ეგვიპტის მმართველმა
შეიარაღებული ძალების უმაღლესმა საბჭომ გამოაქვეყნა კანონი საპრეზიდენტო
არჩევნების შესახებ. კანონი ხელმოწერილია სამხედრო საბჭოს მეთაურის, მარშალ ჰუსეინ
ტანტავის მიერ სახალხო კრებასთან (პარლამენტთან) განხილვის გარეშე. შეგახსენებთ,
რომ ეგვიპტის პარლამენტმა მუშაობა ცოტა ხნის წინ, 23 იანვარს დაიწყო.
კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატურის
წამოყენება შეუძლია მხოლოდ ეგვიპტელს, რომელსაც არ აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა
და რომლის მშობლებიც ასევე ეგვიპტის მოქალაქეები არიან. პარლამენტში წარმოდგენილ
ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას შეუძლია წამოაყენოს საკუთარი პრეზიდენტობის
კანდიდატი. თუკი კანდიდატი არ არის პარტიის მიერ წამოყენებული, მან 30 ათასი
ხელმოწერა უნდა შეაგროვოს და მინიმუმ 30 დეპუტატისგან მიიღოს მხარდაჭერა.
კანონი ასევე კრძალავს ისეთი
კანდიდატის წამოყენებას, რომელსაც არ აქვს ნამსახურევი შეიარაღებულ ძალებში.
გრაფიკის მიხედვით, კანდიდატების რეგისტრაცია
ქვეყნის უმაღლეს პოსტზე 15 აპრილს დაიწყება. თვითონ არჩევნების თარიღი ჯერ არ არის
დანიშნული, მაგრამ ახალი პრეზიდენტის ვინაობა 2012 წლის 30 ივნისამდე უნდა გახდეს
ცნობილი.
პოსტისთვის ბრძოლას არაბეთის ლიგის ქვეყნების
ყოფილი გენერალური მდივანი, ეგვიპტის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ამრ მუსა,
ასევე ყოფილი პრემიერ მინისტრი და სამოქალაქო ავიაციის მინისტრი, აჰმედ შაფიკი
აპირებენ. საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას გეგმავენ ასოციაცია „ძმები
მუსულმანების“ წარსულში ცნობილი აქტივისტი, აბდელმონე აბდელფატუხი, და ეგვიპტელი
სალაფიტების ლიდერი, ხაზემ სალახ აბუ ისმაილი.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ატომური ენერგიის
საერთაშორისო სააგენტოს ყოფილმა მეთაურმა და ერთ-ერთმა სავარაუდო კანდიდატმა
პრეზიდენტის პოსტზე, მუჰამედ ალ ბარადეიმ უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობის
მიღებაზე, მიზეზად კი გარდამავალ პერიოდში გატარებული რეფორმების ტემპით
იმედგაცრუება დაასახელა.