,,გადასცენ ეს ფაქტები ვანო მერაბიშვილს და ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრან!''

,,გადასცენ ეს ფაქტები ვანო მერაბიშვილს და ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრან!''


როდის შეხვდა პირველად ბიძინა ივანიშვილს, რატომ დანიშნეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად და რატომ არ ,,იჭერენ'' ნოდარ ჯავახიშვილს

,,ნოდარ ჯავახიშვილის მიერ ორ ქართულ ბანკს 6 მილიონი გადაერიცხა, რომელიც მოგვიანებით, ივანიშვილის რუსულ ფინანსურ ორგანიზაციაში მოხვდა'', - ეს სქემა ,,რუსთავი 2''-მა 1997 წელს გამოცემული წიგნის საფუძველზე ,,გაშიფრა'' და საზოგადოებას ისიც ამცნო, რომ 90-იან წლებში, ეროვნული ბანკი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რუსულ ჯარს აფინანსებდა. რა ხდებოდა რეალურად ეროვნულ ბანკში მისი მმართველობის პერიოდში და რატომ ებრძოდნენ მას დანიშვნის დღიდან, საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად ,,ქართუ ბანკის'' ხელმძღვანელი, ნოდარ ჯავახიშვილი პასუხობს:  

  - მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებებში ,,რუსთავი 2''-ის ეთერით გასულ სიუჟეტზე განმარტება გააკეთეთ, პირდაპირ მაინც არ გაგიციათ პასუხი კითხვაზე - თქვენი მმართველობის პერიოდში, გასცა თუ არა ეროვნულმა ბანკმა 12%-იანი სესხი ორ ქართულ ბანკზე, საიდანაც აღნიშნული თანხა შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ბანკში გადამისამართდა?

 - ჯერ ერთი, ,,რუსთავი 2''-ზე გასულ სიუჟეტში აღნიშნული დეპოზიტი, სესხისგან აბსოლუტურად განსხვავდება. ახლა საზოგადოების განათლება დავიწყოთ, რა განსხვავებაა დეპოზიტსა და სესხს შორის? ან როდის იყო საქართველოში დეპოზიტი 90%-იანი, მაჩვენეთ! მით უმეტეს, 1995 წელს, როცა მხოლოდ ინფლაცია მხოლოდ 13,5 გვქონდა. ისიც გაუგებარია, თუ მსგავსი სკანდალური ინფორმაციები არქივში ჰქონდათ შენახული, რატომ დღემდე არ დამიჭირეს? თუ მერაბიშვილი ჩემზე ისეა შეყვარებული, რომ ბორკილის დადება გაუჭირდება? გეკითხებით, თუ ამდენი წელი ჯერ შევარდნაძისა და მერე სააკაშვილის ხელისუფლებამ მინახა, 13 წელი უმუშევარი რატომ ვიყავი, ან მაინტერესებს, ბიუჯეტიდან თანხა მე როგორ უნდა გადამერიცხა? ზემოთ აღნიშნულ შეკითხვებს ქართული საზოგადოება ლოგიკურად დასვამს. საერთოდ არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში მაშინ რას აკეთებდა, მაგრამ გამორიცხულია, ჯარს ბანკი აფინანსებდეს. რუსეთის არმიას, ალბათ, ივანიშვი-ლის ბანკში ანგარიში ჰქონდა გახსნილი, საიდანაც თანხა სხვადასხვა მიმართულებით ირიცხებოდა. ვინმე დაიჯერებს, რომ ნოდარ ჯავახიშვილი რუსულ ჯარს აფინანსებდა? შევარცხვინე ის ქვეყანა და ჯარი, რომელსაც ნოდარ ჯავახიშვილის დაფინანსება სჭირდება, თანაც 185 ათასი ლარით. 

 - მაინც არ მპასუხობთ წინა შეკითხვაზე სესხის გაცემასთან დაკავშირებით...

 - ზუსტად ვერ გეტყვით, შესაძლოა, მართლაც გაიცა სესხი ბანკებზე, მაგრამ ამასთან რუსის ჯარი რა შუაშია? იცით რა, სწორედ, გოგნიაშვილის მსგავსი ადამიანების ბრალი იყო, რომ მხოლოდ ჩვენ გავრეკეთ რუსული ჯარი კინწისკვრით. კარგად მახსოვს განცხადებები _ გაეთრიეთ, რუსო ოკუპანტებოო! შედეგად, რა მივიღეთ? 9 მილიარდის ქონება დავკარგეთ. ,,გაეთრიეს'' ნაცვლად, ,,წაბრძანდი აქედანო'' რომ გვეთქვა, ეს ქონება საქართველოს დარჩებოდა. 

 - მოდით, ყველაფერს ქრონოლოგიურად მივყვეთ და, გავიხსენოთ, რა პროცესები მიმდინარეობდა საქართველოში მაშინ, როცა თქვენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დაინიშნეთ. რატომ ან ვინ დაიწყო თქვენს წინააღმდეგ ბრძოლა და ამასთან, რატომ იწერებოდა თქვენს შესახებ მსგავსი შინაარსის წიგნი? 

- ზუსტად არ მახსოვს, მაშინ მხოლოდ ედპ არსებობდა, თუ უკვე გაყოფილები იყვნენ... მოკლედ, ამ ადამიანებს ერთი ბანკი ჰქონდათ, რომელსაც საწესდებო კაპიტალი შეუვსებელი ჰქონდა. საბანკო სისტემაში ჩახედული ადამიანისთვის ცნობილია, რომ თუ აღნიშნული წესდება არ შეივსება, ბანკი ავტომატურად იხურება. თვეების განმავლობაში ამ ადამიანებს ვაფრთხილებდი, ბანკის განაწესი დაიცავით-მეთქი. მიშა ჯიბუტს, რომან გოცირიძესა და გურამ ნარსიას შევხვდი კიდეც და იგივე გავუმეორე, თუმცა პირობა მაინც არ შესრულდა, ამიტომაც ბანკი დავხურე. ამ ფაქტიდან, ზუსტად სამ თვეში, აღნიშნული წიგნი გამოიცა. გარწმუნებთ, ბანკი რომ არ დამეხურა, დიდი ბელეტრისტიკის ხასიათზე არავინ დადგებოდა. 

 - თუმცა, მხოლოდ ედპ არ ყოფილა თქვენს წინააღმდეგ მტრულად განწყობილი, მაშინ ხომ დებატები დებატებზე იმართებოდა და თითქმის ყოველ კვირა პარლამენტში განმარტებების მიცემა გიწევდათ.  

- რასაკვირველია... მაშინ, მოდით ჯერ ის გავიხსენოთ, თავიდანვე რატომ დამამტკიცეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად. როგორც ქართველისთვის, ჩემთვის მტკივნეული სათქმელია, მაგრამ ეს რეალობა იყო _ მაშინ, ყველა პოლიტიკურ ძალას ეროვნული ბანკის პრეზიდენტად თავისი წარმომადგენელი სურდა. ამ ადგილს ყველა თავისთვის ექაჩებოდა, თუმცა ამ ჭიდაობაში გამარჯვებული რომ ვერ გამოვლინდა, შეთანხმდნენ _ თუ ჩემი არ გადის, არც შენი გავიდეს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ,,არავისი'' მოვიყვანოთო. სწორედ ამ მიზეზით დაამტკიცა პარლამენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ნოდარ ჯავახიშვილი, თუმცა ამ ადამიანების სურვილები არ გამქრალა. რამდენიმე მაგალითის გახსენება შემიძლია: მაშინ პარლამენტში სამეგრელოს წარმომადგენელმა სხდომაზე პირდაპირ მითხრა, ხმას იმიტომ არ მოგცემთ, რომ მსოფლიოში ერთადერთი მეფუტკრეობის მეურნეობისთვის, რომელიც სენაკში მდებარეობს, სესხი არ მომეცითო. კარგად მახსოვს, ტრიბუნიდანვე ვუპასუხე - რა თქმა უნდა, ვერ მოგცემდი იმიტომ, რომ, პარლამენტის დამტკიცებული კანონით, სახალხო მეურნეობაში სესხების გაცემა მეკრძალება, თუმცა ნებადართულიც რომ მქონდეს, კაცს, რომელსაც გგონია, რომ მსოფლიოში ერთადერთი მეფუტკრეობის მეურ-ნეობა სენაკშია, სესხს მაინც არ მოგცემ-მეთქი. პრობლემები მქონდა შალვა ნათელაშვილთანაც, რომელიც შემხვდა და პირდაპირ მითხრა _ ხმას არ მოგცემ, თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდს არ დაგმობო. სავალუტო ფონდი იყო ორგანო, რომელიც ჰიპერინფლაციის დამარცხებაში გვეხმარებოდა, ამიტომაც მას შალვა ნათელაშვილს, ნამდვილად, არ გადავაყოლებდი. როცა კაცს მსგავსი მეთოდებით გებრძვიან, გოგა გოგნიაშვილისა და ,,რუსთავი 2''-ის პოზიცია არავის აინტერესებს.  

- ცნობილია, რომ თქვენს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც უნდა აღძრულიყო. იმ ფონზე, როცა თქვენდამი დაპირისპირება აქტიურ ფაზაში გადავიდა, რა არგუმენტები გქონდათ თავის დასაცავად, ან როგორ ფიქრობთ, დღესაც იგივე ადამიანები გებრძვიან? 

 - იმ პერიოდშიც, ხელისუფლება ისე მუშაობდა, როგორც დღეს ,,რუსთავი 2'' და ,,იმედი''. როცა შევარდნაძეს სჭირდებოდა, თვითონ არასდროს ჩნდებოდა, თავის ლეკვებს სხვადასხვა კუთხიდან მოგისევდა და ბოლოს და ბოლოს იქამდე მიგიყვანდა, გეთქვა _ აღარაფერი მინდა, მივდივარო.  

- თუმცა თქვენ ამ კონდიციამდე ვერ მიგიყვანეს...

 - როგორ არა, მიმიყვანეს. 1997 წელს სავალუტო ფონდიდან მითხრეს, მთელი ქვეყანა შენს წინააღმდეგ იბრძვის, ამ დროს კი, სახელმწიფო ინტერესები გვერდით რჩებაო. 1997 წელს, თითქმის ყოველდღე, მხოლოდ დაკითხვებზე დავდიოდი, ამიტომაც დავწერე განცხადება... კარგად მიადევნეთ თვალი, ეროვნული ბანკის ერთადერთი პრეზიდენტი, რომელსაც ვერ მართავდნენ, ნოდარ ჯავახიშვილი იყო. მათ უმართავი არ უნდოდათ, მართული სჭირდებოდათ. შევარდნაძეს თეთრ მელას ტყუილად კი არ ეძახდნენ, ის არასოდეს ჩანდა, ჟვანიასა და მოქალაქეთა კავშირის სხვა ახალგაზრდების საშუალებით მებრძოდა. რა თქმა უნდა, დღესაც ის ადამიანები მებრძვიან, რომლებიც წლების წინ, იგივე მეთოდებით ცდილობდნენ ჩემს მოშორებას.  

- არც ბიძინა ივანიშვილს იცნობდით ამ დრომდე? ითქვა, რომ მან, სწორედ ძველი პარტნიორობის გამო ჩაგაბარათ ,,ქართუ ბანკი''.  

- მე ის კაცი ვარ, ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა დამემალა? მაპატიეთ რა, ბიძინა ივანიშვილთან ფინანსური ინტერესები რომ მქონდა, ამდენი წელი უმუშევარი ვიქნებოდი, ან ამდენი ხანი დანგრეული ,,ჟიგულით'' ვივლიდი? ბიძინა ივანიშვილი ის კაცია, რომელიც თავის ფინანსურ პარტნიორს, სამადლოდ, ახალ ,,06''-ს მაინც არ გადმომიგდებდა? ჯერ ერთი, მისი ფინანსური პარტნიორი რომ ვყოფილიყავი, ფულს მეც ვიშოვიდი. სასაცილოა, ეს ყველაფერი! ბიძინა ივანიშვილის არსებობის შესახებ, 1997 წელს შევიტყვე, როცა ,,ქართუ ბანკი'' ჩამოყალიბების პროცესში იყო. 

 მაშინ ბიძინა ივანიშვილმა, მცირე პრობლემების აღმოსაფხვრელად დამირეკა, ვისაუბრეთ და გულახდილად ვუთხარი - ბატონო ბიძინა, მე ამ ბანკს ყველანაირად დავეხმარები, თუმცა, არა იმიტომ, რომ თქვენ, ბიძინა ივანიშვილი ხართ მისი დამფუძნებელი, უბრალოდ, საქართველოს მსგავსი ბანკი სჭირდება. არ იდარდოთ, რაც იქნება ჩემი მხრიდან გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებ-მეთქი. ამ საუბრის შემდეგ, მე მისი ხმა არ გამიგია და არც მას ჩემი. 

 - ითქვა, რომ უახლოეს მომავალში, საზოგადოება მორიგ სკანდალურ ინფორმაციას მიიღებს თქვენს შესახებ, ბრალდებებისთვის რამდენად მზად ხართ? 

- მესმის, რომ ,,რუსთავი 2'' ხელისუფლებისგან იღებს მითითებებს, ამიტომაც ვეუბნები ამ ადამიანებს, გადასცენ ეს წიგნი ვანო მერაბიშვილს და ჩემს წინააღმდეგ საქმე აღძრან. იცით, რატომ არ აღძრეს დღემდე ჩემს წინააღმდეგ საქმე და რატომ ვარ დღემდე გარეთ? არა იმიტომ, რომ მე ივანიშვილს ფული გადავუხადე და მოვისყიდე ან ამერიკიდან ბუშს დავარეკინე, არა, უბრალოდ, ჩემს წინააღმდეგ კომპრომატი არ არსებობს, რადგან მაშინდელ საქართველოში, ყველაზე წარმატებული მხოლოდ ეროვნული ბანკი იყო.