რას უპირებს სახელმწიფო იმ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ფონდი აფინანსებდა

რას უპირებს სახელმწიფო იმ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ფონდი აფინანსებდა


რას უპირებს სახელმწიფო იმ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ფონდი აფინანსებდა 
ის საბიუჯეტო ორგანიზაციები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილის ფონდი "ქართუ'' აფინანსებდა და ასეთი საკმაოდ ბევრია, 2012 წელს ვეღარ დაფინანსდებიან, ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები, მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ, საკმაოდ მოკრძალებულ თანხებს უნდა დასჯერდნენ. როგორც ჩანს, ხელისუფლება ისე "გაერთო'' ერთფეროვან პოლიტიკურ სივრცეში "მეტეორივით'' შემოჭრილი მილიარდერის ყველა შესაძლო გზის ჩაკეტვის მცდელობით, რომ მთავარი გამორჩა - ვინ დააფინანსებს სახელმწიფო აკადემიურ თეატრებს, სახელმწიფო მუზეუმებს, ან სპორტის სხვადასხვა სახეობების ფედერაციებს, ვინ დაასრულებს ოპერისა და ბალეტის თეატრის რემონტს? ფაქტია, რომ 2012 წლის პროგრამულ ბიუჯეტში გათვალისწინებული 3 827 000 ლარი, ნამდვილად არ ეყოფა ოპერისა და ბალეტის თეატრის რემონტის დასრულებასაც, მსახიობებისა და თანამშრომლების ხელფასებისა და სხვადასხვა ხარჯების გასტუმრებასაც წლის განმავლობაში. არადა, ბიძინა ივანიშვილის ფონდი "ქართუ'' ვეღარ შეავსებს ხელისუფლების საბიუჯეტო "ხარვეზს'', როგორც ეს აქამდე ხდებოდა და, შესაბამისად, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მოღვაწეებიც, ნელ-ნელა უნდა შეეგუონ აზრს, რომ ჩვეულ და საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებას გამოემშვიდობებიან. ამის მიზეზი ხელისუფლების ის აბსურდული ნაბიჯია, რასაც პარტიების დაფინანსების კანონში შეტანილი ცვლილებები ქვია. 

"ვერსიის'' ერთ-ერთ წინა ნომერში, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს'' პროგრამების დირექტორმა, ნანა ხატისკაცმა განაცხადა, რომ პარტიების დაფინანსების კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით: "მოსყიდვის მუხლის განმარტება გაფართოვდა, თუ აქამდე ამომრჩევლის მოსყიდვად წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, 2 თვის მანძილზე განხორციელებული ღონისძიებები ითვლებოდა, ახლა მოსყიდვად მთელი წლის მანძილზე ჩატარებული ღონისძიებები ჩაითვლება. სხვათა შორის, აქ მივდივართ სასაცილო მდგომარეობამდე, მაგალითად, ავიღოთ ოპერისა და ბალეტის თეატრი, რომელსაც აქვს შემოწირულობები. იმ შემთხვევაში, თუ ოპერის რომელიმე წარმომადგენელი თავის პოზიციას დააფიქსირებს, დაფინანსების წყარო შეუწყდება. ამის საპირისპიროდ, ნებისმიერ თანამდებობის პირს და საჯარო მოხელეს, არანაირი შეზღუდვა არ აქვთ იმის გამო, რომ ისინი დაფინანსებას იღებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მათ არა მარტო შეუძლიათ ღიად დააფიქსირონ თავისი პოზიცია, არამედ - აქტიურად ჩაებან წინასაარჩევნო კამპანიაში, საარჩევნო აგიტაციაში და არავითარი შეზღუდვა არ დაუწესდებათ''. 

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათია ღიად დააფიქსირა, მეტიც, სადემარკაციო ხაზებიც კი გაავლო ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკოსებს, მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებს შორის, პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ყველა ობიექტს, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი ხსნიდა, ივანიშვილი აფინანსებდა. როგორც აღვნიშნეთ, ამიერიდან ბიძინა ივანიშვილი ამ ტიპის დაფინანსებას ვეღარ შეძლებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს უკვე მოსყიდვად ჩაითვლება და, შესაბამისად, კანონითაც დაისჯება. ჭორებსა და მითქმა-მოთქმას რომ არ ავყვეთ, "ვერსია'' ბიძინა ივანიშვილის ფონდი "ქართუს'' პრეზიდენტს, ირაკლი ღარიბაშვილს დაუკავშირდა და იმ საბიუჯეტო ორგანიზაციების ჩამონათვალი გამოითხოვა, რომლებიც ამ ფონდიდან ფინანსდებიან: 

- შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი, ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი, ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი, თბილისის მარიონეტების სახელმწიფო თეატრი, მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრი, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრი, თითების თეატრი, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრი, საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "რუსთავი'', ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, საბავშვო სათამაშოების მუზეუმი, ილია ჭავჭავაძის სახელობის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი, ურეკის კულტურის სახლი. 

გარდა ამისა, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა "ვერსიას'' აუხსნა, მხოლოდ მსახიობების სოციალურ დახმარებაზე, ფონდი "ქართუ'', წელიწადში 2 500 000 აშშ დოლარს ხარჯავს. "ცალკე გვაქვს სპორტსმენებისა და მწვრთნელების ყოველთვიური, სოციალური დახმარება, რისთვისაც წელიწადში, ასევე 2 500 000 აშშ დოლარია გამოყოფილი. რაც შეეხება სპორტის სახეობების ფედერაციებს, ფონდი "ქართუ'' აფინანსებს საქართველოს სროლით სახეობათა ეროვნულ ფედერაციას, ფარიკაობის ეროვნულ ფედერაციას, წყალბურთის სპორტულ კლუბ "ივერიას'', სამბოს ეროვნულ ფედერაციას, ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას, საქართველოს რაგბის კავშირს, რაგბის კლუბებს - "ლელოსა'' და "ყოჩებს'', საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციას, მხატვრული ტანვარჯიშის ფედერაციას, ჭადრაკის ეროვნულ ფედერაციას, კიო კუშინ კაი კარატე-დოს ფედერაციას. რაც შეეხება დაფინანსების მექანიზმს, აგიხსნით, რომ ჩვენ მოგვმართავდა მაგალითად, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დირექცია, რომელიც ადგენდა სიას და ამის შემდეგ, ინდივიდუალურად ვაფორმებდით თეატრის მსახიობებთან ხელშეკრულებებს. შესაბამისად, მსახიობებს "ქართუ ბანკის'' ბარათზეც, ინდივიდუალურად ერიცხებოდათ ეს თანხები, ანუ პირდაპირ თეატრის ანგარიშზე არ ვრიცხავდით'', - განუცხადა "ვერსიას'' ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, ფონდი "ქართუ'' აფინანსებდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის განვითარების ფონდს, ქართული ენციკლოპედიის მთავარ სამეცნიერო რედაქციას, მეცნიერებათა აკადემიას, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს. 

რაც შეეხება მშენებლობებს, ამას ახორციელებს ბიძინა ივანიშვილის მეორე ფონდი "ატუ'', რომელიც ფონდი "ქართუსგან'' ფინანსდება: "ატუ'' ახორციელებს თეატრების მშენებლობებსა და რესტავრაციას, ასევე მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების რესტავრაციას, საჯარო სკოლების მშენებლობებსა და ასე შემდეგ. "ატუმ'' გაარემონტა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, მზად ვართ, მეორე კორპუსშიც დავიწყოთ სარემონტო სამუშაოები, შესაბამისი პროექტიც გვაქვს, მაგრამ დარწმუნებულები არ ვართ, რომ ხელისუფლება სამუშაოების დაწყების ნებართვას მოგვცემს. სკოლების პროექტიც ჩვენი დაფინანსებულია, დაახლოებით 300-მდე სკოლის რემონტი დავაფინანსეთ. გვაქვს კიდევ ერთი, "ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი'', რომელიც "ატუს'' მსგავსაც, ფონდი "ქართუსგან'' ფინანსდება. ამ ფონდმა 535 ისტორიული ძეგლის რესტავრირება განახორციელა.

რეგიონების მასშტაბით, ემერჯენსები, ანუ უახლესი ტექნიკით აღჭურვილი, თანამედროვე ჰოსპიტალები ავაშენეთ. სულ ბოლოს, ბორითის ემერჯენსი ავაშენეთ, რომელიც არ დაგვასრულებინეს. უფრო ზუსტად, უკვე დასრულებული იყო, მხოლოდ ჩაბარება გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ არ გვაცადეს და ჩვენი თანამშრომლები შენობიდან გამოყარეს''. ახლა ვნახოთ, რა დაფინანსებაა გამოყოფილი 2012 წლის პროგრამულ ბიუჯეტში იმ ორგანიზაციებზე, რომლებსაც ფონდი "ქართუ'' აფინანსებს. 

ბიუჯეტის მიხედვით, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი - 3 827 000 ლარით ფინანსდება, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი - 1 859 000 ლარით, თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი - 1 640 000 ლარით, თბილისის მარიონეტების სახელმწიფო თეატრი - 175 000 ლარით, თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრი - 750 000 ლარით, თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრი - 678 000 ლარით, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი - 1 100 000 ლარით, თბილისის ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული სახელმწიფო დრამატული თეატრი - 380 000 ლარით, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი - 670 000 ლარით, მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრი - 150 000 ლარით, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრი - 135 000 ლარით, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი - 640 000 ლარით, საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი "რუსთავი'' - 525 000 ლარით, ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი - 198 000 ლარით, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი - 42 300 ლარით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი - 77 800 ლარით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია - 3 100 000 ლარით, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი - 48 000 ლარით. 2012 წლის პროგრამული ბიუჯეტის მიხედვით, ცოტა უფრო რთულადაა საქმე, სპორტის სახეობების ფედერაციების დაფინანსება, მაგალითად, ცალკე ფარიკაობის ან ჭადრაკის ფედერაციები კი არ ფინანსდება, ერთობლივადაა თანხები გამოყოფილი: 

სახელმწიფო ბიუჯეტში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს აპარატს, სპორტულ სახეობათა განვითარების პროგრამისთვის გამოყოფილი აქვს 11 000 000 ლარი, ოლიმპიური მოძრაობის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამისთვის - 3 000 000 ლარი, სპორტის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და სპორტული ინვენტარის განახლების პროგრამისთვის - 600 000 ლარი, საქართველოს რეგიონებში ბავშვთა და მოზარდთა მასობრივი სპორტის განვითარების პროგრამისთვის - 300 000 ლარი, საქართველოს ეროვნული, ოლიმპიური და ასაკობრივი ნაკრებების წევრთა, მწვრთნელთა, ადმინისტრაციული და საექიმო პერსონალის, ასევე პერსპექტიულ სპორტსმენთა სტიპენდიებისთვის კი - 2 300 000ლარი. რაც შეეხება ხელფასებს, ლადო ვარძელაშვილის უწყების აპარატს სპორტის სფეროში დამსახურებულ მოღვაწეთა სოციალური დაცვის ღონისძიებებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტში გამოყოფილი აქვს 3 020 000 ლარი, აქედან სოციალური უზრუნველყოფისთვის (ხელფასებისთვის) - 300 000 ლარი, ხოლო სხვა ხარჯებისთვის - 2 720 000 ლარი. უკვე სულ სხვა სტატიის თემაა, რას ნიშნავს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სხვა ხარჯების მუხლი, ანუ რა ტიპის სოციალური დაცვის ღონისძიებებს სთავაზობს ლადო ვარძელაშვილის უწყება სპორტის დამსახურებულ მოღვაწეებს? 3 000 000 ლარზე მეტი თანხიდან, მხოლოდ 300 000 ლარი რატომაა ხელფასებზე გათვალისწინებული და 2 000 000 ლარზე მეტი სხვა ხარჯების მუხლს რაში სჭირდება?