ვიქტორ დოლიძე სააკაშვილის ე.წ. ჯანდაცვის რეფორმის რევიზიას იწყებს!

ვიქტორ დოლიძე სააკაშვილის ე.წ. ჯანდაცვის რეფორმის რევიზიას იწყებს!

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე ხელისუფლებას უსისტემო და უპასუხისმგებლო სოციალური პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს და “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას აცხადებს:

– როცა რეფორმა ხორციელდება, უნდა ვიცოდეთ, საითკენ მივდივართ. არც ერთ სფეროში – სოციალური იქნება, ეკონომიკური თუ ჯანდაცვის ამ ხელისუფლების გეგმაზომიერი სვლა არ მინახავს. ქვეყანას სოციალური უსაფრთხოების კონცეპტუალური არც ხედვა აქვს და არც – სისტემა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ, “თავისუფალმა დემოკრატებმა” ამ საკითხებზე ხელისუფლებას არაერთი წინადადება შევთავაზეთ, მაგრამ არ გაითვალისწინა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ხელისუფლება მხოლოდ პიარსა და ლენტების გაჭრაზეა გადასული...

სააკაშვილმა და ურუშაძემ გადაწყვიტეს, რომ ქვეყანაში 150 საავადმყოფო უნდა არსებობდეს და ახალი საავადმყოფოების აშენება კერძო სადაზღვევო კომპანიებს დაავალეს. სადაზღვევო კომპანია აშენებს კლინიკას, სადაც ძვირადღირებული ტექნიკა შეაქვს. ამიტომ, სადაზღვევო კომპანია ხდება გადაწყვეტილებების მიმღები, თუ რამდენ ადამიანს დაასაქმებს და როგორი პრეისკურანტი ექნება საავადმყოფოს, ხელისუფლება კი, მხოლოდ ლენტის გაჭრით, მოსახლეობასთან შეხვედრითა და პროპაგანდით შემოიფარგლება, რომ თითქოს ის აშენებს ამ საავადმყოფოებს და ატარებს რეფორმას, მაგრამ ეს რეფორმა კი არა, ვაქხანალიაა!..

კარგია, კერძო კომპანია რომ აშენებს კეთილმოწყობილ 15-საწოლიან საავადმყოფოს, მაგრამ ვინმემ გათვალა, 15-საწოლიანი კლინიკა საკმარისია თუ არა რაიონისთვის?.. ამას წინათ, წყალტუბოში, ახლადაშენებულ კლინიკაში ვიყავი, სადაც ორი პაციენტი იწვა. გარეთ კი, მშობიარე ქალი გამომელაპარაკა და მითხრა, ისეთი სიძვირეა, რომ მშობიარობისთვის თანხა არ მეყოფაო.

მოკლედ, ხელისუფლება აიძულებს ბიზნესმენებს, რომ სხვადასხვა რაიონში კერძო კლინიკები ააშენონ, თორემ საინტერესოა, ბიზნესმენებსა და სადაზღვევო კომპანიებს ერთდროულად როგორ გაუჩნდათ კერძო კლინიკების აშენების სურვილი? ასეთ კლინიკებში მაღალი ფასებია, მაგრამ კერძო კომპანიაა და ვერ მოსთხოვ, რომ დააკლოს: უნდა – ოპერაციას 2 ათას ლარს დაადებს და უნდა – 3 ათასს.

კონკურენციისთვის რაიონებში მუნიციპალური კლინიკები უნდა არსებობდეს. არასწორია, როცა რაიონში მხოლოდ კერძო კომპანიის მიერ აშენებული საავადმყოფოა, თან ფარმაცევტული ბიზნესი და ჰოსპიტალური სექტორიც ამ კომპანიის ხელშია, სახელმწიფოს კი, პასუხისმგებლობა აქვს მოხსნილი. მიუხედავად ამისა, სააკაშვილი, ჯანდაცვის მინისტრ ურუშაძესა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნიკოლაიშვილთან ერთად, რეგიონებში დადის, ლენტებს ჭრის და აცხადებს, ჰოსპიტალურ რეფორმას წარმატებით ვატარებთო. კი მაგრამ, სააკაშვილი რა შუშია, როცა ამას კერძო კომპანია აკეთებს? ვის ატყუებს და ვის აყრის თვალში ნაცარს?

ბატონო ვიქტორ, როგორც ვიცი, აპირებთ, რომ ყველა ახლადგახსნილი კლინიკა მოინახულოთ და ერთგვარი მონიტორინგი აწარმოოთ...
– დიახ, ასეა. მაინტერესებს, ახალ კლინიკებში რამდენი ადამიანია დასაქმებული, კვალიფიციური პერსონალი მუშაობს თუ არა, რამდენი ავადმყოფი წევს და რამდენად ხელმისაწვდომია ოპერაციის გაკეთება. ამ სფეროში ყველა დარღვევები უნდა გამოვააშკარავოთ და ყველა უმსგავსობას ფარდა ავხადოთ.

ამას წინათ, პრეზიდენტი სააკაშვილი პენსიონერებს პენსიის მომატებას დაჰპირდა, რომელიც სექტემბრიდანაა გათვალისწინებული, თუმცა მანამდე, ინვალიდებს 80-ლარიანი პენსია 10 ლარით შეუმცირა...
– თავდაპირველად ითქვა, რომ ინვალიდებისთვის პენსია 20 ლარით უნდა გაეზარდათ: 10 – პენსიაზე დანამატი იქნებოდა, 10 ლარი კი, დაზღვევას მოხმარდებოდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ინვალიდების მდგომარეობა გაუმჯობესდა და ათი ლარიც ამიტომ მოაკლდათო – ურცხვად აცხადებს თბილისის მერია. პენსიაზეც რომ ამბობენ, სექტემბრიდან გაიზრდებაო, ციფრებზე კი არა, იმაზე უნდა ვისაუბროთ, თუ როგორი იქნება იმ დროისთვის ინფლაცია და სასურსათო კალათა. ეს პენსიონერების დაცინვაა და მეტი არაფერი!

პრეზიდენტმა განაცხადა, რუსეთში მანიფესტანტები საჯაროდ ამბობენ, გვინდა, ჩვენი ქვეყანაც ისე აყვავდეს, როგორც ეს საქართველოში მოხდაო...
– საქართველოსა და რუსეთშიც დიქტატორული რეჟიმია, რადგან პუტინისა და სააკაშვილის ყოველი ნაბიჯი პიარსა და პროპაგანდაზეა გათვლილი, ხალხის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას კი, ნაკლები ყურადღება ექცევა.

მართლაც, კარგი იქნებოდა, ვინმე შემოგვნატროდეს და საქართველოში ცხოვრება უნდოდეს, მაგრამ რეალობა მწვავეა – საქართველოში ცხოვრება ქართველებს აღარ უნდათ და მზად არიან, ლუკმა-პურის საშოვნელად სხვა ქვეყანაში მოსამსახურედ იმუშაონ!

როგორც ვიცი, რუსეთში პენსია 300 დოლარს უტოლდება, აღარაფერს ვიტყვი ხელფასებზე. ჩვენთან კი, კატასტროფულად იზრდება თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა. მხოლოდ ჩვენს კომისიას დახმარებისთვის ასეულობით მოქალაქემ მომართა. ხალხი ჯანმრთელობის გადასახადის, ბანკის სესხების დასაფარად და ოჯახის წევრებისთვის საპროცესო გარიგების გადასახდელად, სახლებს ყიდის, მაგრამ სააკაშვილს ხელისუფლებაში ყოფნა დიდხანს აღარ გაგრძელდება და ურჩევნია, ჭკუას მოუხმოს!