რაზე ისაუბრეს ნიკუშა შენგელაიამ და თემურ ჩხეიძემ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე

რაზე ისაუბრეს ნიკუშა შენგელაიამ და თემურ ჩხეიძემ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე


ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ თითქმის ყოველდღე ვრცელდება ინფორმაცია, იმ დღეს ვის შეხვდა ცნობილი ბიზნესმენი. გასულ კვირას მორიგ სტუმრებში რეჟისორი თემურ ჩხეიძე და მხატვარი ნიკუშა შენგელაია აღმოჩნდნენ. ბატონმა თემურმა კამერების წინ განაცხადა, რომ ივანიშვილს მორალური მხარდაჭერა გამოუცხადა. შეხვედრის დეტალებსა და სხვა პოლიტიკურ თემებზე ნიკუშა შენგელაიას ვესაუბრეთ.

- გასულ კვირას თქვენ და რეჟისორი თემურ ჩხეიძე ბიძინა ივანიშვილს შეხვდით, რაზე ისაუბრეთ ცნობილ მილიარდერთან?
- ყველა თემაზე, რაც გვაწუხებს, მაგრამ მას აინტერესებდა, რას ვფიქრობდით კულტურასა და ხელოვნებაზე ჩვენს ქვეყანაში. ბატონ თემურს ესაუბრა, ხომ არ სურდა საქართველოში დაბრუნება. როგორც იცით, ის პეტერბურგის თეატრის მთავარი რეჟისორია. გარდა ამისა, ვისაუბრეთ კინოზე. ძალიან წუხს და გული სტკივა, ჩვენი კინემატოგრაფია საიდან სად დაეშვა. 

- ამ შეხვედრამდე თუ იცნობდით ბიძინა ივანიშვილს?
- დიახ, მანამდე ერთხელ გვქონდა პირისპირ შეხვედრა. იცოდა ჩემი პოზიცია, სატელევიზიო გამოსვლები და ყველაფერზე ვისაუბრეთ, რაც გვაწუხებდა. ჩვენც ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, თუმცა რატომღაც მას არ აძლევენ საქართველოს მოქალაქეობას. ეს, მე მგონი, სირცხვილია.

- როგორი შთაბეჭდილება დატოვა ბიზნესმენმა?
- ძალიან კარგი. ბატონი ბიძინა თავის თავში ჩაკეტილი ადამიანი არ არის და კრიტიკულად უდგება საკუთარ თავს. ყოველთვის აინტერესებს შენი აზრი, როგორ და რანაირად წარმოგიდგენია ყველაფერი და ანგარიშსაც გიწევს. უბრალო და უშუალო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. თავში არა აქვს ავარდნილი. საოცარი ოჯახი და შვილები ჰყავს, ეს მის თვისებებზეც მეტყველებს. 

- პირადად თქვენ რაზე ესაუბრეთ შეხვედრისას და როგორ აღუწერეთ დღეს არსებული მდგომარეობა?
- რა აღწერა უნდოდა, ის დიდი ხანია, საქართველოში ცხოვრობს და თვითონაც მშვენივრად ხედავდა, რა ხდებოდა. ჩემი პოლიტიკური შეხედულებები კი თქვენც იცით. თავის დროზე ხელისუფლებას ეხმარებოდა, რომ ქართული სახელმწიფო ფეხზე დამდგარიყო, მაგრამ როდესაც ნახა, რომ რესურსებს მხოლოდ ძალაუფლების გასამტკიცებლად იყენებდნენ და არა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისთვის, გული აუცრუვდა. 

- საკმაოდ შთამბეჭდავი მრჩეველთა საბჭო ჰყავს, თქვენც ხომ არ შემოგთავაზათ სამსახური?
- ქალბატონი თინა ხიდაშელი მასთან მუშაობს და მან შემომთავაზა ჩავერთო პიარჯგუფში. ვნახოთ, მე თავისუფალი რეჟიმით ვცხოვრობ და თუ რამე შემიძლია ჩემს ქვეყნას გავუკეთო და დავეხმარო, ისედაც ვაკეთებ. საერთოდ კი, მომხრე ვარ, არჩევნებით შეიცვალოს ხელისუფლება.

- და არა რევოლუციით?
- როდესაც ქვეყანაში რევოლუცია ხდება, ეს არსებული ხელისუფლების ბრალია. მე არჩევნების მომხრე ვარ, არ მინდა ერთპარტიული პარლამეტი გვყავდეს. მინდა, ისეთი ხელისუფლება მოვიდეს, პოლიტიკური პარტიებისთვის კონკურენტუნარიანი გარემო შექმნას. მერე ადამიანებს საშუალება ექნებათ, თავად აირჩიონ ვინ უნდათ და არა ისე, როგორც საბჭოთა პერიოდში ხდებოდა, ასწევდა 88 კაცი ხელს და ჩამოუშვებდა. სამწუხაროდ, ჩვენთან იგივე გრძელდება. 

- როდის დაიწყეთ ამ ხელისუფლების კრიტიკა. განსაკუთრებით რომელმა ნაბიჯმა გაგაღიზიანათ?
- როგორც კი მიხეილ სააკაშვილმა კონსტიტუციის შეცვლა გადაწყვიტა. თუ არ ვცდები, მისი მოსვლიდან ერთი წელი იყო გასული. თავიდან ნორმალური კრიტიკა დავიწყე, მეგონა, ყურად იღებდნენ. ალბათ გახსოვთ "იმედზე" ინგა გრიგოლიას გადაცემები... 2003 წელს ძალიან ვგულშემატკივრობდი ამ ხელისუფლებას. იმედი მქონდა, რომ დადებითი ცვლილება იქნებოდა და იმ სტაგნაციის წინააღმდეგ გამოვდიოდი, როგორიც შევარდნაძის ხელისუფლება იყო. თქვენ თუ გახსოვთ სააკაშვილის ინაუგურაციაზე წარმოთქმული სიტყვა, რომელიც, სამწუხაროდ, არ შესრულდა და გადაწყვიტეს, სახელმწიფოებრივი მშენებლობა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხარჯზე დაეწყოთ. შექმნეს პოლიციური სახელმწიფო, რომლის საშუალებითაც ქვეყანას აკონტროლებენ. თუმცა ბევრი შენდება და კეთდება, მოდი, ესეც დავინახოთ. ბევრი კითხვაა ადგილზე, ხარისხზე, სტილისტიკაზე, ესთეტიკაზე, მაგრამ ჯანდაბას, ხომ შენდება. ახლა საავადმყოფოებს აშენებენ, ბევრი კრიტიკა ისმის, რად უნდათ ამდენი საავადმყოფოო, იყოს, დღეს არ არის შესაბამისი კადრები და ზეგ სხვა მოვა და ის შენობა ხომ დარჩება. მაგრამ მთავარს არ აკეთებენ, ადამიანს მეორე ადგილზე აყენებენ და პირველზე ინფრასტრუქტურას. თვითონ ხელისუფლება გახდა სისტემის მსხვერპლი და ახლა ამ ჩიხიდან ვეღარ გამოდიან. ძალიანაც რომ მოუნდეთ სასამართლოს გათავისუფლება, ვერ გაათავისუფლებენ. 

- არ გიფიქრიათ, პირადად შეხვედროდით პრეზიდენტს და ეს გულისტკივილი მისთვის გაგეზიარებინათ?
- ძალიან კარგად იცნობს სააკაშვილი ჩემს პოზიციას და ტელევიზორსაც უყურებს. თავიდან, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა გარკვეულ ჯგუფთან ერთად, ერთხელ შევხვდით, მაგრამ კრიტიკული საუბრის შემდეგ გადაწყვიტა, ეს შეხვედრები აღარ გაგრძელებულიყო. მე ვფიქრობ, განსხვავებულ აზრს რატომღაც მტრულად იღებს. ხომ ხედავთ, რა ტერმინოლოგიით იხსენიებს იმ ადამიანებს, ვინც მათ კურსს არ იზიარებს. ამ დროს პრეზიდენტმა ყველა მოქალაქის აზრს პატივი უნდა სცეს. 

- პრეზიდენტი ძალიან უყვართ რეგიონებში. როდესაც იქ ჩადის, ქალბატონები ეხვევიან და კოცნიან... 
- ასეთი ქალბატონები ყველა რაიონში არიან. აიღეთ მათგან ინტერვიუ და მიხვდებით, ვინ არიან. 

- და ვინ არიან?
- ხალხი, რომელთაც ოც-ოც ლარს უხდიან, დგანან და ყვირიან. ეს ყველაფერი ხელოვნური და ორგანიზებულია. ხელოვნურ და ვირტუალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველაფერი პიარზეა აწყობილი. ფაქტობრივად, ტელევიზორში ცხოვრობს საქართველო. 

- კარგი პიარჯგუფი ჰყოლია პრეზიდენტს, რადგან დღემდე შეინარჩუნა აქტუალობა...
- ჩვენი ბრალია, საშუალებას ვაძლევთ ამდენი ვატყუებინოთ თავი და უფლებები წაგვართვან. აბა, იგივე პიარი შოტლანდიაში, ირლანდიასა და ინგლისში გაიკეთოს, ნახავთ რაც მოხდება. თან რაიონებში მცხოვრებ ხალხს, თბილისისგან განსხვავებით, ალტერნატიული საინფორმაციო წყარო არა აქვს. ერთსა და იმავეს უყურებენ. სამეგრელოსა და კახეთში მეუბნებოდნენ, კარგად ვხვდებით, რომ იტყუებიან, მაგრამ რაც არის, იმას ვუყურებთ და მათ მიერ ნათქვამ სიმართლეს პირიქით ვიგებთო. რა დღეშია ხალხი, ხომ ხედავთ.

- დღეს ცნობილი ადამიანები, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს, საზოგადოებას ლამის გმირებად ჰყავს შერაცხილი. ეს რამდენად ნორმალურია? 
- კრიტიკას გმირობას ვერ დავარქმევ. თავად ხელისუფლება ქმნის ასეთ გარემოს, თორემ რა გმირობაა, მე რომ იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ. ეს ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციაა. არც ხალხს და არც საკუთარ თავს ტყუილი არ უნდა აკადრო. რასაც ფიქრობ, ის უნდა თქვა. ბევრი თავს იკავებს, არის შიშის ფაქტორიც, მაგრამ ეს ისეთი საკითხია, ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რას აირჩევს.

- მეგობარი ან ნათესავი თუ დაგიკარგავთ განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის გამო?
- მე არც ერთი ახლობელი არ მყავს, ვინც ამ ხელისუფლებას უჭერს მხარს. ასეთს ჩემს ახლობლებში არავის ვიცნობ. საერთოდ კი, რა შეხედულებაც უნდა ჰქონდეს, ამის გამო ადამიანს არ დავკარგავ. ვინც კერპებს იქმნის და "იზმებს" მიჰყვება, ისინი გვკარგავენ ჩვენ. 

- არასოდეს უცდია ხელისუფლებას თქვენი გადაბირება?
- რა უნდა შემომთავაზონ. დამასაქმებენ და მერე თვალი დავხუჭო იმაზე, რაც ჩემს ქვეყანაში ხდება? - არ ვარ მე მაგის კაცი. 

- ბიძინა ივანიშვილი რომ ხელისუფლებაში მოვა, ქვეყანას ეშველება?
- მე ვფიქრობ, რომ ქვეყნას მარტო ბიძინა ივანიშვილმა კი არა, ყველამ ერთად უნდა ვუშველოთ. ხალხზეა ყველაფერი დამოკიდებული. ბატონმა ბიძინამ შეიძლება პირობა შექმნას, მაგრამ ჩვენც უნდა მოვინდომოთ. როდესაც ნორმალური ნების ხელისუფლება მოვა, მასმედიას, სასამართლოს გაათავისუფლებს და ჭკუით აირჩევს პარლამენტს. ამისთვის ხელისუფლების ნებაა საჭირო. ბატონი ბიძინა იმიტომ არ მოდის ხელისუფლებაში, რომ პირადი კეთილდღეობა გაიუმჯობესოს. მეორეც, მისი ზნეობრივი და მორალური პარამეტრების მაჩვენებელი მისი ოჯახი და ცხოვრების წესია და ის უზარმაზარი სიკეთე, რაც საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის გააკეთა.

- ივანიშვილის გარემოცვაზე ხშირად ამბობენ, რომ დიდი ფულის გამო არიან მასთან...
- ეგ მე არ ვიცი... რაც შეეხება იმას, მომწონს თუ არა მისი გარემოცვა, ვფიქრობ, იმ არჩევანიდან, რაც ჰქონდა, სწორად მოიქცა, რომ პოლიტიკურ ჭრილში რესპუბლიკელებს და ირაკლი ალასანიას დაეყრდნო, ეს მის დასავლურ ორიენტაციაზე მეტყველებს. რაც შეეხება დანარჩენ წრეს, იმათ ეძახის, ვინც წარმატებულია და საქმე იცის. თემატურ ჯგუფებს მუშაობის თავისუფლებას აძლევს. 

- თქვენ როდის გექნებათ პასუხი, ჩაერთვებით მის თემატურ ჯგუფში?
- არ ვიცი, მე თუ რაიმე სიკეთე შემიძლია ქვეყანას მოვუტანო, ამას ისედაც ვაკეთებ. ეს დროზე არ არის დამოკიდებული, რადგან ეს საქმე ექვსი წლით ადრე დავიწყე, სანამ ბატონი ბიძინა განცხადებას გააკეთებდა. 

- გასულ კვირას ამპლუა შეიცვალეთ და "მაესტროზე" გადაცემა "სუბიექტური აზრი" შალვა რამიშვილსა და ნათია მიქიაშვილთან ერთად მიგყავდათ. იმ კვირის "ნიუსებიდან" ყველაზე მეტად რომელი დაგამახსოვრდათ?
- ნათიასა და შალვას გადაცემაში სიახლე აქვთ და ცნობილი ადამიანი ერთი კვირა მათი თანაწამყვანი ხდება. უნდოდათ, ჩემით დაეწყოთ. რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი. კარგი დამოკიდებულება მაქვს მასმედიასთან. მიმაჩნია, რომ თუ ხალხს ჩემი აზრი აინტერესებს, ჩემი მოვალეობაა ვისაუბრო. არაფერი რთული არ ყოფილა, ქვეყნის პრობლემებს განვიხილავდით. რაც შეეხება იმ კვირის "ნიუსებს", განსაკუთრებულად არაფერი დამამახსოვრდა. ქვეყანაში ძირითადად ერთი და იგივე ხდება. როდესაც მეგობრები მირეკავენ და მეკითხებიან, რა არის ახალი, ვეუბნები, იგივე. ეს არის ყველაზე დიდი "ნიუსი" (იღიმება). 

- საერთოდ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლებიდან ყველაზე მეტად რომელი დაგამახსოვრდათ?
- ძალიან მაგარი გამოსვლა ჰქონდა, როდესაც სამი-ოთხი წლის ბავშვებისთვის ხმის მიცემის უფლებაზე საუბრობდა, პარლამენტში სიამოვნებით შევიდოდი ამ წინადადებითო (იღიმის). სამი წლის ბავშვებს რომ მიშა, მიშას აყვირებენ, ბავშვებს მაინც დაანებონ თავი. სასწაულია...

- დასასრულ, ჩაგეკითხებით, როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებაში ივანიშვილის მოსვლის შემედეგ მისი გარემოცვა ისეთივე ჩინოვნიკებად არ გადაიქცევა, რის გამოც ხშირ შემთხვევაში პრეზიდენტის გუნდს აკრიტიკებენ?
- არა მგონია, ჩვენი გარანტია ის არის, რომ როცა რამე ხდება, მაშინვე უნდა გამოხვიდე და ამის შესახებ კრიტიკა და გახსნილი საუბარი დაიწყო. ჩვენი გარანტია ცვლილებაა. სანამ ბიძინა გამოჩნდებოდა, სულ იმაზე საუბრობდნენ, რომ ალტერნატივა არ არსებობდა. თუ სააკაშვილი არა, მაშინ ვინ?..

- დღესაც ამბობენ, აბა, გრეჩიხა სჯობდა?
- მე ყოველთვის ცვლილების მომხრე ვარ. რაც უფრო ხშირად გამოცვლი ხელისუფლებას, ძველ შეცდომებს აღარ გაიმეორებს. შეიძლება, თავისი წილი შეცდომა დაუშვას, მაგრამ ამაზე პასუხი უნდა მოსთხოვო. სხვა მექანიზმი არ გვაქვს და სამწუხაროდ, დღეს ილია ჭავჭავაძე არ გვყავს. 

- ისე, მაინც რას ფიქრობთ, ლევან გაჩეჩილაძე სჯობდა მიხეილ სააკაშვილს?
- არ ვიცი, ალბათ ცვლილება სჯობდა. მე არ ვიცი, რას იზამდა გრეჩიხა... თუ არასწორად მოიქცეოდა, მის წინააღმდეგაც გამოვიდოდი. მოქალაქეებს სხვა მექანიზმი არ გვაქვს. ნებისმიერ ხელისუფლებას უნდა გაუწიო ოპონირება, მათ შორის კარგსაც და ასე ვითარდება ქვეყანა და არ ვითარდება, როცა ქვეყანაში სტაგნაცია და ერთპარტიულობაა. ასი წლით უნდათ მოსვლა და მერე სხედან და არიან. ეს უკვე გავიარეთ. ყველა გამოვიდა საბჭოთა კავშირიდან და ჩვენ რა უბედურება გვჭირს.