რუსიკო მაჩაიძე, "რეზონანსი"
თუკი სააკაშვილი საპარლამენტო არჩევნებისთვის ნაციონალების სიას ჩაუდგება სათავეში, მას პირველ რიგში პრეზიდენტის თანამდებობის დატოვება მოუწევს. ასეთ შემთხვევაში კი ძალაში ვეღარ შევა ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტების ხარჯზე პრემიერის ფუნქციის გაზრდას ითვალისწინებს.
მიუხედავად ამისა, თავად საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან უკვე გაჟღერდა, რომ ნაციონალების სიის სათავეში სწორედ სააკაშვილი იდგება.
ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა შოთა მალაშხიამ გააკეთა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამის შესახებ არანაირ განმარტებას არ აკეთებენ.
თუმცა, მალაშხიას განცხადება, რაც გაზეთ "ახალ თაობაში" დაიბეჭდა, გუშინვე უარყო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ნუგზარ წიკლაურმა.
"სააკაშვილის უფლებამოსილება 2013 წელს იწურება და მის უფლებამოსილებას სწორედ ამ ვადამდე შეასრულებს," - განაცხადა წიკლაურმა და დასძინა, რომ "ნებისმიერი სახის სპეკულაციები დადგენილ თარიღებამდე არასერიოზულია."
მისი თქმით, პოლიტიკური პარტიები მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, როგორსაც გარკვეულ პერიოდში საჭიროდ ჩათვლიან და წინასწარ, შესაძლო ვერსიებზე საუბარი პოლიტიკოსებისთვის არასერიოზული იქნება.
როგორც წიკლაური აღნიშნავს, "ნაციონალურ მოძრაობაში" საარჩევნო სიასა თუ მაჟორიტარობის კონკრეტულ კანდიდატებზე საუბარს, პირადად ის არ შესწრებია. მისი თქმით, არჩევნები ჯერ არ არის ისე ახლოს, რომ ამაზე საუბარი უკვე მიმდინარეობდეს.
წიკლაურის განცხადებითვე, "ნაციონალური მოძრაობის" ყურადღება მიპყრობილია არა პერსონალიებზე, არამედ საგარეო პოლიტიკაზე, მიხეილ სააკაშვილის აშშ-ში ვიზიტზე, არაღიარების პროცესის გაგრძელებაზე, რუსეთის მხრიდან საფრთხეებზე, ეკონომიკის განვითარების ათპუნქტიან გეგმაზე და ა.შ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მომავალს 2013 წლის შემდგომ, წიკლაურის თქმით, სააკაშვილი 2013 წლის შემდეგაც შეასრულებს არსებითად მნიშვნელოვან როლს პოლიტიკურ სისტემაში, რაც შესაბამისობაში იქნება კონსტიტუციასთან. თუმცა, როგორი იქნება სააკაშვილის კონკრეტული ნაბიჯები და გადაწყვეტილებები, წიკლაური ამბობს, რომ ეს მისი უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" და უშუალოდ მისი გადასაწყვეტი იქნება.
"ასეთი დინამიზმის პოლიტიკური ფიგურა პოლიტიკური სცენიდან დისტანცირებული არ იქნება," - აცხადებს წიკლაური.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი საუბარია იმის შესახებ, სად წავა სააკაშვილი პრეზიდენტობის შემდეგ. თავისთავად კონსტიტუციის შეცვლამ პრემიერის ფუნქციების განუზომლად გაზრდის თვალსაზრისით, გააჩინა ის ეჭვი, რომ სააკაშვილი სწორედ პრემიერობას გეგმავდა.
ამას დაემატა თავად სააკაშვილის განცხადებებიც, სადაც იგი არ გამორიცხავს ამ სცენარს. თუმცა, ამის შემდეგ ისიც ითქვა, რომ დასავლეთი მისი ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იქნება.
ამის შემდეგ კი უკვე იმ ვარიანტის განხილვა დაიწყო, რომლის თანახმად სააკაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში უნდა გადაინაცვლოს. ამისთვის კი, ცხადია, მას პრეზიდენტობაზე მოუწევს უარის თქმა, რადგან პარლამენტის თავმჯდომარეობისთვის ჯერ პარლამენტარობაა საჭირო და თანაც ისე, რომ სააკაშვილმა პარლამენტში უმრავლესობის გაყვანა შეძლოს.
მას შემდეგ კი, რაც პოლიტიკაში მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, გაჩნდა მოლოდინი, რომ ხელისუფლება უმრავლესობის გაყვანას ვეღარ შეძლებს და, თუკი ეს ასე მოხდება, მაშინ მთელი პოლიტიკური რეალობა შეიცვლება, რადგან საპარლამენტო უმრავლესობაზე არის დამოკიდებული შემდეგ უკვე ძალიან ძლიერი პრემიერის დანიშვნა და მთავრობის დაკომპლექტება.
ამ ყველაფერს ემატება თავად სააკაშვილის ის განცხადებებიც, სადაც იგი პირობას დებს, რომ პარლამენტის სხდომები ქუთაისში 26 მაისისთვის გაიმართება.
იმის გამო, რომ კონსტიტუციაში არსებობს ჩანაწერი, რომლის თანახმად ქუთაისში პარლამენტის სხდომების გამართვა მხოლოდ მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ არის შესაძლებელი, გაჩნდა მოლოდინი, რომ სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს და არა მარტო საპარლამენტოს, არამედ საპრეზიდენტოსაც და თავად საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
მართალია, ვადამდელი არჩევნების ჩატარება ცოტა ხნის წინ თავად სააკაშვილმა გამორიცხა, მაგრამ, თუკი პრეზიდენტობაზე უარს იტყვის, მაშინ საპრეზიდენტო არჩევნები მაინც ვადამდე უნდა გაიმართოს და ამიტომაც სრულიად ლოგიკური იქნება, თუკი ორივე არჩევნები ერთად გაიმართება.
მაგრამ, ექსპერტთა თქმით, პრეზიდენტის მიერ თანამდებობის ვადამდე დატოვება პრობლემას კონსტიტუციის ახალი ნორმების ამოქმედებას უქმნის.
ამიტომაც ექსპერტები ბოლო დროს აქტიურად განიხილავენ იმ ვარიანტს, რომ ნაციონალების სიას თავად სააკაშვილი ჩაუდგეს სათავეში.
"თუ მიაჩნიათ, რომ სააკაშვილის პირველნომრობა მათ მოუტანს მნიშვნელოვნად უკეთეს შედეგს, ვიდრე მის გარეშე, მაშინ შეიძლება ამაზე იფიქრონ. მაგრამ, ასეა თუ არა, ეს კიდევ საკითხავია. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ საპარლამენტო არჩევნები უაღრესად მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოს ზოგადი განვითარებისთვის. საპარლამენტო არჩევნების შედეგები ასევე განაპირობებს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებსაც. ამიტომაც, შესაძლოა, ასეთი მოსაზრებები იქ ვინმეს ჰქონდეს. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილებები ასე ადვილად და სწრაფად ვერ მიიღება, ვინაიდან მოსალოდნელი შედეგების გათვლა საკმაოდ რთულია," - ამბობს ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე.
საქმე ის არის, რომ თუ პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, ვიდრე ამ სიის რეგისტრაცია მოხდება, ის თანამდებობიდან უნდა გადადგეს. ეს არის კანონის მოთხოვნა და ამის შემდეგ უკვე ასეთი ვითარება დგება, რომ თანამდებიდან გადადგომიდან 45 დღეში უნდა გაიმართოს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები. ამ დროის განმავლობაში პრეზიდენტის მოვალეობას პარლამენტის თავმჯდომარე ასრულებს. შესაბამისად, დგება არა მხოლოდ პარლამენტის, არამედ პრეზიდენტის არჩევნების საკითხიც.
ეს კი უკვე 2010 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებას აყენებს კითხვის ქვეშ, რადგან მათი ძალაში შესვლა, 2013 წლის ოქტომბერში, მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებთან არის მიბმული.
კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები, რომელიც პარლამენტის და პრემიერ-მინისტრის უფლებების გაზრდას და პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტებას ითვალისწინებს, კონსტიტუციის მიხედვით ამოქმედდება "2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან".
სწორედ ამიტომ, ექსპერტები განმარტავენ, რომ თუ 2013 წლის ოქტომბრამდე პრეზიდენტი გადადგება და ან სხვა მიზეზით შეუწყდება უფლებამოსილება, მაშინ რიგგარშე არჩევნები უნდა ჩატარდეს 45 დღის ვადაში, რაც თავის მხრივ, მორიგი არჩევნების 2013 წლის ოქტომბერში ჩატარებას გამორიცხავს.
"ასეთ შემთხვევაში ძალაში ვერ შევა კონსტიტუციის ის ნორმები, რომლებიც 2010 წლის შემოდგომით იყო მიღებული. ანუ, ის ნორმები, რომლითაც მცირდება პრეზიდენტის უფლებები და იზრდება პრემიერის უფლებები. ასე რომ, მთელი რიგი თემატიკა იცვლება და საქმე ის არის, რომ, თუკი კონსტიტუციის ეს ცვლილებები ვეღარ ამოქმედდება, გვექნება ის რეალობა, რაც დღეს გვაქვს. ანუ, უმოქმედო პარლამენტი, ძალიან ძლიერი პრეზიდენტი და პრეზიდენტის ნების შემსრულებელი პრემიერი. შესაბამისად დგება კითხვა, ისურვებს თუ ბატონი სააკაშვილი ან სხვა პრეზიდენტის მარიონეტის როლში ყოფნას, როგორც დღევანდელი პრემიერმინისტრია ან ისეთი პარლამენტის თავმჯდომარის როლში, რომელსაც პრაქტიკულად არანაირი უფლებები არ გააჩნია," - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.
კონსტიტუციონალისტი ზურაბ ჯიბღაშვილი იხსენებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების თარიღები, საპარლამენტო განხილვებისას დადგინდა და მაშინ არგუმენტი იყო ის, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვადამდე გადადგომას არ აპირებდა. თუმცა, იგი იმასაც აცხადებს, რომ გადადგომის გარეშეც შეიძლება წარმოიქმნას ის გარემოებები, რაც პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას გამოიწვევს - სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობა, პოლიტიკური უმრავლესობის მიერ მისი იმპიჩმენტის განხორციელება და ა.შ.
ამიტომაც მნიშვნელოვანია, თუ ეს სააკაშვილი რამდენად იქნება მისაღები. ამისთვის გამოსავალი არის ის, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების ვადის ჩანაწერი იქამდე შეიცვალოს, ვიდრე სააკაშვილი პრეზიდენტის თანამდებობის დატოვებას გადაწყვეტს. საკონსტიტუციო ცვლილებას კი თავისი პროცედურა გააჩნია და, ცხადია, თუკი ხელისუფლება ამ ცვლილების განხორციელებას დაიწყებს, სააკაშვილის განზრახვაც დადასტურდება.
787
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85