საარჩევნო ფულის შოვნის მეთოდი, ანუ თუ თქვენი ავტომობილი ევაკუატორით წაიყვანეს...

საარჩევნო ფულის შოვნის მეთოდი, ანუ თუ თქვენი ავტომობილი ევაკუატორით წაიყვანეს...


ხელისუფლება არჩევნებში დასახარჯი ფულის მოძიებას იწყებს. ამისათვის ბევრი გზა არსებობს: ბიზნესმენებს შეაწერენ, მეტ ხალხს დაიჭერენ, გაზრდიან საპროცესო შეთანხმებათა რაოდენობას და ა.შ. თუმცა რიგით მოსახლეობასაც მოუწევს ფულის გაღება და "ვერსია'' დღეს ერთ-ერთ მათგანს გაგაცნობთ.

მოკლედ, კი გაიძახის ჩვენი მთავრობა, კრიმინალი მოვსპეთ, დედაქალაქის ქუჩებში მანქანებს აღარ იპარავენო, მაგრამ მთლად ასე არ არის. მანქანებს თბილისში, დიახაც რომ, იპარავენ, თანაც იმდენს, ადრე რომ არც დაესიზმრებოდათ. ორიოდე დღის წინ, ტაქსის მძღოლმა ასეთი ისტორია მიამბო: "ელბაქიძის დაღმართიდან რუსთაველის მიმართულებით ვმოძრაობდი. ჩემი ყურადღება მიიპყრო ტროტუარზე მდგომმა ქალმა და მამაკაცმა, რომელთაც თან ორი არასრულწლოვანი ბავშვი ახლდათ და ასეთ სიცივეში ძალიან შილიფად ეცვათ. ტაქსი რომ დაინახეს, გამაჩერეს. ძალიან აღელვებულები იყვნენ. როგორც გაირკვა, საკუთარი ავტომობილით ჩამოსულან კახეთის რომელიღაც სოფლიდან, მაღაზიაში გადავიდნენ, ბავშვებისთვის ხაჭაპური ან ფუნთუშა რომ ეყიდათ. ქურთუკები მანქანაში დატოვეს. ხუთიოდე წუთი მოუნდნენ ვაჭრობას და როცა გამოვიდნენ, მანქანა აღარ დახვდათ. ერთი სიტყვით, აშკარად შეწუხებულები იყვნენ ცალკე სიცივისგან, ცალკე კიდევ მანქანის დაკარგვის გამო. რაც შემეძლო, ვამშვიდებდი. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ მანქანა ევაკუატორით წაუყვანიათ და მისი ადგილსამყოფელიც გვითხრეს. თუმცა აღმოჩნდა, რომ გამოსასყიდი თანხა არ ჰქონდათ. საბედნიეროდ, ქალს თითზე ნიშნობის ბეჭედი ეკეთა. ლომბარდში მივიყვანე. ოქრო დაალომბარდეს და ასე შეძლეს საკუთარი მანქანის გამოხსნა. იცით, რამდენი ხდება თბილისში ასეთი ამბავი, ვერ წრმოიდგენთ!'' 

შეიძლება ვინმემ იკითხოს: მერე რა არის ამაში გასაკვირი, თუკი მძღოლმა მანქანა იქ გააჩერა, სადაც დგომა აკრძალულია, კანონი მის საჯარიმო სადგომზე გადაყვანას ითვალისწინებსო. ერთი შეხედვით, სამართლიანი შენიშვნაა, მაგრამ იმას რა ვუყოთ, რომ ევაკუატორებს მანქანები მაინც მიჰყავთ, თუნდაც არანაირი დაღვევა არ არსებობდეს. ეს რომ მითხრეს, ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიაზე განთავსებულ საჯარიმო სადგომს მივაკითხე. იქ ცოდვა-ბრალი ტრიალებს, მტრისას! დაჯარიმებული მძღოლები ამაოდ ცდილობენ სიმართლის დამტკიცებას, რასაც უარყოფითი ემოციებისგან განტვირთვის ფორმა უფრო აქვს, თორემ მათ იქ არავინ უსმენს. 

"ბიჭო, 30 წელია, მოძრაობის წესებს ვასწავლი, მე თვითონ არ ვიცი, დავარღვიე თუ არა'', - გამწარებული უმტკიცებს საკუთარ სიმართლეს შუახნის მამაკაცი საჯარიმოს თანამშრომელს. ამ უკანასკნელს, როგორც ჩანს, ასეთი არგუმენტები ხშირად ესმის, ამიტომაც სახეზე ეტყობა, რომ სულაც არ ადარდებს, რას ასწავლიდა ეს კაცი 30 წლის მანძილზე. ბოლოს, დაჯარიმებული მძღოლიც ურიგდება ბედს. ხელში ქვითრებს აფრიალებს და გაბრაზებული მოდის. თავისთვის ბუტბუტებს რაღაცას. ეტყობა, იგინება. ძნელი გამოსაცნობი არ არის, ვის აგინებს. გავაჩერე და ავუხსენი, რომ ჟურნალისტი ვარ. ვთხოვე, თქვენ ვინაობას არ დავასახელებ, ოღონდ ამიხსენით, აქ რა ხდება-მეთქი? მიპასუხა: არაფრის მეშინია, ამათი დედაც იქ ვატირე, ყველაფერს გეტყვიო და დაიწყო: 

- დილით ვიყავი ლილოს ბაზრობაზე. დავაყენე მანქანა და მაღაზიაში გადავედი. "პრაკლადკები'' უნდა მეყიდა. მოვბრუნდი და სადღაა ჩემი მანქანა? აქეთ ვეცი, იქით - ვეცი. მერე ბიჭებმა მითხრეს, ევაკუატორმა წაიყვანაო. გადავრეკე საპატრულოში და გავიგე, რომ ამ დასაწვავში, მოუყვანიათ. ახლა ეს ქვითარი მომცეს, 70 ლარი უნდა გადავიხადო.

- მართლა მოძრაობის წესების მასწავლებელი ხართ?
- დიახ და მაგიტომაც მწყდება გული: ვეკითხები, რატომ დამაჯარიმეთ-მეთქი? იქ გაჩერება არ შეიძლება და იმიტომო. ვეუბნები, წამოდით, იქ თუ გაჩერების ამკრძალავი ნიშანი იქნება, ხუთჯერ 70 ლარსაც გადავიხდი-მეთქი, მაგრამ არ მომყვებიან. იციან, რომ ასეთი ნიშანი იქ არ დგას. მერე ახალი რამ მოიფიქრეს. თქვენი მანქანა იმიტომ წამოვიყვანეთ, ტროტუარზე იდგა, ტროტუარზე კი გაჩერება არ შეიძლებაო. ამაზეც ვპასუხობ - წესებში პირდაპირ წერია, რომ ტროტუარზე გაჩერება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუკი ხელს არ უშლის ქვეითად მოსიარულეებს. მაინც ვერაფერი შევაგნებინე.

- ვალდებულები არ არიან, მძღოლს დაუმტკიცონ, რომ ავტომობილი არასწორად იყო პარკირებული?
- ადრე იყო ასეთი რამ: წაყვანის წინ ფოტოს უღებდნენ მანქანებს, დღეს ამას აღარავინ აკეთებს. საკმარისია, მძღოლი მანქანიდან მოშორებით დაიგულონ და ეგრევე მიაქანებენ. ამ საქმეს 2 წუთიც არ სჭირდება. ახლა გავიგე, რომ თურმე პარკირების წინ, საბურავები მაქსიმალურად უნდა დაატრიალო და ასე გვერდულად მოქცეული დატოვო, ასეთ შემთხვევაში, ტექნიკურად ვეღარ ახერხებენ მანქანის ევაკუატორზე დადებას. ეს არის ერთადერთი გზა, რომ მანქანა შეინარჩუნო, თორემ აქ უკვე ვეღარაფერს დაამტკიცებ. ჩხუბი ხომ ზედმეტია?! ერთმა ნაცნობმა მითხრა, თუ ძმა ხარ, წყნარად იყავი, გუშინ აქ 2 ახალგაზრდა ბიჭი პრეტენზიის გამოთქმის გამო მთლიანად დაასისხლიანეს, იმდენი სცემესო...'' აი, ასე ხდება ფულის საარჩევნოდ შეგროვება. როცა შევეცადე, თვითონ საჯარიმოს თანამშრომლებთან გამერკვია საქმე, პირში წყალი ჩაიგუბეს. სამაგიეროდ, არასამთავრობო ორგანიზაცია "გზა, მძღოლი, სამართალის'' ხელმძღვანელმა რობერტ იანტბელიძემ დამიდასტურა, რომ ამ სფეროში მართლაც დიდი განუკითხაობა სუფევს: 

"ფაქტი, როცა სრულიად არაკანონიერად მიჰყავთ ავტომობილები საჯარიმოზე, უამრავი არსებობს. საპატრულო პოლიციამ თავისი საჯარიმოები შექმნა, რომლებიც მთელ თბილისშია გაბნეული. კანონის თანახმად, როგორი დამნაშავეც არ უნდა იყოს მძღოლი, სამართალდამცავი ვალდებულია, დეტალურად აუხსნას ეს დანაშაული და ხელი მოაწერინოს მძღოლს, ეთანხმება ამ ყველაფერს, თუ არა. დღეს მძღოლს ამას აღარავინ უხსნის. მხოლოდ თანხმობის ფურცელს აძლევენ. როგორც წესი, მძღოლები ყოველთვის თანახმანი არიან. აბა, 70 ლარად მანქანას ხომ არ დაკარგავენ?!'' ასე რომ, თუკი თქვენი მანქანა წაიყვანეს, ტყუილად ნუ დაიწყებთ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას - ნერვებსაც გაიფუჭებთ, შესაძლოა, დაუმორჩილებლობის გამო პოლიციაც გამოიძახონ, მაგრამ ეს უკეთესი ვარიანტია, თუ ვინმე კუნთმაგარი შეგხვდათ, შეიძლება კარგადაც გცემოთ. ამას სჯობს, ჯიბეში 70 ლარი იქონიოთ, თანაც გახსოვდეთ, რომ ეს ფული მნიშვნელოვან საქმეს - არჩევნებს მოხმარდება, ქუჩა-ქუჩა, რაიონ-რაიონ სიარულს და ხალხის დაბოლებას, რომ მსოფლიოში ყველაზე განვითარებული ქვეყანა ვართ. ამას რა, ფული არ სჭირდება? სჭირდება და ისიც მოგეხსენებათ, რომ ციდან არ ცვივა. ჰოდა, აკეთებენ ბიჭები, როგორც შეუძლიათ. სხვა მეთოდებიც არსებობს. მიიღებდით, ალბათ, სატელეფონო შეტყობინებას, ყოველ გახარჯულ 5 ლარზე 50 თეთრი "ნაციონალურ მოძრაობას'' რომ უნდა ჩავურიცხოთ... ჰოდა, სხვა სიახლეებზე უკვე მომავალში გვექნება საუბარი.