"კვირის პალიტრის" მასალების მიხედვით
"მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის შესახებ" ბრძანებაში მოცემულია ნუსხა, თუ რა შემთხვევაში აქვს სკოლას უფლება შეუჩეროს მოსწავლეს სტატუსი. რამდენიმე პუნქტმა მიიქცია ყურადღება. მაგალითად, მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდება, თუ 6 თვის განმავლობაში არ გამოცხადდება სკოლაში. განათლების სამინისტრო ვალდებულია რესურსცენტრებისა და სოციალური აგენტების მეშვეობით გაარკვიოს, რატომ არ ცხადდება მოსწავლე სკოლაში - იქნებ ის ოჯახური ძალადობის მსხვერპლია ან სხვა პრობლემა აქვს. ოპტიმიზაციის გამო სკოლების დახურვის შემდეგ მოსწავლეებს 10-12 კილომეტრის გავლა უწევთ სკოლაში მისასვლელად. თავის დროზე გაპიარებული წითელი ავტობუსების სისტემა რეგიონებში აღარ მუშაობს. იქნებ მოსწავლეს უჭირს ამხელა მანძილზე სკოლაში სიარული, ან იქნებ მის ოჯახს ფინანსური პრობლემა აქვს და ბავშვს ვერ უზრუნველყოფს ტანსაცმლითა და სასწავლო ნივთებით", - აცხადებს "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ნინო გოგუაძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "მგლის ბილეთზე უარესია" / "პედაგოგიკა აღარ არსებობს, მის ადგილას პოლიციაა".
"ახალი ბრძანების თანახმად, თუ სკოლაში ჩარიცხული 5 წლის მოსწავლე ვერ დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ 1-ელი კლასის საგანმანათლებლო პროგრამას, მასაც უჩერებენ სტატუსს. არადა, მინისტრს უნდა სცოდნოდა, რომ ყველა გამოკვლევის მიხედვით, 5 წლის ბავშვი მოუმზადებელია სკოლისათვის, რატომ დაუშვა 5 წლის ბავშვის სკოლაში შეყვანა? წარმოგიდგენიათ, ბავშვისთვის რამხელა ფსიქოლოგიური ტრავმა იქნება სტატუსის შეჩერება და მერე თავიდან სკოლაში შესვლა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნინო გოგუაძე.
"თუ მოსწავლე არაერთგზის უხეშად დაარღვევს სკოლის შინაგანაწესს, შეუჩერდება მოსწავლის სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ ასეთი მოსწავლე არის პრობლემური, რთული ბავშვი. ჩვენ ასევე მიიღეთ სრულიად დრაკონული, არაჰუმანური კანონი სპეციალური საგანმანათლებლო დაწესებულებების, სკოლა-პანსიონების შექმნის შესახებ. იქმნება სპეცსკოლები, სკოლა-პანსიონები, სადაც რთულად აღსაზრდელ ბავშვებს გადაიყვანენ. ვინ განსაზღვრავს ბავშვი ძნელად აღსაზრდელია თუ არა? ბევრი გენიოსი ბავშვობაში სწორედ ძნელად აღსაზრდელი იყო. ამ ლოგიკით ვერც აინშტაინი დაამთავრებდა სკოლას და ვერც პუშკინი. ამ კანონის შემოღება ემსახურება იმას, რომ სპეცსკოლები რაც შეიძლება მეტი მოსწავლით დატვირთონ. კატეგორიულად მიუღებელია ასეთ სკოლაში მოსწავლეების გადაყვანა. ძნელად აღსაზრდელი ბავშვები კი არ უნდა განდევნო, მათთან უნდა იმუშაონ ფსიქოლოგებმა, სოციალურმა მუშაკებმა, მეგობრებმა, მათი დახმარებით უნდა დაიძლიოს ეს პრობლემა. არავინ იცის, რა რეჟიმი იქნება იმ სკოლა-პანსიონში და იქ უსამართლოდ მოხვედრილი ბავშვი როგორი გაიზრდება, ამაზე ფიქრობენ?!" - განაგრძობს რესპონდენტი.
"შაშკინმა რეპრესიული განათლების სისტემა შემოიღო. დაშინებულია მასწავლებელი, რომელიც ყოველ წუთს სკოლიდან დათხოვას ელოდება, შეშინებულია მოსწავლეც და მშობელიც. შეშინებულის მართვა კი იოლია. მაშინ როდესაც ქვეყანა შიშით იმართება, სპეცსკოლები სწორედაც მისაღებია სახელმწიფოსათვის. სპეცსკოლები საბჭოთა კავშირშიც იყო, ჯალათობით ცნობილ ე. წ. მე-8 პოლკში, რომელსაც სადამსჯელო ოპერაციებისთვის იყენებდნენ, სწორედ ამ სკოლა-ინტერნატდამთავრებულ ბავშვები ჰყავდათ. საბჭოთა კავშირი ტოტალიტარული სახელმწიფო იყო, ასეთივე ტოტალიტარიზმის ნიშნები შეიმჩნევა საქართველოს განათლების სისტემაშიც. ბავშვი თუ ცელქია და ძნელად აღსაზრდელს ვარქმევთ, ვინ აიღებს მის ცხოვრებაზე პასუხისმგებლობას?! ბავშვისთვის ძნელად აღსაზრდელთა სკოლა-პანსიონის დამთავრება დაღის დასმასავით იქნება. ბევრი ცელქი ბიჭისგან დამდგარა გენიალური ადამიანი და ხუთოსნებისგანაც ნაძირლები გამოსულან", -მიიჩნევს ნინო გოგუაძე.
"რისთვის არიან მანდატურები სკოლაში? ახლა ის ფუნქცია შერჩებათ, რომ მასწავლებელი დაასმინონ ან მოსწავლე გამოაცხადონ ძნელად აღსაზრდელად. ამას უთუოდ მოჰყვება საზოგადოების დეჰუმანიზაცია. თითქოს ლომაია და შაშკინი ერთმანეთისაგან განსხვავებულ რეფორმას ატარებდნენ, მაგრამ ლომაიაც ფიქრობდა ალტერნატიული სკოლების ქსელის შექმნაზე. უბრალოდ, ლომაია უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა დასავლეთის რჩევებს - ეს იდეა ლომიამ პირველად ატლანტის განათლების სისტემის მესვეურებთან ტელეხიდზე გაახმაურა, მათ უთხრეს, ასეთი რამ ჩვენთან არ არსებობსო და ამაზე მაშინ ლაპარაკი შეჩერდა. მაგრამ ის, რაც ლომაიამ ვერ შეძლო, შაშკინმა შეასხა ხორცი. ბავშვს ფრთხილად უნდა მოეპყრო, რომ მის სულზე უხეში კვალი არ დატოვო. მოზარდი მძიმედ განიცდის უსამართლობას. როგორ შეიძლება ცელქი ბავშვის სპეცსკოლაში გამწესება? ასეთი რამ მხოლოდ ტოტალიტარულ სახელმწიფოში მოსდით თავში", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "ამას წინათ პროკურატურამ ყველაზე წარმატებულ პროგრამად გამოაცხადა "განრიდებულების" პროგრამა, რომლის თანახმადაც მოსწავლეს ციხეში გაშვების ნაცვლად "განრიდებულის სტატუსი" ექნება", - პასუხობს:
"მოსწავლეს ციხეში წასვლას, ალბათ, ურჩევნია, "განრიდებული" ერქვას, მაგრამ ეს სახელიც დაღივით არის. უფრო ჰუმანური სახელდების შერჩევა აჯობებდა. "განრიდებული" შემზარავია. მოსწავლის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანება ითვალისწინებს, რომ თუ მოსწავლემ 14 წლის მერე დანაშაული ჩაიდინა, ციხეში უშვებენ, მაგრამ თუ ბავშვი 14 წლის არ არის, სკოლა-ინტერნატში გაამწესებენ. ამ კანონის თანახმად, შეიძლება 10 წლის ბავშვიც გადაიყვანონ ასეთ სკოლაში. რა გამოვა მისგან? ასე რომ, ეს საზარელი კანონია, მასში ჩანს ხელისუფლების სულისკვეთება. ასეთი სკოლა-პანსიონებისგან ხელისუფლების შეცვლა თუ დაგვიცავს".
P.შ. "ყველაფერი ისე კეთდება, თითქოს ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება, არ არსებობს და ვიღაც ჩინოვნიკს რაც მოუვა თავში, ის უნდა გააკეთოს. ძნელად აღსაზრდელ ბავშვს მოვლა, გაზრდა, სპეციალური ღონისძიებები სჭირდება და არა გარიყვა და ბავშვობიდანვე უვარგისისა და საზოგადოებისთვის საშიშის იარლიყის მიწებება. ეს დანაშაულია. ასეთი ბავშვი ვეღარასოდეს მოიშორებს ამ დაღს. ადრე სკოლა ასეთ ბავშვზე ზრუნავდა, დამრიგებლები მშობლებთან მუშაობდნენ და მისი სოციალიზაციისთვის რას არ აკეთებდნენ. ახლა კი რადგან ბავშვი ძნელად აღსაზრდელია, ფიქრობენ, მოვიცილოთ და სანაგვეზე გადავაგდოთო. ეს არის ამათი მუშაობა? პედაგოგიკა აღარ არსებობს, მის ადგილას პოლიციაა. კომუნისტები სულელები კი არ იყვნენ, უფასო სპორტულ სექციებს რომ ხსნიდნენ, სადაც აქტიური და ცელქი ბავშვები იყვნენ ჩაბმული და თავიანთ თავს ავლენდნენ. უფროსი თაობა ჩარეცხეს, მაგრამ ბავშვებთან რაღა უნდათ?!~ - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ფსიქოლოგიის პროფესორი მარინა ბალიაშვილი.
"ხომ გახსოვთ საბჭოეთის დროინდელი "მგლის ბილეთი", რომლის მინიჭების შემთხვევაში ადამიანს ცუდი დახასიათება ეძლეოდა და სახელმწიფო სამსახურებში მისთვის კარი დახურული იყო. გამოდის, მოსწავლის სტატუსის შეჩერება "მგლის ბილეთზე" უარესია, რადგან "მგლის ბილეთიანის" მოკვეთა საზოგადოებისგან არ ხდებოდა. განათლების სამინისტროს ინიციატივა კი მოსწავლეს "კეთროვანის" დამღას ასვამს", - დასძენს სტატიის ავტორი.
866
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85