"ახალი თაობის" მასალების მიხედვით
"დარწმუნებული ვარ, კულისებს მიღმა საკმაოდ სერიოზული საუბარი ჰქონდათ მათ. ვერ ვიტყვი კონკრეტულ დეტალებზე, რადგან საუბრის ჩანაწერი ჯერ არ არის, მაგრამ გავიგებთ, რაზე იყო საუბარი - ჩვენ ჩვენი კომუნიკაცია გვაქვს ვაშინგტონში და თბილისშიც ამერიკის საელჩოში", - აცხადებს "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მალე გაიგებთ ობამა-სააკაშვილის შეხვედრის გაუხმაურებელ დეტალებს! / ვინ აწვდის ალასანიას პარტიას ინფორმაციებს.
"სააკაშვილი პრემიერად, პარლამენტის თავმჯდომარედ დარჩება თუ სხვა ნებისმიერ რანგში, - ამას მნიშვნელობა არ აქვს, თუ ის შეეცდება ძალაუფლების უზურპირებას, კონსტიტუციის თავის თავზე მორგებას. სააკაშვილი ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს. შეიძლება დარჩეს პოლიტიკაში რაღაც პოზიციაზე, შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციაში გააგრძელოს მუშაობა და ამ მხრივ წარმოადგინოს თავისი ნააზრევი ქვეყნის მომავალ განვითარებაზე, საგარეო პოლიტიკის ვექტორებთან დაკავშირებით, - მაგრამ სხვა ტრიბუნიდან, სხვა ადგილიდან. ხელისუფლებაში დარჩენის არც მორალური და არც პოლიტიკური უფლება მას არ გააჩნია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვიქტორ დოლიძე.
"ვაშინგტონში ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა გვითხრეს, სააკაშვილს რეალურად ორი გზა აქვს: ერთი, პუტინის გზა და მეორე არის ჯორჯ ვაშინგტონის გზა. სააკაშვილს ჯორჯ ვაშინგტონს ნამდვილად ვერ შევადარებ, რომელსაც ამერიკელი ხალხი ეხვეწებოდა მესამე ვადითაც ეყარა კენჭი, მაგრამ მან თავის პრინციპებს, დემოკრატიის პრინციპებს ვერ უღალატა. რომც სთხოვდეს ქართველი ხალხი, სააკაშვილს არ უნდა ჰქონდეს ამის სურვილი. მით უმეტეს, მან თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში ძალიან დიდი ზიანი მიაყენა როგორც ქვეყნის იმიჯს, ასევე ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის ეკონომიკურ, სავაჭრო მდგომარეობას. რაზე ვისაუბრო, როცა 1 800 000 ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმაა. როგორ სოციალურ პოლიტიკას ტოვებს სააკაშვილი, ამაზე აღარ ვსაუბრობ, რადგან ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. არც იმ საშინაო თუ საგარეო ვალებზე ვსაუბრობ, რომელსაც გვიტოვებს - ამდენად, ვიმეორებ, მას არც მორალური, არც პოლიტიკური უფლება არ აქვს ხელისუფლებაში დარჩენის", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ყველაფრის მიუხედავად, სააკაშვილი თუ გადაწყვეტს რომ დარჩეს, ეს ძალიან ცუდი იქნება, ძალიან დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ის პუტინიზაციის გზას ადგას. ამ შემთხვევაში სხვა რა გზა დარჩება ოპოზიციას, თუ არა ბრძოლა ბოლომდე. ჩვენ ყველა ვარიანტში ვაპირებთ ბრძოლას, სააკაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა. ფარ-ხმალის დაყრას არ ვაპირებთ, იმედი მინდა ვიქონიო, რომ სააკაშვილმა ეს ყველაფერი ადეკვატურად აღიქვა. არ მაქვს ილუზია, რომ ასე ადვილად წავა და დათმობს. მაგრამ იმედი მინდა ვიქონიო, რომ ადეკვატური იქნება. იქნებ ამაზე იფიქროს და თავის თავზეც. ამ შემთხვევაში მას უნდა აწყობდეს სწორი ნაბიჯით წასვლა. გარემოცვამაც მასთან ერთად უნდა გადაწყვიტოს. მათ ადეკვატური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ როგორც ქვეყნის, ისე თავის მომავალთან დაკავშირებითაც. მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ რევანშიზმით არ მოვდივართ, თუმცა დანაშაულისთვის თავისუფალი სასამართლოს წინაშე ყველა აგებს პასუხს", - დასძენს ვიქტორ დოლიძე.
"შეთანხმება თავისუფალ ვაჭრობაზე ამერიკას 17 ქვეყანასთან აქვს. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ უსაზღვროდ დიდი მოლოდინები არ უნდა გვქონდეს გამომდინარე იქიდან, რომ ობამამ გვითხრა - პერსპექტივაში დიალოგის დაწყებაზე უნდა ვიფიქროთო. დიალოგი ჯერ არ დაწყებულა, უნდა დაიწყოს, რაც საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ასევე ძლიან მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე საუბარი. თავდაცვისუნარიანობის ამაღლება მხოლოდ იარაღის მოცემა არ არის. 2008 წლის აგვისტოს მერე, ამ საკითხს როგორც ევროპელები, ასევე ამერიკელები დელიკატურად ეპყრობიან, მაგრამ ჩვენს სამხედროებს რომ ექნებათ საშუალება ამრიკის და ასევე ევროპის სამხედრო სასწავლებლებში მიიღონ განათლება, ძალიან მნიშვნელოვანია - სამწუხაროდ ასეთი შესაძლებლობა ოქრუაშვილის მინისტრობის დროს ხელიდან იქნა გაშვებული. საერთო ჯამში ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო", -აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "ქვეყნისთვის თუ სააკაშვილისთვის?" - პასუხობს:
"ბუნებრივია, ქვეყნისთვის. სააკაშვილმა რამდენიც არ უნდა ისპეკულიროს, რომ მას უჭერენ მხარს, უნდა აღვნიშნო, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ამერიკა პირველლ რიგში მხარს უჭერს ქვეყანას, როგორც საქართველოს და ეხმარება საქართველოს".
718
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85