სკანდალური

სკანდალური "ჩახდილი" სპექტაკლი რუსთაველის თეატრის სცენაზე - "რაიონში რომ წარმოედგინათ, ჩახდილ მსახიობს მწარედ გალახავდნენ...


"რაც ხდება საქართველოს პირველი პირის კარზე, მეფის კარზე, ის ხდება მთელ ქვეყანაში. დღეს გარყვნილება პიკშია, ქვეყანაც ამ მორევში იძირება და ამ სცენაზეც ეს ხდება. ამიტომაც გაუშვეს რობერტ სტურუა, იცოდნენ, ამას ვერ აიტანდა. კარგად მახსოვს, ბოკერიას ცოლი და მისი მეგობრები სოციალურ ქსელში რა უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდნენ სტურუას, გააგდეს ეს კაცი და დადგეს ის, რაზეც ლაპარაკობდნენ. ეს ყველაფერი სტურუას გაგდების გამოძახილია. ახლა უნდათ ახალგაზრდობა შეაჩვიონ გარყვნილების ყურებას (სპექტაკლი "შემეხე" რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე.", - აცხადებს მსახიობი პაატა ბარათაშვილი გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით პაატა ბარათაშვილი: საქართველოს პირველი პირი თვითონ არის გარყვნილი!. რაც ხდება მეფის კარზე, ის ხდება ქვეყანაშიც.

"მწარე რეალობაა, რომ თეატრი, სადაც სერგო ზაქარიაძე, რამაზ ჩხიკვაძე, გიორგი გეგეჭკორი, ეროსი მანჯგალაძე და სხვა დიდი მსახიობები თამაშობდნენ, სტრიპტიზ- კლუბად გადააქციეს. ამერიკას მისდევენ, მაგრამ ამერიკაში დღეს აქტიურად მიდის პროპაგანდა, რათა ოჯახის შექმნამდე გოგონებმა ქალწულობა შეინარჩუნონ - ისინი მიხვდნენ, რომ საზოგადოება გაირყვნა და გადაგვარების გზას დაადგა. ამერიკის სატელევიზიო არხებზე ვერ ნახავთ სიშიშვლისა და უზნეობის პროპაგანდას. ამათ უნდათ, საქართველოს გადააქციონ სტრიპტიზ-ბარების ქვეყნად. თუ ჩვენ სკოლებში სექსის გაკვეთილები არ გვასწავლეს, ცოლები ვერ მოვიყვანეთ თუ შვილები არ გვყავს? ვინ რა უნდა გვასწავლოს. შეგნებულად ხელს უწყობენ უზნეობას, მაგრამ არ გამოუვათ. გინდა ქუჩაში დადგან ფალოსები, ამ ფალოსის სანახავად ამ სპექტაკლს - ამ ავადმყოფურ უბედურებას როგორ დავესწრები?!" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ბარათაშვილი. 

"ამ ქართველ მსახიობ გოგონებსაც, რომლებიც აქ მონაწილეობენ, ან მამა არ ჰყავთ, ან მამაკაცი ოჯახში, ამ უბედურებაში რომ არ გარეულიყვნენ? მსგავს წარმოდგენებს უცხოეთში მართავენ რაღაც კლუბებში, სადაც ამათნაირი ავადმყოფები დადიან. გაბედოს ამ ბრიტანელმა რეჟისორმა და თუ კარგი ბიჭია, ეს სპექტაკლი დადგას ინგლისის სამეფო თეატრში, რას მიიღებს, ნახავს! როგორ აბედინებენ საქართველოში ამ უზნეობის დადგმას რუსთაველის თეატრში, რომელიც ჩვენი სულიერი კულტურის სარკეა?! ეს სპექტაკლი დაიდგა ბრიტანული საბჭოს ხელშეწყობითა და დაფინანსებით - დიახ, ასეთ რამეს აფინანსებენ. ესენი ინცესტსაც აფინანსებენ... კულტურის სამინისტრო საქმის კურსშია, ძალიან კარგად იცის, რა ხდება რუსთაველის თეატრში და რატომ არ აღკვეთს ამას? აქედან მოდის თეატრალური უნივერსიტეტის გაყიდვის იდეაც, უნდათ, რომ მსახიობებმა მხოლოდ 5-6-თვიანი კურსები გაიარონ - მაგალითად მოჰყავთ "კომედი შოუს" მონაწილეები, ინსტიტუტი არ დაუმთავრებიათ და ნახეთ რა კარგი მსახიობები არიანო - ვაი ამათ პატრონს!" - განაგრძობს მსახიობი.

"შენობაში კინოაკადემიის გახსნა უნდათ. კინო მოსპეს და კინოაკადემია ვის სჭირდება - ამათ არ იციან ხელოვნება, ფასეულობა, თურმე ჩვენი გამოჩენილი რეჟისორები და პედაგოგები საერთოდ არ ყოფილან საჭირონი. შეგნებულად მიდის დეგრადაცია და ამ ყველაფერს თუ დროზე არ ეშველა, მორალურად გაიხრწნებიან ჩვენი ბავშვები. ხელოვნებაში სიშიშვლე შეიძლება ასახო, მაგრამ გააჩნია, ამას როგორც გამოხატავ. ხოლო ის რაც ხდება ამ ახალდადგმულ სპექტაკლში, რომელიც ეხება სკოლის მოსწავლეთა ყოფას და ამათგან ერთი მათგანი მთლიანად იხდის შუა სცენაზე - ეს არის უბედურება! ჩემი შვილის თანატოლებს მინდა მივმართო: ნუ მოვლენ ამ სპექტაკლზე. ზაალ ჩიქობავას ვინ ეკითხება, ერთი პატარა ჭანჭიკია, ზალიკო რომ მოხსნან, მერე შალიკოს მოიყვანენ და ამ საქმეს მაინც გააკეთებინებენ. სისტემაა შესაცვლელი", - დასძენს პაატა ბარათაშვილი.

"რუსთაველის თეატრის სცენა ექსპერიმენტების ჩატარების ადგილად იქცა. უსუსური "ქეთო და კოტეს" შემდეგ სრული უხამსობა "შემეხე" წარმოადგინეს, ხოლო თეატრის მმართველმა ზაალ ჩიქობავამ თავი გაიმართლა: რაც ახალხ სპექტაკლში ხდება, არ უნდა გაგიკვირდეთ, თამარ წულუკიძე სცენაზე, "ყაჩაღებში" შიშველი გამოჰყავდაო. ბატონ ზაალს შევახსენებთ, რომ ახმეტელს წულუკიძე სცენაძე შიშველი არ გამოჰყავდა და მსოფლიოში არც ერთ თეატრს გარყვნილების დადგმითა და ფალოსის ჩვენებით წარმატება არ მოუპოვებია", - წერს გაზეთი "ასავალ დასავალი" სტატიაში სათაურით "ეს სპექტაკლი რაიონში რომ წარმოედგინათ, ჩახდილ მსახიობს მწარედ გალახავდნენ" / ეს დადგმა რუსთაველის თეატრის სცენაზე უკვე ხელისუფლების დამარცხებაა! ნიკა რურუა ისეთივე მონაა, როგორც თითოეული ჩინოვნიკი!"

"რუსთაველის თეატრში დაარსების დღიდან ისეთი სპექტაკლი არ დადგმულა, რაც ახლა დაგეს. ისტორიაც კარგად ვიცი და ლიტერატურაც, მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა, მამაკაცს სცენაზე ჩაეხადა და ისე ევლო. ვინ იკადრებდა ამას? არ არსებობს დღეს კულტურის სამინისტრო, პროფესიონალიზმი. რაც აქ ხდება, ეს არის ქართველი ხალხის აგრესიული ზომბირება. ტრაბახობენ, მენტალური რევოლუცია არისო. საინტერესოა, რას ნიშნავს მენტალობის შეცვლა, ეროვნულობას ცვლი? მაგრამ რითი ცვლი, ასეთი გარყვნილების დანერგვით? ამ სპექტაკლს აშუქებს პრესა და ტელევიზია, კეთდება რეკლამა. მოვა დრო და დღევანდელ მასმედიას მომავალი გაასამართლებს აგრესიის განზრახ გამოწვევის გამო! 11 სექტემბერს, როცა ამერიკაში 5 ათასი კაცი დაიღუპა არც ტელევიზიას და არც პრესას არ უჩვენებიათ ნანგრევებში მოყოლილ ადამიანთა სახეები. ჩვენთან მსგავსი რომ მომხდარიყო, მაშინვე გადაიღებდნენ და აჩვენებდნენ ტელევიზიით, სად გდია ადამიანი თავი და სადა აქვს ტვინი მისხმული. ამ წარმოდგენასაც ასევე შევაფასებ - ის აღიზიანებს მაყურებელს, ზომბირებას უკეთებს და რყვნის", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თეატრმცოდნე, თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პრორექტორი ვასო კიკნაძე.

"როდესაც სახელმწიფო მანქანა ბრძოლას იწყებს კულტურის წინააღმდეგ, ის სახელმწიფო მარცხდება. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ესენი გამარჯვების პოზიციაში არიან. რობერტ სტურუა გააგდეს, მაგრამ ქართული ხელოვნება ვერ დაამარცხეს და ვერც დაამარცხებენ. რაც ახლა წარმოადგინეს, ეს არის ხელისუფლების ჩარევა კულტურის საქმეში, მისი წარმართვა საკუთარი სიმპათიებისა და აზროვნების მიხედვით. სხვანაირად როგორ შეიძლება ავხსნა შიშველი კაცის სიარული სცენაზე, დავითის ძეგლის ნაცვლად ველოსიპედის დადგმა, კვერცხების "დადება", გმირთა მოედანზე სამარცხვინო ბოძიხ დადგმა და ათასი სხვა რამ. ეს დადგმაც რუსთაველის თეატრის სცენაზე უკვე ხელისუფლების დამარცხებაა!", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე და შეკითხვას - "როგორ გგონიათ, კულტურის მინისტრი ნიკა რურუა რატომ არ გამოთქვამს პროტესტს?" - პასუხობს:

"ეს იდეები მისგან არ მოდის. ისეთივე მონაა, როგორც თითოეული ჩინოვნიკი. ის არ წყვეტს საკითხებს. საინტერესო კაცია და არ შეიძლება, მას ის მოსწონდეს, რაც ხდება. გულწრფელად თანავუგრძნობ, ის გახვეული ამ უბედურებაში, რაც დღეს ხდება ქართულ კულტურაში".