ჩინელები საქართველოში მიწების დიდ ფართობებს ყიდულობენ

ჩინელები საქართველოში მიწების დიდ ფართობებს ყიდულობენ


"ჩინელები საქართველოში მკვიდრად იკიდებენ ფეხს. ამჯერად ჩინელები ხელისუფლებას სოფლის მეურნეობაში 40 მილიონი ლარის ინვესტირებას დაპირდნენ. "ბიზნეს-რეზონანსის" წყაროს ინფორმაციით, კახეთის მთავრობა ჩინელებს საუკეთესო მიწების შერჩევას შეჰპირდა. ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გაღატაკებული ქართველი გლეხების მდგომარეობით სარგებლობს და სასაოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გაყიდვას აქტიურად აგრძელებს. კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი ჩინეთის სახალსო რესპუბლიკის წარმომადგენლობით დელეგაციას უკვე შეხვდა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ქართულ მიწებს ჩინელები დიდი ოდენობით ყიდულობენ / "რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში მიწის გაყიდვა არ შეიძლება"

"კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ჩინელები სოფლის მეურნეობის დარგით არიან დაინერესებულები და დაახლოებით 40 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებენ. "იმედი მაქვს, მოლაპარაკებები, რომელიც მიმდინარეობს, წარმატებით დასრულდება და პროექტს პოზიტიური შედეგი ექნება" - აღნიშნა ღვინიაშვილმა. ამ ეტაპზე პროექტის კონკრეტული დეტალები უცნობია. საქართველოში "ექსპლოატატორებად" ცნობილი ჩინელები უკვე სრულიად საქართველოს ტყეებს მოედვნენ - ცნობილი ფაქტია, რომ ისინი, ძირითადად, ჩინეთიდან ჩამოყვანილ მუშახელს ასაქმებენ, ხოლო ქართველებს მინიმალურ ანაზღაურებას აძლევენ. ჩინერი კაპიტალის შემოდინება ალბათ ამით არ შემოიფარგლება. 2011 წლის ბოლოს გაირკვა, რომ ჩინელი ბიზნესმენები საქართველოში "ჰუალინის საერთაშორისო ეკონომიკური ზონის" ფარგლებში 150 მილიონი დოლარის ინვესტირებას აპირებენ", - აღნიშნავს გამოცემა.

"მხარეებმა შესაბამისი მემორანდუმი დეკემბერში გააფორმეს, რომელსაც ხელი ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ და ჩინელმა ინვესტორებმა მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად "ჰუალინის სავაჭრო-სამრეწველო ჯგუფი სინძიანა" იღებს ვალდებულებას ააშენოს საერთაშორისო სპეციალური ეკონომიკური ზონა ევროპის 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალისთვის. კერძოდ, იგეგმება სასტუმროს აშენება 65 000 კვმ ფართობზე, ასევე ბაზრის, საწყობების, საცხოვრებელი კომპლექსისა და რეკრეაციული ზონის მოწყობა. მსგავსი პროექტი უკვე განხორციელდა ჩინეთში, სადაც დასაქმებულია 40 ათასი ადამიანი. ამ შეთანხმებისას ლაზიკა არ უხსენებიათ, თუმცა ხაზგასამელია, რომ არც სხვა კონკრეტული ტერიტორია დასახელებულა, სადაც ჩინელები ეკონომიკურ ზონას გამართავენ - ექსპერტების ერთი ნაწილი ლაზიკას პროექტშიც სწორედ ჩინურ ინვესტიციებს ხედავს", - დასძენს გამოცემა.

"სამწუხაროდ, არაშორსმჭვრეტელმა ოპოზიციამ სასაცილოდ აიგდო ეს იდეა და ამით ნებსით თუ უნებლიათ დაასხეს წყალი სააკაშვილის წისქვილზე, რომლესაც ამ პროექტის ჯერჯერობით მხოლოდ დაანონსება სჭირდებოდა - ალბათ, უფრო დაინტერესებული საზღვარგარეთელი დამფინანსებლების ყურთასმენისთვის. საქართველოს არც ლაზიკის ასაშენებელი თანხა გააჩნია და არც დემოგრაფიული რესურსი ნახევარი მილიონი ადამიანის ოდენობით, რომლითაც ეს ქალაქი უნდა შეივსოს. მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფოა ჩინეთი, რომელსაც მსგავსი წამოწყებისთვის სამი უმთავრესი პირობა გააჩნია: ფინანსები, დემოგრაფიული რესურსი და დაინტერესება", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი პაატა კოღუაშვილი.

"კოღუაშვილს ამის დასტურად მოჰყავს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ჩინეთი ჩინელი ბიზნესმენების ხელით 2011 წელს აპირებდა ისლანდიაში შეეძინა 300 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია. ეს გარიგება ჩაიშალა და ალბათ არა მარტო ადგილობრივი საზოგადოების და მთავრობის ძალისხმევით - ცხადია, ეს საჭირო იყო არქტიკაზე გასასვლელი პლაცდარმის შექმნისთვის. ექსპერტთა აზრით, მსგავსი აქტივობა ჩინეთს სჭირდება ზესახელმწიფოს სტატუსის მსოფლიოს მეორე პოლუსის რანგში ასამაღლებლად, რასაც ის უახლოეს 10 წელიწადში გეგმავს. კოღუაშვილის განმარტებით კი, "საქართველო ბრწყინვალე პლაცდარმია ევროპის, რუსეთისა და ახლო აღმოსავლეთის კონტროლისთვის. ამდენად, ეჭვი არაა, რომ ლაზიკის აშენება აქ საბოლოოდ შეცვლის დემოგრაფიულ ვითარებას", - წერს სტატიის ავტორი.