“2012 ძალიან საინტერესო წელი იქნება, ბევრად უფრო მღელვარე და ბობოქარი. ამიტომ, ქართველებს ყველა მიმართულებით გააქტიურებისკენ მოვუწოდებ. ჩვენ უნდა ჩავატაროთ თავისუფალი არჩევნები. ერი, რომელიც ვერ ატარებს დემოკრატიულ არჩევნებს, ის ერი კი არა, მონების ხროვაა. სირცხვილია, არჩევნების ჩატარება გაყალბებითა და ძალმომრეობით. ერს თუ არ უნდა, რა უფლებით ეპოტინები ხელისუფლებას?” - ამბობს “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი ირაკლი წერეთელი, რომელიც კახეთის აჯანყების 200 წლის იუბილესთვის ემზადება - “ეროვნულ-დამოუკიდებლობის” პარტიის ლიდერი 31 იანვარს, თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირთა სულის მოსახსენიებლად, ალავერდს ესტუმრება.
ირაკლი წერეთელი: - უპირველეს ყოვლისა, თქვენი გაზეთის მეშვეობით, ახალ წელსა და ნათლისღებას ვულოცავ მთელ საქართველოს და ვისურვებდი, ამ წელიწადს დრაკონი საბოლოოდ თუ არა, მნიშვნელოვნად მაინც დაგვემარცხებინოს.
დრაკონში ვის, ან რას გულისხმობთ, ბატონო ირაკლი?
- დრაკონი რუსეთის იმპერია და მისი საოკუპაციო ჯარებია საქართველოს ტერიტორიაზე.
თუ რუსეთი დრაკონია, მაშინ 2012 რუსეთის წელი ყოფილა...
- არა, მოდის დრაკონის დამარცხების წელი, ანუ რუსეთის იმპერიის დამარცხების წელი, რომელიც თვითონ რუსეთსაც ასუსტებს. უნდა ვიბრძოლოთ საქართველოს დეოკუპაციისთვის, დემოკრატიისთვის, ნამდვილი არჩევნების ჩატარებისა და ყველა იმ სიკეთისთვის, რაც გამომდინარეობს თავისუფლებისა და სამართლიანობის დიდი ღირებულებებიდან.
ახლადჩამოყალიბებული პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც სათავეში ბიძინა ივანიშვილი უდგას, სწორედ დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნებისთვის იბრძვის...
- ღმერთმა ყველა გულწრფელ ქართველს ხელი მოუმართოს. ღირსეულ მდგომარეობაში ერი მხოლოდ მაშინ ცხოვრობს, როცა მოპოვებული აქვს ეროვნული თავისუფლება, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და დემოკრატია. ღირსეული ცხოვრება დემოკრატიის, დემოკრატია კი, სიახლეებისა და ცვლილებების გარეშე არ არსებობს. ის ქვეყნები, სადაც საზოგადოება პერმანენტულად ახერხებს დემოკრატიული არჩევნებით სახელისუფლებო ცვლილებას, განვითარების საფეხურზე შედარებით მაღლა დგანან, ვიდრე ის ერები, სადაც საზოგადოება ერთი და იმავე სახეებს, ადამიანებსა და კერპებს მისჩერებია. მე, როგორც თხემით ტერფამდე ქართველს, პატრიოტს და ეროვნული სულისკვეთებით ანთებულ ადამიანს, მინდა, რომ ჩემი ერი ცხოვრობდეს ღირსეულად და მოხდეს სახელისუფლებო ცვლილება დემოკრატიული არჩევნების გზით. ძნელი სათქმელია, კონკრეტულად ვინ გაიმარჯვებს. ივანიშვილს აქვს შანსი, თუმცა მეტი აქტიურობა, კონკრეტულობა და გამოკვეთილობაა საჭირო...
საერთოდ, ძალიან მშვიდად ვარ, რადგან არ მჯერა ზღაპრების, რომ საქართველო იღუპება. საქართველოს გადასარჩენი არაფერი სჭირს. საქართველოს, უბრალოდ, სჭირდება მუდმივი პოზიტიური სიახლეები, განვითარება და წინსვლა...
ჩვენი პრეზიდენტი დინამიური, ძირითადად, პირად საკითხებშია, თორემ რაშია დინამიური - დემოკრატიაში, ადამიანის უფლებებში თუ რაში? მას უყვარს სეირნობა, დროს ტარება და ღმერთმა შეარგოს, არ ვარ შურიანი კაცი. რა, დინამიურად განავითარა დემოკრატია? მივესალმები გზების, სასტუმროების, იუსტიციის სახლების მშენებლობას, მაგრამ კატეგორიულად ვგმობ “ხუდონჰესის” მშენებლობის ინიციატივას და მოვუწოდებ ყველა ქართველს, არ დავუშვათ საქართველოს ტეროტორიაზე ისეთი მშენებლობების წამოწყება, რომლებიც უპირისპირდება ადამიანის ჯანმრთელობას და ანგრევს და ასახიჩრებს ბუნებას. ერთხელ, საბჭოთა ოკუპაციის დროს, შევაჩერეთ ხუდონჰესის მშენებლობა. მიხეილ სააკაშვილის საოკუპაციო წარმომავლობა შეიძლება, იმითაც დადასტურდეს, რომ იმ საქმეების განახლებას ცდილობს, რაც რუს ოკუპანტებსა და კომუნისტებს უნდოდათ და რაც შეაჩერა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ. “ხუდონჰესის” მშენებლობას დაუპირისპირდა მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, თქვენი მონა-მორჩილი და თქვენ წარმოიდგინეთ - ზურაბ ჟვანიაც.
ანუ, ოკუპანტების გზას აგრძელებს სააკაშვილი?
- ეს იცით, რას ნიშნავს? ილია ჭავჭავაძის სურათი ხომ უკიდია სააკაშვილს? ილია ამბობს, მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა არის ყველა სიკეთის საწყისიო. ეტყობა, მოძრაობა არ უყვარს სააკაშვილს, უყვარს - დამყაყება, თორემ როგორ შეიძლება, ისეთი დიდი სილამაზე, რასაც ქართული მდინარე - ენგური ჰქვია, რომელიც ასეთი სისწრაფით მოედინება, დააგუბო?! ცივილიზებულმა კაცობრიობამ კოსმოსის, ატომის გახლეჩისა და კომპიუტერის საუკუნეში, ვერ უნდა მოიგონოს ელექტროენერგიის მიღების საშუალება ისე, რომ წყალი არ დააგუბო და საქართველო ჭაობად არ აქციო? მე ამას არ დავუშვებ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ არ აშენდეს “ხუდონჰესი”, არ დააგუბონ მტკვარი და თერგი. ეს როგორ შეიძლება?! ვინ არიან ესენი?! ან მტკვრის გარეშე როგორ შეიძლება საქართველო? მიმაჩნია, რომ თურქეთის მიერ უნამუსოდ მიტაცებული ტერიტორიები უნდა დაიბრუნოს საქართველომ და ამისთვის საჭიროა, ქართველი ერი გაერთიანდეს ჩვენს გარშემო.
ვინ “თქვენს” გარშემო?
- ჩემსა და ვაჟა ადამიას გარშემო იმიტომ, რომ ქართულ პოლიტიკურ ძალთა შორის ეს ორადორი პარტიაა, რომელსაც პროგრამაში უწერია საქართველოს აღდგენა, რაშიც იგულისხმება ყველა იმ ტერიტორიის დაბრუნება, რომლებიც მიტაცებულია როგორც რუსების, ისე - თურქების მიერ.
როცა სააკაშვილი თავს თქვენს კუმირს - დავით აღმაშენებელს ადარებს, არ ბრაზდებით? ამასწინათ განაცხადა, იმ ეტაპზე ვართ, რომელზეც აღმაშენებელი იყოო. თავმდაბლობაც ასეთი უნდა?!.
- მშენებლობა კარგია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ევროპისა და ამერიკის დახმარებით ხორციელდება. მაღიზიანებს კი არა, ამაზე უფრო მეცინება, ძლიერი ნერვების პატრონი ვარ, ვერავინ იოლად ნერვებს ვერ ამიშლის. აღმაშენებლობა, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს საქართველოს გათავისუფლებას. აღმაშენებელმა ჯერ გაათავისუფლა საქართველო, შემდეგ, გააერთიანა, ბოლოს კი, გააძლიერა და ააშენა.
რამე რომ იყოს, ლაზიკაში იცხოვრებდით?
- ახალი ქალაქის აშენების წინააღმდეგი იმიტომ ვარ, რომ ეს ახალ თანხებთანაა დაკავშირებული, ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ლაზიკა უტოპია სულაც არაა, მაგრამ საქართველოს არ სჭირდება ახალი ქალაქები, მას სჭირდება სოფლის განვითარება. ისედაც ბევრი ქალაქია, რად გვინდა ახალი?
თქვენ არ გჭირდებათ, მაგრამ როგორც სააკაშვილი იტყობინება, უკვე იწყებენ ადგილზე ჭაობების ამოშრობას...
- მერე, ამაზე ხმა უნდა ამოვიღოთ. ეს კაცი ყველაფერს აკეთებს, რომ ხელისუფლებიდან არ წავიდეს. ლაზიკა კი არა, კონსტანტინოპოლი რომ ააშენოს, მიხეილ სააკაშვილს წასვლა აუცილებლად მოუწევს, ტყუილად იფხრიწება შუაზე.
რაც კარგი ხდდება, ისიც დავინახოთ - ქუთაისს და ბათუმს მიხედა. მინდა, ვისარგებლო და გაცნობოთ, რომ წელს მოდის კახეთის აჯანყების 200 წლისთავი, 31 იანვარს მივდივარ ალავერდში და მოვუწოდებ ქართველებს, ჩამოვიდნენ და სანთელი დაუნთონ რუსთა იმპერიის წინაარმდეგ აჯანყებულებს, თავისუფლებისათვის მებრძოლ გმირებს.
ბატონო ირაკლი, რამდენჯერმე გაიმეორეთ, ხმა ამოვიღოთო. სხვისი კრიტიკა რომ ადვილია, გასაგებია, მაგრამ თქვენ თვითონ რატომ არ აქტიურობთ?
- რას ჰქვია, არ ვიღებ? მაშინ, უფრო ხშირად უნდა იყოს ჩემი ინტერვიუები გაზეთებში. არცე რთი ტელევიზია არ მიწვევს “ობიექტივის” გარდა. ჩემს იგნორირებას იმიტომ ცდილობენ, რომ საქართველოს პოლიტიკური და საზოგადოებრივი სპექტრი გაძეძგილია აგენტურით. რატომ არ იწვევენ ვაჟა ადამიას - თავისუფლებისათვის მებრძოლ ღირსეულ ქართველს? ხმის ამოღების მეტს რას ვაკეთებ, მაგრამ არ ისმის ჩემი ხმა, მბლოკავენ, მათ შორის, ე.წ. ოპოზიციური ტელევიზიებიც.
- არსებობს საპროტესტო აქციის ცნებაც... მე კი მგონია, რომ შეეგუეთ მდგომარეობას და რაც გაქვთ, იმით კმაყოფილდებით...
- არაფერს შევგუებულვარ, შეგუება მიდის დამყაყებამდე და ძალიან ცუდი თვისებაა. რაში შემატყვეთ, რომ შევეგუე? იმიტომ აღარ ვბობოქრობ, რომ აქამდე ერი მომყვებოდა, ახლა აღარ მომყვება, ვერ ვგრძნობ, დიდად პოპულარული ვიყო და კისერზე ხომ არ ჩამოვეკიდები ყველას? გამომყვეს ერი და ვიბობოქრებ, ეჭვი გეპარებათ ამაში? რამდენჯერ მოვუწოდე ერს, თუნდაც თქვენი გაზეთის მეშვეობით?.. საქართველოში ბევრი მედროვე ცხოვრობს. ილიას არ ვედრები, მაგრამ ის თუ მიტინგებს არ ატარებდა, შეგუებული ცხოვრობდა? ვწერ ბევრს - სტატიებს, ინტერვიუებს, ლექსებს და წაიკითხონ.
რატომ მიგაჩნიათ, რომ პოლიტიკის საკეთებლად მთავარი ფულია?
- არა, მთავარი მოძრაობაა, მაგრამ მანქანაში ბენზინი თუ არ ჩაასხი, ის ვერ წახვალ. ყველაფერს, სამწუხაროდ, მატერიალური საფუძვლები სჭირდება. რას მიკეთებენ ეს მშიშარა ბიზნესმენები? რომელ ქვეყანაში ხდება, რომ ბიზნესმენი ერიდებოდეს პოლიტიკოსების დაფინანსებას? დღეს ყველა ლიდერი ერთმანეთს აგინებს, კბენს და, მითხარით, ცალკე რომელიმეს აქვს ძლიერი პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბების თავი? ვინც არ არის სააკაშვილთან, ადგეს და გაერთიანდეს ბიძინა ივანიშვილთან, ხომ ამბობს ეს კაცი, შემოდით ჩემთანო, რატომ არ მიდიან?
...ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რა უნდა ვურჩიო სააკაშვილს, თვითონ მოემზადოს ჩემი მრჩევლობისთვისო. გულწრფელად მითხარით, რას აპირებთ, ბატონო ირაკლი?
- თუ ჩემს გარშემო დადგება დიდი ძალა, ეჭვი გეპარებათ, რომ არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას? დღემდე ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ ვიცი, მიხეილ სააკაშვილი ნებისმიერ არჩევნებში ყოველგვარი გაყალბების გარეშე მომიგებს და არ მინდა, სასაცილო და უხერხულ მდგომარეობაში ჩავიყენო თავი. არჩევნებში მხოლოდ მაშინ მივიღებ მონაწილეობას, როცა მექნება გამარჯვების დიდი შანსი. რატომ უნდა დავხარჯო ფული ტყუილად და შევაწუხო საზოგადოება? მაინცდამაინც, ვერ ვგრძნობ იმას, რომ ქართველ ერს ჩემი პოლიტიკური ზეობა უნდოდეს და რატომ ვეხვეწო ვინმეს? ისტორიული და პოლიტიკური სიდიადისათვის სულაც არაა აუცილებელი ხელისუფლება. დიოგენე “ბოჩკაში” ცხოვრობდა და ალექსანდრე მაკედონელი მას თავისი ფეხით ეახლა. და დიოგენეს აღარ ვჯობივარ, ამის დედა ვატირე?!
კარგი ფილოსოფოსი იყო, რას უწუნებთ დიოგენეს?
- ის მარტო ფილოსოფოსი იყო და მე ფილოსოფოსიც ვარ, პოეტიც და ეროვნული მოძრაობის ლიდერიც. დიოგენე ხომ არ იბრძოდა საბერძნეთის გათავისუფლებისათვის? მე კასრში კი არ ვცხოვრობ, არამედ, - მშობლების დანატოვარ სამოთახიან ბინაში, მქონდა დიდი შტაბიც, რომელიც ამ უნამუსო სააკაშვილმა წამართვა. დამიბრუნოს თორემ, მოვა დრო, მწარედ ვაზღვევინებ. ასი წელიც რომ გავიდეს და ასი სასახლე ავაშენო, მაგ სახლს მაინც დავიბრუნებ, პრინციპის ამბავია. ჩემი დრო თუ მოვიდა, სააკაშვილის რეზიდენციაშიც შევალ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში რეზიდენციას გადავიტან, ბავშვებს კი, გადავცემ მიშას რეზიდენციას, მათი დაჩაგვრა რომ არ დამაბრალონ.
მინდა, თბილისელებს მივმართო, ბევრს რომ ტლიკინებენ - თავმოყვარეობა დაკარგა თბილისმა? როგორ უბედავს სააკაშვილი თბილისს, რომ პარლამენტი გადააქვს ქუთაისში? გამოდის, ეს უნამუსი კაცი და ამბობს, ვისაც საქართველოს ისტორიაში აღმაშენებლის ესმის, როგორ შეიძლება, ქუთაისში პარლამენტის გადატანის წინააღმდეგი იყოსო. დავით აღმაშენებელმა დედაქალაქი ქუთაისში დატოვა თუ თბილისში გადმოიტანა? ქუთაისში თბილისზე არანაკლებად მიყვარს, მაგრამ საქართველოს დედაქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში უნდა იყოს, ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს. იცით, რატომ უნდა ქუთაისში პარლამენტის გადატანა? მაგ ადგილიდან ეროვნულმა მოძრაობამ დაამარცხა კომუნისტური ხელისუფლება. მაგ ადგილიდან მოვიდა ზვიადი ხელისუფლების სათავეში, მაგ ადგილიდან მოვიდა მიხეილ სააკაშვილი და ამიტომ ეშინია მაგ საკრალური, მაგიური ადგილის, რომ ვინმემ ეს ადგილი მის წინააღმდეგ არ გამოიყენოს. არ იცის, რომ თუ ქუთაისელებმა თავზე ხელი აიღეს, თბილისის ბობოქრობა მოენატრება.
მინდა, გითხრათ, რომ მე, როგორც ეროვნული მოძრაობის ლიდერი, უფრო მაღლა დავდგები და ქართველთა დაპირისპირებაში არ ჩავერევი, არ დავუჭერ მხარს სააკაშვილს ივანიშვილის წინააღმდეგ და, პირიქით. ეგ არაა ჩემი საქმე. მე ვიბრძოლებ საქართველოს დეოკუპაციისთვის, დემოკრატიული არჩევნებისთვის და იმისათვის, რომ ბიძინა არ დაჩაგრონ, უნამუსოდ რომ წაართვეს მოქალაქეობა!
ისე, ბატონო ირაკლი, არ ფიქრობთ, რომ რადიკალიზმის დრო წავიდა?
- ვინ თქვა, რომ რევოლუციისა და გადატრიალების მომხრე ვარ? რა, გამსახურდია რევოლუციით მოვიდა? ყველამ იცოდეს, არავის ვემალები და არც კისერზე ვეკიდები, თავმოყვარეობა ჩემთვის ყველაზე მაღლა დგას.
ხელისუფლება ბევრს ლაპარაკობს ივანიშვილის პრორუსობაზე. როგორ ფიქრობთ, ვინ უფრო დიდი პრორუსია - სააკაშვილი თუ ივანიშვილი?
- სააკაშვილზე ვიცი, რომ თავის დროზე მსახურობდა “კა-გე-ბე”-ს ჯარში. ფაქტია, რომ სააკაშვილმა, 2008 წლამდე, არც დსთ-დან გამოიყვანა საქართველო და არც დეოკუპაციის საკითხი დაუსვამს. ის ჩემს თვალში რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლ ლიდერს არ განასახიერებს. საერთოდ, საქართველო გადაძეძგილია აგენტურით. როცა წავიკითხავ ივანიშვილის პროგრამას, მასზე მერე გეტყვით.
იმაზე რას იტყვით, ნინო ბურჯანაძემ ირაკლი ალასანიას “მიშას პროექტი” რომ უწოდა?
- მე ბურჯანაძე მიშას პროექტი მგონია. ყველა პოლიტიკოსი, რომელიც სააკაშვილს ებრძვის რუსული პოზიციიდან, მიშას პროექტია! ფაქტია: მას შემდეგ, რაც მოუხშირა მოსკოვში პუტინთან სიარულს, ჩემთვის ეს პოლიტიკოსი დამთავრდა. მე ანტირუსობას მაბრალებენ. მე ვარ ანტიიმპერიალისტი, თორემ ვისზე ნაკლები მწერლები, ან ქალები ჰყავთ რუსებს?
30 იანვარს თეთრ სახლში ობამა სააკაშვილს ხვდება. თქვენი აზრით, აქამდე რატომ იკავებდა თავს მასთან შეხვედრაზე ამერიკის ლიდერი? ამბობენ, ამ შეხვედრის მთავარი თემა ირან-ამერიკის ურთიერთობა იქნებაო...
- ძალიან კარგი, თუ ხვდებიან. სააკაშვილი რომ უნდა წავიდეს, ეს გადაწყვეტილია და ეს იქნება შეხვედრის მთავარი საკითხი. ბოლოს და ბოლოს, დიდი გენიოსი, უინსტონ ჩერჩილი წავიდა და ინგლისი არ დანგრეულა და ეგ ვინაა? ირანი რომ უნდა დაისაჯოს, ესეც ცალსახაა - მას ატომური ბომბის გაკეთება უნდა. ამერიკის ბაზები თუ განთავსდება საქართველოში, ჩვენ გავხდებით ხელშეუხებელნი. 2008 წელს ამერიკის ჯარები რომ ყოფილიყო საქართველოში, რუსეთი გაბედავდა საქართველოს ოკუპაციას? გულწრფელად ვეკითხები ხალხს – მარტო ქართველ ერს რისი თავი გვაქვს? ამერიკამ თუ არ შეგვაიარაღა და არ შევედით ნატო-ში, საქართველო როგორ იქნება ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და თავისუფალი? დიდი ხანია, საქართველო ადგას დასავლეთის ცივილიზებულ სამყაროში დამკვიდრების გზას და რუსეთს არაფერი გამოუვა. ეს შეხვედრა ერთი რგოლი იმ გრძელ ჯაჭვში, რასაც ჰქვია საქართველოს დასავლეთიზაცია და თავისუფლება.
შეხვედრის წინ პუტინი იმუქრება, რომ თუ მისი ნების წინააღმდეგ წავლენ, რაკეტებს და რადარებს მომართავს ჩვენსკენ...
- მაგ მუქარის არ მეშინია, ამაზე მეცინება. ჩვენც უნდა დავემუქროთ რუსეთს. ამერიკა და საქართველო ერთად უფრო ძლიერია, ვიდრე - მარტო რუსეთი. მომეწონა ივანიშვილის განცხადება, ამერიკასთან გავაღრმავებ ურთიერთობასო...
თქვენი აზრით, როგორი იქნება 2012 წელი საქართველოსთვის?
- ძალიან საინტერესო წელი იქნება, ბევრად უფრო მღელვარე და ბობოქარი. მოვუწოდებ ქართველებს ყველა მიმართულებით გააქტიურებისკენ, ოღონდ არა - დესტრუქციული ქმედებებისა და სისხლის ღვრისკენ. ჩვენ უნდა ჩავატაროთ თავისუფალი არჩევნები. ერი, რომელიც ვერ ატარებს დემოკრატიულ არჩევნებს, ის ერი არ არის, არის მონების ხროვა. სირცხვილია, არჩევნების ჩატარება გაყალბებით და ძალმომრეობით. თუ ერს არ უნდა, რა უფლებით ეპოტინები ხელისუფლებას?.. ივანიშვილს ვურჩევდი, თავის რიგებში გამოკვეთოს მეტი ეროვნული და დასავლეთზე ორიენტირებული ადამიანი. არ კმარა “რესპუბლიკელები” და ალასანია, ერთიანი ოპოზიცია უნდა შეიქმნას.
არჩევნებში თუ მიიღებთ მონაწილეობას და ვის მისცემთ ხმას?
- არავის! არჩევნებში არ ვღებულობ მონაწილეობას! სხვათა შორის, ამ კონსტიტუციის არ მწამს. არჩევნები უნდა ჩატარდეს 1921 წლის კონსტიტუციით. ივანიშვილმა თქვა, სააკაშვილმა კონსტიტუცია თავის თავზე მოირგოო და რატომ იღებს მიშაზე მორგებული კონსტიტუციით არჩევნებში მონაწილეობას? ჯერ იმისათვის იბრძოლოს, რომ შეიცვალოს კონსტიტუცია და მერე კი, ბატონო, დავუჭერ მხარს.
ამას დიდი დრო დასჭირდება და სააკაშვილსაც გაუხანგრძლივებს არსებობას. როგორც ვხვდები, ბატონო ირაკლი, ქვეცნობიერად მიშას მხარდამჭერი ხართ, თუმცა არ გინდათ ამის აღიარება...
- ამ სიტყვებისთვის, თქვენ რომ მამაკაცი იყოთ და ძველი დრო იყოს, დუელში გამოგიწვევდით. ფარისევლობა შემატყვეთ რამე? მე ვარ დავითის და ჩემი თავის მომხრე.
რა დროს აღმაშენებელია, ბატონო ირაკლი, “მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი, ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს, ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი”, - არ გაგიგიათ?
- ახალი ის არის, რომ მოდის არჩევნები და ვიბრძოლოთ, რომ “ნაცმომ” არ გააყალბოს. იქნებ, გგონიათ, რომ სააკაშვილს ხმას არავინ მისცემს? მას არაქართული მოსახლეობა და ადმინისტრაციული რესურსი აქვს, მაგრამ ივანიშვილი თუ შეძლებს თავის რიგებში 700 ათასი კაცი გააწევრიანოს, ყველა მის მხარეს გადმოვა... ადამიანს პირველად რომ შეხვდება ვენერიული დაავადება, მას სამი ნემსი ჰყოფნის, მეორედ - 12 და თუ ქრონიკულში გადავიდა, 50-იც აღარ უშველის. ის ვენერიული დაავადება, რასაც სააკაშვილის ხელისუფლება ჰქვია, ამ უმსგავსო ოპოზიციამ გადააქცია ქრონიკულ დაავადებად... სააკაშვილის დამარცხებას სჭირდება მრავალრიცხოვანი და აქტიური მოძრაობა. წინასაარჩევნო პროცესში რაც მეტ უკანონობას, ანტიდემოკრატიულ ექსცესებს და მეტ შეცდომას ჩაიდენს ხელისუფლება, ოპოზიციის მხრიდან ყველაფერი მის წინააღმდეგ უნდა იქნას გამოყენებული... ერთხელ დავუჭირე სააკაშვილს მხარი და იმდენი სისულელე აკეთა, ბოდიში მომიხდა მოსახდელი.
“სისულელეებში” რას გულისხმობთ?
- სააკაშვილმა უამრავი სისულელე ჩაიდინა. დემოკრატიის მოსურნე კაცმა თავი გაილანძღა. ნატო-მ სააკაშვილი მიწასთან გაასწორა, როცა 2006 წლის შემოდგომაზე უთხრა, საქართველოში არ არსებობს სასამართლო ხელისუფლება, საჭიროა, დემოკრატიული რეფორმების განხორციელება ჯარში, სასამართლოსა და ეკონომიკაშიო და რაღა რჩება? ის მშენებლობები თავისუფლებასა და სამართლიანობასთან შედარებით, არაფერს ნიშნავს. დარწმუნებული ვარ, სასტუმროებს ბიძინა ივანიშვილი უკეთესად ააშენებს. ეს ხელისუფლება ანტიეროვნულია და ეს გამოიხატება ირანთან სავიზო რეჟიმის გახსნაში - თურქებისა და ირანელების საქართველოში მასობრივი შემოშვება სამშობლოს ღალატი. ჩვენ ვართ მცირერიცხოვანი ერი და მათ შეუძლიათ, წალეკონ საქართველო. შევარდნაძემ კარგი განცხადება გააკეთა ამასთან დაკავშირებით. საქართველოში რომ ქართველი ერი დაინტერესებული იყოს იმით, რომ სხვა, მით უფრო, მაჰმადიანი ერი არ იყოს მრავალრიცხოვანი და ჩვენზე მეტი, რატომ არის ეს ფაშიზმი და ქსენოფობია? როგორ შეიძლება, ირანსა და თურქეთთან საზღვრების გახსნა? ესენი არიან ჩვენი ისტორიული მტრები. ისინი მრავლდებიან, ჩვენ არ ვმრავლდებით და რა ვქნათ, ახლა? ახლა დარწმუნდით, რომ არ ვარ სააკაშვილისტი?