რუსიკო მაჩაიძე, “რეზონანსი”
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ დასკვნა სხვა პროექტზე გააკეთა და შემდეგ ხელისუფლებამ სხვა პროექტი აქცია კანონად. მიღებული კანონი კი, მათი შეფასებით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
ეს დასკვნა "საქართველოს განვითარების კვლევითმა ინსტიტუტმა" კანონის ანალიზის საფუძველზე მოამზადა და უახლოეს დღეებში ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.
ამის შესახებ განცხადებები გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართულ შეხვედრაზე გაკეთდა, სადაც წარმოადგინეს აღნიშნული დასკვნა.
აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ პარლამენტის თავმჯდომარე, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი, კონტროლის პალატის თავმჯდომარე და პარტიათა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი, თუმცა არც ერთი მათგანი და არც მათი წარმომადგენელი მრგვალ მაგიდას არ დასწრებია.
ექსპერტთა შეფასებით კი, მთავარი პრობლემა არის ის, რომ კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ამისთვის, როგორც იურისტი და აღნიშნული კვლევის ერთ-ერთი ავტორი ლევან იზორია აცხადებს, "გამოყენებული იქნა ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც რეალურად სხვა პროექტზე მომზადდა და შემდეგ სხვა იქნა მიღებული".
მისი თქმით, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებს არაფერი აქვს საერთო იმ რეკომენდაციების არსთან, რაც ევროსაბჭომ, მათ შორის ვენეციის კომისიამ, ქართულ მხარეს შესთავაზა და "ადგილი აქვს მათი მოსაზრებების ბოროტად ინტერპრეტირებას".
ასეთივე შეფასებას აკეთებს ექსპერტი მინდია ურეხელიძეც.
"პირადად მქონდა პატივი, ევროპის საბჭოს სისტემაში მემუშავა, ამიტომ ვენეციის კომისიას ძალიან ახლოს ვიცნობ და მისი ხელმძღვანელი ჩემი მეგობარია. ვენეციის კომისიის დელიკატური სტილი, რომლითაც ის ცალკეულ ქვეყნებს ესაუბრება, ზოგჯერ ბოროტად არის გაგებული და გამოყენებული. იმ ინტერპრეტაციას კი, რაც "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ჩაიდო, არაფერი აქვს საერთო იმ არსთან, რაც ვენეციის კომისიამ ქართულ მხარეს შესთავაზა.
"ამასთან, ვენეციის კომისიას აქვს მთელი რიგი შენიშვნები, რაც ბოლომდე გათვალისწინებული არ არის და ასეთ პრაქტიკას ბოლო უნდა მოეღოს," - აცხადებს მინდია უგრეხელიძე.
აღსანიშნავია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით გუშინ "ინტერპრესნიუსმა" გაავრცელა ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი თომას მარკეტის შეფასება, რომელიც მან გუშინ სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე, ქართველი ჟურნალისტების კითხვის პასუხად გააკეთა.
"ვენეციის კომისიას არ უნახავს უკანასკნელი ცვლილებების პროექტი. ჩვენ განვიხილეთ კანონპროექტი დეკემბერში და ჩვენი მოსაზრებები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოვთქვით.
თუმცა, მოგვიანებით ისეთ ვერსიას ეყარა კენჭი, რომელშიც შევიდა, ჩვენი აზრით, არსებითად განსხვავებული ცვლილებები და ახალ კანონში სახეზეა მთელი რიგი დამატებითი აკრძალვები," - აღნიშნა თომას მარკეტმა.
შეგახსენებთ, რომ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი ვენეციის კომისიას გასული წლის ნოემბერში გადაეგზავნა.
თუმცა, პროექტი არსებითად გადამუშავდა მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისიის დასკვნა უკვე მზად იყო.
საპარლამენტო განხილვებისას შემოვიდა ცნება "დაკავშირებული პირი" და პარტიების მსგავსი შეზღუდვები გავრცელდა პარტიებთან დაკავშირებულ, როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებზე.
ამასთან, კანონპროექტით მკვეთრად გამკაცრდა მიდგომები პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისიის შემდგომ, პროექტზე მსჯელობა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ მარკერტის ამ განცხადების კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობას არ სურს. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, მას არ მოუსმენია მარკეტის შეფასება და ამტომ ამაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს.
სამაგიეროდ არასამთავრობო სექტორი საუბრობს ამ პრობლემაზე და აცხადებენ, რომ "პარლამენტის მიერ მიღებული კანონი არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს არამხოლოდ საქართველოს, არამდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით".
"საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის" მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც ვენეციის კომისიას უახლოეს დღეებში გაეგზავნება, გუშინ პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ლევან იზორიამ გააცნო.
მისი თქმით, კანონში შეტანილი ცვლილებები ქვეყნის კონსტიტუციის და საერთაშორისო აქტების მიერ აღიარებულ ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება, როგორიცაა დემოკრატიის, სამართლებრივი უსაფრთხოებისა და ადამიანის ძირითადი უფლებები.
ამ დასკვნის თანახმად, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი იმ საკონსტიტუციო ნორმებს ეწინააღმდეგება, რომელიც ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის გარანტიას, საკუთრების უფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას, თავისუფალი მეწარმეობის უფლებასა და პირის ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობას ითვალისწინებს.
იზორიას თქმით, კანონის 26-ე პრიმა მუხლის თანახმად, კანონმდებელს სურს, პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ტოტალური კონტროლისა და დასჯის შიშის ქვეშ არასამთავრობო სექტორი, მასმედია, სამეწარმეო სუბიექტები და განსაკუთრებით ფიზიკური პირები მოაქციოს, რომლებიც შესაძლოა, არაპარტიულებიც იყვნენ, მაგრამ როგორც პოლიტიკურ სუბიექტთან, ისე პოლიტიკურ პროცესებთან გარკვეულ კავშირში იმყოფებოდნენ.
"მაგალითად, საუბარია ოჯახის წევრზე, ნათესავზე, მეგობარზე, მეზობელზე და ასე შემდეგ. ამ განზრახვიდან გამომდინარე, კანონის ეს და სხვა მუხლები ქმნის იმის საფრთხეს, რომ მათი მოქმედება საზოგადოების დიდ ნაწილზე გავრცელდეს, რადგან კანონში შეტანილი ცვლილებებით, დადგენილი ნორმების უმრავლესობა სრულიად ბუნდოვანია და ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. მეტიც, ზოგიერთი მათგანი აბსურდულ შედეგამდეც კი დადის," - განმარტა იზორიამ.
მისივე თქმით, კონსტიტუციის 97-ე მუხლს ეწინააღმდეგება აღნიშნულ კანონში შეტანილი ის ცვლილებები, რომლის თანახმად, კონტროლის პალატას პარტიებისა და სხვა სუბიექტების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის უფლებამოსილება მიენიჭა.
"მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ აღნიშნული კანონის თანახმად, კონტროლის პალატას თვითნებურად იმის დადგენის უფლება მიეცა, თუ ვისზე შეიძლება, გავრცელდეს კანონის მოქმედება. ამასთან, კონტროლის პალატას უფლებამოსილება გაეზარდა და სუბიექტებისთვის სანქციების შეფარდების უფლება მიენიჭა, რაც კონტროლის პალატის შესახებ კანონს ეწინააღმდეგება," - განაცხადა იზორიამ.
რაც შეეხება სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებულ სანქციებს, ანალიზის თანახმად, "კანონის ეს ნაწილი ზომაზე მეტად მკაცრია, რაც ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის ჩამოყალიბების პროცესზე ნეგატიურად ისახება".
აქცენტი კანონში ჩაწერილ იმ ნორმაზეც გაკეთდა, რომლის თანახმად, პარტია ვალდებულია, საფინანსო დეკლარაციაში მასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული იურიდიული პირის ფინანსური ხარჯები ასახოს, რისი აღსრულებაც, იზორიას განმარტებით, პრაქტიკულად შეუძლებელია.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალეობის" ქართული ოფისის ხელმძღვანელის ნინო ხატისკაცის შეფასებით კი, ამ კანონში შეტანილი ცვლილებები და ახალი რეგულაციები პარტიებს სტიმულს აძლევს, პოლიტიკური საქმიანობის წარმართვა და ფინანსების მოპოვება კანონის გვერდის ავლით მოახდინონ".
ამის თქმის საფუძველს ხატისკაცს ის გარემოება აძლევს, რომ "კანონი მმართველ პარტიასა და დანარჩენ პოლიტიკურ გაერთიანებებს არათანაბარ პირობებში აყენებს".
"წინა არჩევნების დროს ვნახეთ, რომ როცა სახელისუფლებო გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატს ამომრჩეველი, მაგალითად, გზის პრობლემაზე, სახურავის გამოცვლის საჭიროებაზე და სხვა კომუნალურ საკითხებზე ესაუბრება, მეორე დღესვე მასთან გამგეობის წარმომადგენელი მიდის და დასმულ პრობლემას უგვარებს, რაც ადმინისტრაციული რესურსისა და საბიუჯეტო სახსრების გამოყენებით ხდება.
"ამასთან, ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა საჩუქრების გაცემა უკვე დაიწყეს. არათანაბარი საარჩევნო პირობები სწორედ ამაში გამოიხატება და როცა ვენეციის კომისია პოლიტიკური პარტიების ბიზნესთან კავშირის შეზღუდვას დადებითად აფასებს, იქვე იმასაც აღნიშნავს, რომ საჯარო ფინანსები - ადეკვატური, ხოლო პირობები თანაბარი უნდა იყოს, რათა პარტიებმა კანონისთვის გვერდის ავლის გზების ძიება არ დაიწყონ," - აცხადებს ხატისკაცი.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე კი აცხადებს, რომ "კანონში შეტანილი ცვლილებები, ერთობლივად, უაღრესად სახიფათო ვითარებას ქმნის."
მისი თქმით, ყველაზე ხშირად საუბარია 26 პრიმა მუხლზე, თუმცა აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები სახიფათო ხდება კანონში შესული ყველა ცვლილების ერთობლივად განხილვის შემთხვევაში.
"კანონში ცვლილებებით მივიღეთ საყოველთაოდ აღიარებული და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დარღვევათა მთელი პაკეტი. ეს ცვლილებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მთელ რიგ მუხლებს, მათ შორის, ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორებიცაა საკუთრების უფლება, გამოხატვის თავისუფლება, არჩევანის თავისუფლება, პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლება. ეს არის ის ფუძემდებლური ნორმები, რომელთა დაცვის და უზრუნველყოფის გარეშე შეუძლებელია საუბარი ქვეყანაში დემოკრატიულ წყობილებაზე", - აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.
მისივე თქმით, კანონში ცვლილებები კონსტიტუციას ეწინააღმდეგება კონტროლის პალატისთვის უფლებამოსილების ნაწილშიც.
"პარტიების მონიტორინგის სამსახურის უფროსს არა მხოლოდ იმის უფლება ეძლევა, რომ განსაზღვროს, ვინ არის პარტიასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული იურიდიული თუ ფიზიკური პირი, არამედ უფლება ეძლევა ერთპიროვნულად გამოიყენოს სანქციები, მათ შორის ისეთი მკაცრი სანქციები, როგორიცაა ქონებაზე ყადაღის დადება. დღემდე ეს უფლება მხოლოდ სასამართლოს ჰქონდა. ამ უფლებით შეეძლო ესარგებლა საგადასახადო ორგანოსაც, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელს დავალიანება აღიარებული ჰქონდა.
"ამ კანონით კი ერთ თანამდებობის პირს მიენიჭა უფლება, დააყადაღოს პარტიის, არასამთავრობო ორგანიზაციის, საწარმოს, ფიზიკური პირის ქონება, თუკი ჩათვლის, რომ ისინი დაკავშირებულნი არიან პოლიტიკურ პარტიასთან და რაიმე დაარღვიეს. ცხადია, ეს არის არაკონსტიტუციური შეზღუდვა საკუთრების უფლებაზე," - აღნიშნა ხმალაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ამ კანონში გარკვეული ცვლილებების შეტანა აუცილებელია და, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა ლელა ტალიაურმა განაცხადა, საია "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტში საკუთარი საკანონმდებლო წინადადებების წარდგენას თებერვლის დასაწყისში - საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე აპირებს.
"ვმუშაობთ, რათა კონკრეტული წინადადებები მოვამზადოთ და პარლამენტში წარვადგინოთ. იმ მუხლის დეფინიცია, რომელიც პარტიებთან დაკავშირებული პირების დაფინანსებას ეხება, ძალიან ბუნდოვანია, იძლევა სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას და კონკრეტულად ერთ სუბიექტს, კონტროლის პალატას უტოვებს ფართო შესაძლებლობას, მთელ რიგ შემთხვევებში შერჩევითი კონტროლი იყოს გამოყენებული," - განაცხადა ლელა ტალიაურმა.
755
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85