"ვერსიის" მასალების მიხედვით
"ძალიან მცირე ალბათობაა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის კოალიციას ახალი პარტიები შეემატოს. შესაძლოა რამდენიმე ადამიანი, რომელთა ხედვები ჩვენ ინტერესებს ემთხვევა, შემოგვიერთდეს. თუმცა არა პარტია. დანარჩენს ვერაფერს გეტყვით, რადგან ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი წყვეტს. დარწმუნებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ კოალიციაში ნინო ბურჯანაძე და კახა კუკავა არ იქნებიან - მათი პოზიცია მკვეთრად განსხვავებულია", - აცხადებს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "შემიძლია საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო თარიღი გითხრათ - 2012 წლის 5 ოქტომბერი!" / ბიძინა ივანიშვილისა და მისი კოალიციის აქტიურ მოქმედებებს საზოგადოება დაახლოებით ორ კვირაში იხილავს.
"ერთიანი ეროვნული ფრონტისკენ მოწოდება ჩემი კოლეგებისგან ხშირად მსმენია და მინდა გითხრათ, რომ ეს იდეა ფარისევლობას ძალიან ჰგავს. ყველა ოპოზიციური პარტიის თავმოყრა ერთ ცენტრში არ ნიშნავს, რომ ამომრჩეველთა ტექნიკურ ჯამს მივიღებთ, არიან ადამიანები პოლიტიკაში, რომელთა მიმართ საზოგადოებას უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. ამან კი, შესაძლოა, გამაერთიანებელ პირზეც ნეგატიურად იმოქმედოს. ამ შემთხვევაში მთავარი გამაერთიანებელი ბიძინა ივანიშვილია, ამიტომ სწორედ მისი გადასაწყვეტია, ვინ დარჩება ერთობის გარეთ. ივანიშვილმა კოალიციის წევრებად "რესპუბლიკელები" და "თავისუფალი დემოკრატები" თავად აირჩია, ჩვენ არ შეგვითავაზებია თავი. რაც შეეხება რეიტინგს, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამდე არც ერთ ოპოზიციურ პარტიას მაღალი პროცენტული მაჩვენებელი მართლაც არ ჰქონდა", - აღნიშნავს დავით ზურაბიშვილი.
"უღირსი საქციელია, როცა იმის გამო, რომ კონკრეტულ გაერთიანებაში ვერ მოხვდი, სახელისუფლებო პროპაგანდისტულ კამპანიაში მონაწილეობ. სისულელეა იმაზე საუბარიც, რომ ჩვენ ვიღაცებს ვბლოკავთ. ვერავინ ვერავის დაბლოკავს. როგორც უნდა ვუჩიჩინოთ ბიძინა ივანიშვილს, რომ რომელიღაც პოლიტიკოსი ცუდია, თუ ისიც არ გვეთანხმება, ვერ გადავარწმუნებთ... ისეც არ ხდება, რომ ივანიშვილთან აზრის გამოთქმის საშუალება არ გვეძლევა, უბრალოდ, მისი აზრია მთავარი. ურთიერთობიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანი არ არის, რომელიც სხვის აზრს არ დაიჯერებს. შესაძლოა, საკმაოდ ცხარე კამათის დასაწყისში ერთს ფიქრობდეს, დასასრულს კი სულ სხვა აზრზე დადგეს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან მას პოლიტიკაზე ზოგადი შეხედულება ტელევიზიითა და ბეჭდური მედიის საშუალებით ჰქონდა ჩამოყალიბებული, ახლა კი ბევრად მომზადებულია, რათა საკმაოდ სწორად შეაფასოს რეალობა", - განაგრძობს რესპონდენტი.
"გარწმუნებთ, ვერავითარი მესამე ცენტრი ვერ შეიქმნება. გვინდა თუ არა, პოლიტიკურ ველზე ორი პოლუსი უკვე ჩამოყალიბდა. ხელისუფლება ბევრს "იჩალიჩებს", რათა ბიძინა ივანიშვილის ალტერნატიული ძალა შექმნას და ახალი ცენტრის წარმოქმნას შეუწყოს ხელი, მაგრამ გარწმუნებთ, მათი ძალისხმევა ფუჭი იქნება. დღეს საზოგადოებამ დაიჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მომრევია. 90 პარტიაც რომ შეიკრიბოს, მოსახლეობა მათ ხმას არ მისცემს. მართალია, მე არავინ მეკითხება, მაგრამ კოლეგებს ვურჩევ, მესამე ცენტრის შექმნაზე ნუ იფიქრებენ, ახლა მთავარი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლაა", - მიიჩნევს დავით ზურაბიშვილი.
"მიუხედავად იმის, რომ მართლაც ქუჩაში არ გამოვსულვართ, განსაკუთრებით აქტიურები არ ვყოფილვართ, ხელისუფლება ბევრჯერ გახდა იძულებული, უკან დაეხია - "ქართუ ბანკს" ფული დაუბრუნა, ივანიშვილის მეუღლეს მოქალაქეობა აღუდგინა, როცა კანონის უკუძალაზე დაიწყო საუბარი - სულელური თავის მართლებებიც მოუწია. ვიმეორებ, ეს იმ ვითარებაში ხდება, როცა კოალიციას რეალური მოქმედებები არ დაუწყია. ეს არ ნიშნავს რომ ფეხი ფეხზე გვაქვს გადადებული, პირიქით, ინტენსიურად ვმუშაობთ, განსაკუთრებით კი საზღვარგარეთ. თანაც "ბავშვის დაბადებამდე" ჯერ ცხრა თვეა დარჩენილი - საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო თარიღიც შემიძლია გითხრათ - 2012 წლის 5 ოქტომბერი. ჩვენ აქტიურ მოქმედებებს საზოგადოება დაახლოებით ორ კვირაში იხილავს", - ამბობს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი.
"ივანიშვილის პარტიის ჩამოყალიბებაში ჩვენ არ ვერევით. უახლოეს მომავალში კოალიცია ოფიციალურად გაფორმდება, რომ შემდეგ აქტიურ მოქმედებებსაც იხილავთ. მესმის, ბევრი უკმაყოფილოა, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ და მალე რეგიონებშიც გავალთ. სტრუქტურების აწყობა იოლი არ არის და ეს ყველას უნდა ესმოდეს. ჩვენ სულელები არ ვართ და კარგად ვიცით, რა ბერკეტი აქვს ხელისუფლებას არჩევნების გასაყალბებლად, ამიტომ ვამუშავებთ კონტრზომებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. იცით, რატომ გამოიყენა ხელისუფლებამ წინა არჩევნებზე პატიმრებისა და პრობაციონერების კონტინგენტი? - მაშინ საზოგადოების ეს ნაწილი დარწმუნებული იყო, რომ ხელისუფლებას ვერავინ შეცვლიდა. ახლა ყველა მიხვდა, რომ ეს შესაძლებელია. მთავარია, ჩვენ საზოგადოებაში შიშის ფაქტორი გადავტეხოთ. საჩხერეში მომხდარ ფაქტზე ადეკვატური რეაგირება გვექნება, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ უფრო ქმედითი მას შემდეგ ვიქნებით, რაც ჩვენი სტრუქტურები საბოლოოდ ჩამოყალიბდება. არ მინდა წინასწარ ყველაფრის თქმა, მაგრამ ჩვენ ვიცით, როგორ უნდა მოვახდინოთ ხელისუფლებაზე ზემოქმედება", - დასძენს დავით ზურაბიშვილი.
"ამ ეტაპზე პირდაპირ ომში შესვლა სწორი არ იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი მხრიდან მსგავსი ფაქტების პრევენცია ეფექტური იყოს. რა გინდათ, ბიძინა ივანიშვილი საჩხერეში ჩავიდეს და დამნაშავეებს თავ-პირი დაამტვრიოს? ვიმეორებ, ყველაფერი იქნება მას შემდეგ, რაც კოალიციის მანქანა სრული დატვირთვით ამოქმედდება. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენ ნორმალური არჩევნების გამართვას მივაღწიეთ, ხელისუფლებას დავამარცხებთ. რა უპირატესობითაც უნდა შევიდეთ პარლამენტში, გარწმუნებთ, ძალიან მალე ორი მესამედი გავხდებით. მთავარია, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შევიდეთ, შემდეგ ძალიან ბევრი "ნაციონალი" გადმოვა ჩვენს ფლანგზე", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მთავარი ამოცანა მხოლოდ პარლამენტში შესვლაა? ისე, ამბობენ, რომ ივანიშვილი ალასანიას მეშვეობით ბოკერიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს..." - პასუხობს:
"რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი გამარჯვებაა და თუ გავიმარჯვებთ, დავინახავთ, რომ ძალიან ბევრი "ნაციონალი" თურმე "ქართულად" ოცნებობდა. რაც შეეხება ბოკერიას, მსგავსი არაფერი ხდება. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან გარიგებას არ ვაპირებთ. მომავალში განვიხილავთ, ვინ შეიძლება მივიღოთ ჩვენს ფლანგზე და ვინ - არა. ახლა მთავარია საქმე დავიწყოთ. შავი სამუშაოს დიდი ნაწილი თითქმის დავასრულეთ. პირადად მე 1988 წლიდან ქუჩაში ვდგავარ და ასე ოპტიმისტურად განწყობილი არასოდეს ვყოფილვარ - დარწმუნებული ვარ, სააკაშვილისა და მისი გუნდის შეცვლას მალე შევძლებთ".
765
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85