ლალი პაპასკირი, "რეიტინგი"
პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ სააკაშვილი-ობამას შეხვედრა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ ვერ თანხმდებიან შეხვედრის მიზეზზე. სახელისუფლებო გუნდის აზრით, სააკაშვილის თეთრი სახლში სტუმრობა იმის დასტურია, რომ ამერიკა საქართველოს მოკავშირედ რჩება, ოპოზიციის ერთი ნაწილის თქმით კი, პრეზიდენტს არჩევნების გზით წასვლას მოსთხოვენ.
კონსერვატორი ზვიად ძიძიგური ბიძინა ივანიშვილის გუნდში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და იმ გეგმებზე გვესაუბრება, რომლის შედეგადაც ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.
- კოალიციის სტრუქტურების ფორმირება ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, მოკლე დროში კოალიციის წევრები ოფისებში განთავსდებიან და საარჩევნო სტრუქტურების ჩამოყალიბებას შეუდგებიან. საბოლოოდ, კოალიცია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 100 ათას ადამიანს გააერთიანებს.
- მთელ საქართველოს მოიცავს, თუ ამ რაოდენობის ადამიანი მხოლოდ თბილისში უნდა გაწევრდეს?
- მთელ საქართველოს მოიცავს და მოხდება უპრეცედენტო რამ - საქართველოს ოპოზიციურ პოლიტიკურ რუკაზე არ იქნება ე.წ. "თეთრი ლაქები". იქ, სადაც ხელისუფლებას "ხმების ბეღელი" ეგულება, ეს იქნება ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და სხვა რაიონები, სადაც მიხეილ სააკაშვილსა და ნაციონალურ მოძრაობას ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ, ხმების გარეშე დარჩებიან. ამის გასაკეთებლად არსებობს ძალიან მარტივი მექანიზმი, - არჩევნებში რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა და 2012 წელს ეს მოხდება.
როცა ვლაპარაკობთ, რომ საარჩევნო სტრუქტურებში 100 ათასი ადამიანი იქნება ჩართული, ეს ნიშნავს, რომ ყველა უბანზე, გარანტირებულად 25-დან 30-მდე ადამიანი გვეყოლება, ვინც საარჩევნო პროცესებს, მათ შორის გაყალბების პროცედურებს დააკვირდება და ყველა დარღვევაზე ოპერატიულად ვიმოქმედებთ. მაშინ, როცა საარჩევნო მინდორზე ერთმანეთს კონკურენტუნარიანი ძალები ებრძვიან, არჩევნები არ ყალბდება, პირიქით, ამ დროს სამართლიანი არჩევნები იმართება. ასე მოხდა 90-იანი წლების მიწურულს, როცა მაშინდელი კომუნისტური ხელისუფლება, უმტკივნეულოდ, არჩევნების გზით შეიცვალა. ჩვენც სხვა რა გზა გვაქვს, მოვლენების ასეთ განვითარებას უნდა დაველოდოთ.
- თუმცა, მაშინდელი კომუნისტური წყობილება ძირმორყეული იყო...
- თქვენ გგონიათ, ეს ხელისუფლება დგას მყარად?!. მათი ძლევამოსილების წარმოჩენას "რუსთავი 2" და "იმედი" ცდილობენ.
- მე იმ პროცესებსა და სადამსჯელო ღონისძიებებს ვგულისხმობ, რომელსაც ხელისუფლება ძალაუფლების შესანარჩუნებლად მიმართავს.
- ამ შემთხვევაში ვერ მიმართავს და ეს ხელისუფლებაში კარგად იციან.
- რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის, ია ანთაძემ, ივანიშვილთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა, თუმცა ამ პოლიტიკური ფიგურის გვერდით შესაძლოა, ვიხილოთ გია მაისაშვილი, რომლის სახელი და გვარი ქართულ საზოგადოებას იშვიათად ახსენდება... რას გეუბნებათ ასეთი მოცემულობა, პოტენციურ კოალიციაში დაბნეულობა ხომ არ არის?
- არ ვიცი, რატომ ამბობს ია ანთაძე უარს ბატონ ბიძინასთან თანამშრომლობაზე, შესაძლოა, მას ჟურნალისტიკაში დარჩენა სურს, ეს მისი არჩევანია. თუმცა კოალიციაში ყველაფერს ველოდებით, გარდა დაბნეულობისა, რღვევისა და ცუდი პროცესებისა. რადგან ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებებს ნაჩქარევად, ფაციფუცითა და რაღაც მოვლენების საპასუხოდ კი არა, წინასწარ გათვლილი მწყობრი გეგმის მიხედვით იღებს. ამიტომაც, მხოლოდ კარგი მიმართულებით უნდა ვიაროთ, რადგან, ბოლოს და ბოლოს, დადგა დრო, გამოჩნდეს ისეთი ადამიანი, ვინც ხვალინდელ დღეზე დაფიქრდება და სიკეთესა და ბოროტებას შორის არჩევანს გააკეთებს.
- სადღეგრძელოსავით გამოგივიდათ, ბატონო ზვიად...
- (იცინის) არ არის დრო, მხოლოდ კარგის მოლოდინში ვიყოთ?!. რაც შეეხება კოალიციის შემადგენლობას და როგორ და ვის ხარჯზე გაიზრდება ის, ამასთან დაკავშირებით მიიღებთ ინფორმაციას. ახლა ამ გუნდში სრული სიმტკიცეა და ეს არჩევნებამდე და მას შემდეგაც გაგრძელდება. საპრეზიდენტო არჩევნების დროს კოალიციას თავისი კანდიდატი ეყოლება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი გახდება... რაც შეეხება პერსონალურ ჩამონათვალს, ვისთან მაქვს კარგი დამოკიდებულება და პირიქით, ეს მეორეხარისხოვანია. მთავარია, სააკაშვილის რეჟიმის შესარყევად ყველა ადამიანის რესურსი გამოვიყენოთ. ბიძინა ივანიშვილმა თავის პირველივე განცხადებაში ზღვარი გაავლო. შესაძლოა, სხვა საკითხებზე მისი აქცენტი შერბილდა, მაგრამ კოალიციაზე მისი პოზიცია იმდენად ნათლად არის ჩამოყალიბებული, რომ შეკითხვებს არ ტოვებს.
- ბოლო დროს ხშირად ლაპარაკობთ კიდევ ერთი კოალიციის შექმნაზე, სადაც, შესაძლოა, ის ხალხი გაერთიანდეს, ვინც ივანიშვილის გუნდში არ არის. როგორ ფიქრობთ, ვინ შექმნის ამ კოალიციას და რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
- ამ კოალიციაში, სხვებთან ერთად შესაძლოა, ის პოლიტიკური ძალებიც გაერთიანდნენ, ვინც ამჟამად ბიძინა ივანიშვილის გუნდშია. ამისთვის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ივანიშვილის გუნდიდან ხალხი წამოიყვანოს. ეს, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის სურვილი იქნება, რათა ივანიშვილის კოალიციას ხმები წაართვას, ამ დროს კი, სახელისუფლებო გუნდი მომგებიან პოზიციაზე აღმოჩნდება. იმას არ ვამბობ, რომელიმე პოლიტიკოსს პირდაპირ დაუძახებენ და ეტყვიან, კოალიცია შექმენიო, მაგრამ ირიბი გზებით შეუქმნიან ასეთ პირობებს, აიძულებენ, ასე მოიქცეს. ფინანსურ პრობლემებს მოუგვარებენ და ამით სტიმულს მისცემენ.
- პოლიტიკური პარტიისთვის ფინანსური პრობლემების მოგვარება ბევრი რამის წინაპირობაა?
- მე გამოუცდელ პოლიტიკოსებზე ვამბობ, თუკი ცდუნება დიდი იქნება, "რაღაცებზე" ბევრი დაფიქრდება. ეს არ ეხება გამოცდილ პოლიტიკოსებს, მათ 5-7 მეტრზე გახედვის უნარი აქვთ. თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში ვცხოვრობთ და მსგავსი ქმედებები გვინახავს.
- რამდენიმე, ივანიშვილის მიმართ ანტიპათიურად განწყობილი პოლიტიკური პარტია ძალიან აქტიურობს...
- დიახ, ლეიბორისტებთან დაკავშირებით ძალიან მარტივად არის საქმე - შალვა ნათელაშვილმა არაერთგზის დააფიქსირა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა კარგი ფაქტია. მისი პროვოცირება მე მოვახდინე და თუ დამეხმარება, მხარში ამომიდგება, კარგი პოლიტიკოსი იქნება, თუ არა და, სააკაშვილის გუნდთან შეკრული, ამერიკული პროექტიო. არა მგონია, ასეთი კურსით ნათელაშვილი მოგებული დარჩეს, რადგან თავად "ქრისტიან-დემოკრატებმა" და "ახალმა მემარჯვენეებმაც" კი თავიანთი "ტერმინოლოგია" ბიძინა ივანიშვილის მისამართით სასწრაფოდ შეცვალეს. იყნოსეს, რომ ეს მათ ისედაც დაზარალებულ რეიტინგზე კატასტროფულად იმოქმედებდა.
- ბატონო ზვიად, რას იტყვით იმაზე, რომ ხელისუფლების წევრები, სოციალურ ქსელში მიმოწერისას, ბიძინა ივანიშვილს არცთუ სახარბიელო კონტექსტში იხსენიებენ?
- ეს შიშის ბრალია. მესმის მათი. ბატონ ბიძინაზე თქვეს, მგონი, გიჟიაო. იცით, ცუდია, როცა ეს "გიჟი" მათ ასეთ საცოდავ მდგომარეობაში აგდებს.
- 30 იანვარს, თეთრ სახლში, მიხეილ სააკაშვილი ბარაკ ობამას ხვდება. რას ელოდებით ამ შეხვედრისგან?
- ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, მაგრამ მე მინდა, ამ შეხვედრის აზრი სხვა კუთხით დაგანახვოთ - მართალია, სახელისუფლებო ექსპერტები ამტკიცებენ, რომ შეხვედრა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს ეძღვნება, მაგრამ ამერიკის ხელისუფლების ყველა იერარქიის ჩინოვნიკმა უკვე უთხრა სააკაშვილს, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა გადააბაროს. ამაზე ილაპარაკეს ბერნსმა, აპატურაიმ, კლინტონმა და სხვებმა. ამერიკა არ არის ის სახელმწიფო, რომელიც 20 წლის განმავლობაში დებს ქვეყანაში ინვესტიციას, თუმცა ჩვენი ქვეყანა მაინც აზიური ტიპის დიქტატურად არის გადაქცეული. ეს მაშინ, როცა მას სურს სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიულად მოწყობილი სახელმწიფოს აშენება, რომელიც რეგიონში მისი მოკავშირე იქნება. თეთრ სახლში არაფერში სჭირდებათ ველოსიპედით მორბენალი გიჟი მმართველი, რომელიც ცდილობს, ამ გაპარტახებული ქვეყნის მმართველობა მემკვიდრეობით გადასცეს.
- "გაპარტახებული ქვეყნის" კონტრარგუმენტად ხელისუფლებას შეუძლია, თეთრ სახლში გალამაზებული ბათუმი, ანაკლია და 500-ათასიანი ლაზიკის პროექტი წარადგინოს...
- დამიჯერეთ, არ იქნება ასე. შესაძლოა, სააკაშვილმა ობამასთან შეხვედრიდან მართლა ეს ამბავი "გამოიტანოს", ანუ რაღაც წაიფანტაზიოროს, მაგრამ სინამდვილეში, მას კუთხეში მიაყენებენ და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მოსთხოვენ.
რაც შეეხება გალამაზებულ ბათუმს, ანაკლიას და ლაზიკას, ეს ყველაფერი დემაგოგიაა. საინტერესოა, მთელ სამეგრელოში სულ 200 ათასი ადამიანი ცხოვრობს და მხოლოდ ლაზიკაში 500 ათასი მოსახლე როგორ იცხოვრებს?.. მაგრამ მისი სიტყვები სერიოზულად როგორ უნდა განიხილო, როცა პრეზიდენტი ამბობს, ლაზიკა გადამფრენი ფრინველის მოსასვენებელი უნდა გახდესო?!. სულ ვფიქრობ, რა დავაშავეთ ქართველებმა ამის ფასი... მე არ ვისურვებდი მის ფსიქიკურ მდგომარეობაში ყოფნას. ეს არის ადამიანი, რომელიც სირბილით ნერვებს იმშვიდებს, რადგან სააკაშვილი მიხვდა, რომ დიდი ხნის "გულავის" შემდეგ, გამოჩნდა ძალა, რომელსაც მისი "მიჩოჩება" შეუძლია. ახლა ცდილობს, გული სხვა რამეს გადააყოლოს და ხან გადამფრენ ფრინველებზე ზრუნავს, ხანაც ჭაობების დაშრობაზე. ამ კაცს რომ ვუსმენ, ოსტაპ ბენდერი მახსენდება. ახლა ჰობი აქვს, ყველა გამოსვლაზე დავით აღმაშენებელს ედრება. ამას წინათ თქვა, მთელი საქართველო კოლექტიური დავით აღმაშენებელიაო. ეტყობა ცდილობს, იმ ადამიანებს, ვინც "რუსთავი 2"-ითა და "იმედით" იკვებებიან, აფიქრებინოს, რომ მეც აღმაშენებელი ვარ, მაგრამ ყველაზე მთავარი დავითი მიხეილ სააკაშვილი არისო. ანუ საქართველოს მოსახლეობა დავით აღმაშენებლობის საკითხში "წილში გაიყვანა". ძალიან ცუდად აქვს ხელისუფლებას საქმე.
- თუ არის გარკვეული, როდის დაიწყებს მაუწყებლობას ბიძინა ივანიშვილის ახალი ტელევიზია?
- არ ვიცი, მაგრამ მედიასივრცეში დამაბალანსებელი ტელევიზიის გამოჩენა როგორც მთელი საქართველოსთვის, ისე თავად სახელისუფლებო ტელევიზიის ჟურნალისტებისთვის ძალზე კარგი იქნება. ვინაიდან "რუსთავი 2"-ის, "იმედისა" და "მაესტროს" ჟურნალისტები ხელმძღვანელობას ტერორში ჰყავს. არასახარბიელო მდგომარეობაში არიან საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებიც. ამის შესახებ ჩემთან მათ არაერთხელ უთქვამთ. ისინი თავისით არ აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ. მე მათთან ძალიან ხშირი ურთიერთობა მაქვს და ვიცი, რა დღეშიც არიან.
786
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85