აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა

აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა


ქართულ ნაციონალურ ტელეარხთა ვერსია:

ბ. ო. - ბატონო პრეზიდენტო, დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენი მხარდაჭერისათვის სამხრეთ-ავღანეთში, ჩრდილო-ავღანეთში, დასავლეთ-ავღანეთში და აღმოსავლეთ-ავღანეთში.

მ. ს. - არაფრის, ბატონო პრეზიდენტო.

ბ. ო. - მადლობა დემოკრატიისთვის! მადლობა ამ დიდებული რეგიონალური გამარჯვებებისთვის! მადლობა ნატოსკენ სწრაფვისთვის! მადლობა საარჩევნო კანონთა დეტალური დახვეწისთვის!

მ. ს. - არაფრის, როგორ გეკადრებათ...

ბ. ო. - მადლობა, რომ ჩვენი იმედი გაქვთ! მადლობა, რომ თქვენი იმედი გვაქვს!

მ. ს. - არაფრის, ბატონო პრეზიდენტო, ა-რა-ფრის!

სპეციალური კორესპონდენტი: აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტების შეხვედრის პარალელურად, თეთრი სახლის წინ, აშშ-ში მცხოვრებ რჩეულ მოხუც ქართველ ქალბატონთა და სკოლის მოსწავლე ყმაწვილთა აქცია გაიმართა. მათი შეძახილები ფონად გასდევდა ოვალურ კაბინეტში წარმოებულ საუბარს.

ბ. ო. - თუ არ ვცდები, თქვენს სახელს ყვირიან, ბატონო პრეზიდენტო. მადლობა, ასე რომ შეაყვარეთ თქვენს ხალხს თავი.

მ. ს. - ა-რა-ფრის!

თეთრ სახლთან მდგომი მოხუცი ქალბატონი: მანამდე არ დავიშლებით, სანამ ჩვენი პრეზიდენტი არ გვაკოცნინებს! სადაც წავა, რკინის ქალამნებს ამოვიცვამთ და ყველგან თან გავყვებით. 

სპეციალური კორესპონდენტი: პრეზიდენტების შეხვედრა სრულ 18 საათს გაგრძელდა. პრეზიდენტებმა იქვე გაათენეს ღამე, ოვალურ კაბინეტში.

გაზეთ "ასავალ-დასავალის" ვერსია:

ბ. ო. - ირანს ვურტყამთ. ეს გადაწყვეტილია. არენდით ვიღებთ თქვენი ტერიტორიის ოთხმოც პროცენტს. გთხოვთ, დროულად მომაწოდოთ ახალგახსნილ საავადმყოფოთა ნუსხა. არც ერთი ქართველი არ დავინახო ამ საავადმყოფოებში! მარტო ზანგები, ჩინელები და სომხები! დახვრიტეთ რუევაზ ამაშუკელი... სწორად ვამბობ სახელს? ჩაატარეთ ფორმალური არჩევნები და წადით. ახალ კაცს ვუშვებთ. იმედია, დროულად მისცემთ საქართველოს მოქალაქეობას. კომპენსაციის დეტალებზე სოროსი გაგესაუბრებათ. გასაგებია?

მ. ს. - არის, ბატონო პრეზიდენტო.

ბ. ო. - ახლა წადით. უკვე სამი წამით გადავაცილეთ თქვენთვის გამოყოფილ წუთ-ნახევარს.

ჟურნალ "ტაბულას" ვერსია:

ბ. ო. - რელიგიური თანაფარდობის კუთხით სრული გარღვევა მოახდინეთ თქვენი კანონით. თუ არ ვცდები, ეს პირველი შემთხვევაა შავი ზღვის აკვატორიის მიმდებარე რეგიონში?

მ. ს. - რეალურად ასეა, დიახ. ეს დიდი მენტალური ბრძოლის ნაწილია, ახლა სწორედ ამ ბრძოლაში ვართ.  

ბ. ო. - ლაპარაკი იყო მარიხუანის ლეგალიზაციაზეც. საინტერესოა, რა ეტაპზეა ამ საკითხის განხილვის პროცესი?

მ. ს. - ამ თემაზე ელიტური ლიბერტარიანული სპეცრაზმი მუშაობს და, იმედია, შედეგებსაც მალე დაგვიდებენ. სხვათა შორის, უაღრესად აქტიური სპეცშემადგენლობაა, ქვას ქვაზე არ ტოვებენ. მე მათ ასე ვუწოდე: დემოკრატიის მოხდენილი მანდატურები...

არაოფიციალური რჩევა:

ბ. ო. - იქნებ რომელიმე მათგანი საპარლამენტო სიებისთვისაც გაგეაქტიურებინათ? უპირველეს ყოვლისა, ინტელექტუალ სპეცრაზმელ ქალებს ვგულისხმობ...

მ. ს. - არ არის გამორიცხული. არ არის გამორიცხული.

ზურაბ ტყემალაძის ვერსია: არაფერი არ ვიცი, ორი კვირაა ტელევიზორისთვის არ მიყურებია. არ შეგვაძვრენენ პარლამენტში და სულ წავალ "მრეწველებიდან". ობამა-შმობამა არ ვიცი მე...