მალხაზ ჭკადუა, "ლიბერალი"
თეთრი სახლი მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს არ დარჩეს ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრად საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, - ასე შეაფასა ენდრიუ კარნეგის ცენტრის მკლევარმა ტომ დე ვაალმა აშშ-ს პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, მიერ პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრისას გაკეთებული განცხადება.
„ეს იყო ნათელი საჯარო მინიშნება იმაზე, რაზეც მათ პირისპირ შეხვედრის დროს ისაუბრეს, თუმცა რა თქმა უნდა, დეტალები არ ვიცით", - თქვა ექსპერტმა „ლიბერალთან" საუბრისას და ამასთან, აღნიშნა, რომ ობამას განცხადებაში ყველაზე საინტერესო ფრაზა საქართველოს ხელისუფლების ფორმალურ გადაცემას ეხებოდა.
კითხვაზე, თუ რატომ გადაწყდა სტრატეგიული პარტნიორ-სახელმწიფოების პირველი პირების შეხვედრა 2012 წლის დასაწყისში, დე ვაალს ასეთი პასუხი აქვს:
„მას უნდოდა გამოეხატა მადლიერება საქართველოს მიმართ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თანხმობისთვის. მას ასევე სურდა საჯაროდ გადაეხადა მადლობა ავღანეთში ნატო-ს მისიისადმი კეთილგანწყობილი მონაწილისთვის, განსაკუთრებით მას შემდეფ, რაც სხვა ქვეყნებმა, მაგალითად საფრანგეთმა, პროცესიდან გასვლის შესახებ განაცხადეს და პასუხისმგებლობა ვაშინგტონს დააკისრეს. ასევე, აშშ-ს რეგიონში სტაბილურობის დანახვა და საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის შემცირება სურს", - ამბობს ტომ დე ვაალი.
მისივე თქმით, სააკაშვილის თეთრ სახლში მისაღებად ობამას შიდაპოლიტიკური მიზეზებიც ჰქონდა.
„რუსეთში, მარტის თვეში ვლადიმერ პუტინის ხელახალი გაპრეზიდენტების გათვალისწინებით, მან იცის, რომ პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დაადანაშაულებს, რომ "გადატვირთვის" გამო რუსეთთან „რბილი" პოლიტიკა აქვს. ამ შეხვედრამდე რესპუბლიკელი კანდიდატი მას საქართველოს ღალატში დაადანაშაულებდა. საჯარო შეხვედრისა და ამ შეხვედრით სააკაშვილის კმაყოფილების ასევე საჯაროდ განცხადების შემდეგ, ეს უკვე შეუძლებელია", - ამბობს კარნეგის ცენტრის სპეციალისტი.
დე ვაალი აანალიზებს, თუ რატომ გააკეთა განცხადება ობამამ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღების შესაძლებლობის შესახებ.
„ობამას უნდა კონგრესმა რუსეთთან ვაჭრობის შესახებ ჯექსონ-ვანიკის ცვლილება გააუქმოს, რომელიც ამერიკულ კომპანიებს საშუალებას აძლევთ რუსეთში, მსოფლიო სავჭრო ორგანიზაციის წესებით ბიზნესის აკეთონ. მაგრამ კონგრესში რესპუბლიკელების ძლიერი ანტირუსული კონტინგენტია, რომელიც ამ ცვლილების გაუქმებას შეეწინააღმდეგება. საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება კარგი იდეაა ამ ადამიანთა დასარწმუნებლად - უარი თქვან თავიანთ პოზიციაზე", - ფიქრობს დე ვაალი.
800
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85