მარი ზანდუკელი, "კვირისპალიტრაგე"
"არჩევნები რომ დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს, ამაზე არავინ დაობს"
"საქართველო-ამერიკის თანამშრომლობას 20 წელი უსრულდება და ამ ვიზიტის ორგანიზებით აშშ საქართველოსთან ურთიერთობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ მიუთითებს. ამით აშშ-მა თქვა, რომ აინტერესებს, რა ვითარებაა საქართველოში, როგორ მიმდინარეობს რეფორმები, რა პერსპექტივებია ქართულ საგარეო პოლიტიკაში, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ორიენტაციას. ამ შეხვედრაზე განხილვის საგანი იქნება რეგიონული მდგომარეობა, რუსული და ახლოაღმოსავლური პრობლემატიკა. საქართველო პატარაა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პოზიცია აქვს. ამიტომაც აშშ-ის ეროვნული ინტერესებისთვის ნამდვილად არ არის სულერთი საქართველოდან დანახული რეგიონული მდგომარეობა", - ასე განგვიმარტა 30 იანვარს სააკაშვილი-ობამას შეხვედრისა და დიალოგის თემატიკა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილმა, რომელსაც რამდენიმე კითხვით მივმართეთ:
- თუ ირანი-აშშ-ის კონფლიქტი დაიწყო, საქართველო ხომ არ ჩაერთვება რაიმე ფორმით?
- რუსული საინფორმაციო პროპაგანდისტული სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამერიკულ-ირანული ურთიერთობა კრიზისშია და თითქოს ასეთ ვითარებაში საქართველომ რაღაც როლი უნდა შეასრულოს. ასეთი დრამატიზაცია რეალისტური არ არის, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში. ვფიქრობ, ირანი, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, გონიერებას გამოიჩენს და არ დაუშვებს კონფლიქტს აშშ-თან.
- ფიქრობენ, რომ 30 იანვარს ობამასთან შეხვედრა გადაწყვეტს, დარჩება თუ არა სააკაშვილი ამერიკისათვის სასურველ პარტნიორად.
- დღეს აშშ იცავს დემოკრატიას, რუსეთი კი - იმპერიულ პოზიციას. შესაბამისად, ამერიკას აინტერესებს ის ხელისუფლება, რომელიც დემოკრატიის მომხრეა. რაც უნდა ილაპარაკონ საქართველოს ხელისუფლების შეცდომებზე, ამ ხელისუფლების პროდასავლურ ორიენტაციაში ეჭვი არავის ეპარება. აშშ-ში იციან, რომ რეფორმების გატარებისას შეცდომები გარდაუვალია. სააკაშვილის ხელისუფლებას სტრატეგიული კურსი დასავლეთისკენ რომ აქვს აღებული, ესეც იციან და არჩევნებიც რომ ობიექტურად უნდა ჩატარდეს, ამაზეც არავინ დაობს.
- როდესაც ივანიშვილის შევიწროება დაიწყო, აშშ-ის ელჩმა განაცხადა, ეს უფრო დაამძიმებს ისედაც უთანასწორო პოლიტიკურ გარემოსო.
- როდესაც პარტნიორი რაღაცას გეუბნება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამეს გკარნახობს. შენი გადასაწყვეტია, პარტნიორთან ურთიერთობაა მთავარი თუ ეროვნული ინტერესი. ჩემთვის ივანიშვილი პოლიტიკურად სრულიად შეუსაბამოა საქართველოს მომავლისთვის, თუმცა, დავძენ, რომ მასთან დაკავშირებული ყველა საქმე კანონის მიხედვით უნდა მოგვარდეს.
- რატომ მიგაჩნიათ ივანიშვილი პოლიტიკურად შეუსაბამოდ?
- ამის თქმის საფუძველს მაძლევს მისი განცხადებები, შეფასებები იმის თაობაზე, თუ ვინ დაიწყო ომი, რომ პუტინის გადემოკრატების დიდი იმედი აქვს, რომ ნატოში ჩვენი გაწევრება თურმე 30 წლით არის გადადებული. იცით, ისეთი ექსპერტი, რომელიც 30-წლიან პროგნოზს ასე ხელაღებით აკეთებდეს? ეს და კიდევ ბევრი რამ ცხადყოფს, რომ ივანიშვილი სრულიად არაადეკვატურია იმ ამოცანისა, რაც საქართველოს წინაშე დგას.
- არ ფიქრობთ, რომ თუ ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცა, ეს არჩევნების ლეგიტიმაციას საეჭვოს გახდის.
- ივანიშვილის მომხრეები ამბობენ, - ივანიშვილი იქნება თუ არა, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ მისი მეუღლისა და შვილის თამადობითო. ივანიშვილის არჩევნებზე დაშვება-არდაშვება აღმასრულებელი ხელისუფლების რეგულაციის სფეროა. რა პროცედურებია საჭირო მოქალაქეობის მისაღებად, ამას ქართული კანონი ადგენს.
- რას ეტყოდით მათ, ვინც ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ივანიშვილის ეშინია...
- რაც შეეხება შიშს, ხიფათი მას ელანდება, ვისაც რამდენიმე მილიარდი დოლარი აქვს გაკეთებული რუსეთში. იქ დოლარები როგორც კეთდება, ვიცით. ვითომ ნიშნის მოგებით კითხულობენ, ის კარგი იყო, ივანიშვილი ქველმოქმედებას რომ ეწეოდა და პატრულს აფინანსებდაო? დიახ, კარგი იყო! სანამ ფულით არ ცდილობს იყიდოს ქვეყანა და მისი პოლიტიკური კურსი შეცვალოს, მაგრამ როდესაც ამ ფულის პატრონი ამბობს, პუტინი კარგი კაცია და ომი საქართველომ დაიწყოო, ეს აბსოლუტურად ცვლის ვითარებას.
- თქვენ ივანიშვილის პრორუსულ ორიენტაციაზე ლაპარაკობთ, თუმცა, მისი პარტნიორი ალასანია და რესპუბლიკელები პროდასავლური ორიენტაციის ხალხია.
- ბევრი ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული პირი და ორგანიზაცია, მათ შორის - "ჰამასიც", ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს აფრქვევს ადამიანის უფლებებზე. თუ პროდასავლელი ხარ და ადამიანის უფლებები გაწუხებს, როგორ შეიძლება პუტინი მოგწონდეს?
846
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85