეგლები. არჩევანის საშუალება არა გვაქვს, დათმობაზე უნდა წავიდეთ. მე, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანს, მირჩევნია, აშენდეს ეკლესიები და არა - მეჩეთები. ისიც უნდა ითქვას, რომ აჭარაში მაინც შენდება მეჩეთები. რამდენადაც ვიცი, ბოლო ხანებში მარტო აჭარაში 52 მეჩეთი და 12 მედრესე გაიხსნა. კიდევ ორის დამატება არაფერს გვავნებს. აქ ცხოვრობენ მუსლიმანები და მათ მეჩეთის აშენებას ვერ დაუშლი, ის ჩვენი ეკლესიები კი, ვიმეორებ, კატასტროფულ მდგომარეობაშია. აქვე, აბსოლუტურად ვეთანხმები საპატრიარქოს პოზიციას, რომ მათთვის ბოლოს კი არ უნდა გადაეგზავნათ ხელშეკრულების შედეგები, არამედ ყველა ეტაპზე უშუალოდ უნდა ყოფილიყვნენ ჩართულნი მოლაპარაკებებში".
როგორც ითქვა, შეთანხმების პროცესში არ იყვნენ ჩართულნი საპასტრიარქოს წარმომადგენლები, რამაც არა მხოლოდ სასულიერო წრეებში, არამედ, მთლიანად საზოგადოებაში გააჩინა უკმაყოფილებისა და უნდობლობის განცდა.
"ვფიქრობ გაუგებრობის შედეგია, რომ საქართველოს საპატრიარქომ უპირველესად მიიჩნია, არდაშენისა და ხახულის ტაძრების აღდგენა. ხახული არის ყველაზე კარგად მოვლილი ტაძარი ტაო-კლარჯეთში, რაც შეეხება მეორე ძეგლს, არდაშენს, საერთოდ არ გაგვიგია მის შესახებ. საერთოდ, ეს ძეგლი ქართულია თუ არა, ესეც დასადგენია. რადგან პარიტეტულია ხელშეკრულება, როგორიც იქნება აზიზეის მეჩეთის იურიდიული რეჟიმი, ისეთივე უნდა იყოს იგი ჩვენს ძეგლებთან მიმართებაშიც. თურქულმა მხარემ ფუნქციონირება მხოლოდ ერთ ძეგლზე, აზიზეის მეჩეთზე მოითხოვა, შესაბამისად, ჩვენც იგივეს მოვითხოვთ. ეს ყველაფერი ხელმოწერის შემდეგ დადგინდება", _ აცხადებდა კულტურის მინისტრის მოადგილე, ნიკა ვაჩეიშვილი. მისი პოზიცია ნიშანდობლივია _ ხელისუფლება თავის განცხადებებში ირიბად საპატრიარქოს წარმომადგენლების არაკომპეტენტურობაზე და პროცესისადმი არაადეკვატურ მიდგომაზე მიანიშნებდა, რაც მათი აზრით გადაწყვეტილების მიღებას აჭიანურებდა მაშინ, როდესაც "დრო ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს".
იყო ასეთი მოსაზრებაც, რომ ტაო-კლარჯეთში არსებული ქართული ტაძრების რესტავრაცია იუნესკო-ს ეგიდით განხორციელებულიყო, რითაც არასასურველ დათმობებს ავარიდებდით თავს. ნიკა ვაჩეიშვილის აზრით, სასურველ შედეგს ვერც ამ გზით მივიღებთ: "ეს ხანგრძლივი და ბიუროკრატიული პროცესია. რაც მთავარია, უკვე რესტავრირებული ძეგლი ხვდება იუნესკო-ს სიაში და არა - ნგრევის პირას მყოფი. იუნესკო გვეუბნება, ჯერ მიხედეთ, გვაჩვენეთ, რომ ეს თქვენთვისაც მნიშვნელოვანი ძეგლებია და მერე ვილაპარაკოთ, ვაღიარებთ მათ, თუ _ არა. ვერავითარი საერთაშორისო ორგანიზაცია ამ საქმეში ვერ ჩაერევა, რადგან ქართული ძეგლები იუნესკო-ს სიაში არ არიან. იქ კი თურქებმა უნდა წარადგინონ, რადგან ეს მათი ტერიტორიაა. თურქული მხარე მოითხოვს ვილაპარაკოთ, როგორც სახელმწიფო - სახელმწიფოს".
საქართველოს კულტურის სამინისტროს პოზიცია, თუ გავითვალისწინებთ ქართული ტაძრების სავალალო მდგომარეობას და ყოველივე უცხოსადმი ჩვენი მეზობლის არცთუ მარტივ დამოკიდებულებას, მართლაც რეალისტურად გამოიყურება. მეორე მხრივ, თავად ბათუმში, სადაც უნდა აშენდეს მეჩეთი, ვითარება სულ უფრო მეტად იძაბება. "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრი, მურმან დუმბაძე, რომელიც პარტიიდან საკითხისადმი თავისი შეურიგებელი პოზიციის გამო გარიცხეს, აცხადებს:
"არ შეიძლება, დოკუმენტს დაერქვას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თაობაზე დადებული ხელშეკრულება ან მემორანდუმი, ვინაიდან ჩვენ არსებულს აღვადგენთ, ხოლო თურქები ახალს ააშენებენ. ამით ირღვევა შეთანხმების უმთავრესი, ნაცვალგების პრინციპი. ამის წინააღმდეგია აჭარის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის ქართველი მუსლიმანებიც. მართალია, აჭარაში მეჩეთები შენდება, მაგრამ მათ აშენებენ ქართველები და არც ერთი მათგანი უცხო ქვეყნის მიერ არ აშენებულა. ახლა კი თურქეთი, როგორც ხელშეკრულებაში წერია, ააშენებს სულთან აზიზეის სახელობის მეჩეთ-მუზეუმს. იმ სულთან აზიზიესა, რომელმაც მე-19 საუკუნეში აჭარა დაიპყრო და დედასამშობლოს მოწყვიტა. ხდება აჭარის მოსახლეობის ისტორიული მეხსიერების სრული იგნორირება. რა იქნება ეს, ოკუპაციის მუზეუმი? მაშინ, ხვალ პუტინმა რომ გვთხოვოს ლენინის ძეგლის ხელახლა დადგმა, დავადგმევინოთ?! თუ თურქეთი მართლაც ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოა და თანაზომადად განმიხილავს, ძეგლების დაცვაც საერთაშორისო, ცივილიზებული ნორმების დაცვით მოახდინოს. თურქეთს ისტორიული ძეგლები არ აინტერესებს, ის თავის რელიგიურ გეოგრაფიას აფართოებს. უამრავი ფული შემოედინება აჭარაში. იხსნება სპეციალური სკოლები და მედრესეები. სკოლებში მიმდინარეობს ნამდვილი რელიგიური მოსყიდვა. 10-15 წლის გოგო-ბიჭებს აგზავნიან თურქეთისა და არაბეთის სასწავლებლებში და რელიგიურ განათლებას აძლევენ".
თურქების მიერ ბათუმში მეჩეთის აგების გადაწყვეტილებას არც აჭარის მთავარი მეჩეთის მუფთი ჯემალ პაქსაძე ემხრობა: "მრევლი დიდი ხანია, ითხოვს მეჩეთის აშენებას, მაგრამ ჩვენ გვინდა ისეთი მეჩეთი, რომელიც ქართული ორნამენტებით და არქიტექტურით იქნება შესრულებული. მისი წინამძღოლიც აუცილებლად ქართველი უნდა იყოს. მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის ქართველი მუსლიმების მიერ, ქართულ მიწაზე, საქართველოს კანონმდებლობით აგებული სამლოცველო და არა რომელიმე სხვა ქვეყნის მიერ აგებული ცენტრი, რაც გამაღიზიანებელი იქნება საქართველოში მცხოვრები ადამიანებისათვის".
როგორც ვხედავთ, "ადგილზე" ვითარება რთულია და შესაძლებელია, კიდევ უფრო გართულდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების აღსრულების დრო რომ დადგება.
ზემოთ, საზოგადოებაში გაჩენილი უკმაყოფილებისა და უნდობლობის განცდა ვახსენეთ, რისი გაჩენის მიზეზიც ხელისუფლების მიერ ამ უმნიშვნელოვანესი და საშვილიშვილო საქმის ჩვეულ, "დახურულ" რეჟიმში კეთებაცაა. კულტურის მინისტრისა და მისი მოადგილის განცხადებებში ხშირად გაისმის ფრაზები: "როდესაც დოკუმენტის ხელმოწერა მოხდება, მისი ყველა პირობა საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება". ანდა - "ეს ყველაფერი ხელმოწერის შემდეგ დადგინდება", ანუ ასეთი მნიშვნელობის შეთანხმება ფორმდება ისე, რომ მის შემუშავებაში არამცთუ საზოგადოება, არამედ სპეციალისტთა ფართო წრეც კი არ არის ჩართული.
. . . არავის ეპარება ეჭვი ამ საქმეში ჩართული ადამიანების კეთილ ზრახვებში. ერთია მხოლოდ _ თუ გავითვალისწინებთ დიდი და ძლიერი ქვეყნების მიერ ჩვენთან გაფორმებული ხელშეკრულებების დარღვევის, ასევე, ხელისუფლების მიერ საქმის "დახურულად" და, აქედან გამომდინარე უხეიროდ კეთების მწარე გამოცდილებას, უსიამოვნო ეჭვები და მოლოდინი გიპყრობს. . .
ისევ ჩვენი უძველესი ტაძრების მადლი თუ დაგვიფარავს ავისგან. . .
1986
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85