კომერციული ბანკები უშიშროების აგენტის ფუნქციის შესრულებას შეუდგნენ

კომერციული ბანკები უშიშროების აგენტის ფუნქციის შესრულებას შეუდგნენ


"კომერციული ბანკების პოლიტიკაში ჩათრევა მათი ნდობის ხარისხზე განსაკუთრებით უარყოფითად აისახება. არათუ პოლიტიკოსი, არამედ არც ერთი მოქალაქე არ ენდობა იმ ბანკს, რომელმაც იცის, რომ აღნიშნული ბანკი მისი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას აგროვებს და უშიშროებას აწვდის. ექსპერტების განცხადებით, მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილებით ეკონომიკის ყველაზე მზარდი ფინანსური სექტორი უფსკრულისკენ წაიყვანა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით კომერციული ბანკები უშიშროების აგენტის ფუნქციის შესრულებას შეუდგნენ / ამის გამო ბანკების ავტორიტეტი თანდათან დაეცემა, თანაც არა მარტო პოლიტიკურ წრეებში, არამედ მთლიანად მოსახლეობაში.

"შეგახსენებთ, რომ "კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ" დებულება დამტკიცდა - ბრძანების თანახმად, კომერციული ბანკები ვალდებული ხდებიან გამოარკვიონ, მიეკუთვნება თუ არა კლიენტი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირის კატეგორიას. თუ კლიენტი და ან მისი ბენეფიციარი წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, ბანკმა დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღომისძიებები: მიიღოს ბანკის ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა. მიიღოს გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის დასადგენად. განახორციელოს ასეთ პირთან თავისი საქმიანი ურთიერთობების გაძლიერებული მონიტორინგი. თუ კლიენტი (მისი ბენეფიციარი მესაკუთრე) ბანკთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, ბანკი ვალდებულია ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომისთანავე გაატაროს მონიტორინგისთვის შესაბამისი ღონისძიებები", - აღნიშნავს გამოცემა.

"ამასთან, ბრძანებაში განსაზღვრულია პოლიტიკურად აქტიური პირის ტერმინი, რომელსაც წარმოადგენს უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. ასევე პოლიტიკურად აქტიური პირები არიან სახლემწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და წევრი, მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი პირი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი. პირი პოლიტიკურად აქტიურად ითვლება, ზემოაღნიშნული თანამდებობების დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში", - დასძენს გამოცემა.

"ასე რომ, კომერციულ ბანკებს პოლიტიკურად აქტიური პირების გამოვლენის ვალდებულება ემატებათ. არადა, ცოტა ხნის წინათ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ "ქართუ ბანკის" ხელმძღვანელ ნოდარ ჯავახიშვილის გასაგონად განაცხადა, რომ კომერციული ბანკის პოლიტიზება დაუშვებელია. ექსპერტ ლია ელიავას თქმით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის "აფაე"-ის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ შეიქმნა - წინააღმდეგ შემთხვევაში ქართული ბანკები მსოფლიო ფინანსური სისტემიდან იზოლირებული იქნებოდნენ. "აფაე"-ს რეკომანდაციებში მითითებულია, თუ რა ღონისძიებები უნდა გაატარონ საფინანსო ინსტიტუტებმა პოლიტიკურად აქტიური ჯგუფების მიმართ, აქვე განმარტებულია, ვინ არიან პოლიტიკურად აქტიური პირები - რეკომენდაციის მიხედვით, მონიტორინგი უნდა განხორციელდეს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც მოცემულ ქვეყანში სახელმწიფო ან საჯარო სამსახურებში მუშაობენ. რეკომენდაცია არ ეხება ადგილობრივ პირებს. სპეციალისტების განცხადებით, ხელისუფლებამ ეს მითითება სათავისოდ მოარგო წინაასაარჩევნო პერიოდს", - წერს სტატიის ავტორი.

"ამ შემთხვევაში პოლიტიკურად აქტიური პირის განმარტება იმდენად ორაზროვანია, რომ იგი შეიძლება იყოს როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, ასევე ადგილობრივი მცხოვრები. საქართველოში ბანკებისთვის ასეთი ფუნქციის დაკისრება მძიმე შედეგის მომტანი იქნება. განსაკუთრებით ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ კომერციული ბანკები ეროვნული ბანკის მიერ არა მარტო რეგულირდებიან, არამედ მნიშვნელოვანწილად მასზე არიან დამოკიდებულინი. ჩნდება საშიშროება, რომ კომერციული ბანკები პოლიტიკური ბატალიების არენად გადაიქცევიან. პრაქტიკულად კომერციულ ბაკებს დაევალათ არა მარტო ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმთან ბრძოლა, არამედ პოლიტიკურად აქტიური პირების ფინანსების დეტალური კონტროლი. დარწმუნებული ვარ, კომერციული ბანკები ამ გადაწყვეტილებას ენთუზიაზმით არ შეხვდებოდნენ, თუმცა მათ მარეგულირებლისა და მაკონტროლებლის ბრძანებების ზედმიწევნით შესრულება მოუწევთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლია ელიავა. 

"ელიავას აზრით, ამ ფუნქციის დაკისრების გამო, კომერციული ბანკების ავტორიტეტი თანდათან დაეცემა, თანაც არა მარტო პოლიტიკურ წრეებში, არამედ მთლიანად მოსახლეობაში. რამდენიმე თვეში კი ნდობის დაბალი ხარისხი ნეგატიურად აისახება მათ საქმიანობაზე, რაც გამოიწვევს სექტორის ზრდისა და შემოსავლების შემცირებას. ექსპერტის თქმით. საქართველოში კომერციული ბანკების მიმართ ხელისუფლებსი მიერ განხორციელბეული ქმედებები - ჯერ ბადრი პატარკაციშვილისა და ამჯერად ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ბანკის" მიმართ, ქართული ბანკებისადმი ნდობის ხარისხს ადგილობრივ და უცხოურ ბაზარზე ასამარებს", - დასძენს სტატიის ავტორი.