ეკა ბასილაია, “რეზონანსი“
ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ ოპოზიციურად განწყობილ პირთა მიმართ დაუნდობელი რეპრესიების ტალღა რეგიონებში საკმაოდ აქტიურად მიმდინარებს, - ამბობენ ბიზნესმენის პოლიტიკური პარტნიორები და "ქართული ოცნების" წევრები.
მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენს ჯერ პარტია არ შეუქმნია და კოალიციაც ოფიციალურად ჯერ ჩამოყალიბებული არ აქვს, როგორც "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, ყველა პირის მიმართ, ვინც კი მის მხარდამჭერ განცხადებას გააჟღერებს ან ივანიშვილის თანაგუნდელ "რესპუბლიკელებთან" და "თავისუფალ დემოკრატებთან" აქტიურობით არის დაკავშირებული, სადამსჯელო ოპერაციები დაუყოვნებლივ ვრცელდება. შესაბამისად, "დასჯილთა" რიცხვიც თვიდათ თვემდე იზრდება.
"სააკაშვილი მისთვის ჩვეული მეთოდებით-დაშინებით, შანტაჟით, სამსახურიდან გათავისუფლებით ცდილობს უზრუნველყოს საკუთარი გამარჯვება არჩევნებში. ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი გუნდი გარანტირებულად აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას და გარანტირებულად ვაცხადებთ, რომ მოვიგებთ საპარლამენტო არჩევნებს. აქედან გამომდინარე, არავის მივცემთ მოქალაქეების უფლებების შელახვისა და მათი აბუჩად აგდების უფლებას," - აცხადებს "რესპუბლიკელი" თინა ხიდაშელი.
ივანიშვილის პოლიტიკური აქტივობის პირველი მსხვერპლი საქველმოქმედო ფონდი "ქართუს" დირექტორის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, კახეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი, პოლიციის გენერალი თამაზ თამაზაშვილი გახდა, რომელიც 11 ოქტომბერს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს.
დაკავების დროს თამაზ თამაზაშვილის ავტომანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. ღარიბაშვილის მამა ტარიელ ღარიბაშვილი კი, რომელიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ წითელწყაროს რწმუნებულად მუშაობდა, სამსახურიდან დაითხოვეს.
"თავისუფალი დემოკრატების" წევრის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რეგიონებში ზეწოლის არაერთი კონკრეტული ფაქტი ფიქსირდება.
"ზეწოლა, დაშინებები, მუქარა შვილების თუ ოჯახის წევრების დაჭერის ან სამსახურიდან მოხსნის მუქარა - ეს არის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის დამკვიდრებული ჩვეულებრივი მეთოდი.
"ბოლო ასეთი შემთხვევა კახეთში მოხდა. თავისუფალი დემოკრატების ლაგოდეხის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზურაბ გამეზარდაშვილმა, რომელიც პროფესიით იურისტია, შეიტყო, რომ გამგეობის წარმომადგენლები პროვოკაციას ამზადებენ მის წინააღმდეგ და გეგმავენ მის დაპატიმრებას ყალბი ბრალდების საფუძველზე, რათა ხელი შეუშალონ პარტიის ორგანიზებას და ჩამოყალიბებას აღნიშნულ რეგიონში," - აცხადეს აბაშიძე.
მისივე თქმით, კახეთში აქამდეც არაერთი ფაქტი მომხდარა, რომელიც ადგილობრივ პოლიტიკურ ძალებს დაბრკოლებებს უქმნის.
კერძოდ, როგორც აბაშიძემ აღნიშნა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ადგილობრივი მთავრობა და პოლიცია დაშინების და ზეწოლის მეთოდებით აიძულებს მოსახლეობას, "თავისუფალ დემოკრატებს" არ მიაქირაონ ოფისის მოსაწყობად და პოლიტიკური აქტივობისთვის საჭირო ფართი.
მსგავსი ფაქტები მოხდა თელავში, გურჯაანში, საგარეჯოში, სიღნაღში... - როგორც კი პარტიის აქტივისტი რომელიმე სახლი ქირაობაზე შეთანხმებას იწყებს, მეორე დღესვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იბარებენ მეპატონეს და აშინებენ.
კახეთის გარდა, დაშინებები აქტიურად მიმდინარეობს ქართლში. უფრო მეტიც, შიდა ქართლში სამსახურიდან გაათავისუფლეს "თავისუფალი დემოკრატების" აქივისტის მეუღლე შორენა მჭედლიძე, რომელიც ადგილობრივ სამხედრო სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა. ხაშურში სკოლიდან დაითხოვეს მასწავლებლები მათი ნათესავების ოპოზიციური აქტივობის გამო.
იმერეთში, საჩხერეში, სადაც ბიძინა ივანიშვილი ხანგრძლივი დროის მანძილზე ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას, სამსახურებიდან დაითხოვეს პერევის საჯარო სკოლის დირექტორი გურამ შუკაკიძე და საცურაო კომპლექსის დირექტორი - თემურ კვესაძე, საჩხერგაზის დირექტორი ზაზა ზამბახიძე.
გორში, მე-9 საჯარო სკოლიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე გაათავისუფლეს ია ბჟალავა. ზემო ნიქოზის სკოლიდან გაათავისუფლეს ციცინო ჯავახიშვილი, მისი მეუღლე "თავისუფალი დემოკრატების" კორდინატორია".
აბაშიძის განცხადებით, იარაღი ჩაუდეს და დააკავეს "თავისუფალი დემოკრატების" ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ელგუჯა ჩხაიძე.
როგორც ირაკლი ალასანია აცხადებდა, პარტიის ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ოჯახი განიცდის დევნას და ცოტა ხნის წინ მისი შვილი ნარკოტიკების მოხმარებაზე დააკავეს.
ხელისუფლებას პარტიის წარმომადგენლების მიმართ სისტემური დაშინებისა და ზეწოლის განხორციელებაში ადანაშაულებენ "რესპუბლიელებიც".
"ამ დროისთვის რამდენიმე რაიონის საჯარო სკოლიდან პედაგოგები დირექტორის ბრძანების ან ზეპირი განცხადების საფუძველზე არიან გათავისუფლებულები.
"პედაგოგები უარს აცხადებენ განცხადებების დაწერაზე, რის შემდეგაც ბრძანებების საფუძველზე თანამშრომლებს ითხოვენ სამსახურებიდან.
"6 იანვარს სამსახურიდან დაითხოვეს საგარეჯოს რაიონის, სოფელ კაკაბეთის პედაგოგი თამარ სუხიაშვილი და "რესპუბლიკური პარტიის" საჩხერის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ინგა ზაბახიძე.
"სააკაშვილი მისთვის ჩვეული მეთოდებით დაშინებით, შანტაჟით, სამსახურიდან გათავისუფლებით ცდილობს უზრუნველყოს საკუთარი გამარჯვება არჩევნებში. სამწუხაროდ, რვა წლის განმავლობაში ვერანაირი გაკვეთილები ვერ ისწავლა და ძველი მეთოდებით ცდილობს გარდაუვალი მარცხის დაძლევას" , - ასეთ შეფასებას აძლევს "რესპუბლიკელი" თინა ხიდაშელი რეგიონებში მათი პარტიისა თუ თანაგუნდელების მხარდამჭერთა მიმართ მიმდინარე პროცესებს.
თავის მხრივ, საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" იურიდიული ჯგუფის წევრის, იურისტ ზაქარია ქუცნაშვილის დედა თალიკო ლაგაზაური, რომელიც პირველი ექსპერიმენტული სკოლის პედაგოგად მუშაობდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. იურისტი სკოლის დირექტორს თალიკო ლაგაზაურის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს.
13 იანვარს, ძველით ახალი წლის ღამეს, საჩხერეში გუბარნატორის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე სამართალდამცველებმა 15 ახალგაზრდა გაიტაცეს, იარაღის მუქარით სხვადასხვა სახის შეურაცხყოფა და სხეულის მრავლობითი დაზიანება მიაყენეს.
"ქართული ოცნების" რეგიონალური განვითარებისა და ეროვნული უმცირესობების თემატური ჯგუფის კოორდინატორის მამუკა არეშიძის განცხადებით, რადგანაც "ქართული ოცნება" ორგანიზებული სახით ჩამოყალიბებული ჯერ არ არის, ძირითადად ტერორი იმ ხალხის მიმართ ხორციელდება, ვინც "რესპულიკელებთან" და "თავისუფალ დემოკრატებთან" არიან დაკავშირებულნი. თუმცა არის ცალკეული შემთხვვები, მაგალითად, ვინც კი ბიძინა ივანიშვლისათვის მოქალაქეობის მოთხოვნას შეუერთდა, მათი ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ვინც არ მუშაობდა - დააშინეს.
არეშიძის განმარტებით, ამ დაშინებების მიუხედავად რეგიონები საკმაოდ აქტიურია და ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის მხადასაჭერად.
მამუკა არეშიძე: "ქართული ოცნების" აქტივისტებს ჯერჯერობით დიდად არ ერჩიან, იმიტომ, რომ ასეთი ორგანიზებული მოცემულობა არ არსებობს. არის ფრაგმენტები, თუნდაც ის შემთხვევა, როცა 13 იანვარს საჩხერეში 15 ახალგაზრდა ცემეს, იმიტომ, რომ მათ "ქართული ოცნების" კაშნეები ეკეთათ.
"მარდამჭერები გვემატებიან. უამრავი ხალხი ჩამოდის რეგიონებიდან, მაგრამ ორგანიზაციული საკითხები ახლა გვარდება და ამას ერთი ორგანიზებული სახე მიცემული არ აქვს. დაახლოებით 10 თებერვლიდან ოფისების გახსნასაც დავიწყებთ. დრო ჩვენს საწინაამდეგოლ მუშაობს, მაგრამ წინასაარჩევნო პროცესისთვის მზადება და გეგმა გვაქვს.
"სამცხე-ჯავახეთის გარდა, ხალხი ყველა რეგიონიდან ჩამოდის. ყველაზე დიდი აქტიურობა დასავლეთიდან შეინიშნება. არ მინდა რაოდენობა დავასახელო, მაგრამ დასავლეთ საქართველოდან უამარავ ადამიანთან გვქონდა შეხვედრა "ქართულ ოცნებაში", უამრავი ადამიანი გაწევრიანდა. მიუხედავად იმისა, რომ ოფისების გახსნის კუთხით ძალიან დიდი წინააღმდეგობა გვაქვს, არის დაშინებები და მუქარები ადგილობრივების მიმართ, მიუხედავად ამისა რამდენიმე რაიონში შენობის საკითხი უკვე მოვაგვარეთ.
"თავისუფალი დემოკრატების" წევრი ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ პარტიული ოფისების გახსნა აქიურად მიმდინარეობს და ოფისებისათვის ფართის მიქირავების დაბლოკვის მცდელობების მიუხედავად ეს პროცესი არ შეჩერებულა.
ზურაბ აბაშიძე: "ოფისები სამეგრელოში გვაქვს ძალიან ბევრი, იმერეთშიც, ქართლში, კახეთში პრობლემები იყო, მაგრამ მაინც იხსნება. არის სიტუცია, როცა გვეუბნებიან, მინდა გვერდით დაგიდგეთ, მაგრამ... თუმცა ბოლო დროს ეს შიშიც ნელ-ნელა ტყდება. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრეზე მუქარები ხორციელდება, მაინც მოდიან. უკვე აქვთ იმედი, რომ ხელისუფლების შეცვლა რეალურია და საზოგადოების ძირითად ნაწილში შიში გადალახულია."
822
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85