გია ბუღაძე: "მუდმივი არაფერია და მით უფრო - ხელისუფლება, ამიტომ ჩვენს პრეზიდენტს ყოველთვის ეჩქარება"
"ძეგლის დადგმის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად
პრეზიდენტმა მიიღო"
ერეკლე საღლიანი: "ახლა მესტიის კარიკატურა გვაქვს და არა - მესტია"
კვერცხებიანი "შლოპანცებისა" და ველოსიპედის ძეგლებთან დაკავშირებით ატეხილი ხმაური არ მინელებულა და საზოგადოება ახალ ძეგლზე ალაპარაკდა. ამჯერად განსჯის საგანი მესტიაში დადგმული ცხენზე ამხედრებული თამარ მეფის მონუმენტი გახდა. ხალხმა დაიწუნა ხუთი წლის წინ გარდაცვლილი მოქანდაკის, ვაჟა მელიქიშვილის ესკიზის მიხედვით შექმნილი ძეგლი, თუმცა საგამოფენო დარბაზის სივრცისთვის შექმნილი მინიატიურული სკულპტურა მნახველს ორიგინალურობით ხიბლავს. ხელოვნებათმცოდნეების განმარტებით, რთულია მცირე ზომის სკულპტურის ძეგლად ქცევა, ხშირად ავტორიც კი ვერ ახერხებს პროპორციული ჰარმონიის შენარჩუნებას და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინებას. როგორც ამბობენ, ძეგლის დადგმის გადაწყვეტილება ამ შემთხვევაშიც ერთპიროვნულად პრეზიდენტმა მიიღო.
თამარის ძეგლის დაწუნების შემდეგ ისიც კი ითქვა, სააკაშვილი მიზანმიმართულად ცდილობს გამორჩეული მმართველების "დამცირებასო"; სწორედ ამიტომ ჯერ დავით აღმაშენებლის ძეგლებს დაერია თბილისსა და ქუთაისში, შემდეგ სტალინი მოაშთო გორიდან, ახლა კი თამარსაც მიადგაო.
სამხატვრო აკადემიის ყოფილი რექტორი გია ბუღაძე: "თუ ვინმეს შეიძლება ხმამაღლა უწოდო მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართველი მოქანდაკე, სწორედ ვაჟა მელიქიშვილია. მახსოვს, რომ თამარის მინიატიურულ მონუმენტს დაახლოებით 15 წლის განმავლობაში ქმნიდა. ეს არის ფორმით, გააზრებით, სტილიზაციით საუკეთესო და სერიოზული ნამუშევარი, რომელშიც გათვალისწინებულია ძალიან ბევრი რამ - წარსულის პლასტიკური ხელოვნების გამოცდილება, აღმოსავლური სიტკბოების და მინიატიურის ელემენტები... ხომ ახასიათებდა თამარის ეპოქას სიტკბოება? აბა, ნახეთ მისი გამოსახულება ვარძიის ფრესკაზე, როგორი სახე აქვს - მრგვალი, მთვარესავით, გადაბმული შავი წარბები. სხვა სილამაზის და ჰარმონიის განცდაა. ვაჟა შეეცადა, სწორედ ამას ჩასწვდომოდა. ცხენს ბალდახინივით აქვს გადაფარებული, თითქოს დედოფალი უძველესი საუკუნეებიდან არის მოსული. ეს ბალდახინიც უფრო აღმოსავლურ და განსაკუთრებულ ხიბლს მატებს მას. ცუდია, რომ ავტორი ცოცხალი აღარ არის და ქანდაკება სხვებმა გაადიდეს. ძეგლი არ მინახავს, მაგრამ არა მგონია, ის ისეთი სამარცხვინო იყოს, როგორი ამბავიც ატყდა. როცა გავიგე, რომ ძეგლს დგამდნენ, შევშინდი, შეძლებენ კი პროპორციების დაცვას-მეთქი? ესკიზის სიგრძე მეტრნახევარია, ძეგლი კი 5 მეტრამდე უნდა გაზრდილიყო... ისიც სათქმელია, რომ არ შეიძლება ცუდად მივიჩნიოთ ძეგლი ან სხვა ნამუშევარი, თუ საზოგადოების ერთ ნაწილს ის არ მოსწონს. მთავარია, რომ ძეგლის დადგმის საკითხი უნდა გადაწყვიტოს კომპეტენტურმა ჟიურიმ. ჩემთვის არ არის ხალხის აზრი მაღალი ხელოვნების შეფასების კრიტერიუმი, ამიტომაც ვეწინააღმდეგები ყოველთვის სმს-ებით და სატელეფონო ზარებით საუკეთესო მომღერლის თუ მუსიკოსის გამოვლენას. პოპკულტურაში ასეთი რამ ხდება, მაგრამ მაღალი ხელოვნების შეფასებისას მასის აზრი გადამწყვეტი არ არის.
მუდმივი არაფერია და მით უფრო - ხელისუფლება, ამიტომ ჩვენს პრეზიდენტს ყოველთვის ეჩქარება, კომისიას აღარ ქმნის და ვიწრო წრესთან ერთად თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს. ვერ გეტყვით, რომ ეს სწორი გზაა, მაგრამ პრეზიდენტის მესმის - რა ქნას? შესაძლოა, კომისიამ სამუშაო რამდენიმე წელი გაწელოს და ამ დროში ხომ მისი საპრეზიდენტო ვადაც ამოიწურება?!.."
ძეგლის მათ უკითხავად დადგმის გამო უკმაყოფილებას გამოხატავენ სვანებიც.
ერეკლე საღლიანი: - ამ თემაზე მსჯელობისას მთავარია არა ძეგლის ავკარგიანობა, არამედ ის, თუ რამდენად მიესადაგება იგი გარემოს.
ვაჟა მელიქიშვილის ძეგლი კი არა, მიქელანჯელოს "დავითი" რომ დადგა ახლა მესტიაში, ამ კოშკების ფონზე ცალკე "დავითი" დამახინჯდება და ცალკე - ხედი და გარემო. მთავარი პრობლემა ხელისუფლების უგემოვნობაა - არ იციან, სად რა დადგან, რომელ გარემოს მიუსადაგონ.
მერე კიდევ, მოქანდაკე მოდერნისტული სტილის ნამუშევარს რომ ქმნის, უნდა იცოდეს, ვისი ძეგლი როგორ გააკეთოს. თამარი ქართველმა ერმა წმინდანად შერაცხა, ამიტომაც, როდესაც მხოლოდ მეფის კი არა, წმინდანის ძეგლს აკეთებ, მეტი ზომიერება და დაფიქრება გმართებს. ძალიანაც მომწონს დიდებული თანამედროვე იტალიელი მოქანდაკე მანცუ, მაგრამ ის არჩევს, ვისი ქანდაკება როგორ გააკეთოს და როგორ მიუსადაგოს გარემოს. ჩემი უმთავრესი სათქმელი ეს არის - სვანეთში ამ ძეგლის დადგმა არ შეიძლებოდა. ამ სტილით თამარის ქანდაკების გაკეთება არ შეიძლებოდა. ერთსაც დავამატებ - სვანეთის დამახინჯება რომ დაიწყო ხელისუფლებამ, იქნებ რაღაცები სვანებსაც გვკითხონ. არქიტექტურული ანსამბლი დაარღვიეს კი არა, აქაურობა დაამახინჯეს. ახლა მესტიის კარიკატურა გვაქვს და არა - მესტია.
P.S. ამბობენ, რომ უახლოეს ხანებში კიდევ არაერთი მონუმენტალისტური ახირების ძეგლად ქცევას უნდა ველოდოთ (?!).
1864
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85